განაჩენი

სისხლის სამართლის 28.01.2020
საქმის ნომერი
110100119003148469
ინსტანცია
თარიღი
28.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110100119003148469

საქმე №1/ბ-872-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 იანვარი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - ვ------- ნ------ის

ადვოკატის - ფ------ ა---------ის

მსჯავრდებულის - ი----- ქ------ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი----- ხ---------ის ძე ქ------ის მიმართ, დაბადებული: 14.07.1981 წელი, პირადი №5----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ.თ--------–ა, რ---------–ის მე-2 შესახვევი, N2-ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი----- ქ------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება - 2019 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდი; ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება - 2019 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 15 აგვისტოს, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, ზესტაფონის რაიონული პროკურატურიდან, განსახილველად გადაგზავნილი იქნა სისხლის სამართლის N1/211-2019 (გამოძიების ნომერი 0-----------) საქმე ი----- ქ------ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით.

2019 წლის 18 სექტემბერს, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან, განსახილველად გადაგზავნილი იქნა სისხლის სამართლის N1/255-2019 (გამოძიების ნომერი 0-----------) საქმე ი----- ქ------ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით, ბრალდებულ ი----- ქ------ის შუამდგომლობის საფუძველზე, გაერთიანდა ი.ქ------ის მიმართ, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეები.

2019 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით 1000 საათზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ი------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ი----- ქ------ე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლ--–- კ---------ეს, მისი ნებისაგან დამოუკიდებლად, მასზედ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, აიძულებდა სასამართლოდან გამოეტანა ი----- ქ------ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ლ--–- კ---------ის საჩივარი, რა დროსაც ლ--–- კ---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 1000 საათიდან, 1100 საათამდე პერიოდში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ი------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ი----- ქ------ე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლ--–- კ---------ეს, მისი ნებისაგან დამოუკიდებლად, მასზედ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, აიძულებდა აეყვანა მისთვის ადვოკატი, რომელიც მას დაეხმარებოდა სასამართლოში მის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაში, რა დროსაც ლ--–- კ---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.თ--------–ა, რ---------–ის ქუჩა მე-2 შესახვევი N2-ში, საერთო საცხოვრებლის ბინაში მყოფმა ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ი----- ქ------ემ, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ--–- კ---------ეს ხის სკამი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ლ--–- კ---------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ი----- ქ------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდით) და სსკ-ის 111.150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში.

 

ი----- ქ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი და საბოლოოდ ი----- ქ------ეს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ი----- ქ------ის წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნობა და ასევე მკაცრი სასჯელის დანიშვნა მოითხოვა.

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ი----- ქ------ის მიმართ გამოტანილი ზემოთაღნიშნული განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და არასამართლიანია, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არსებობს უტყუარ და ერთმანეთთან შეთანხმებულ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი----- ქ------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპზიოდი) გათვალისწინებული-დანაშაული.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარადაა დადგენილი, რომ ჭიათურის მუნციპალიტეტის სოფ. ი------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ი----- ქ------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლ--–- კ---------ეს, მისი ნებისაგან დამოუკიდებლად, მასზედ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, აიძულებდა აეყვანა მისთვის ადვოკატი, რომელიც მას დაეხმარებოდა სასამართლოში მის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაში, რა დროსაც ლ--–- კ---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა მსჯავრდებულ ი----- ქ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ფ------ ა---------ის მიერ რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვა. დაცვის მხარე თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი, იმ ნაწილში, რომლითაც ი.ქ------ე დამნაშავედ იქნა ცნობილი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო ეჭვის გამომრიცხავი, კერძოდ, სასამართლოში დაიკითხა დაზარალებული ლ--–- კ---------ე, რაც წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გარდა ამისა, მესამედ ამხელს თავის მეუღლეს, ერთი და იგივე დანაშაულის ჩადენაში. იმეორებს, რომ თითქოს ი----- ქ------ემ ჩაარტყა სკამი თავში, თუმცა რა მოვლენები უძღოდა წინ, ამას ვერ ამბობს. ლ--–- კ---------ემ არაერთხელ აღნიშნა, რომ მას ემართება თიშები, არის განერვიულებული მამის და დედმამიშვილის გარდაცვალების გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიანებული.

დაცვის მხარეს ასევე მიაჩნია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც ლ--–- კ---------ეს აღენიშნება ორი დაზიანება, მისი (ლ.კ---------ის) განმარტებით კი ი----- ქ------ემ ერთხელ დაარტყა სკამი. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ დაადასტურა, რომ ლ--–- კ---------ეს ჰქონდა ორი დაზიანება, თუმცა მანვე განმარტა, რომ აღნიშნული დაზიანებები შესაძლოა განვითარებულიყო როგორც ბლაგვი საგნის დარტყმით, ასევე დაცემის შედეგად, რაც უფრო დამაჯერებელია, ვინაიდან იგი ითიშება ხოლმე და არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული დაზიანებები მიეღო სწორედ ამგვარი გათიშვის გამო დაცემის შედეგად.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ვ------- ნ------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– აპელანტს, მსჯავრდებულ ი----- ქ------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ფ------ ა---------ს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - ლ--–- კ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მასთან ერთად, ცხოვრობდა მისი მეუღლე - ი----- ქ------ე. 2019 წლის 30 ივნისს, ი.ქ------ესთან ერთად იმყოფებოდა სახლში და უყურებდნენ ტელევიზორს. ყურების დროს, სრულიად უმიზეზოდ, ი.ქ------ემ მას ხის სკამი დაარტყა თავის და ზურგის არეში. აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ დროს, ის და ი-----ი მარტო იმყოფებოდნენ, ბავშვებს ეძინათ. მომხდარის გამო, წავიდა თ--------–ის პოლიციაში და განაცხადა. როდესაც სახლში დაბრუნდა პოლიციელებთან ერთად, ი-----ი აღარ იმყოფებოდა, წასული იყო. დაზარალებულის განმარტებით, თ--------–აში, დაკითხვას გარეშე პირი დაესწრო, ვინაიდან აღელვებული იყო, თავს ცუდად გრძნობდა და ვერ წაიკითხავდა ჩვენებას. ასევე 2019 წლის 4 აგვისტოს, როდესაც იმყოფებოდა სოფელ ი------ში, ი-----მა მას მოსთხოვა ენახა მოსამართლეების უფროსი, გამოეტანა საჩივარი და მისთვის მოეხსნათ 1000 ლარიანი გირაო. თუ ამას არ გააკეთებდა მოკლავდა მასაც და შვილებსაც. ასევე, 2019 წლის 6 აგვისტოს, ი-----ი მას აიძულებდა აეყვანა ადვოკატი, რომელიც დაეხმარებოდა პრობლემების მოგვარებაში. თუ არ იზამდა, მოკლავდა მასაც და შვილებსაც. ი-----ის სიტყვებს აღიქვამდა რეალურად და ეშინოდა. აღნიშნულის გამო, 2019 წლის 4 აგვისტოს, მან მოატყუა ი-----ი, ვითომ იყო წასული ნაცნობი მამაოს სანახავად, რომელიც მოუგვარებდა პრობლემას. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2019 წლის 6 აგვისტოს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „მეორე დღეს, 2019 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით დილის 1000 საათზე, ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ შენთან სალაპარაკო მაქვს და უნდა მომისმინოო. მან მითხრა, რომ ახლავე წადი ქუთაისში და ნახე მთავარი მოსამართლე და შენ, რომ საჩივარი გაქვს ჩემს მიმართ დაწერილი სასამართლოდან გამოიტანე და მე მომიტანე ცნობა აღნიშნულის შესახებ, თორემ ყელს გამოგჭრი, არ გაცოცხლებ და საბოლოოდ დავისვენებ შენგანო. მე ამის შემდგომ წამოვედი სოფელ ი------იდან, ბავშვები სახლში დავტოვე, მაგრამ ქუთაისის ნაცვლად წავედი საჩხერეში და საჩხერეში ვიმყოფებოდი საღამოს 1700 საათამდე და შემდეგ დავბრუნდი სახლში და ჩემს მეუღლეს, ი----- ქ------ეს მოვატყუე, ვიმყოფებოდი ქუთაისში, რიგები იყო და ჩავეწერე მოსამართლესთან და თვითონ დამირეკავენ იქიდანთქო. აქვე განგიმარტავთ, რომ მე ჩემს მეუღლეს ტყუილი იმიტომ ვუთხარი, რომ შემეშინდა მას მართლა არ მოვეკალი. ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ 2019 წლის 6 აგვისტოს ისევ წავსულიყავი ქუთაისში და მიმეტანა ცნობა მისთვის სასამართლოდან, მას რომ არ ვუჩიოდი. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, 2019 წლის 6 აგვისტოს 1000 საათიდან, 1100 საათამდე დროის პერიოდში, ბავშვებს როდესაც ეძინათ, მე ვიმყოფებოდი ი-----თან სახლში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ი------ში, მან მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაგინა დედის მისამართით, მიძახა - წადი ახლავე აიყვანე ადვოკატი და დაამტკიცე, რომ მართალი ვარ ყველაფერში, ასევე, ადვოკატს სთხოვე გამიუქმოს გირაო 1000 ლარი, რომელიც შეფარდებული მაქვს, თუ არა ყელს გამოგჭრი, არ გაცოცხლებო. ი----- ქ------ის ტონი იყო მკაცრი და დამაჯერებელი, მე მისი მუქარა აღვიქვი რეალურად შემეშინდა, ჩემი სიცოცხლის ხელყოფის და ჯანმრთელობის დაზიანების. მე, მისი პიროვნებიდან გამომდინარე ვიფიქრე, რომ იგი მართლა მომკლავდა თუ არ შევუსრულებდი მის მოთხოვნას. წამოვედი ჭიათურის პოლიციაში.

მოწმის სახით დაკითხული ჭიათურის რაიონულ სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მ-----– ც-–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის აგვისტოს თვეში, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გამოცხადდა მოქალაქე ლ--–- კ---------ე, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მეუღლე - ი----- ქ------ე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის გამო, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე და თანამშრომელ ი.ტ-------ესთან ერთად დაევალა ი.ქ------ის სამმართველოში წარდგენა. გამოცხადდნენ სოფელ ი------ში, ადგილზე დააკავეს ი.ქ------ე და ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე წარადგინეს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში.

ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი-----–ი ტ-------ემ.

მოწმის სახით დაკითხული ჭიათურის რაიონულ სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ი----- ლ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ი----- ქ------ეს გადასცა მტკიცებულებები და შეადგინა შესაბამისი ოქმი. მტკიცებულებათა გადაცემის ოქმის ხელის მოწერაზე ი.ქ------ემ უარი განუცხადა.

მოწმის სახით დაკითხული ჭიათურის რაიონულ სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის რ----- ა-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 6 აგვისტოს დაიწყო გამოძიება ლ--–- კ---------ის მიმართ განხორცილებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, იყო საქმის გამომძიებელი და ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დანიშნა ალკოჰოლური ექსპერტიზა, შეადგინა ი.ქ------ის დაკავების ოქმი, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ გააცნო ი.ქ------ეს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაციები. მოწმის განმარტებით, სამმართველოში გამოცხადებულ ლ--–- კ---------ეს მისთვის არ უთქვამს, რომ წერა და კითხვა არ იცოდა. ლ.კ---------ემ წაიკითხა მიწოდებული დოკუმენტაცია, გაეცნო და შემდეგ მოაწერა ხელი.

მოწმის სახით დაკითხული თ--------–ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ს-----ო რ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 15 ივლისს, სამსახურეობრივი ბარათის საფუძველზე გადაეცა მასალები და გამოსცა შემაკავებელი ორდერი ი----- ქ------ის მიმართ. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდა ლ--–- კ---------ეც. ოქმის შევსების დასრულების შემდეგ, როგორც ი----- ქ------ემ, ასევე, ლ--–- კ---------ემ უარი განაცხადეს მასზე ხელის მოწერაზე.

მოწმის სახით დაკითხული თ--------–ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თ---------- ჯ---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 30 ივნისს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გამოცხადდა მოქალაქე ლ--–- კ---------ე, რომელმაც განუცხადა, რომ მეუღლემ - ი----- ქ------ემ, მას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სკამის ფეხი ჩაარტყა თავის არეში. თავის მხრივ კი აღნიშნულის შესახებ აცნობა ხელმძღვანელობას.

მოწმის სახით დაკითხული მ-----ა კ----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ.თ--------–აში, ბენზინ გასამართ სადგურზე. სამსახურში ყოფნის დროს, მასთან მივიდნენ პოლიციელები და სთხოვეს გამოკითხვაზე დასწრება, ვინაიდან დაკი------ დასრულების შემდეგ უნდა წაეკითხა ჩვენება. მართლაც დაესწრო ლ--–- კ---------ის გამოკითხვას და გამოკი------ დასრულების შემდეგ წაუკითხა ჩვენება მას. ასევე, მეორე დღესაც, მონაწილეობა მიიღო დათვალიერებაში, რისი დასრულების შემდეგაც კვლავ წაუკითხა ოქმი.

მოწმის სახით დაკითხული თ--------–ის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მ--–---- ა-–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იყო ი----- ქ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დანიშნა ექსპერტიზა, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება გააცნო ლ.კ---------ეს. ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ი.ქ------ეს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები.

2019 წლის 1 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თ--------–ა, რ---------–ის ქუჩა მე-2 შესახვევი N2-ში, რომელიც წარმოადგენს ლ--–- კ---------ის საცხოვრებელ სახლს.... შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა სკამი, რაზეც ლ.კ---------ემ მიუთითა, რომ ი----- ქ------ემ აღნიშნული სკამი ჩაარტყა თავის არეში.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 01.07.19წ. ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ლ--–- კ---------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით (უჩივის თავის ტკივილს. კეფის მიდამოში მარცხნივ აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1,8X1,4სმ - აღნიშნული მიდამო მცირედ შეშუპებულია. კისრის უკანა ზედაპირზე მცირედ მარჯვნივ, შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარედ კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით 1,8X1,4სმ). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნების (საგნის) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ დროს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ----- თ------ემ.

ი----- ქ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 30 ივნისს, დილის საათებში იმყოფებოდა თ--------–აში, ლ--–-სთან ერთად. შემდეგ, ვინაიდან უნდა წასულიყო ჭიათურაში წავიდა ზესტაფონში. ვერ მოასწრო ჭიათურაში წასვლა და დარჩა დასთან, კვალითში. მეორე დღეს, მივიდა თ--------–აში სახლში, სადაც მეზობელმა უთხრა, რომ წინა დღით პოლიცია იყო მისული მასთან, რომ მან ლ--–-ს თავში სკამი ჩაარტყა. აღნიშნულის შემდეგ წავიდა კახეთში, გაერიდა სიტუაციას. ი----- ქ------ის განმარტებით, მას 2019 წლის 30 ივნისს, ლ--–- კ---------ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია და მისთვის უცნობია, რატომ აბრალებს ლ--–- მას დანაშაულის ჩადენას. ზოგადად ლ--–-ს წარმოსახვები აქვს, რის გამოც იგონებს ხოლმე რაღაცეებს. ასევე 2019 წლის 4 აგვისტოდან, ლ--–- კ---------ე იმყოფებოდა მასთან ჭიათურის რაიონის სოფელ ი------ში. მას, ლ--–-სთვის, არანაირი ძალა არ დაუტანებია საჩივრის გამოტანისა და ადვოკატის აყვანისათვის. მისთვის გაუგებარია თუ რატომ აბრალებს ლ--–- აღნიშნულს. ლ--–- ჩვეულებრივ იმყოფებოდა მასთან და აღნიშნულ თემებზე საუბარი არ ჰქონიათ. 2019 წლის 4 აგვისტოს ლ--–- წავიდა ნაცნობი მამაოს სანახავად და შემდეგ დაბრუნდა სახლში უკან. 2019 წლის 6 აგვისტოს კი წავიდა ჭიათურაში, ქალაქში, პროდუქტის საყიდლად, ვინაიდან 7-ში უნდა გაეცილებინა თ--------–აში.

სააპელაციო პალატას ი----- ქ------ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა წარდგენილი ბრალდება.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით ი----- ქ------ის მიერ, მეუღლის - ლ--–- კ---------ის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარისად, ვინაიდან იძულების განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, დაზარალებულ - ლ--–- კ---------ის ჩვენება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ი----- ქ------ის მიერ დანაშაულების ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.

რაც შეეხება კონკრეტულად პოლიციის თანამშრომლების: მ-----– ც-–--–---–ის, ი-----–ი ტ-------ის, ი----- ლ-----ის, რ----- ა-----ის, ს-----ო რ-------ის,თ---------- ჯ---–--ის და მ--–---- ა-–------ის ჩვენებებს, ისინი განმარტავენ მხოლოდ დაზარალებულ ლ--–- კ---------ის მონათხრობს, მეუღლის ი----- ქ------ის მხრიდან მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით, ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) ი----- ქ------ის მიერ განხორციელებული ქმედება. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გამომძიებელთა ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმის ჩვენება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული. ამასთან დაკავშირებით პალატა იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.

საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).

შესაბამისად, სასამართლო უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ი----- ქ------ის მიერ მისთვის ბრალად წაყენებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენას, წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება აღნიშნული დანაშაულის ჩადენა.

მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც ი----- ქ------ის სსკ-ის 1261-ე მუხლით მსჯავრდებას შეეხება, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება). მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაული - ოჯახური ძალადობა თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, და მისი შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში.

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ი----- ქ------ის უდანაშაულობის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ თითქოს, ი----- ქ------ეს ლ--–- კ---------ეზე არ უძალადია, და იმას, რომ ლ--–- კ---------ეს ემართება თიშები მამის და დედმამიშვილის გარდაცვალების შემდეგ და ამის გამო მისი ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიანებული.

მოცემულ სამართლებრივ შემთხვევაში მსჯავრდებულ ი----- ქ------ის მიერ, ლ--–- კ---------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის, დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად პალატას მიაჩნია თვით დაზარალებულის ჩვენება, რასაც ასევე ამყარებს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმადაც 01.07.19წ. ჩატარებული შემოწმებისას ლ--–- კ---------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, რომელიც მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ დროს. ასევე საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განაჩენით დასტურდება, რომ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ი----- ქ------ისაგან ლ--–- კ---------ის მიმართ არაერთჯერ ჰქონდა ადგილი. წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ი----- ქ------ეემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არერთგზის - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტებით.

სააპელაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ საქმის განხილვისას აუცილებელი არ არის მტკიცებულებათა სიჭარბე. მთავარია, ამ მტიცებულების წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი ასეთ კონტექსტში გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის გარეშეც პირის დამნაშავედ ცნობის შანსი მცირდება. როდესაც მტკიცებულება გადამწყვეტი ხასიათისაა, მისი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია დამატებითი მტკიცებულებები.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ ი----- ქ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ------ ა---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი ი----- ქ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ი----- ქ------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდით) და სსკ 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში.

ი----- ქ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის, ჯარიმის მოუხდელი ნაწილი 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი და საბოლოოდ ი----- ქ------ეს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

ი----- ქ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 6 აგვისტოდან.

ი----- ქ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხის სკამი, რომელიც ინახება თ--------–ის რაინულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ლ--–- კ---------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე