განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2020
საქმის ნომერი
820100119003201064
ინსტანცია
თარიღი
06.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100119003201064

საქმე №1/ბ-21-2020 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------ ა--–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), ნასამართლევის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების ხულოს რაიონის სოფელ წ---–---ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი :

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ------ ა--–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

_ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

_ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

_ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ------ ა--–--ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

 

ზ------ ა--–--ე 2016 წლიდან 2019 წლის 19 აგვისტომდე ჩათვლით პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ---–---ში, მის მიერვე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების: შვილების _ გ---, გ--–- და დ--- ა--–--ეების თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს ნ---- დ-------ეს, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვა.

 

2019 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 17:30 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ---–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ზ------ ა--–--ემ მის მიერვე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების _ შვილების გ---, გ--–- და დ--- ა--–--ეების თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს ნ---- დ-------ეს ზურგისა და მუცლის არეში ხელის დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ნ---- დ-------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2019 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 17:30 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ---–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ზ------ ა--–--ემ, მის მიერვე წარმოქმნილი კონფლიქტისას, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს ნ---- დ-------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზემოაღნიშნულის გამო ზ------ ა--–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ოემბრის განაჩენით:

 

ზ------ ა--–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2016 წლიდან 2019 წლის 19 აგვისტომდე ეპიზოდი); 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2019 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ზ------ ა--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ნივთმტკიცება _ დანა უნდა განადგურდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

გამართლებულ ზ------ ა--–--ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ზ------ ა--–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, იმ საფუძვლით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ზ------ ა--–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ზ------ ა--–--ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება ზ------ ა--–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინებიდან ირკვევა, რომ 2019 წლის 19 აგვისტოს საინფორმაციო ცენტრ 112-ში შევიდა ნ---- ბერიძის შეტყობინება მეუღლის მხრიდან მის მიმართ ძალადობის განხორციელების შესახებ.

 

მოწმე თ----- დ-------ემ, რომელიც დაზარალებულ ნ---- დ-------ის დედაა, სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ ნ---- დ-------ესა და მის მეუღლეს, ზ------ ა--–--ეს შორის რაიმე უთანხმოების შესახებ მას არ სმენია, მათ კამათს და ჩხუბს არ შესწრებია. ნ---- თავის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს მისი სახლიდან 100-200 მეტრის მოშორებით. 2019 წლის 19 აგვისტოს, ეზოში ყოფნისას გაიგონა ზ------ ა--–--ის ყვირილის ხმა და დაინახა, რომ მისი შვილი, ნ---- დ-------ე მოდიოდა მშობლების სახლისკენ, ხოლო ზ------ ა--–--ე ილანძღებოდა და იგინებოდა მისი მისამართით. ნ----ს მისთვის არ მოუყოლია თუ რა მოხდა და არ უთქვამს, რომ ზ------ ა--–--ემ მუცელში ჩაარტყა ფეხი ან მოკვლით დაემუქრა.

 

მოწმე გ---- დ-------ემ (დაზარალებულ ნ---- დ-------ის ძმა) სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ 2019 წლის 19 აგვისტოს, საღამოს საათებში, აპირებდა სამსახურში წასვლას. ეზოში გამოსულმა დაინახა, რომ დედამისი და მისი და, ნ---- დ-------ე მოდიოდნენ სახლისაკენ. ნ----ს მისთვის არ უთქვამს, რომ მისმა მეუღლემ, ზ------ ა--–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ან დანით დაემუქრა, ასეთი რამ მას არ გაუგონია.

 

არასრულწლოვანმა მოწმე გ--- ა--–--ემ (დაზარალებულ ნ---- დ-------ის შვილი) სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ მან მხოლოდ ყვირილის ხმა გაიგონა და არაფერი დაუნახავს, დედასაც არაფერი უთქვამს მისთვის.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული შსს ხულოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გ-- ი-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ნ---- დ-------ე დახვდათ მშობლების ოჯახში. ის იყო შეშინებული და ტიროდა, განმარტავდა, რომ ზ------ ა--–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დანით ემურებოდა მოკვლით, რის შემდეგაც დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ამოღებული იქნა დანა, ხოლო ზ------ ა--–--ე დააკავეს.

 

შსს ხულოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების _ ს---–--- გ--–-ძის და რ---- თ----------–--ის გამოკითხვის ოქმებით (უდავო მტკიცებულებები) დადგენილია, რომ 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ხულოს რაიონის სოფელ წ---–---ში, სადაც დედის საცხოვრებელ სახლში დახვდათ ნ---- დ-------ე, რომელიც ტიროდა და იყო შეშინებული. მათთან საუბარში ნ---- დ-------ემ განაცხადა, რომ მეუღლემ _ ზ------ ა--–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით და ემუქრებოდა მოკვლით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას თავად დაზარალებულმა ნ---- დ-------ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადა მეუღლის, ზ------ ა--–--ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

ბრალდებულმა ზ------ ა--–--ემ სასამართლოში საქმის განხილვისას თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, ისარგებლა დუმილის უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ---–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც იატაკზე ნანახი და ამოღებული იქნა სამზარეულოს დანა, ლურჯი ფერის პლასტმასის ტარით.

 

სამედიცნო ექსპერტიზის №--------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ ნ---- დ-------ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად არ მიიჩნევს ზ------ ა--–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 11;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/ 13.12.2012).

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა ზ------ ა--–--ის ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ------ ა--–--ის მიერ თავისი მეუღლის _ ნ---- დ-------ის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ნ---- დ-------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მისი გამოკითხვის ოქმი, რა დროსაც მან ძალადობასა და მუქარაში ამხილა ზ------ ა--–--ე, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

 

მოწმეების _ თ----- დ-------ის, გ---- დ-------ისა და გ--- ა--–--ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებების თანახმად, ისინი არ შესწრებიან ზ------ ა--–--ის მხრიდან ნ---- დ-------ის მიმართ ძალადობის ან მუქარის ფაქტებს. მათივე განმარტებით, 2019 წლის 19 აგვისტოს გაიგონეს ზ------ ა--–--ის ყვირილი და ლანძღვა-გინება ნ---- დ-------ის მიმართ, თუმცა აღნიშნული საკმარისი არ არის მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე და 111;151-ე მუხლებით კვალიფიკაციისათვის.

 

რაც შეეხება მოწმეების: გ-- ი-------ის, ს---–--- გ--–-ძის და რ---- თ----------–--ის ჩვენებებს, ისინი ირიბი ხასიათისაა, ვინაიდან, აღნიშნული მოწმეები არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და გადმოსცემენ მათთვის ნ---- დ-------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის შესახებ, რისი გადამოწმებაც სასამართლოში ვერ მოხერხდა ინფორმაციის პირველწყაროს _ დაზარალებულ ნ---- დ-------ის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ---- დ-------ეს სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ------ ა--–--ის მიერ თავისი მეუღლის _ ნ---- დ-------ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების, ასევე მის მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს, საქმეში არ არსებობს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება ზ------ ა--–--ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ მის მიმართ 2019 წლის 26 ნოემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი ზ------ ა--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ზ------ ა--–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2016 წლიდან 2019 წლის 19 აგვისტომდე ეპიზოდი), 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2019 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ------ ა--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

5.ნივთიერი მტკიცებულება _ დანა, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

6.გამართლებულ ზ------ ა--–--ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/