განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003187885
საქმე №1/ბ-55-2020წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---–--- გ-------ს ძე ხ---------ს მიმართ დაბადებული: 195- წლის 4 ი------ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: სოხუმი, სოფელი ბ---–----, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, მ----------ს №3/32, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
გ---–--- ხ---------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, (ორი ეპიზოდი). რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქუთაისში, მ----------ს ქუჩის №3/32-ში მდებარე სახლში, გ---–--- ხ---------მ იძალადა მეუღლეზე - ლ--–- ყ-----–---–ზე (სახისა და თავის არეში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქუთაისში, მ----------ს ქუჩის №3/32-ში მდებარე სახლში, გ---–--- ხ---------მ იძალადა მეუღლეზე - ლ--–- ყ-----–---–ზე (სახისა და მკლავის არეში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენით გ---–--- ხ--------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 08 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
გ---–--- ხ--------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
გ---–--- ხ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გამართლებულ გ---–--- ხ---------ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ---–- ტ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ---–--- ხ---------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) და მისთვის აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასა ერთობლიობაში საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა გ---–--- ხ---------ს ბრალეულობას, გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდნენ გ---–--- ხ---------ს მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს, კერძოდ, მოწმეების: შ----------------------------–--------------–---------------- ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტ გ---------------- ჩვენება და სხვა მტკიცებულებები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საგამონაკლისო წესით უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდება შეიძლება დაეფუძნოს ირიბ მტკიცებულებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმარისად სანდოა. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი,გ---–--- ხ--------- დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და დაენიშნოს მას ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა ლ--–- ყ-----–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის(მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმის სახით დაკითხული პატრულ- ინსპექტორ ბ---–--- ე---------ის ჩვენების თანახმად, ის 2019 წლის 12 აგვისტოს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ღამის საათებში მიიღო შეტყობინება მ----------ს ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტის ფაქტთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე დახვდა გამოძახების ინიციატორი ლ--–- ყ-----–---–ი და ბრალდებული გ---–--- ხ---------. მოწმის განმარტებით, მან დაზარალებულს განუმარტა შემაკავებელი ორდერის არსი, რის გამოცემაზეც დაზარალებულმა თანხმობა განაცხადა, ვინაიდან მეუღლე სცემდა და აყენებდა შეურაცხყოფას და სურდა მოძალადისგან დაცვა. ბრალდებული იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ, თუმცა დაწყნარებულ მდგომარეობაში, კერძოდ, გ---–--- ხ--------- აგრესიას აღარ გამოხატავდა დაზარალებულის მიმართ. დაზარალებულს სახეზე, მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა, რომელიც, როგორც ლ--–- ყ-----–---–მა განუმარტა მეუღლის დარტყმის შედეგად გაჩნდა. მოწმემ განმარტა, რომ უშუალოდ ძალადობის ფაქტს არ შესწრებია.
მოწმის სახით დაკითხულ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ- გამომძებელის შ----- ი-------ის ჩვენების თანახმად, ის 2019 წლის 12 აგვისტოს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ქ.ქუთაისში, მ----------ს 3/32-ში მცხოვრებ ლ--–- ყ-----–---–ის მიმართ მეუღლის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. მითითებულ მისამართზე მოწმე რ----- ნ-–------ესთან ერთად გამოცხადდა, სადაც დახვდათ შუახნის ქალბატონი ლ--–- ყ-----–---–ი და შუახნის მამაკაცი ბრალდებული გ---–--- ხ---------. ისინი უშუალოდ ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან. დაზარალებულის განმარტებით მისმა მეუღლემ 2019 წლის 8 აგვისტოს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და აჩვენა ჩალურჯებული თვალი, რომელიც მისივე განმარტებით რამდენიმე წუთის წინ მეუღლის მუშტის დარტყმის შედეგად დაუზიანდა. მოწმემ განმარტა, რომ გ---–--- ხ---------ს დაკავების მომენტში წინააღმდეგობა არ გაუწევია და აღიარა, რომ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. გ---–--- ხ--------- იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ. ბრალდებულს აგრესია არ გამოუხატავს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტის გ---------------- ჩვენების და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ------ ო-------–--ის დადგენილების საფუძველზე, 2019 წლის 13 აგვისტოს, ჩაატარა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. შესამოწმებლის გადმოცემით, 2019 წლის 08 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე და 12 აგვისტოს დაახლოებით 22:30 საათზე, ქ.ქუთაისში, მ----------ს ქუჩის 3/32-ში, ლ--–- ყ-----–---–ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ გ---–---ი ხ---------მ. 1---------წ. 11:36-11:50სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას: მოქ. ლ--–- ყ-----–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება მარჯვენა თვალბუდის მიდამოში არსებული სიხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (1---------), ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები-სისხლნაჟღენთები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (0---------). შესამოწმებელი უჩიოდა ტკივილს მარჯვენა თვალბუდის მიდამოში. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი. კისრის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე, ზედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურის მქონე მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი. მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე და შუა მესამედების დონეზე აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი. მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე, შუა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანების დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. მოწმის განმარტებით, მკვრივი-ბლაგვი საგანი სხვა ობიექტთან ერთად შეიძლება იყოს ასევე ადამიანის მუშტიც. დაზიანებების ხანდაზმულობა, როგორც მოწმემ განმარტა დგინდება დაზიანებების შეფერილობით.
მოწმის სახით დაკითხულ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ინსპექტორ- გამომძიებელმა რ----- ნ-–------ის ჩვენების თანახმად, რომ 2019 წლის 12 აგვისტოს იმყოფებოდა ოპერატიული გამოძახების ჯგუფში თავის კოლეგებთან ერთად, როდესაც საღამოს პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. იგი შ----- ი-------ესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც იმყოფებოდა შუახნის ქალბატონი და მამაკაცი. დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანება თვალბუდის არეში. დაზარალებულის განმარტებით მეუღლესთან მოუვიდა შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მოწმის განმარტებით, ბოლო პერიოდში ხშირია ოჯახური კონფლიქტების გამო შეტყობინებები, მაგრამ ისეთი სახის სისხლნაჟღენთი, როგორიც იყო დაზარალებულის სახეზე, თვალბუდის არეში მოწმეს ბოლო პერიოდში არ უნახავს. ასევე, რ----- ნ-–------ის თქმით დაზარალებულს მხედველობის პრობლემასთან ერთად სმენის პრობლემაც ჰქონდა. სახლში იყო მცირეწლოვანი ბავშვიც, რომელსაც ეძინა. გ---–--- ხ---------ს დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც რაიმე ახსნა-განმარტება მიუცია პოლიციის თანამშრომლებისთვის. შემთხვევის ადგილზე ყოფნის პერიოდში გ---–--- ხ---------ს აგრესია არ გამოუხატავს.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით გ---–--- ხ---------ს დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა ლ--–- ყ-----–---–მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ---–--- ხ---------ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, გ---–--- ხ---------ს დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად, სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია, კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით გ---–--- ხ---------ს მსჯავრდება, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ---–--- ხ--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 08 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
გ---–--- ხ--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
გ---–--- ხ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი 1 (ერთი) ცალი დისკი, (რომელიც ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
გამართლებულ გ---–--- ხ---------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე მაკა გორგოძე