განაჩენი

სისხლის სამართლის 24.02.2020
საქმის ნომერი
330100119003222413
ინსტანცია
თარიღი
24.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003222413

საქმე #1/ბ-2063-19 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

მოსამართლე: ლევან თევზაძე

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ან--–--–-----ძე;

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - მი------------ძე, დაბადებული 1--- წლის 1---------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ქ--------- მ-----–---- ქუჩა №7-

ქმედების კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

სასჯელი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენით მი------------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მი------------ძისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა იმ საფუძვლით, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მიყენებული ზიანის ოდენობა, ასევე ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულის მიერ მიყენებული ზიანი დღემდე ანაზღაურებული არ არის. ჩადენილი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია კერძო საკუთრება. საკმაოდ გავრცელებული დანაშაულია, რის გამოც თავისთავად წარმოადგენს საზოგადოებრივ საშიშ ქმედებას და დაუსჯელობის განცდის შეგრძნება ნებისმიერი პირისათვის, როგორც საზოგადოებისათვის, ასევე თავად მსჯავრდებულისთვისაც, განსაკუთრებული საზოგადოებრივი საფრთხის შემცველია, ვინაიდან სწორედ დაუსჯელობის განცდა შესაძლოა გახდეს ახალი, ანალოგიური მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის მაპროვოცირებელი. მი------------ძის პიროვნებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ ქურთუკის ქურდობის მცდელობისათვის, 2019 წლის 22 ნოემბერს ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის მიერ წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

მსჯავრდებულმა მი------------ძემ მოითხოვა საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან ითანამშრომლა გამოძიებასთან და თავად მიიტანა ჯინსის შარვალი პოლიციაში.

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 03 სექტემბერს, ქ. თბილისში, შ-----------------–-- გამზირი №2---–- სავაჭრო ცენტრ „თბილისი გალერიში“ მდებარე მაღაზია „C-----------------”-დან მი------------ძე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ ცალ ღია ლურჯი ფერის მქონე ჯინსის შარვალს, ღირებულს 415 (ოთხას თხუთმეტი) ლარად, აღნიშნული ქმედებით მაღაზია „C------------------“-ს მიადგა 415 (ოთხას თხუთმეტი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ მი------------ძის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი მი------------ძის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ან--–--–-----ძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ აუცილებელია სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მსჯავრდებულ მი------------ძისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას სასჯელის დამძიმების თაობაზე, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარებისა და მონანიების, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობის, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის გათვალისწინებით, მი------------ძისთვის განსაზღვრული სასჯელი მიაჩნია სამართლიანად.

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს, რომ მი------------ძე, რომელიც წარსულში არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და მიიჩნევს, რომ არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. პირობითი მსჯავრის გამოყენებით, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებას და გამოიტანს სათანადო დასკვნას. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და მისი პირადი დასჯა, არამედ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც საზოგადოებისაგან პირის იზოლირების გარეშე შეუძლებელი იქნება სასჯელის მიზნების მიღწევა. მოცემულ სიტუაციაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის მიერ მი------------ძისთვის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება მიზანშეწონილი იყო.

რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ მსჯავრდებულს ზიანი არ აუნაზღაურებია, აღნიშნული არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად და წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს. პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებებზე, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09 და N611აპ-10 განჩინებები). ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული, მი------------ძის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებული 415 ლარად ღირებული ერთი ცალი ღია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი დაუბრუნდება მესაკუთრეს.

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში პროკურორი ასევე აღნიშნავს, რომ 2019 წლის 22 ნოემბერს, მი------------ძეს, ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის მიერ წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პალატის მოსაზრებით უტყუარად არ ადასტურებს მის მიერ დანაშაულის ჩადენას, (სისხლის სამართლის საქმე გაგზავნილა სასამართლოში არსებითად განსახილველად და არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება). ამასთან, მი------------ძის მხოლოდ პასუხისგებაში მიცემა სხვა დანაშაულისათვის ვერ გახდება მოცემულ საქმეზე სასჯელის დამძიმების საფუძველი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. სასჯელის გამაფრთხილებელი ზემოქმედება მდგომარეობს არა მძიმე სახის სასჯელის დანიშვნის სიმკაცრეში, არამედ მის გარდაუვალობაში. მოცემულ საქმეში, ინდივიდუალიზაციის პრინციპის გამოყენებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად დანიშნა სასჯელი და საქმის სრულყოფილი განხილვის შედეგად უზრუნველყო პასუხისმგებლობის დაკისრების გარდაუვალობაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ან--–--–-----ძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი მი------------ძის მიმართ დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ან--–--–-----ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი მი------------ძის მიმართ დარჩეს უცვლელი.

მი------------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64- ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მი------------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მსჯავრდებულ მი------------ძის ყოფაქცევაზე დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მსჯავრდებულ მი------------ძეს დაევალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში აცნობოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს).

 

ნივთიერი მტკიცებულება: ერთი ცალი ჯინსის შარვალი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს; დისკები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე