განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2020
საქმის ნომერი
190100119003258757
ინსტანცია
თარიღი
13.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №190100119003258757-1ბ/168-20წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

17 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: რ----------------------------------, დაბადებული 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დმ------------------------–---------

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წელი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ----------------- ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ე-–-----------–--–--------------------------–------ ითხოვეს მსჯავრდებულ რ----------------- მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი და მსჯავრდებულს სასჯელის სახით დაენიშნოს წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული მინიმუმი, ხოლო დანიშნული სასჯელიდან ერთი მესამედი ჩაეთვალოს პირობითად.

 

რ----------------- ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რ----------------ა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა ,,AKMC” მოდელის 7,62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის და AK-74” მოდელის 5,45 კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატები, რომლებსაც ინახავდა დ------- რაიონის სოფელ გ-----–- მისი დროებითი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ განთავსებულ დამხმარე ნაგებობაში, რაც იქნა ამოღებული 2019 წლის 14 სექტემბერს. რ---------------- ასევე მართლსაწინააღდეგოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილ 60 ცალ ავტომატის ვაზნას, რაც ამოღებულ იქნა 2019 წლის 13 სექტემბერს დ------- რაიონის სოფელ გ-----–- მისი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

რ----------------- მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: მოწმეების ა--------------------–------------------ რ-----------------, ა---------------- გამოკითხვის ოქმებს, რ----------------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმს, დამხმარე ნაგებობიდან ნივთმტკიცების ამოღების ოქმს, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის რ----------------- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის. სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. ცივ იარაღთან შედარებით ცეცხლსასროლი იარაღის მომეტებულ საშიშროებას განაპირობებს მისი თვისებები. კერძოდ, ცოცხალი არსების გასანადგურებლად არ არის საჭირო მისი ფიზიკური კონტაქტი სამიზნე ობიექტთან, არამედ უნარი აქვს მოსპოს იგი გარკვეული მანძილიდანაც; გასროლის შედეგად საბრძოლო მასალის (მაგალითად. ტყვიის) მოქმედების მანძილი, ძალა და სხვა საზიანო თვისება არ არის დამოკიდებული იმ პირის ფიზიკურ მონაცემსა და პროფესიონალიზმზე, ვინც მოახდინა გასროლა; ცეცხლსასროლ იარაღს აქვს უნარი ერთდროულად დააზიანოს რამდენიმე ობიექტი.

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების სამართლებრივ განმარტებასთან მიმართებით ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქ/პუნქტის თანახმად, იარაღი არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ცეცხლსასროლი იარაღი განმარტებულია, როგორც იარაღი რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად კი საბრძოლო მასალა, განმარტებულია, როგორც მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიცირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად; ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა იქნება მართლსაწინააღმდეგო, თუ იგი ხორციელდება ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ.

 

აღნიშნული მუხლის ობიექტური მხარე გამოიხატება საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვაში. მართლ საწინააღმდეგო შეძენა ხორციელდება მოქმედებით და გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ნაპოვნის დაუფლებას და ა.შ. შეძენა დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა საბრძოლო მასალის განკარგვის შესაძლებლობა. ხოლო მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს ადგილ სამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს. მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება მოხდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, გარაჟში, მიწაში და ა.შ. ამ დროს მთავარია, პირმა ისეთ ადგილას შეინახოს საბრძოლო მასალა, რომ შეეძლოს მისი გამოყენება, როცა დასჭირდება. შენახვა შეიძლება განხორციელდეს უმოქმედობითაც.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა არაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში დანაშაული განზრახია, პირს შეგნებული აქვს რომ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, მოტივს და მიზანს კვალიფი კაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადასტურებულია, რომ რ----------------ა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა ,,AKMC” მოდელის 7,62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის და AK-74” მოდელის 5,45 კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატები, რომლებსაც ინახავდა დ------- რაიონის სოფელ გ-----–- მისი დროებითი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ განთავსებულ დამხმარე ნაგებობაში, რაც იქნა ამოღებული 2019 წლის 14 სექტემბერს. რ---------------- ასევე მართლსაწინააღდეგოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილ 60 ცალ ავტომატის ვაზნას, რაც ამოღებულ იქნა 2019 წლის 13 სექტემბერს დ------- რაიონის სოფელ გ-----–- მისი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას. პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რ----------------- ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა. ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რ----------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება რომ იგი აღიარებს,ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დადგენილა.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ რ----------------- ინტერესების დამცველი ადვოკატების ე-–-----------–--–--------------------------–--------აპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და მიაჩნია,რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია) გათვალისწინებული იქნა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (ინახავდა ორ ცეცხლსასროლ იარაღს და ასევე საბრძოლო მასალას), მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ რ---------------- სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამარლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი პირობითი მსჯავრის გამოყენებას კრძალავს თუ მსჯავრდებულს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას. მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებების მიხედვით მსჯავრდებული ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რაც ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. ამდენად საქმის გარემოების მიხედვით რ---------------- წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას რაც გამორიცხავს მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი, რ----------------- მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული ნივთმტკიცების ბედი უნდა გადაწყდეს აღნიშნული სს საქმიდან გამოყოფილ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ რ----------------- ინტერესების დამცველმა ადვოკატების ე-–-----------–--–--------------------------–--------აპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. რ---------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

4. რ----------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 14 სექტემბრიდან.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული ნივთმტკიცების ბედი უნდა გადაწყდეს აღნიშნული სს საქმიდან გამოყოფილ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი