განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2020
საქმის ნომერი
120100119003302081
ინსტანცია
თარიღი
18.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119003302081

საქმე №1ბ/143-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

დ------------------–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 11 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №1----------- რეგისტრირებულის ბორჯომის რაიონი, ს------–--------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. ბორჯომი, ვ-–-–---------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დ------------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

დ------------------–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 09 ივლისს ქალაქ ბორჯომში, ვ-–-–------------------ში მდებარე ნ-----–---------ისა და დ------------------–ის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან, დაახლოებით 17:40 საათზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ------------------–მა ყოფითი უთანხმოების გამო მისივე მეუღლეს ნ-----–---------ეს რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი მარცხენა მხარის არეში, რის შემდეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი და დ------------------–ისათვის კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მეტისმეტად ლმობიერი, დაუსაბუთებელი და ვერ იქნება შემაკავებელი, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებულის მდგომარეობა, მისთვის მიყენებული დამამცირებელი მოპყრობა საზოგადოების წევრების თანდასწრებით, რასაც ბრალდებულის მხრიდან ალკოჰოლური სასმელის მიღების შემთხვევაში აქვს ადგილი, ასევე ყურადსაღებია ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღნიშნულ შემთხვევაში, აპელანტისთვის მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენის საკითხი. ბრალდების მხარის აზრით, გასაჩივრებული განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კი არის. აპელანტის განმარტებით, განაჩენში არ იკითხება, თუ რა ფაქტორმა გამოიწვია მეტისმეტი შემწყნარებლური შინაგანი რწმენა ლმობიერი და წამახალისებელი განაჩენის დადგენისა, რაც, ერთგვარად მიანიშნებს სასჯელის უკანონობაზე, დაუსაბუთებლობასა და სიმსუბუქეზე.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დ------------------–ის აღიარებით, მოწმეების - ნ-----–---------ის, ზ---------------ის, ი------------–-–---–ის, ა------------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნ-----–---------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ დ------------------–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას მსჯავრდებულ დ------------------–ისათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა დ------------------–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, მხედველობაში მიიღო, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება და დ------------------–ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მხედველობაში მიღებით, აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა დ------------------–ის ქმედების ხასიათთან. ამდენად, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად. გასათვალისწინებელია, რომ დ------------------–ს დანიშნული აქვს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მისთვის მსჯავრად შერაცხული მუხლი ალტერნატივის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომასაც.

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, დ------------------–ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია სასჯელის ერთ-ერთი მიზნის - სამართლიანობის აღდგენის საკითხი განსახილველი დანაშაულისათვის მსგავსი სასჯელის დანიშვნისას. ამ მიმართებით, პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანი სასჯელის დანიშვნის გზით მიიღწევა. სასჯელის შეფარდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სამართლიანობის აბსტრაქტულ იდეას და სამაგიეროს მიზღვის პრინციპის განხორციელებას. სამართლიანი განაჩენი უნდა იყოს დამნაშავის რაციონალური, მიზანშეწონილი დასჯა, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავეობასთან წარმატებულ ბრძოლას, კანონების, ასევე საერთო თანაცხოვრების წესების სათანადო დაცვას, მომავალში დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დ------------------–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

დ------------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

დ------------------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 09 ივლისიდან 2019 წლის 19 ივლისის ჩათვლით, ასევე, სტაციონარში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 16 ოქტომბრიდან 2019 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით.

 

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლების თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

დ------------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას 7000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ მისივე საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ფართობი 1100 კვ.მ., ს/კ 6----------- მდებარე: ბორჯომი, დ-----–------–-–-------------------- (2019 წლის 17 ივლისის №12/020-19წ. განჩინება).

 

ნივთიერი მტკიცებულება: 1 ცალი 67 სმ სიგრძის ჯოხის ნაჭერი; 1 ცალი 3,75 მეტრი სიგრძის მოწითალო ფერის პოლიეთილენის მილი ე. წ. შლანგი; 1 ცალი 24,5 სმ სიგრძის მოლურჯო ფერის ე. წ. ჩოთქი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე