განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100119002965124
საქმე №1ბ/05-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ნ----------------–---–ის,ადვოკატ - რ------------------–---–ის,მსჯავრდებულ - ჯ--------------ს,თარჯიმან - ა---------–--------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ჯ--------------ს და მისი ადვოკატის რ------------------–---–ი, ასევე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ჯ--------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------–ს, რ------------------–-ის მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: რ------------------–-ა, ქალაქი გ---------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–----------------------–-----------–-; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბარლდების მიხედვით:
ჯ-------------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 23 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, თ--–----------------------–----------–-–ი მდებარე შ--------------------------------------------–---------–-ს საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე მდებარე ოთახში, ჯ--------------ა მუშტი დაარტყა, ძირს გადმოაგდო და გაანადგურა მისი ბებიის, შ--------- ნ-----------ს კუთვნილი 220 ლარად ღირებული „HONDA“ ფირმის ტელევიზორი, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ასევე, ჯ--------------ა იმავე დღეს დააზიანა შ--------------------------------------------–---------–-ს საცხოვრებელი სახლისა და სახლის დამხმრე ნაგებობის ფანჯრებისა და კარების მინები, რითაც გამოწვეულმა ზიანის ოდენობამ შეადგინა 210,48 ლარი. ჯ--------------ს აღნიშნული ქმედების შედეგად მის ბებიას და პაპას შ--------------------------------------------–---------–-ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენით:
ჯ-------------ს ბრალდებიდან ამოერიცხა ბებიის, შ--------- ნ-----------ს კუთვნილი 220 ლარად ღირებული „HONDA“ ფირმის ტელევიზორის დაზიანება, მტკიცებულებათა წარმოუდგენლობის გამო;
ჯ-------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (შ--------------------------------------------–---------–-ს საცხოვრებელი სახლისა და სახლის დამხმრე ნაგებობის ფანჯრებისა და კარების მინების დაზიანების ნაწილში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ჯ-------------ს 2019 წლის 23 მარტიდან, 2019 წლის 30 აპრილის პერიოდში პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა მისი შემდგომი მოხდისაგან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2019 წლის 23 მარტს, თ--–----------------------–----------–-–ი, ჯ--------------ა დააზიანა მისი ოჯახის წევრების - შ--------------------------------------------–---------–-ს საცხოვრებელი სახლისა და სახლის დამხმრე ნაგებობის ფანჯრებისა და კარების მინები, რითაც დაზარალებულს მიადგა 210,48 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ჯ--------------ა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ------------------–---–მა, ასევე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----------------–---–მა.
დაცვის მხარემ მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
ადვოკატის განმარტებით, საქართველოს სსკ–ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული დასჯადია მაშინ, როდესაც მან მნიშვნელოვანი ზიანის გამოიწვევა. საცხოვრებელი ბინის კარებისა და ფანჯრის მინების დაზიანება, რომლის ღირებულბა შეადგენს 210,48 ლარს, არ ქმნის მნიშვნელოვანი ზიანის საფუძველს, რადგან მესაკუთრეებს შირზადე ნ-----------სა და თ-------------–---------–ის აქვთ კერძო ბიზნესი და მათთივის აღნიშნული თანხა არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს. გარდა ამისა, დამცველის განმარტებით, საჯარო რეეტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სინამდვილეში დაზიანებული საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე არის ხუთი პირი: თ-------------–---------–ი, შ--------- ნ-----------, ხვიჩა ნაბიევი, ლარისა ისლამოვა და სამირა ნაბიევა, რაც იმას ამტკიცებს, რომ ზიანი მიადგათ ყველას და არა მხოლოდ ჯ--------------ს ბებიას და პაპას. სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში კი თითოეული მესაკუთრისათვის მიყენებული ზიანი არ სცდება 150 ლარს.
ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით და ჯ--------------ს მიმართ სასჯელის სახით, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
პროკურორის განმარტებით, განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი. სასამართლომ არ გაითვალისწინა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ბრალდებულის წარსული და მისი პიროვნული მახასიათებლები. ყურადღებია მსჯავრდებულსა და დაზარალებულებს შორის არსებული ოჯახური კონფლიქტი, რაც საქმის მასალების თანახმად, ბოლო პერიოდში არის გამწვავებული; ასევე, მსჯავრდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების საზოგადოებისათვის საშიში ხასიათი. პროკურორის განმარტებით, ჯ-------------- ხშირად ძალადობს ფსიქოლოგიურად მისი ოჯახის წვრებზე, კერძოდ ბებიას შ--------- ნ-----------სა და პაპას თ-------------–---------–ის აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ლანძღავს და ემუქრება ფიზიკური ანგარიშსწორებით. ასევე, იგი ნასამართლევია პაპის და ბებიის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. მის მიმართ გამოყენებული იქნა მსუბუქი სასჯელი, რამაც ვერ უზრუნველყო მისი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების აღკვეთა. გარდა ამისა, ვინაიდან მსჯავრდებულსა და მისი ოჯახის წევრებს შორის არსებული კონფლიქტი ამოწურული არ არის, ეს ყოველივე ბრალდების მხარეს უქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მკაცრი სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, არსებობს ჯ--------------ს მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარემ მხარი დაუჭირეს თავიანთ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ერთის მხრივ, სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება ჯ--------------ს ბრალეულობა იმ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, რისთვისაც იგი მსჯავრდებულად ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ; ამასთან, მსჯავრდებულ ჯ--------------ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და ადეკვატური.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა შ--------- ნ-----------მ განაცხადა, რომ არ სურდა ოჯახის წევრის - ჯ--------------ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თ-------------–---------–იმ განაცხადა, რომ ცხოვრობს თ--–----------------------–----------–-–ი, მეუღლესთან შ--------- ნ-----------სთან და შვილიშვილთან - ჯ-------------თან ერთად. მათ საცხოვრებელ სახლს, რომელიც ეკუთვნის მას და მის მეუღლეს, ასევე ჰყავს სხვა თანამესაკუთრეები, მაგრამ არ ეკუთვნის ჯ-------------ს. მოწმის განმარტებით, 2019 წლის 23 მარტს მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა თელავის ბაზარში და სახლში დაბრუნებისას ნახა, რომ საცხოვრებელ სახლის ფანჯრისა და კარების მინები იყო დამტვრეული, რომელიც დაამტვრია ჯ--------------ა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ სახლში დაზიანებული იყო ტელევიზორი, რომელიც ჯ-------------ს უყიდა მამამისმა და ეკუთვნოდა პირადად მას. მოწმის განმარტებით ასევე მინების დაზიანებით მიყენებული ზიანი მისთვის მნიშვნელოვანი არ არის და დაზიანების ფაქტს პატიობს ჯ-------------ს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 23 მარტს მიღებული იქნა შეტყობინება, რომ სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები შ--------- ნ----------- ითხოვდა პოლიციის დახმარებას. სამართალდამცავები გაემართნენ მითითებულ მისამართზე და პოლიციის განყოფილებაში წამოიყვანეს შ--------- ნ----------- და მისი მეუღლე - თ-------------–---------–ი. აღნიშნულმა პირებმა გამოკითხვის დროს განაცხადეს, რომ ჯ--------------ა მიაყენათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანა მათ საცხოვრებელი სახლის მინები. ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაც, რომელიც განხორციელდა ექსპერტების და თარჯიმნის მონაწილეობით. დაზარალებულების საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის ყველა მინა და ასევე საპირფარეშოს მინები დახვდათ დამსხვრეული. ასევე ოთახში იყო არეულობა და ტელევიზორი იყო გატეხილი. მოწმემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებების კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელება და შესაბამისი ოქმების სისწორე.
ჯ--------------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების და დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საინჟინრო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულება - ტელევიზორი, ექსპერტების, გამომძიებლების და თარჯიმნის ჩვენებები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მოწმეების: ხ----------------–-------------–-------------------------ს ჩვენებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ უნდა შეაფასოს მსჯავრდებულ ჯ--------------ს ქმედებებში ქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, ჩაიდინა თუ არა მან ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გულისხმობს მაღალი დამაჯერებლობის ხარისხის მქონე მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია აღნიშნული დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთი, თუ ქონება, რასაც მატერიალური ღირებულება გააჩნია. მის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრისთვის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. ზიანის ოდენობას კი განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ ხდის სწორედ იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულ ჯ--------------ს მიერ მისი საცხოვრებელი სახლის მინების ჩამსხვრევით მისი ოჯახის წევრებს - შ--------------------------------------------–---------–-ს არ მისდგომიათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას ადვოკატი აპელირებს, როგორც დაზარალებულების ფინანსურ მდგომარეობაზე, ასევე უთითებს, რომ თითოეული მესაკუთრის მიმართ მიყენებული ზიანი ცალ-ცალკე უნდა განისაზღვროს, რაც არ ცდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებულ 150 ლარს.
სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ზემოაღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შემთხვევაში არ იძლევა მნიშვნელოვანი ზიანის, როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ ფაქტორებზე დაყრდნობით შეფასების შესაძლებლობას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილში ცალსახადაა მითითითებული, რომ კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. ამდენად, დამნაშავის მიერ სხვისი ნივთის დაზიანებამ გამოიწვია თუ არა მნიშვნელოვანი ზიანი, დგინდება მხოლოდ ქონების ღირებულებით და არსებითი მნიშვნელოვა არ ენიჭება დაზარალებულის მატერიალურ მდგომარეობას, მის შემოსავალს და სხვა გარემოებებს. მსჯავრდებულ ჯ--------------ს მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი კი, როგორც საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, შეადგენს 210,48 ლარს, რაც აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილ მნიშვნელოვანი ზიანის მინიმალურ ოდენობას - 150 ლარს.
სააპელაციო პალატას ასევე არამართებულად მიაჩნია ჯ--------------ს მიერ საცხოვრებელი სახლის მინების ჩამსხვრევით გამოწვეული ზიანის განაწილება სახლის თითოეულ მესაკუთრეზე. მოცემულ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ჯ--------------ა არ დაუზიანებია საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული ხუთი პირის მხოლოდ პირად საკუთრებაში არსებული სხვადასხვა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ქონება, რა შემთხვევაშიც, რათქმა უნდა, ზიანის დაანგარიშება მოხდებოდა თითოეული დაზარალებულის მიმართ. განსახილველ საქმეზე მსჯავრდებულის მიერ დაზიანებულია პირთა თანასაკუთრება, ერთი ქონება და ამ ერთი კონკრეტული ქონების დაზიანების შედეგად დადგა 210,48 ლარის ზიანი დაზარალებულების მიმართ ერთობლივად, რაც სრულად ჯდება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით დარეგულირებულ მნიშვნელოვანი ზიანის ცნებაში და სახეზეა ქმედების ობიექტური შემადგენლობის ყველა ნიშანი.
ამდენად, ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის განმარტება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არაობიექტურად და არასრულყოფილად შეაფასა მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გამამტყუენებლი განაჩენი გამოიტანა როგორც საერთოშირისო ხელშეკრულებებით, ასევე ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების დარღვევით. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას, სასამართლოს დასკვნები საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თვალსაზრისით შეფასების შემდეგ, სააპელაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, სანდო, სარწმუნო და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ იმ ქმედების ჩადენას, რისთვისაც მას მსჯავრი დასდო თელავის რაიონულმა სასამართლომ. სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და ჯ-------------- დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი აღნიშნული კვალიფიკაციით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ჯ--------------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ არც აღნიშნულ ნაწილში არსებობს პროკურორის საჩივრის დაკმაყოფილებისა და თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის მიმართ ზედმეტად მკაცრი და დისპროპორციული სასჯელის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არის შეფასებადი. კერძოდ - „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები).
პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის №54აპ-16 განაჩენზეც, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: „... საკასაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.“ ამასთან, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ყველა შემთხვევაში არ გულისხმობს მის უსამართლობას, ისევე როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
განსახილველ სს საქმეზე მსჯავრდებულს სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე. კერძოდ, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა მსჯავრდებულ ჯ--------------ს მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე მისი პიროვნული მახასიათებლები და ნასამართლობა, რაზეც უთითებს ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში და ჩათვალა, რომ გამოყენებული სასჯელი მსჯავრდებულის პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციულია.
ყოველივე აღნიშნულის, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის (რომელიც საზოგადოებრივად არ არის განსაკუთრებული საშიშროების მატარებელი) და დაზარალებულების პოზიციის გათვალისწინებით (რომლებიც შეურიდგნენ მსჯავრდებულს და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ), პალატა მიიჩნევს, რომ ჯ--------------ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების საფუძველი არ არსებობს; ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათავლისწინებთ ჯ-------------ს ჩაეთვალა მოხდილად, არის ადეკვატური სასჯელი და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
ამდენად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენი ჯ--------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ჯ--------------ს და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენი;
ჯ-------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ჯ-------------ს 2019 წლის 23 მარტიდან 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და გათავისუფლდეს მისი შემდგომი მოხდისაგან.
ნივთიერი მტკიცებულება - ტელევიზორი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე