განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2020
საქმის ნომერი
330100119003252504
ინსტანცია
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003252504

საქმე №1ბ/161-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

რ-------------–---ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 25 მარტს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული თელავი, სოფელი ყ--------–- და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თბილისი, ლილოს დასახლება, მ-------------–---------------------------- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენით რ-------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

რ-------------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 23:00 სთ-ზე, თბილისი, ვარკეთილი 3, 3- მ/რ-ში მდებარე საბანკეტო დარბაზ „შ----“-ში, ქორწილში ყოფნის დროს, ერთმანეთთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ გ-----------------ს და ს-------–-----------ს. საქმის გარკვევის მიზნით, მათ შორის საუბარი გაგრძელდა საბანკეტო დარბაზის გარეთ, რა დროსაც ს-------–-----------ის მეგობარმა, რ-------------–---მა გ-----------------ს მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც გ-----------------მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, კერძოდ, ყვრიმალის ძვლისა და ზედა ყბის ძვლის მოტეხილობები.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და რ-------------–---ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის რეალურ მოხდასთან, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობისას სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, ამასთან, გაცნობიერებული უნდა იქნეს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, დანაშაულის საფრთხე და გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პიროვნება. მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი ერთის მხრივ, უზრუნველყოფდეს სამართლიანობის აღდგენას (გათვალისწინებული იქნეს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა და მოცულობა) და მეორეს მხრივ უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

აპელანტის განმარტებით, რ-------------–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მის პიროვნებას, ასევე, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს. რ-------------–---ის მიერ ჩადენილია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რა დროსაც მეტი ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანების ხარისხს და საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ თითოეულ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის დაცვის უფლება და მისი დაცვა ყველა მოქალაქის ვალია.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ--------------–---–მა და ლ--–----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად რ-------------–---ის აღიარებით, დაზარალებულ გ-----------------ის, მოწმეების გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ რ-------------–---მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ რ-------------–---ისათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი ცხოვრების პირობები, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა, მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და რ-------------–---ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

პალატა განმარტავს, რომ დანაშაულის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია დამნაშავის არა მკაცრად დასჯა, არამედ დანაშაულებრივ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება. პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მითითებას რ-------------–---ისათვის სასჯელის განსაზღვრისას დანაშაულის სიმძიმისა და დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ინდივიდუალიზაციის პრინციპის სრული დაცვით განხორციელდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის სასჯელის შეფარდება. აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა რ-------------–---ის ქმედების ხასიათთან. ამდენად, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად.

 

ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, რ-------------–---ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

ამდენად, რ-------------–---ისათვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას, პალატა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და სასჯელის თანაზომიერების პრინციპებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის განსაზღვრული სასჯელი სავსებით სამართლიანია და არ არსებობს მისი დამძიმების აუცილებლობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენი რ-------------–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

რ-------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

რ-------------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

 

გაუმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით (№12/17085) რ-------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 5000 (ხუთი ათასი) ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას მ-----------------------ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე თელავი, სოფელი ყ--------–-, საკადასტრო კოდით №5------------

 

მსჯავრდებულ რ-------------–---ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე