განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2020
საქმის ნომერი
210100119003259371
ინსტანცია
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119003259371

საქმე №1ბ/86-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ე-–-----------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 01 იანვარს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №3----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის საგარეჯოს რაიონის სოფელ ლ-----–--–-- ფაქტობრივად მცხოვრების აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ქალაქი ბაქო, ე-–----------------------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ე-–-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ე-–-----------ის პატიმრობაში ყოფნის ვადის (03.10.2019 წლიდან 04.10.2019 წლის ჩათვლით) გათვალისწინებით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 10 (ათი) საათით და საბოლოოდ, ე-–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ოდენობით.

 

ე-–-----------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 30 სექტემბერს, დილის საათებში, დაახლოებით 10:00 საათზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლ-----–--–-- ნ--------------ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ოჯახური კონფლიქტის დროს ე-–-----------მა სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელის არაერთხელ დარტყმით ძალადობა განახორციელა მეუღლის ნ------------–---ას მიმართ, რომელმაც აღნიშნული ქმედებების შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-----------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და ე-–-----------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს, ე-–-----------ის მიმართ გამოყენებულ იქნა შეუსაბამოდ ლმობიერი სასჯელი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რატომ იყენებს კონკრეტული სასჯელის სახესა და ზომას. აპელანტმა მიიჩნია, რომ სასჯელის დასაბუთებისას სასამართლომ უგულებელყო სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, შემოიფარგლა მხოლოდ საკანონმდებლო ნორმების მითითებით და არ უმსჯელია, თუ რატომ გამოიყენა კონკრეტული სასჯელის სახე და ზომა, რომლიც მოცემულ შემთხვევაში ძალზედ ლმობიერია და არაა მსჯავრდებულ ე-–-----------ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი. სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას უგულებელყო მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ხერხი, სახე, მოტივი, ინტენსივობა, შეფასების გარეშე დატოვა მსჯავრდებულის დანაშაულებრივ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა. აპელანტის აზრით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ე-–-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსგავსი დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია ოჯახური დანაშაული, რომლის წინააღმდეგაც, სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობის შემთხვევაში, მოხდება პირთა წახალისება ახალი დანაშაულის ჩადენისაკენ.

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ე-–-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გოჩა კვარაცხელიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ე-–-----------ის აღიარებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნ------------–---ასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ე-–-----------მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას მსჯავრდებულ ე-–-----------ისათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები, მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, იგი შერიგებულია დაზარალებულთან, ისინი კვლავ განაგრძობენ ერთ ოჯახში ცხოვრებას, ხოლო რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ე-–-----------ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მითითებას სასჯელის დანიშვნისას ინდივიდუალიზაციის პრინციპის დაცვასთან დაკავშირებით, ეთანხმება რა აპელანტს, მიაჩნია, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. პალატა დამატებით განმარტავს, რომ თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ე-–-----------ისათვის შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და სიმძიმეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. იმის გათვალისწინებით, რომ ე-–-----------მა სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულთან, სააპელაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია სასჯელის დამძიმება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენი ე-–-----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ე-–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 100 (ასი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ე-–-----------ის პატიმრობაში ყოფნის ვადის (03.10.2019 წლიდან 04.10.2019 წლის ჩათვლით) გათვალისწინებით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს - 10 (ათი) საათით და საბოლოოდ, ე-–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 90 (ოთხმოცდაათი) საათის ოდენობით.

 

ე-–-----------ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. კანონით დადგენილი წესით, 04.10.2019 წელს სს „საქართველოს ბანკში“ გადახდილი გირაოს თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი დაუბრუნდეს გირაოს გადამხდელ პირს, ქამალ კაიბოვს (პირადი №3----------).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ე-–-----------მა დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე