განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2291-19 20 ნოემბერი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან გვარამია
აპელანტი – ნ-----–---------–---–-; მ--------------–---–-; ზ---- მ------–---–-;
მოწინააღმდეგე მხარე – მ--- ღ-------;
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით იმავე სასამართლოსათვის საქმის ხელახალი განსახილველად დაბრუნება;
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, მ--- ღ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ლ. ლ-------–---–ის ქუჩა, №5, ბინა №13, ს/კ 0---------------------3 გამოთხოვილი იქნა ნ-----–---------–---–-ს, მ--------------–---–-ს, ზ---- მ------–---–-ს უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მ--- ღ-------ს.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. . დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ლ. ლ-------–---–ის ქუჩა, №5, ბინა №13, ს/კ 0---------------------3, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ--- ღ------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგინდა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოცემულ საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ დაუდგენია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ლ. ლ-------–---–ის ქუჩა, №5, ბინა №13, ს/კ 0---------------------3, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ--- ღ------ის სახელზე.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა დამტკიცებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით, მოცემულ შემთხვევაში კი საქმეში რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მ--- ღ------ის სახელზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის უზუსტობას წარმოდგენილი არ არის. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილს, აღნიშნული ვრცელდება გარიგების დადების დროს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაზე.
შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა წარმომადგენლის მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ არ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ვინაიდან ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილია ნ-----–---------–---–-ს სარჩელი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოთხოვნილია სადაო უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული უფლების დამდგენი დოკუმენტის - №A16094111-034/001 განკარგულების ბათილად ცნობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მ--- ღ------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ლ. ლ-------–---–ის ქუჩა, №5, ბინა №13, ს/კ 0---------------------3 გამოთხოვილი უნდა იქნეს ნ-----–---------–---–-ს, მ--------------–---–-ს, ზ---- მ------–---–-ს უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მ--- ღ-------ს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, მაშინ როდესაც სასამართლოს წარმოუდგინეს ადმინისტრაციული სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება და განუმარტეს რომ სადავოდ ხდიდნენ საკუთრების დამდგენი დოკუმენტის - განკარგულების კანონიერებას, შესაბამისად ითხოვდნენ მის ბათილობას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავ ნივთზე - ბინა №13-ზე მდებარე: ქ. თბილისი, ლ. ლ-------–---–ის ქუჩა №5 (ყოფ. ავჭალა-1, კორპუსი №202) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0---------------------3) რეგისტრირებულია მ--- ღ------ის საკუთრების უფლება. (ი.ხ.ს.ფ. 40-41).
4.2. აპელანტების მხრიდან სადავოდ არის გამხდარი მოსარჩელის მხრიდან ნივთზე საკუთრებიოს უფლების მოპოვების მართლზომიერება.
მოცემულთან მიმართებით პალატა მიუთითებს შემდეგს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ მტკიცებულებას, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რამდენადაც, უძრავ ნივთზე არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი მფლობელობა მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას არ ქმნის. სსკ-ის 158.2 მუხლის თანახმად, მესაკუთრედ ყოფნის ვარაუდი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. ამავე კოდექსის 311.1 მუხლის თანახმად კი, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. კანონის აღნიშნული დებულებები ხელს უწყობს უფლების მქონე, ასევე, მესამე პირთა ინტერესების დაცვას სამოქალაქო ბრუნვაში და სწორედ ამ მიზნითაა დადგენილი რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია (სსკ-ის 312-ე მუხლი).
პალატის შეფასებით, ის გარემოება, თუ, რა საშუალებით მოიპოვა მესაკუთრემ საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე განსახილველი დავის ფარგლებში ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავი ნივთის აღრიცხვის თაობაზე კანონით დადგენილი წესით არ გაბათილებულა, შესაბამისად საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე მ--- ღ------- წარმოადგენს უძრავ ნივთის - ბინა №13-ის მდებარე: ქ. თბილისი, ლ. ლ-------–---–ის ქუჩა №5 (ყოფ. ავჭალა-1, კორპუსი №202) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0---------------------3) მესაკუთრეს.
პალატა აქვე მიუთითებს, მსგავსი კატეგორიის დავებზე არსებობული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის ნამდვილობის თაობაზე ადმინისტრაციული წესით მიმდინარე საქმის განხილვა არ შეიძლება გახდეს ვინდიკაციურ სარჩელებზე სამოქალაქო წესით მიმდინარე დავის განხილვის დამაბრკოლებელი ფაქტორი.
4.3. დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ ნ-----–---------–---–-, მ--------------–---–-, ზ---- მ------–---–- ფლობენ მ--- ღ------ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთს.
4.4. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ-----–---------–---–-, მ--------------–---–-, ზ---- მ------–---–- სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მ--- ღ------ის კუთვნილ სადავო უძრავ ქონებას. აპელანტებს აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა, თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.
პალატა აღნიშნავს, რომ პირდაპირი და არც არაპირდაპირი მფლობელობა მესაკუთრედ ან მართლზომიერ მფლობელად ყოფნის პრეზუმფციას არ ქმნის. სსკ-ის 158.2 მუხლის თანახმად, მესაკუთრედ ყოფნის ვარაუდი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. მართლზომიერ მფლობელად, კი, ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მაშასადამე, მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლით არსებობაში. მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის მფლობელობიდანაა წარმოქმნილი. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, ნივთის წინა მესაკუთრის მხრიდან საკუთრების უფლების დაკარგა, იმავდროულად გულისხმობს, რომ მფლობელობის უფლების შენარჩუნება დამოკიდებული ხდება ნივთის ახალი მესაკუთრის ნებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის მესაკუთრე, რომელიც მოპასუხეთა მფლობელობის წინააღმდეგია. მოპასუხეებს თავის მხრივ არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
სამართლებრივი დასაბუთება
4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ეს ის შემთხვევაა, როცა უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ--- ღ------- წარმოადგენს უძრავ ნივთის - ბინა №13-ის მდებარე: ქ. თბილისი, ლ. ლ-------–---–ის ქუჩა №5 (ყოფ. ავჭალა-1, კორპუსი №202) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0---------------------3) მესაკუთრეს, რომელსაც თავის მხრივ ფლობენ ნ-----–---------–---–-, მ--------------–---–- და ზ---- მ------–---–-. ამასთან, რამდენადაც აპელანტებმა ვერ უზრუნველყვეს ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობის დადასტურება, შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლებზე მითითებით მართებულად დააკმაყოფილა მ--- ღ------ის სასარჩელო მოთხოვნა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ-----–---------–---–-ს, მ--------------–---–-სა და ზ---- მ------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე /ლევან გვარამია/