განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.02.2020
საქმის ნომერი
330310018002733559
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002733559

საქმე № 3ბ/2651-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

21 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ზვ-----–-------–--ლი;

წარმომადგენელი - ლე-----–------ია;

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - ალ-----------ია;

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა;

წარმომადგენელი - ნუ------------–-ძე;

 

მესამე პირი (ა.ს.კ. - 16.1) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

 

დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას ზვ-----–-------–--ლის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 4----- (ო-----–--------) ლარის ოდენობით და მორალური ზიანის ანაზღაურება 1------ (ა---------–--------------) ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა შესაგებელში ყურადღება გაამახვილა მორალური ზიანის ოდენობაზე და განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და იგი დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე. ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. მოპასუხემ საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე და სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მორალური ზიანი და მისი ოდენობა. რაც შეეხება მატერიალურ ზიანს, პროკურატურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ ნაწილში მხარე სათანადო მტკიცებულებებით ვერ ადასტურებდა ზიანის გამომწვევ გარემოებებსა და მის მოცულობას, შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არც ამ ნაწილში არსებობდა. საქმის ზეპირ მოსმენაზე მოპასუხემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შსს სისხლის სამართლის საქმეზე სარგებლობს უფლებამოსილებით, ჩაატაროს გამოძიება და განახორციელოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო შეკრებილ მტკიცებულებათა საფუძველზე უკვე სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოა პროკურატურა. წარმომადგენელმა განმარტა, რომ სოლიდარულად ზიანის ანაზღაურების წინაპირობები იარსებებდა, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენდა სათანადო მტკიცებულებებს, რომ გამოძიების ეტაპზე სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ საპროცესო ან საგამოძიებო ქმედებები ჩატარდა კანონდარღვევით. მხარემ ასევე მიუთითა, რომ პოლიციელთა მხრიდან დარღვევა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია, შესაბამისად მან სადავოდ გახადა სამინისტროს, როგორც სათანადო მოპასუხისა და მთავარ პროკურატურასთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობების არსებობა.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

 

3.1. მესამე პირს საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

4.1.1. ზვ-----–-------–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

 

- მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა ზვ-----–-------–--ლის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 15---- (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;

- მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა ზვ-----–-------–--ლის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 5---- (ხ------------) ლარის ოდენობით.

- სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4.1.2. მოპასუხეებს საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 5-- (ხ---------–-------) ლარის ოდენობით.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

5.1. ზვ-----–-------–--ლი დაკავებულ იქნა 2011 წლის 6 სექტემბერს, მის ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ნიშნების გამო.

 

2012 წლის 12 იანვრის განაჩენით (საქმე N1-------) ბრალდებული ზვ-----–-------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 6 სექტემბრიდან. (ს.ფ. 14-19).

 

5.2. საქმეში წამოდგენილია საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლებების არსებითი დარღვევის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, პარლამენტის მიერ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად ცნობილ იქნა 190 პირი, მათ შორის 181-ე ნომრად მიჩნეულ იქნა ზვიად გივის ძე შ-------–--ლი. მისი დაკავების რეალური მიზეზი იყო ის გარემოება, რომ წლების განმავლობაში იგი იყო ოპოზიციაში და აშკარად ავლენდა მმართველი პარტიის მიმართ პროტესტს. 2006-2010 წლებში ზვ-----–-------–--ლი იყო გ---------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ხიდაშელი, დავითაშვილი, ბერძენიშვილის“ საარჩევნო ბლოკიდან. აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2011 წლის მაისის თვეში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებში. სწორედ ამის გამო მოხდა მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით 2011 წლის 6 სექტემბერს სსკ-ის 293-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით.

 

ახალი გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა ბრალდებულის უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები, მოპოვებული იქნა ახალი მტკიცებულებები, გამოვლინდა ახალი გარემოებები, რომელიც ზვ-----–-------–--ლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვისას არ იყო ცნობილი. ახალი გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების გაანალიზებით საქმეში ცხადად გამოიკვეთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ---------ის რაიონული სამმართველოს პოლიციის ცალკეულ საჯარო მოხელეთა მხრიდან დაინტერესება, ზვ-----–-------–--ლი მიეცათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. აღნიშნული გარემოება არ იყო ცნობილი ზვ-----–-------–--ლის ბრალდების სისხლის სამართლის განმხილველი სასამართლოსთვის.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მოწმეებმა პოლიციის თანამშრომლების მუქარის და ზეწოლის შედეგად მისცეს ზვ-----–-------–--ლის საწინააღმდეგო ჩვენება. არ იყო ჩატარებული ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზა. პროკურორმა გამოარკვია, რომ სისხლის სამართლის N0----------- საქმის წარმოების პროცესში გამოვლინდა ბრალდებულის უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, გამოვლინდა ახალი ფაქტები და გარემოებები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების უტყუარობას. დადგენილების მიხედვით, საქმეში ცხადად იკვეთება სამართალდამცავების არალეგიტიმური დაინტერესება ზვ-----–-------–--ლის მიმართ, რომელიც მისი დაკავების დროს იყო ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტივისტი. მისი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემით მოხდა მისი დისკრედიტაცია საზოგადოებაში, რამაც მისი თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებების არსებითად დარღვევა გამოიწვია (ს.ფ.172-182).

 

5.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენით სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განაჩენი ზვ-----–-------–--ლის მიმართ; ზვ-----–-------–--ლი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და აღნიშნულ ბრალდებაში იგი გამართლდა. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების არსებობის თაობაზე (ს.ფ. 20-30).

 

5.4. საქმეში წარმოდგენილი გ---------ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------ის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობებით დგინდება, რომ მოქალაქე გივი შ-------–--ლი (მოსარჩელის თქმით - მისი მამა) სოფელ გ---------ის ტერიტორიაზე ფლობს 1--- ჰა მიწის ფართობს, აქედან 0--- ჰა-ზე გაშენებული აქვს რქაწითელის ჯიშის ვენახი, ხოლო 0--- ჰა-ზე - ატამი. ზვ-----–-------–--ლი ფლობს 0--- ჰა მიწის ნაკვეთს, რომელზეც გაშენებული აქვს ატამი და ბებიის, აწ გარდაცვლილი დარიკო რო-----–--ლის ნაკვეთს - 0--- ჰა, რომელზეც გაშენებული აქვს რქაწითელის ჯიშის ყურძენი (საფუძველი - სააღრიცხვო ბარათი და

მიღება-ჩაბარების აქტი).

 

2019 წლის 22 იანვრის ცნობაში კი მითითებულია, რომ გარდაცვლილი დარიკო რო-----–--ლის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე გ---------ის ტერიტორიაზე, (ფართობი 0--- ჰა) გაშენებული 235 ძირი ატამი დღეის მდგომარეობით არის გამხმარი. ასევე, რკინიგზის ჭაბურღილთან მდებარე 0--- ჰა მიწის ნაკვეთზე გაშენებული 1-- ძირი ვაშლატამა დღეის მდგომარეობით არის გამხმარი (ს.ფ. 33-34, 108, 113, 110-111, 115).

 

5.5. ზვ-----–-------–--ლის მეუღლე, მზია ომსარაშვილი არის სსიპ გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გ---------ის N 4-----არო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი. 2012 წელს მისმა დარიცხულმა ხელფასმა შეადგინა 4------ ლარი, ხელზე ასაღებმა თანხამ კი 3626.26 ლარი. ზვ-----–-------–--ლს ჰყავს სამი შვილი: 1991 წელს დაბადებული ნა----–-------–--ლი, 1993 წელს დაბადებული გი------ და და-----–-------–--ლები (ს.ფ. 35 – 39).

 

და-----–-------–--ლი 2012 წელს ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების საბაკალავრო საფეხურზე. 2018 წლის მდგომარეობით, იგი ირიცხებოდა მე-8 სემესტრელ სტატუსშეჩერებულ სტუდენტად. გი------ შ-------–--ლი 2012 წელს მობილობით ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და 2016 წლის 27 ივნისის ბრძანებით შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. ნა----–-------–--ლს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (ს.ფ. 40-42).

 

5.6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წერილით დგინდება, რომ მოქალაქე ზვ-----–-------–--ლი N 8---ნიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 2011 წლის 08 სექტემბრიდან 2013 წლის 13 იანვრამდე (ს.ფ. 43).

 

5.7. 2019 წლის 21 იანვრის მდგომარეობით ზვ-----–-------–--ლს აღენიშნება ფილტვების ინფილტრაციული ტუბერკულოზი (ს.ფ. 107).

 

5.8. შპს „ეგრის აუდიტის“ გ---------ის ფილიალის მიერ შეფასებულ იქნა ზვ-----–-------–--ლის ცოლის ბებიის, რო-----–--ლი და-------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, 0--- ჰა-ზე გაშენებული 2---–ალი ატმის ძირის გახმობის შედეგად დამდგარი ზარალის მოცულობა 7 წელზე, თითოეულ ძირზე წელიწადში 80 კილოგრამზე გაანგარიშებით, რაც გამრავლებულ იქნა გასულ ფასზე - 0,55 ლარზე. დასკვნის შესაბამისად, ზარალმა შეადგინა 7----- ლარი. გივი შ-------–--ლის საკუთრებში არსებულ 0--- ჰა მიწის ნაკვეთზე დარგული 1-- ძირი ვაშლატამის გახმობით (რაც გამოიწვია ხეხილის მოუვლელობამ) დამდგარმა ზიანმა წლის საანგარიშო პერიოდზე შეადგინა 4----- ლარი (გასაყიდი ფასი - 0,45 ლარი, ერთ ძირზე წელიზადში 80 კგ-ის გათვალისწინებით).

 

6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

6.1. საქმის განმხილველ სასამართლოს მიაჩნია, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №2/3/423) და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლზე და განმარტა, რომ ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

პირველის ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში მონაწილე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დაარღვიეს ზვ-----–-------–--ლის ძირითადი უფლებები, რაც ქმნის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივ საფუძველს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონო პატიმრობით მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, ამავდროულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მისი ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები.

 

6.2. მატერიალურ ზიანთან მიმართებით, სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მისთვის მიყენებული ზიანისა და მისი მოცულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახევი და არა პირის სუბიექტური შეფასებით (სუსგ №ას-406-383-2014, 17.04.2015წ.), მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა, რომლებიც შექმნიდა შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით ობიექტურ, რეალურ სურათს და არა ვარაუდს, ალბათობას შემოსავლის მიღების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში ვერ შეძლო მის მხარეს არსებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება. შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.

 

7. ზვ-----–-------–--ლის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

7.1. ზვ-----–-------–--ლის სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:

 

ზვ-----–-------–--ლი ნაწილობრივ არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე და განმარტავს:

 

საქმის განხილველმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელის უკანონო პატიმრობასა და დადგენილ მატერიალურ ზიანს შორის. სასამართლო ვალდებული იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის საფუძველზე თავისი ინიციატივით მოეწვია პროცესზე ექსპერტი და სრულად გამოეკვლია საქმის გარემოებები. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ მშრალად გამოიყენა სასამართლოს მიერ პრაქტიკით დადგენილი კომპენსაციის გამოანგარიშება მორალური ზიანისთვის და დეტალურად არ შეაფასა ინდივიდუალური შემთხვევის განსაკუთრებულობა.

 

8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

8.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაწილობრივ არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობებზე და განმარტავს:

 

საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სათანადოდ არ არის დასაბუთებული და უნდა გაუქმდეს. აპელანტი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია პოლიციელების ან/და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლების მიერ არგანხორციელებული ბრალეული ქმედება, რაც შეიძლება გამხდარიყო მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

 

9. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

9.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:

 

საქართველოს გენერალური პროკურატურა ნაწილობრივ არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობებზე და განმარტავს:

 

საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალურის ზიანის სახით დაკისრებული 15---- (თ----------------ი) ლარის დაკისრება არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან და სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს. აპელანტი ასევე მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არ უნდა აუნაზღაურდეს ადვოკატის მომსახურების ღირებულება, ვინაიდან იგი, როგორც სასამართლოს გარეშე ხარჯი, არ არის დადასტურებული სათანადო წესით.

 

10. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

10.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

10.2. პირველყოვლისა პალატა განმარტავს, რომ დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტერაციული ორგანოების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მოსარჩელე ზვიად შინჯიკაშვლისთვის შესაძლო მიყენებული მატერიალური და მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურება.

 

აქვე, პალატა ამახვილებს ყურადღებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინების შესაბამისად, აპელანტ ზვ-----–-------–--ლს სააპელაციო საჩივარი მორალური ზიანის სახით 13----- ლარის დაკისრების ნაწილში განუხილველად იქნა დატოვებული. ამდენად, სააპელაციო პალატამ ზვ-----–-------–--ლის სააპელაციო საჩივარზე იმსჯელა მხოლოდ მატერიალური ზიანის - 4----- ლარის დაკისრების ნაწილში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია სახელმწიფო/სახელმწიფო მოსამსახურის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს მოცემული სამივე კომპონენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

10.3. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს მორალური ზიანის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნად დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების გარდა კანონით დაცული სხვა უფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების შეზღუდვა, მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებაზე (საქმეზე №ას-1156-1176-2011), რის მიხედვითაც კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი; ამდენად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო და არა ქონებრივი ზიანის გამო სულიერი ტანჯვით გამოწვეული ჯანმრთელობის მოშლის შემთხვევაში. ამდენად, ცალსახაა, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისას, რომელიც არ არის დაკავშირებული საკუთრების უფლების ხელყოფასთან. საკუთრების უფლების ხელყოფა წარმოშობს ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტი დამატებით ამყარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის (ძველი რედაქციით 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან

მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი მექანიზმი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტების (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით (08.04.2009წ. საქმეზე №ბს-972-936(3კ-08), „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში.

 

სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.

 

მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ ზვ-----–-------–--ლი დაკავებულ იქნა 2011 წლის 6 სექტემბერს. 2012 წლის 12 იანვრის განაჩენით (საქმე N1-------) ბრალდებული ზვ-----–-------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 6 სექტემბრიდან. იგი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელს იხდიდა 2013 წლის 13 იანვრამდე.

 

პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განაჩენი ზვ-----–-------–--ლის მიმართ. ზვ-----–-------–--ლი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და აღნიშნულ ბრალდებაში იგი გამართლდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულს პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტიანი შესაძლებლობა. მართალია, სისხლის სამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

10.4. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება აპელანტების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურის პოზიციას ზვ-----–-------–--ლის სასარგებლოდ მორალური ზიანის დაკისრებასთან მიმართებით.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ სწორად შეაფასა მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები. სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ უკანონო პატიმრობით მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ უკანონოდ თავისუფლების აღკვეთით გამოწვეულ მორალურ დისკომფორტს ამძაფრებდა პოლიტიკური ნიშნით პატიმრობის ფაქტი, რითაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი თანასწორობის პრინციპი და ზვ-----–-------–--ლის დაკავება და მსჯავრდება განხორციელდა სწორედ მისი პოლიტიკური შეხედულების გამო.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის, პატიმრობაში ყოფნის ხანგრძლივობის, პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ მსჯავრდებულად ყოფნის, ასევე გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე გასული დროის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სწორად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გონივრული თანხა უკანონო ბრალდების გამო განცდილი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სწორად შეადგენს 15---- (თხუთმეტი ათას) ლარს, რომლის ანაზღაურებაც დაეკისრა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანიის სასამართლოს, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მას სწორად დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება ზვ-----–-------–--ლის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა უკანონო ქმედებებით გამოწვეული უფლებათა დარღვევის გამო. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის დადგენილებით დასტურდება, რომ ახალი გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების გაანალიზებით საქმეში ცხადად გამოიკვეთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ---------ის რაიონული სამმართველოს პოლიციის ცალკეულ საჯარო მოხელეთა მხრიდან დაინტერესება, ზვ-----–-------–--ლი მიეცათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ მოწმეებმა სწორედ პოლიციის თანამშრომლების მუქარის და ზეწოლის შედეგად მისცეს ზვ-----–-------–--ლის საწინააღმდეგო ჩვენება. ამდენად, მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციის ორგანო არ წარმოადგენდა ბრალდების მხარეს სისხლის სამართლის საქმეში, მაგრამ დადგენილია, რომ თანამშრომელთა უკანონო ქმედებების შედეგად გახდა შესაძლებელი ზვ-----–-------–--ლის ბრალის დამადასტურებელი უკანონო მტკიცებულებების შექმნა. აღნიშნული კი განპირობებული იყო მის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დაინტერესებაში. მათი ქმედება იყო უკანონო, ამავდროულად, დისკრიმინაციული, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ზვ-----–-------–--ლის მიმართ განხორციელებული ქმედებების ხარისხს.

 

დისკრიმინაცია აკრძალულია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით. სასამართლო განმარტავს, რომ დისკრიმინაციის აკრძალვის მიზანია, ინდივიდებს მისცეს საშუალება, თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი საზოგადოებაში არსებულ შესაძლებლობებზე. საყოველთაო თანასწორობის პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

 

მოცემულ შემთხვევაში აკრძალული ნიშნით - პოლიტიკური შეხედულების მოტივით

სისხლის სამართლებრივი დევნა წარმოადგენს უპირობოდ აკრძალულ ქმედებას, რაც განხორციელდა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან და რაც დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის დადგენილების საფუძველზე.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის თანამშრომელთა უკანონო ქმედებების დადგენა შეუძლებელია კონკრეტულად რომელიმე მათგანის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობის გარეშე. სასამართლო წინამდებარე ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში, ზიანის ანაზღაურების მიზნებიდან გამომდინარე, დადასტურებულად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან უკანონო ქმედებით მოსარჩელისათვის მორალური ზიანის მიყენებას, რაც გამოიხატა მისი თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.

 

10.5. აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სოფლის მეურნეობის საქმიანობის შეწყვეტის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი მატერიალური ზიანის ანაზღაურება 4----- (ო-----–--------) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ხოლო სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, განაცდურ მოგებას, რომელიც შესაძლოა მიღებულიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში და რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის კომერციულ ინტერესში შედის. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების ისეთი ლოგიკური ბმა,რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. აღსანიშნავია, რომ მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილება, ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია. ამასთან, ზიანი ობიექტური მოცემულობით უნდა შეფასდეს და არა სუბიექტური დამოკიდებულებით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მისთვის მიყენებული ზიანისა და მისი მოცულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახევი და არა პირის სუბიექტური შეფასებით (სუსგ №ას-406-383-2014, 17.04.2015წ.), მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა, რომლებიც შექმნიდა შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით ობიექტურ, რეალურ სურათს და არა ვარაუდს, ალბათობას შემოსავლის მიღების თაობაზე (იხ. სუსგ საქმეზე № ბს-740-736(კ-17))

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

პალატა ეთანხმება საქმის განმხილველ სასამართლოს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა მოსარჩელის მიერ შემოსავლის მიღების უცილობლობა სამეურნეო საქმიანობიდან და რომ ვეღარ მიიღო მის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამო. სარჩელს არ ერთვის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სოფლის მეურნეობის კულტურების განადგურების პერიოდს და მის თანხვედრას ზვ-----–-------–--ლის დაკავების პერიოდთან. წარმოდგენილი მტკიცებულებები შედგენილია 2019 წლის მდგომარეობით. გაურკვეველია, თავად ზვ-----–-------–--ლის განმარტების გარდა რა ფაქტობრივ მონაცემებს ემყარება აუდიტორული დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ზიანი მოსარჩელეს მიადგა მისი პატიმრობაში ყოფნის გამო. ამგვარად, სასამართლო დადასტურებულად ვერ ჩათვლის ზვ-----–-------–--ლის პატიმრობასა და სოფლის მეურნეობის კულტურების განადგურებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას. ამ კომპონენტის დადგენის გარეშე კი გამორიცხულია მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხეთათვის. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში ვერ შეძლო მის მხარეს არსებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება. შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა.

 

11. პროცესის ხარჯები:

 

11.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

11.2. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს მთავარი პროკურატურა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა ნ ა ჩ ი ნ ა :

 

1. ზვ-----–-------–--ლის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

4. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.

 

5. აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. № 6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -