განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100113003401061
საქმე №1/ბ-9-2020 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 თებერვალი, 2020 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
ვერა დოლიძე
სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე
პროკურორის - მ--- ჯ-----ს
ადვოკატის - ი----- ჯ---–--ს
მსჯავრდებულის - ჯ------ წ----–-----ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ------ ჯ------ის ძე წ----–-----ს მიმართ, დაბადებული 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი 1----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ. ზუგდიდი, ს------ს ქ. N15;
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ------ წ----–-----მ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ჯ------ წ----–-----მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 0,000012 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,დეზომორფინი’’, რაც 2013 წლის 21 სექტემბერს ამოიღეს საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ჯ------ წ----–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქათველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
ამავე განაჩენით, ჯ------ წ----–-----ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
მსჯავრდებულ ჯ------ წ----–-----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაპატიმრების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 21-26 სექტემბერი.
მსჯავრდებული ჯ------ წ----–----- ბელარუსის რესპუბლიკიდან ექსტრადირებული და N8 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2019 წლის 19 დეკემბერს.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებული ჯ. წ----–----- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ი. ჯ---–-- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას. გარდა აღნიშნულისა, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ჯ------ წ----–-----ს ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედ უფრო მსუბუქ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის რედაქციასთან, ასევე სასჯელის დანიშვნის კუთხით გასათვალისწინებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის N1/8/696 გადაწყვეტილება, რითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (0,00009 გრამი) დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის. შესაბამისად, ჯ------ წ----–-----ს მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ ჯანხუხ წ----–-----ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ი----- ჯ---–--ს, რომლებმაც დააზუსტეს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, მსჯავრდებულის გათავისუფლება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორს მ--- ჯ-----ს, რომელიც ასევე დაეთანხმა დაცვის მხარის დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს ჯ------ წ----–-----ს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ჯ------ წ----–-----ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: მ-----–------–---–---------------------------------------------------------–-------------------ს ჩვენებებით, 2013 წლის 23 სექტემბრის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ჯ------ წ----–-----ს პირადი ჩხრეკის ოქმით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ჯ. წ----–-----ს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით - 0,000012 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,დეზომორფინის’’ უკანონო შეძენა-შენახვისათვის (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი). ზემოაღნიშნული განაჩენის გამოტანის დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 08 ივლისის კანონით შესული ცვლილებით, რომელიც ამოქმედდა 2015 წლის 31 ივლისს, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე. შესაბამისად შეიცვალა აღნიშნული დანაშაულის კატეგორია და ქმედება განეკუთვნება მძიმე კატეგორიათა დანაშაულს, რითაც შემსუბუქდა მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არ აქვს.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ჯ. წ----–-----ს მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს უფრო მსუბუქ, ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე.
ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება – დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით, როგორც ზემოთ აღინიშნა, ჯ------ წ----–-----ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით – 0,000012 გრამი ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ უკანონოდ შეძენა და შენახვისათვის.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.
ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა თანახმად, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სასამართლო განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არ არის უფლებამოსილი ჯ------ წ----–-----ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით (0,000012 გრამი ,,დეზომორფინის’’ შეძენა-შენახვისათვის) დაუნიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, ან ძირითადი სასჯელის სახით დაუნიშნოს სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, ვინაიდან შესაბამისი მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას და მხარეებს შორის არ არის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებული ჯ. წ----–-----ს მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს უფრო მსუბუქ, ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე და ცნობილ იქნას დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით სასჯელის დაუნიშნავად. სხვა ნაწილში კი გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ჯ------ წ----–-----ს და მისი დამცველი ადვოკატის ი----- ჯ---–--ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ზუგდიდის რაიონული სამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში შეტანილი იქნას ცვლილება:
ჯ------ წ----–-----ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე.
ჯ------ წ----–----- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სასჯელის დაუნიშნავად და გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში ამ განაჩენის გამოცხადებისთანავე.
ჯ------ წ----–-----ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ჯ------ წ----–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; გირაოს სახით შეტანილი ჯ-----ა წ----–-----ს (პირადი N1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ზუგდიდი, რ---------–-ს ქ. N96-ში (საკადასტრო კოდი 4-----------) გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულება - 01 ცალი 03 მილიგრამიან ერთჯერად შპრიცში მოთავსებული 0,000012 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,დეზომორფინის’’ შემცველი მოყვითალო ფერის სითხე, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების აღრიცხვის განყოფილებაში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
ვერა დოლიძე