განაჩენი

სისხლის სამართლის 10.02.2020
საქმის ნომერი
140100119003271402
ინსტანცია
თარიღი
10.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140100119003271402-1ბ/130-20წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

17 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე:ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გამართლებული: გ-----------------------–-----, დაბადებული 19---–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, მცხოვრები: გ------------------------–--------

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

გ------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ------ რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ-----------–------- ითხოვა გ---------–----- დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაენიშნოს ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი;

 

ბრალდების არსი:

 

2019 წლის 14 ოქტომბერს, დღის საათებში გ------ რაიონის სოფელ ქ----–- მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე გ---------–----- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას ც---–----–---–---–ს. კერძოდ, ეძახდა, რომ ყელს გამოჭრიდა. გო-------–------ ქმედების შედეგად ც---–----–---–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ---------–----- უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

უდავოდ ცნობილი მოწმე ნ----------–---–---–-ს ჩვენების თანახმად, 2019 წლის 14 ოქტომბერს იმყოფებოდა სამუშაოდ, მეუღლე ც---–----–---–---–ი იმყოფებოდა სახლში, ასევე სახლში იმყოფებოდა შვილი გო-------–-----, დაინახა მეუღლე წასასვლელად ემზადებოდა, ჰკითხა სად მიდიოდა, მეუღლემ უპასუხა, რომ მიდიოდა პოლიციის განყოფილებაში, რადგან შვილმა გ---------–-----მ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მოკვლით დამუქრებისას შეეშინდა, გაიქცა ბაღში და დაიმალა, რომ მართლა არ მოეკლა.

 

1 ტომი - ს.ფ. 8-10;

 

უდავოდ ცნობილი მოწმე ა-–---------------------- ჩვენების თანახმად, 2019 წლის 14 ოქტომბერს შსს გ------ რაიონულ სამმართველოს განცხადებით მიმართა ც---–----–---–---–მა, რომელმაც განაცხადა რომ შვილი გ---------–----- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაზეც გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

1 ტომი - ს.ფ. 45-47;

 

უდავოდ ცნობილი მოწმე ვ----–-----–-----–---–-----------------–---–-- ჩვენებების თანახმად, ც---–----–---–---–მა უამბო მათ, რომ 2019 წლის 14 ოქტომბერს სიტყვიერი კონფლიქტი მოუვიდა შვილთან გ---------–-----სთან, რა დროსაც გ---------–----- მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მოკვლით, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, რომ შვილი მას დანით მოკლავდა და სიცოცხლეს გამოასალმებდა.

 

1 ტომი - ს.ფ. 140-143;144-147;

 

დაზარალებულმა ც---–----–---–---–მა სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა გ---------–-----მ სასამართლო სხდომაზე არ ცნო თავი დამნაშავედ.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. გამამართლებელ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 ,,საქართველოს მოქალაქე ზ---------------აქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს (მსჯავრდებულს) არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა, შემდეგ ბრალდებულის (მსჯავრდებულის) დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. პალატა აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს გ) პირის ფსიქიკური ტანჯვას ან/და დ) პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს და ე)აიძულებს დაზარალებულს მნიშვნელოვნად შეიცვალოს ცხოვრების წესი ან უქმნის ასეთი ცვლილების რეალურ საჭიროებას. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტურ მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

აღსანიშნავია, ასევე, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აღიარებული დებულება, არამედ - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა, ანალიზის საფუძველზე უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ის ფაქტი, რომ 2019 წლის 14 ოქტომბერს, გ---------–----- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას ც---–----–---–---–ს, ვერ დადასტურდა ის ფაქტი, რომ გო-------–------ ქმედების შედეგად ც---–----–---–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. კონკრეტულ შემთხვევაში გო-------–------ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთ შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაადასტურებდა ფაქტს, რომ გ---------–-----მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულება რომლითაც დადასტურებული იქნებოდა მუქარის ფაქტის არსებობა.

 

პალატა განმარტავს, რომ მუქარა წარმოადგენს ვერბალური ფორმით გამოხატულ დანაშაულს და დაზარალებულის ან/და ფაქტის შემსწრე პირთა ჩვენებების და სხვა პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე ამ დანაშაულებრივი ფაქტის დადგენის შესაძლებლობა სასამართლოს არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის პოზიციას გო-------–------ ბრალეულობის შესახებ ამგვარი მტკიცებულებები არ ამყარებს, რადგან საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რაც პირდაპირ დაადასტურებდა აღნიშნული ქმედებების მსჯავრდებულის მიერ განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა (მსჯავრდებულის დედა) სასამართლო სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მას ან მის ახლო ნათესავს, ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქმეზე წარმოდგენილია დაზარალებულის განცხადება, რომლის მიხედვით დაზარალებული ც---–----–---–---–ი აცხადებს, რომ მას პრეტენზია არ გააჩნია მსჯავრდებულის მიმართ, ხოლო გ---------–-----მ სასამართლო სხდომაზე არ ცნო თავი დამნაშავედ. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა გო-------–------ მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაზე.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეთა უდავო ჩვენებების იმ ნაწილს, რომელშიც ისინი გადმოსცემენ სხვადასხვა პირთა მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას გო-------–------ ბრალეულობის შესახებ, პალატა სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს და განაჩენის დადგენისას ვერ გამოიყენებს, რადგან მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის მსჯელობას, რომ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან არც ერთი არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მამხილებელ პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რომელთა ერთობლიობა ობიექტურ პირს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის შესახებ.

 

კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის დასადგენად საჭირო, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის კონსტიტუციური არსის ამგვარი გაგება ამჟამად არსებულ პირობებში, როდესაც მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ზუსტად და მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ირიბი ჩვენების, როგორც მტკიცებულების დასაშვებობის თუ მისი სანდოობისა და საკმარისობის კრიტერიუმები, პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განმარტებით (სისხლის სამართლის N440აპ-14 საქმე), რომლის თანახმადაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, „გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას მტკიცებულების სახით გამოიყენოს ირიბი ჩვენება.“ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია სამართლებრივი შეფასება მისცეს პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე სხვა მოწმეთა ჩვენებებს, წერილობით თუ ნივთიერ მტკიცებულებებს, რომლებიც, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, საკმარისი არ არის გო-------–------ მსჯავრდებისათვის. უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებების არასაკმარისობა კი საფუძველს აცლის გამამატყუნებელი განაჩენის მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

განსახილველ საქმეში მტკიცებულებათა საფუძველზე ირიბ ჩვენებათა საფუძველზე ვლინდება სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტი, თუმცა, დანაშაულის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო თავად დაზარალებულისგან მიეღო სასამართლოს უტყუარი დასტური დამუქრების შედეგად საფუძვლიანი შიშის განცდის თაობაზე. ამასთან პალატა მიუთითებს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის გადამწყვეტი არ არის მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. შიშის საფუძვლიანობის დასადგენად, სასამართლომ არ უნდა იხელმძღვანელოს არც მხოლოდ სუბიექტური და არც მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით. თუ იხელმძღვანელებს მხოლოდ სუბიექტური კრიტერიუმებით, მაშინ მუქარად უნდა აღვიქვათ მშიშარა ადამიანის მიმართ შემთხვევით წამოცდენილი არასერიოზული მუქარაც. თუ იხელმძღვანელებს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, მაშინ მუქარად უნდა დაკვალიფიცირდეს ისეთი შემთხვევაც, როცა ჩვეულებრივი ფსიქიკური კონსტიტუციის მქონე ადამიანისათვის ეს მუქარა შიშის მომგვრელია, მაგრამ ამ შემთხვევაში პირს, რომელსაც დაემუქრნენ, საერთოდ არ გასჩენია მუქარის განხორციელების შიში, რაც ასევე არ იქნება გამართლებული.

 

ამდენად, საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური კრიტერიუმებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას, სასამართლომ უნდა წარმოიდგინოს ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი და განსაზღვროს, ჩათვლიდა, თუ არა ასეთი ადამიანი ამ მუქარას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეალურად. ამ დროს მხედველობაში აუცილებლად მიიღება დამმუქრებლის პიროვნება (აგრესიული, კონფლიქტური, ნასამართლევი, სხვადასხვა მძიმე, განზრახი დანაშაულებისათვის, შემაკავებელი ორდერის, ოჯახური ძალადობის, სერიოზული კონფლიქტის, ან მგავსი ფაქტის წარსულში არსებობა) ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, მისი არაერთგზისობა, ან არაერთჯერადობა, პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას და ა.შ. ვინაიდან მოცემულ საქმეზე დაზარალებულის ჩვენების გამოკვლევა ვერ განხორციელდა ც---–----–---–---–მა არ მისცა ჩვენება სასამართლოს მსჯავრდებულის წინააღმდეგ, უტყუარად ვერ განხორციელდება მტკიცება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების არსებობის შესახებ.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ეს პოზიცია მოცემულ შემთხვევაში საფუძველს მოკლებულია, მითუმეტეს იმ ასპექტში, როდესაც აუცილებელია მუქარის ვერბალურ ნაწილს თან ახლდეს დაზარალებულის მხრიდან რეალურად აღქმის კომპონენტი.

 

პალატა განმარტავს, რომ ირიბი მტკიცებულების გამოყენებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეულ შემთხვევაში დგას საკითხი, არსებობდა თუ არა საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მათ შორის ღონისძიებები, რომელიც ასეთი მოწმის ჩვენების სანდოობის სამართლიანი და სათანადო შეფასების საშუალებას იძლევა. მსჯავრდება შეიძლება დაფუძნებული იყოს ამგვარ მტკიცებულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმარისად სანდოა (იხილეთ Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom [GC], cited above, § 147).

 

სხვა საქმეზე სასამართლო განმარტავს, რომ ირიბი მოწმის ჩვენება არ უნდა იყოს არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი მსჯავრდებისათვის, 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმე - ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (SCHATSCHASCHWILI v. GERMANY) სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი მოწმეების მტკიცებულება არ უნდა იყოს ,,გადამწყვეტი” და არ უნდა განაპირობებდეს განმცხადებლის მსჯავრდებას. იმავე გადაწყვეტილებით ეროვნული სასამართლო ვალდებული იყო განსაკუთრებული სიფრთხილე გამოეჩინა მოწმეთა სანდოობის შეფასებისას, ვინაიდან არც დაცვის მხარეს და არც სასამართლოს შეეძლო მოწმეთათვის სასამართლო სხდომაზე დაესვათ კითხვები და დაკვირვებოდნენ მათ ქცევას.

 

სასამართლო აღნიშნავს - რომ ,,ერთადერთი” მტკიცებულება გაგებულ უნდა იქნას, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მხოლოდ ერთი მტკიცებულება (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 131). ,,გადამწყვეტი” მტკიცებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს, რადგანაც ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელოვნების მტკიცებულება მაღალი ალბათობით საქმის შედეგის განმაპირობებელია. როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება გამყარებულია ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებული იქნება მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში განსახილველ საქმეზე ვერ დადგინდა კონკრეტული ფაქტები, ადგილი ჰქონდა თუ არა გო-------–------ მხრიდან ც---–----–---–---–ის მიმართ მუქარას. შესაბამისად, არ არის გამყარებული სხვა ურთიერთთავსებადი, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით, რადგან არცერთი მოწმე პირდაპირ არ მიუთითებს, ასევე არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მსჯავრდებულის მხრიდან ც---–----–---–---–ის მიმართ მუქარის ფაქტს. მოწმეთა ხელთ არსებული ინფორმაციის წყარო იყო თავად დაზარალებული, რომელმაც არ მისცა ჩვენება, დაზარალებულის ჩვენება კი წარმოადგენდა ერთადერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას განსახილველ საქმეზე.

 

სასამართლო უთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე მიუთითა, რომ მნიშვნელოვანია ეროვნულმა სასამართლომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები და მსჯავრდებისას დაუსაბუთებლად არ დაეყრდნონ იმ მტკიცებულებებს, რომლის კანონიერებასა და სანდოობასაც დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებდა. ევროსასამართლო უთითებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტები (განაცხადები No 12315/04 და 17605/04, 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება, პუნქტები: 57-72).

 

შესაბამისად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, მსჯავრდებულ გო-------–------ მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება ოჯახის წევრის დედის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ, ზემოაღნიშნულ სტანდარტს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენი გო-------–------ მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------ რაიონული პროკურატურის პროკურორ რუ---------–--აძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.გ------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. გ---------–----- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.გო-------–------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

5.განემარტოს გამართლებულს,რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი