განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2020
საქმის ნომერი
190100118002604646
ინსტანცია
თარიღი
30.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002604646

საქმე №1ბ/638-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

სოფიკო კაპანაძის, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ა-----------–---–ის

ადვოკატების: ა---------–----------ის, გ-----------------ს

გამართლებულის: თ-------------–--ის

თარჯიმნების: ზ---------------ას, ა---------–--------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ თ-------------–--ის, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის: ქ------------–--------–-----------------------–---------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------------–--------–---------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ-------------–--მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ-------------–--ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 4 აგვისტოს, ღამის 23:30 საათზე, ქ------------–--------–---------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, თ-------------–--მა მეუღლეს - ს--------------–----ს, რომელთან ერთადაც ცხოვრობს და ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა იმის გამო, რომ ს--------------–---- მასზე იყო განაწყენებული. კერძოდ, თ-------------–--მა ს--------------–----ს მუშტი ჩაარტყა მარჯვენა ფეხის მუხლის არეში, რის შედეგადაც ს--------------–----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 4:00 საათზე, ქ------------–--------–---------------ში არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა თ-------------–--მა დედას, ა-------------–---ს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა იმის გამო, რომ ა-------------–--- თ-------------–--ს სთხოვდა - მისი ამჟამინდელი მეუღლე ს--------------–---- არ გაეგდო სახლიდან და პირველი მეუღლე არ დაებრუნებინა სახლში. აღნიშნული საფუძვლით, თ-------------–--მა დედას, ა-------------–---ს უთხრა უცენზურო სიტყვები და თავში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, ხოლო მას შემდეგ, რაც ა--------------–--ა გაიქცა სახლიდან და დასახმარებლად მოუხმო რძალს და მეუღლეს, მათი თანდასწრებით, თ-------------–--მა დედას, ა-------------–---ს კიდევ ერთხელ დაარტყა მუშტი თავში. აღნიშნული ძალადობის შედეგად, ა-------------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით:

 

თ-------------–--ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

თ-------------–--ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-----------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს თ-------------–--ის მიმართ გამოტანილი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და თ-------------–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (ორი ეპიზოდი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი თ-------------–--ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიისა და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს, რითიც ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

 

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ-------------–--ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო გამოძიების პროცესში შეკრებილ მტკიცებულებებს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

 

სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულებისა და მოწმეების - ა-------------–---ს, ს-------------–----ს, ი-----–--------–ის, თ----------------ის, ქ--------------–--ის, გ----------------–---–ის ჩვენებებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით თ-------------–--ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი. ბრალდებულმა თ-------------–--მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი არ ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ მას არც მეუღლისთვის და არც დედისთვის არ დაურტყამს. ბრალდებულმა განმარტა, რომ დედასთან ჰქონდა კონფლიქტი პირველ მეუღლესთან შერიგების სურვილის გამო, რის გამოც იგი ეჩხუბებოდა და საყვედურობდა. თ-------------–--მა პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, სახლში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, ერთ-ერთმა, სახელად ლატიფამ უთხრა, რომ გლდანის „პასაჟირი“ იყო, ამიტომ თ-------------–--მა თავად დარეკა 112-ში და უთხრა, რომ მას უკანონოდ აკავებდნენ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ა-------------–---მ განმარტა, რომ თ-------------–--ი მისი შვილია და შემთხვევის დღეს ეჩხუბა პირველი მეუღლის გამო. თ------ი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შელაპარაკება მოუვიდათ. ე-–----------------ა არის თ------ის პირველი მეუღლე, რომელთანაც იმყოფება რეგისტრიტრირებულ ქორწინებაში. მეორე მეუღლე ს-------------–----ა. თ-------------–--ს უნდოდა პირველი მეუღლის სახლში დაბრუნება და ამის გამო ეჩხუბა. როდესაც თ------ი უყვიროდა, შეეშინდა და მეუღლესთან შევიდა ოთახში. თ------მა თვითონ დარეკა პოლიციაში. მას (ა-------------–---ს) უნდოდა, რომ პოლიცია თ------ის დამშვიდებაში დახმარებოდა და უთხრა, რომ 10-15 დღე წაეყვანათ და ის გოგოც დაავიწყდებოდა. თ-------------–--ს მისთვის (ა-------------–---სთვის) ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. თავზე 3-4 წლის წინანდელი დაზიანებები აქვს. ს-------------–---- ჩხუბის დროს სახლში იყო, ეძინა და ხმაურზე გამოვიდა. როდესაც განყოფილებაში სოფია დაკითხეს, გამომძიებელი ეჩხუბა - საბავშვო ბაღში ხომ არ ხარო და ამის შემდეგ დოკუმენტებზე მოაწერინეს ხელი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ს-------------–----მ აჩვენა, რომ თ-------------–--ი მისი მეუღლეა და მასთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. შემთხვევის დღეს თ------ის მისთვის (ს-------------–----სთვის) არ დაურტყამს და დაზიანება, რომელიც ფეხზე აქვს, დივანზე დარტყმის შედეგად მიიღო. რაც შეეხება დედასთან დაკავშირებულ ჩხუბს, იგი სახლში იყო და ეძინა. ხმაურზე გამოვიდა და თ------ი და დედამისი ჩხუბობდნენ მისი სახლიდან წასვლის გამო, თუმცა თ------ს ის არ უცემია. ს-------------–----მ აღნიშნა, რომ დოკუმენტებს ხელი ისე მოაწერა, რომ მისი შინაარსი არ იცოდა და არც ექსპერტისთვის უთქვამს, რომ თ------მა დაარტყა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმედ დაკითხულმა ი-----–--------–მა (ა-------------–---ს მეუღლე) ასევე არ დაადასტურა თ-------------–--ის მხრიდან მეუღლესა და დედაზე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი და აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს გააღვიძა ა-------------–---მ, რომელმაც უთხრა, რომ თ------ი ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა და მის დასამშვიდებლად დარეკეს პოლიციაში, რათა თ------ი 10-15 დღე წაეყვანათ და დაჭკვიანდებოდა. პოლიციაში მის (მოწმის) დაკითხვას ესწრებოდა თარჯიმანი, თუმცა არ თარგმნიდა ყველაფერს. მან (მოწმემ) აღნიშნა, რომ სასამართლოში აძლევდა სწორ ჩვენებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმე თ----------------მა განმარტა, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს, ზეპირი შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, 112-დან შევიდა შეტყობინებები, რომელიც გაკეთებული იყო თ-------------–--ისა და ა-------------–--ის მიერ. დაკითვისას ა-------------–--მა განაცხადა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მისმა შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც შეესწრო მისი მეუღლე და რძალი. აღნიშნულ საქმეზე როდესაც გამოიკითხა თ-------------–--ის მეუღლე, მან განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ თ------მა მასაც მიაყენა შეურაცხყოფა სამზარეულო ოთახში და აჩვენა ცემის შედეგად მიყენებული დაზიანება, რომელიც ფეხზე ჰქონდა. ბრალდებული საცხოვრებელ სახლში დააკავეს. იგი უარყოფდა ცემას და ხელი არაფერზე მოაწერა. ყველა საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა თარჯიმანი და მისი თარგმანის მიხედვით შეადგინა ოქმები.

 

მოწმე ქ--------------–--ემ სასამართლოში განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო, როგორც თარჯიმანმა. გარდაბნის სამმართველოში, დილის საათებში, შევიდა შეტყობინება და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ა------ და ს------- გამოცხადდნენ განყოფილებაში და იძახდნენ, რომ თ------მა ისინი სცემა. ისინი აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. მათ მამამთილიც ახლდათ. განცხადება ა------მ გააკეთა. ქ--------------–--ემ განმარტა, რომ გამომძიებლის ნათქვამს თარგმნიდა აზერბაიჯანულ ენაზე. ორივემ მიუთითა, რომ ბრალდებულმა დაარტყა, ს-------------–----მ დალურჯებული ფეხიც აჩვენა. ჯერ ა-------------–--- გამოიკითხა, შემდეგ - სოფია. ესწრებოდა ასევე ბრალდებულის დაკავებას და მასაც უთარგმნა დაკავების მიმდინარეობა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დადგენილების საფუძველზე, 2018 წლის 8 აგვისტოს შეამოწმა ა-------------–--- და ს--------------–----. 2018 წლის 16 აგვისტოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ა-------------–---ს აღენიშნება სისხლჩაქცევა კეფის არეში მარცხნივ, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ს-------------–---ს აღენიშნება სისხლჩაქცევა მარჯვენა მუხლის სახსრის უკანა ზედაპრიზე, რაც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. შემოწმების დროს თარჯიმანი არ ესწრებოდა და მან (გ----------------–---–მა) დასკვნებში ასახა შესამოწმებელი პირების განმარტებებიდან მიღებული გარემოებები.

 

რაც შეეხება მოწმეების - თ----------------ის, ქ--------------–--ისა და გ----------------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს, აღნიშნული მოწმეების მიერ გადმოცემული ინფორმაციის შეფასებისას სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, მტკიცების საგნის თვალსაზრისით, ირიბ ჩვენებას წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება სხვა პირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და არ დასტურდება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, თ-------------–--ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულების ჩადენაში მამხილებელი სხვა რაიმე პირდაპირი, უტყუარი და დამაჯერებლი მტკიცებულებით. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, ზემოხსენებულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად თ-------------–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში, საქმეში არსებული, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- და №0-------- დასკვნების თანახმად, ა-------------–---სა და ს--------------–----ს, მართალია, აღენიშნებათ სხეულის დაზიანებები სისხლჩაქცევების სახით, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა დაზარალებულებმა - ა-------------–---მ და ს--------------–----მ განაცხადეს, რომ აღნიშნული დაზიანებები მათთვის თ-------------–--ს არ მიუყენებია. პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებმა სასამართლოში უარყვეს თ-------------–--ის მხრიდან მათთვის რაიმე დაზიანების მიყენების ფაქტი და საქმეში არ არსებობს თ-------------–--ის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, ცალკე აღებული, ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნები ვერ დაედება საფუძვლად თ-------------–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ თ-------------–--მა მეუღლისა და დედის მიმართ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა თ-------------–--ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ თ-------------–--მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი გამართლებულ თ-------------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი თ-------------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

თ-------------–--ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

 

თ-------------–--ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

 

გამართლებულ თ-------------–--ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ თ-------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ:

 

საქმეზე დართული ელექტრონული დისკი დალუქულ მდგომარეობაში - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე