განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2020
საქმის ნომერი
010140019003159318
ინსტანცია
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010140019003159318

საქმე #61/ა-3-2020წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე ლერი თედორაძე

მოსამართლეები: თეიმურაზ სვანიძე, მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ რ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატ მ-------------ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

2019 წლის 23 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას წარდგინებით მიმართა აჭარის პრობაციის ბიუროს უფროსმა მ------------–--–---–მა მსჯავრდებულ რ---------------ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების მოთხოვნით.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით აჭარის პრობაციის ბიუროს წარდგინება, მსჯავრდებულ რ---------------ის მიმართ, პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების მოთხოვნით, დაკმაყოფილდა და რ---------------ის მიმართ დადგინდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით - აღსრულება. რ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა განესაზღვრა დაკავების მომენტიდან.

 

ზემოაღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------------ემ, რომელიც ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება, რ---------------ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ, შემდეგ მოტივებზე მითითებით: 2019 წლის 12 ივლისს რ---------------ის მეუღლეს ჩაბარდა აჭარის პრობაციის ბიუროს პასუხი რ---------------ისათვის საზღვარგარეთ ყოფნის ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ. ამის შემდეგ, პრობაციის ბიუროს მიერ, ისე, რომ რ---------------ე არავის გაუფრთხილებია, მის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, რადგან იგი არ გამოცხადდა პრობაციის ბიუროში. სასამართლოსათვის ამჟამად უცნობია რ---------------ის ადგილსამყოფელი, მის მიმართ არ განხორციელებულა არავითარი ღონისძიება მისი მოძებნის თაობაზე. მსჯავრდებულის მეუღლის განმარტებით, რ---------------ე იმყოფება საფრანგეთში, ქ. პარიზში, არის ავად და საჭიროებს მკურნალობას. რ---------------ის მხრიდან ადგილი არ აქვს არასაპატიო მიზეზით პრობაციის ბიუროში გამოცხადებას.

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება, რ---------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ რ---------------ე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით და ზომად განესაზღვრა თ/აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ამავე განაჩენით რ---------------ის მიმართ ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მსჯავრდებულს დაევალა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ბიუროს.

 

მსჯავრდებული რ---------------ე გამოცხადდა აჭარის პრობაციის ბიუროში, წარადგინა სათანადო დოკუმენტაცია, 2018 წლის 20 თებერვალს აყვანილ იქნა აღრიცხვაზე, გაეცნო უფლება-მოვალეობებს.

 

2018 წლის 11 ოქტომბერს რ---------------ემ განცხადებით მიმართა აჭარის პრობაციის ბიუროს და ითხოვა საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა, რომელიც დაკმაყოფილდა 2018 წლის 17 ოქტომბერს, 2018 წლის 19 გაიცა საზღვრის კვეთის ნებართვა 1 (ერთი) თვის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლამდე, რ---------------ის საზღვრის კვეთის გაგრძელების თხოვნით პრობაციის ბიუროს მიმართა მსჯავრდებულის მინდობილმა პირმა, რომელიც დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულს საზღვარგარეთ ყოფნის ვადა უგრძელდებოდა პერიოდულად.

 

2019 წლის 9 ივლისს კვლავ მიმართა რ---------------ის საზღვრის კვეთის გაგრძელების თხოვნით პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის მინდობილმა პირმა, რომელიც არ დაკმაყოფილდა და ეთქვა უარი 2019 წლის 12 ივლისს, აღნიშნულის თაობაზე ეცნობა მსჯავრდებულის უფლებამოსილ პირს და იგი გაფრთხილებულ იქნა, რათა მსჯავრდებული ნებართვის ამოწურვის დროს უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში, თუმცა, არ დაბრუნდა. შესაბამისად, მსჯავრდებული არ ასრულებს მასზედ დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, კერძოდ, საზღვრის კვეთის ნებართვის ვადის გასვლის შემდეგ არ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ 2019 წლის 16 აგვისტოს პრობაციის სამსახურმა მიმართა შსს ანალიტიკურ დეპარტამენტს საზღვრის კვეთის ინფორმაციის თაობაზე რ---------------ის მიმართ. მიღებული პასუხით გაირკვა, რომ რ---------------ეს 2019 წლის 06 თებერვლიდან უფიქსირდება საზღვრის გადაკვეთის ფაქტი. ამასთან, გადამოწმებული იქნა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

 

რ---------------ეს 2019 წლის 18 ივლისის შემდგომ 21 აგვისტომდე დაუფიქსირდა ოთხი არასაპატიო გამოუცხადებლობა და შესაბამისად, დაჯარიმდა პრობაციის ბიუროს მიერ.

 

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, პრობაციის ბიუროს უფროსი წარდგინებით მიმართავს სასამართლოს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ.

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებულის მიერ დადგენილ დროს და ადგილას არანაკლებ სამჯერ გამოუცხადებლობა და დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა წარმოადგენს სასამართლოში შესაბამისი წარდგინების შეტანის საფუძველს.

 

ამავე კანონის 121 მუხლი განსაზღვრავს იმ საპატიო მიზეზებს, რომელთა არსებობისას დადგენილი რეჟიმის დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ, თუმცა თითოეული გარემოება დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ცნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელ ვადაში სისტემატურად ან ჯიუტად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლოს პრობაციის ორგანოს წარდგინებით შეუძლია დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი.

 

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმი მოიცავს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას, ასევე შესაძლოა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულებას. მითითებული მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი), ხოლო მე-9 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა ასევე შეიძლება გახდეს პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რ---------------ის მხრიდან ადგილი არ აქვს არასაპატიო მიზეზით პრობაციის ბიუროში გამოცხადებას, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დგინდება, რომ მსჯავრდებული რ---------------ე ჯიუტად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას და არ ცხადდება პრობაციის ბიუროში.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც მსჯავრდებულ რ---------------ის მხრიდან მის მიმართ დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება მიჩნეულიყო.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დებულებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაშია უფლებამისილი და ვალდებული პრობაციის ბიურო სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ძებნის გამოცხადების შესახებ და რომ პრობაციის ბიუროს წარდგინება პირობითი მსჯავრის გაუქმების და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ კანონის შესაბამისად წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოს; ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაპირველად პრობაციის ბიუროს რ---------------ის მიმართ უნდა გამოეცხადებინა ძებნა.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება, რ---------------ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების თაობაზე, კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ რ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატ მ-------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი: გაუქმდეს რ---------------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

3.მსჯავრდებულ რ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან.

 

4.განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/

 

მოსამართლეები: /მ. გორგოძე/

 

/თ. სვანიძე/