განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100119003323470
საქმე №1/ბ-112-2020წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2020 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- შ------ს ძე ბ-----ის მიმართ, დაბადებული: 3---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები: ქობულეთი, სოფელი ა----;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- ბ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით დღის საათებში, ქობულეთის მინიციპლიტეტის სოფელ ზედა ა----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------- ბ-----ემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ხელის სახის არეში და ფეხის მუცელში დარტყმებით, ასევე მაკრატლის მარცხენა ხელზე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს, ნ----- კ----ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით გ------- ბ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 01 წლისა და 06 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 30 ოქტომბრიდან 2019 წლის 7 ნოემბრამდე.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ------–-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ გ------- ბ-----ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი ქმედების ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, მსჯავრდებულის პიროვნება, დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.
მსჯავრდებულ გ------- ბ-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ---- ც-------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფოლდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი გ------- ბ-----ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------- ბ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------- ბ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ----- კ----ის ჩვენებით, მოწმეების - გ--–- დ------ის, ა---------– თ---------ის ჩვენებებით, ამოღების ოქმით, 2019 წლის 29 ოქტომბრის N------ შემაკავებელი ორდერით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ გ------- ბ-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი.
გასაჩივრებული განაჩენით გ------- ბ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ გ------- ბ-----ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი, შეგირებულია დაზარალებულთან, და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დაუნიშნა სასჯელი მუხლის სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით.
სააპელაციო პალატას მსაჯავრდებულ გ------- ბ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელი მიაჩნია სამართლიანად, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გ------- ბ-----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ------–-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ------- ბ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ემ, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
გ------- ბ-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 30 ოქტომბრიდან 2019 წლის 07 ნოემბრამდე.
გ------- ბ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 ნოემბრის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას - ა------- მ-------ის (პ/ნ 6-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი გვარა (ზ--------------–------------------------------------------–----------------------------------------------------------) – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება - 2019 წლის 30 ოქტომბერს, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული მაკრატელი, რომელიც ინახება ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილებაში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე