განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2020
საქმის ნომერი
330210118002569182
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002569182

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/7454-19 18 თებერვალი, 2020 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ირაკლი ბონდარენკო

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი

აპელანტი - ნ---- გ-----

წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–-----------------------

მოწინააღმდეგე მხარე - ი-----–- გ-----

წარმომადგენელი - ნ---- წ----–----ა

დავის საგანი - ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ი-----–- გ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ი-----–- გ----- ცნობილ იქნა ნ---- გ-----ს სახელზე საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ე---–----------–-–---–ის ქ. #-, საკადასტრო კოდი #0---------------------- 1/2 წლის მესაკუთრედ. ნ---- გ-----ს დაეკისრა 2015 წლის 05 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ი-----–- გ-----ს სასარგებლოდ 50000 (ორმოცდაათი) ათასი აშშ დოლარის ½ -25000 აშშ დოლარის გადახდა. ი-----–- გ----- ცნობილ იქნა რეგისტრირებული ქორწინების დროს შეძენილი ტელევიზორის -,,სამსუნგის“ ½ წილის მესაკუთრედ. ი-----–- გ----- ცნობილ იქნა რეგისტრირებული ქორწინების დროს შეძენილი ჩაშენებული სამზარეულოს ½ წილის მესაკუთრედ . მოპასუხე ნ---- გ-----ს დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა ი-----–- გ-----ს სასარგებლოდ. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ნ---- გ----- და ი-----–- გ----- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1999 წლის 13 ნოემბრიდან. 2.2. ნ---- გ-----ს და ი-----–- გ-----ს თანაცხოვების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2000 წლის 05 აპრილს დაბადებული ნ-----–-- გ----- და 2002 წლის 02 თებერვალს დაბადებული გ-------– გ-----. 2.3. 2018 წლის 25 ივლისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ე---–----------–-–---–ის ქ. №-, საკადასტრო კოდი №0---------------------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ---- გ-----ს სახელზე. 2.4. 2006 წლის 25 დეკემბრის კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულების მიხედვით, ერთის მხრივ სააქციო საზოგადოება ბ--------------–---ს და მეორე მხრივ ტ------- კ------–--ს შორის დაიდო საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მსესხებელს უფლება აქვს იკისროს ვალდებულებები ზღვრული თანხის ფარგლებში, კერძოდ მაქსიმუმ 60000 აშშ დოლარის ან მისი ექვივალენტი კონვერტირებადი ვალუტით. 2.5. 2015 წლის 05 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების მიხედვით, ერთის მხრივ ტ------- კ------–--ს (შემდგომში გამსესხებელი) და მეორე მხრივ ი-----–- გ-----ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, სესხის თანხის ოდენობა განისაზღვა - 50000 აშშ დოლარით, ხოლო სესხის ვადა - ხუთი წლით. 2.6. ნოტარიუს ნ------------–--ს მიერ, 2007 წლის 06 ივლისის, ამხანაგობა ყ-------------- -ის ერთობლივი საქმინობის, ცვლილებების, დამატებებისა და წევრთა მიერთების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, ამხანაგობაში ნ---- ჩ---------ს (გ-----) ფულადი შენატანი შეადგენს 57500 ლარს. 2.7. 2018 წლის 20 ნოემბრის, დამოუკიდებელი აუდიტის ნ--------------ის შეფასების ანგარიაშის მიხედვით, საცხოვრებელი ბინის მდებარე: ქ. თბილისი, ე---–----------–-–---–ის ქ. №-, საკადასტრო კოდი №0----------------------, კორპუსი არის ახალი აშენებული, 6 სართულიანი, სახლს აქვს სამი აივანი, არის მოწყობილი მაღალი ხარისხის რემონტით და მაღალი ხარისხის რუმინული ხის ავეჯით, ასევე არის მასიური ხის 8 კარი, სამზარეულო ჩაშენებულია ხის მასალით. ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება შეადგენს 590950 ლარს, საიდანაც ავეჯის ღირებულება შეადგენს 92750 ლარს, ხოლო 167.86 კვ.მ ფართის ღირებულება 498200 ლარს. 2.8. 2019 წლის 10 მარტის, აუდიტორული ფირმა ს--–----ს უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ე---–----------–-–---–ის ქ. №-, საკადასტრო კოდი №0----------------------, და მასში განთავსებული საყოფაცხოვრებო ნივთების ინვენტარიზაციის შეფასების მიხედვით, უძრავი ქონების ღირებულება 2019 წლის 7 მარტიათვის შეადგენს - 172262 აშშ დოლარს, ეროვნულ ვალუტაში - 461664.73 ლარს, ხოლო რუმინული ხის ავეჯის და სამზარეულოში ჩაშებებული ხის კარადების საბაზრო ღირებულება შეადგენს - 77535,65 ლარს, ამავე შეფასების მიხედვით სადავო ტელევიზორი სამსუნგის (140 სმ) ღირებულება შეადგენს 3600 ლარს. სულ წარმოდგენილი ქონების ღირებულება შეადგენს - 539200.36 ლარს. 2.9. სადავო ნივთები შეძენილი იქნა მხარეების რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენდა ი-----–- გ-----ს და ნ---- გ-----ს თანასაკუთრებას. 2.10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ 2005 წლის 05 ნოემბერს ი-----–- გ-----ს და ტ------- კ------–--ს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხი - 50000 აშშ დოლარის ოდენობით, ი-----–- გ-----ს მიერ აღებულია ოჯახის საჭიროებისათვის, საერთო ოჯახური მეურნეობის გაძღოლის მიზნით. ი-----–- გ-----ს მიერ ვალის აღების დროს, კერძოდ 2015 წლის 05 ნოემბერს, მხარეები ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას. მოსარჩელემ საქმის მასალებში წარმოადგინა ასევე 2018 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლითაც დასტურდება ი-----–- გ-----ს მიერ, 2015 წლის 05 ნოემბერს ტ------- კ------–--ისგან სესხის მიღების ფაქტობრივი გარემოება, ხოლო მოპასუხე მხარეს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ აღნიშნული თანხები აიღო პირადი მოხმარებისათვის, გაფლანგა ოჯახის ინტერესების საწინააღმდეგოდ ან საერთოდ არ არსებობდა მათ შორის სასესხო ვალდებულება არ წარმოუდგენია. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიეთშეჯერებისა და მათი ერთობლიობაში განხილვის შედეგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტი იმის თაობაზე, რომ ვალი აღებული იყო მხარეთა ერთობლივი ოჯახური თანაცხოვრების დროს საერთო საოჯახო მიზნებისათვის. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.11. მოსარჩელემ, მოპასუხე ნ---- გ-----ს მიმართ ქორწინების პერიოდში შეძენილ უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ე---–----------–-–---–ის ქ. №-, საკადასტრო კოდი №0----------------------, ასევე ტელევიზორ ,,სამსუნგზე“(140 სმ) და სამზარეულოში ჩაშენებულ კარადებზე თანამესაკუთრედ ცნობა და მოპასუხისათვის თანხის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ სადავო ნივთები შეძენილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას, ხოლო სესხის ხელშეკრულება, დადებულია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში და შესაბამისად სსკ-ის 1169-ე მუხლიდან გამომდინარე არსებობს მეორე მეუღლისათვის ვალის თანაბარწილად დაკისრების საფუძველი. 2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი. 2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. 2.15. დადგენილია, რომ ტ------- კ------–--ს (შემდგომში გამსესხებელი) და ი-----–- გ-----ს (შემდგომში მსესხებელი) შორის 2015 წლის 05 ნოემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც სესხის ოდენობა განისაზღვრა 50000 აშშ დოლარის ოდენობით, სესხის ვადა ხუთი წელი, ხოლო 2018 წლის 24 სექტემბერს ნოტარიუს ნიკოლოზ მოლაშხიას მიერ დამოწმებული იქნა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის მიხედვით ი-----–- გ-----მ აღიარა, რომ მას ნამდვილად აქვს ტ------- კ------–--ის ვალი 50000 აშშდოლარი. 2.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. აღნიშნული ნორმის თანახმად მეუღლეთა საერთო ვალად მიიჩნევა მხოლოდ ის ვალი, რომელიც აღებულია მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით ოჯახის საჭიროებისათვის, ორივე მეუღლის ან ერთ-ერთის მიერ. იმ გარემოების დამტკიცების ტვირთი, რომ სესხის სახით აღებული თანხა სრულად ან ნაწილობრივ მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს, უნდა გადანაწილდეს სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში აღიარებული მტკიცების სტანდარტით. საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს: „რაც შეეხება სესხის აღების მიზნობრიობის შესახებ სადავო ფაქტობრივ გარემოებას, მეუღლეთა საერთო ქონებად პრეზუმირებასთან კავშირში, სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება, პირიქით, უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში“. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ი-----–- გ-----ს არ დაუდია სესხის ხელშეკრულება ან მის მიერ სესხად აღებული თანხის მიზნობრიობა არ წარმოადგენდა ოჯახის საერთო ინტერესებისათვის მოხმარებას, მოპასუხის მტკიცების საგანს წარმოადგენდა, რაც მის მერ სათანადოდ ვერ განხორციელდა, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც გამორიცხავდა მხარების რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში სასესხო ვალდებულების არსებობას, ან ამავე სესხის მოხმარებას ოჯახის საერთო ინტერესების წინააღმდეგ. მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით და მან ამ შემთხვევაში ვერ განახორციელა მტკიცების ტვირთის სრულყოფილი რეალიზება. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ი-----–- გ-----ს მიერ სესხი აღებული იყო ოჯახის საჭიროებისათვის, საერთო ოჯახური მეურნეობის გაძღოლის მიზნით და აღნიშნული ვალი წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო ვალს, რომლის გადახდის ვალდებულება, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, თანაბარწილად წარმოეშობოდა მოპასუხეს - ნ---- გ-----ს. სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა და მოსარჩელეს მიაკუთვნა თანასაკუთრებიდან ქონების 1/2 ნაწილი, შესაბამისად, სამართლიანი იყო ერთი მეუღლის მიერ ოჯახის საერთო ინტერესებისათვის აღებული ვალის მეორე მეუღლეზე თანაბარწილად დაკისრება, რაც დადგენილი იყო სსკ-ის 1169-ე მუხლით. სასამართლო არ დაეთანხმა მოპასუხე მხარეს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისიდან გადახვევის თაობაზე, რადგან ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან მეუღლეთა პირადი და ქონებრივი უფლება-მოვალეოებების თანაბრობა საოჯახო ურთიერთობათა არსებობის ყველა ეტაპისათვის გარანტირებული აუცილებლობაა. აღნიშნულის გამონაკლისს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლოსათვის მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისის გადახვევის შესაძლებლობის უფლების მინიჭება. კერძოდ, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის პრეზუმფციას არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით. ზემოთ როგორც აღინიშნა, ერთ-ერთ მეუღლესთან არასრულწლოვანი შვილის ცხოვრება, შესაძლოა, გახდეს მეუღლეთა წილის თანაბრობიდან გადახვევის საფუძველი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არასრულწლოვანი შვილის ცხოვრება უპირობოდ არ წარმოშობს ერთი მეუღლისათვის მეორესთან შედარებით გაზრდილი წილის მიკუთვნების წინაპირობას. მოსარჩელეს გარდა ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება იმასთან დაკავშირებით, რომ ი-----–- გ----- არ იჩენდა არანაირ ყურადღებას მისი არასრუწლოვანი შვილს მიმართ და არსებობობდა მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისიდან გადახვევის აუცილებლობა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება, 25 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, გაასაჩივრა ნ---- გ-----მ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. 2007 წელს ქ. თბილისში ე---–----------–-–---–ის №--ში ბ.4 (საკადასტრო კოდი 0----------------------) აპელანტმა შეიძინა უძრავი ქონება, რომელიც აღირიცხა მის სახელზე. 2018 წელს ჩაჰბარდა სარჩელი, რომლის საფუძველზეც ი-----–- გ----- ითხოვდა განქორწინებას და ქონების გაყოფას. წარდგენილი სარჩელით ცნობილი გახდა, რომ 2015 წლის 05 ნოემბერს დაედო სესხის ხელშეკრულება ი-----–- გ-----სა და ტ------- კ------–--ს შორის 50 000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის ვადა 5 წელი. ეს არის მოგონილი, თვალთმაქცური გარიგება და ხელშეკრულება, რომ ი-----–- გ-----ს მიერ დაწყებულ სასამართლო დავას მოჰყოლოდა შესაბამისი იურიდიული შედეგი. იგი მიზნად ისახავდა ქონების გაყოფას და აპელანტის მორალურ განადგურებას. 3.2. წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულება ფაქტობრივ გარემოებად და მტკიცებულებად ვერ იქნება განხილული და გაზიარებული, ვინაიდან ტ------- კ------–--ი არის ი-----–- გ-----ს ოჯახის წევრი - და. ასევე მტკიცებულების სახით ი-----–- გ-----ს არ წარმოუდგენია საბანკო მონაცემები, რომელიც დაადასტურებდა თანხის გადარიცხვას. სასამართლო სხდომაზე გ-----მ აღიარა, რომ იგი პერიოდულად უგზავნიდა თანხას თავის დას. სასამართლო მხოლოდ და მხოლოდ ზეპირ მტკიცებულებას დაეყრდნო. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. ზემოთ აღნიშნული სესხის ხელშეკრულება აპელანტისათვის ცნობილი არ ყოფილა, რამდენიმე წლის წინ რომ ცოდნოდა სესხის შესახებ, ყველანაირად დაუდგებოდა ყოფილ მეუღლეს გვერდით. ერთად არაერთი ვალი გაუსტუმრებიათ. სესხი ნამდვილად არ სჭირდებოდათ, ვინაიდან ი-----–- გ----- რუსეთის ფედერაციაში მოღვაწეობდა კერძო ბიზნესში და მატერიალური თვალსაზრისით უზრუნველყოფილი იყვნენ. საქართველოში კი ოჯახურ მეურნეობას, შვილებს აპელანტი ხელმძღვანელობდა. ბოლო პერიოდში მხარეებს შორის დაიძაბა ურთიერთობა, ვინაიდან ი-----–- გ-----ს რუსეთის ფედერაციაში ჰყავს მეუღლე და შვილი, რაც თავად აღიარა სასამართლო სხდომაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ნ---- გ----- (აპელანტი) და ი-----–- გ----- (მოსარჩელე) დაქორწინდნენ 1999 წლის 13 ნოემბერს. 4.2. 2009 წლის 8 აპრილს მხარეებმა შეიძინეს თბილისში, ე---–----------–-–---–ის ქ. N6-ში მდებარე ბინა. 4.3. 2015 წლის 5 ნოემბერს მოსარჩელესა და ტ------- კ------–--ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 50 000 აშშ დოლარზე. 4.4. 2018 წლის 24 სექტემბერს, ე.ი. სარჩელის აღძვრის შემდეგ მოსარჩელემ ტ------- კ------–--ის წინაშე დამატებით აღიარა ზემოხსენებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება. 4.5. სესხის ხელშეკრულების თანახმად, იგი დაიდო 5 წლის ვადით, ე.ი. 2020 წლის 5 ნოემბრამდე. 4.5.1. მოსარჩელემ დაადასტურა, რომ ეს ვალდებულება შესრულებული არა აქვს. მეტიც, მისი თქმით იგი მან შეიძლება ვერც შეასრულოს. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს. 4.6.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქონებიდან წილის მიკუთვნების ნაწილში მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ. აღნიშნულ ნაწილში იგი კანონიერ ძალაშია შესული და პალატა მას ვერ შეამოწმებს. 4.6.2. ამის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მხოლოდ აპელანტისათვის თანხის გადახდის დაკისრების ნაწილში. 4.7. პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ, ამ ნაწილში, მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლიდან გამომდინარეობს. 4.8. ამ ნორმის თანახმად, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. 4.9. თუმცა, როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, თავისთავად, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქორწინების პერიოდში თანხის სესხად აღება, მის მეუღლეთა საერთო ვალად მიჩნევის საფუძველი არ არის. 4.9.1. კერძოდ, 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებაში, საქმეზე №ას-1646-2018 საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ: „იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, 50 000 ევროს (რაც იმდროინდელი კომერციული საბანკო გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენდა 80 250 აშშ დოლარს) ნახევრის მოპასუხისათვის დაკისრება, სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 1169-ე (მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად) და 1170-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილიდან (ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის) გამომდინარეობს“... ...„სსკ-ის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება დასაშვებია, თუ სასამართლო იმ ვალდებულებას, რომლის გამოც აღსრულება უნდა მოხდეს, სსსკ-ის 1169-ე მუხლის საფუძველზე, მიიჩნევს მეუღლეთა საერთო ვალად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი ნაწილის დათქმა, პრაქტიკულ აზრს დაკარგავდა. (შდრ. სუსგ №ას-412-389-2014, 16 ივნისი, 2014.) საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 1169-ე მუხლის შესაბამისად ვალებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი დგება არა მხოლოდ განქორწინების, არამდე ქორწინების პერიოდშიც და არ აქვს მნიშვნელობა მეუღლეთა შორის საერთო ქონება გაყოფილია თუ არა. საკასაციო პალატამ სსკ-ის 1170-ე მუხლის დისპოზიციაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის მე-2 ნაწილის გამოყენებისათვის, სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმის დადგენა, რომ ვალი, რომელსაც მოვალეს ედავებიან, გამოყენებულია ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. (შდრ. სუსგ №ას-569-540-2015, 01 ივლისი, 2016.) მეუღლეთა საერთო ვალად მიჩნევისათვის აუცილებელია დადასტურდეს, რომ ვალი აღებულია ორივე მეუღლის მიერ, ან ერთი მეუღლის მიერ, მაგრამ მეორე მეუღლის თანხმობით და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აკისრებს კანონმდებელი პასუხისმგებლობას მეორე მეუღლეს საერთო ვალის გაყოფით. (შდრ. სუსგ №ას-1029-964-2012, 23 ივლისი, 2012.)“... ...„საოჯახო სამართალში, რეგისტრირებული ქორწინების პირობებში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ერთ-ერთი მეუღლის მიერ ვალდებულების ფარგლებში მიღებული ფულადი თანხა მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს, ეკისრება კრედიტორს, რომელიც აღნიშნული ფულადი თანხის გადახდევინებას მეორე მეუღლის კუთვნილი წილიდან მოითხოვს. ვიდრე მოსარჩელე არ დაადასტურებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, მიიჩნევა (პრეზუმირდება), რომ კრედიტორის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ ფულადი თანხის მიმღები მოვალე მეუღლე“ – (სუსგ: საქმე №ას-1646-2018; 2019 წლის 22 მარტი, პ. 64; 70; 72). 4.9.2. ასევე, 2018 წლის 18 მაისის განჩინებაში, საქმეზე №ას-1334-1254-2017 საკასაციო პალატამ განმარტა: „განსახილველი დავის საგანს მეუღლეთა შორის საერთო ვალების განაწილება წარმოადგენს, ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლომ სწორად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა და სწორად მიუსადაგა იგი საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლისა და 1170-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. დასახელებული ნორმებით დადგენილია ის ქონებრივი წონასწორობა, რომელიც კანონისმიერი თანასაკუთრების (საოჯახო ურთიერთობიდან ნაწარმოები უფლება) სპეციალური ურთიერთობიდან გამომდინარეობს და განსაზღვრავს საერთო ვალდებულებაში თითოეული მეუღლის პასუხისმგებლობის მოცულობას. იმის გასარკვევად, თუ რა წარმოადგენს საოჯახო სამართლის მიზნებისათვის მეუღლეთა საერთო ვალს, ზემოხსენებული ნორმები უნდა განიმარტოს სისტემურად, ამავე კოდექსის 1158-ე (მეუღლეთა თანასაკუთრება), 1160-ე (თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ურთიერთშეთანხმებით) და 1161-ე (მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება) მუხლებთან ერთობლიობაში. უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებელი, გარდა ქორწინებამდე მეღლეთათვის კუთვნილი, ასევე, ქორწინების შემდგომ მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული ქონებისა, მეუღლეთა თანასაკუთრებად განიხილავს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ ყველა ქონებას, მიუხედავად შეძენის წყაროსი, კერძოდ, იგი შეძენილია ერთობლივი სახსრებით, თუ ერთ-ერთი მეუღლის მიერ. გარდა ამისა, კანონისმიერი პრეზუმფციაა, რომ თანასაკუთრების განკარგვა ემყარება თანამესაკუთრე მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებას, შესაბამისად, საოჯახო სამართლით მოწესრიგებული თანასაკუთრების რეჟიმის პროპორციულია დანახარჯები და ვალდებულებებიც. მეუღლეთა საერთო ვალის დაფარვის საკითხის გადაწყვეტისას მეტად პრაქტიკული მნიშვნელობისაა პროცესუალური საკითხი მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით, კერძოდ, ვინ უნდა ამტკიცოს ის ფაქტი, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული ვალი საერთო ვალს. საკასაცო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტისას მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები არ გვთავაზობს პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას და მტკიცების საგანში შედის სწორედ საერთო მიზნებისათვის სადავო ხარჯების გაწევის ფაქტი, ხოლო მტკიცების სტანდარტს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი (იხ. სუსგ-ებები: №ას-516-489-2015, 17 ივნისი, 2015 წელი, №ას-1035-1228-2008, 23 მარტი, 2009 წელი, №ას-605-579-2016, 17 თებერვალი, 2017 წელი“ – (სუსგ.საქმე №ას-1334-1254-2017, 18 მაისი, 2018 წელი; პ. 1.3.1; 1.3.2). 4.9.3. ამავე განჩინებაში, საკასაციო პალატამ სრულიად უარყო კასატორის პრეტენზია, რომ მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება და მეუღლეთა ერთად ცხოვრების ფაქტი ადასტურებდა სადავო თანხის ოჯახის ერთიანი მიზნებისათვის მოხმარების ფაქტს - (იქვე. პ. 1.3.3.). 4.10. ამ განმარტების შესაბამისად, მოთხოვნის საფუძვლიანობისათვის მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, არა მარტო, ის, რომ ქორწინების პერიოდში სესხი მართლაც აიღო, არამედ ისიც, რომ ეს თანხა ოჯახის ერთიან მიზნებს მოახმარა. 4.11. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მისი მტკიცების საგანში შემავალი ვერც-ერთი ფაქტობრივი გარემოება ვერ დაადასტურა. 4.12. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 4.12.1. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 4.12.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 4.12.3. სესხის ხელშეკრულება, ჩვეულებრივ, რეალური ხელშეკრულებაა და იგი ვალდებულებას წარმოშობს კრედიტორის მიერ მოვალისათვის თანხის გადაცემის მომენტიდან. 4.12.4. მოსარჩელემ, მართალია, წარმოადგინა სესხისა და ვალის აღიარების ხელშეკრულებები, თუმცა უშუალოდ, თანხის მიღების დამადასტურებელი საბუთი მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.12.5. აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა არც საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებითაც. 4.12.6. კერძოდ, მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულმა მოწმემ, ნ--–--------–--მ განმარტა, რომ ხელშეკრულების დადების თაობაზე არაფერი იცოდა, ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე გაიგო და „მაგათ“, ე.ი. მოსარჩელისა და ტ------- კ------–--ის საქმეებში საერთოდ არ ერეოდა - (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის სხდომის ოქმი - 12:20:32-12:20:46); მოწმისათვის ისიც კი არ იყო ცნობილი, რომ ტ------- კ------–--ს 2006 წლის 25 დეკემბერს აღებული ჰქონდა უძავი ნივთით უზრუნველყოფილი სესხი, რომელიც მოსარჩელემ გამოიყენა და გაისტუმრა კიდეც (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის სხდომის ოქმი - 12:18:04-12:18:35). 4.12.7. ამ ვითარებაში, ყოვლად არადამაჯერებელია მოწმის ჩვენება, რომ ტ------- კ------–--ი მოსარჩელეს ფინანსურად ეხმარებოდა და „რომ გაუჭირდა“, სესხის ხელშეკრულება მხოლოდ ამის შემდეგ გააფორმეს. მეტიც, ეს ჩვენება მისსავე ზემოხსენებულ განმარტებებს პირდაპირ ეწინააღმდეგება კიდეც. 4.12.8. როგორც აღინიშნა, მოწმე მოსარჩელის დაა. მისი ჩვენებიდან ცალსახად დგინდება, რომ იგი აპელანტზე ნაწყენია - კერძოდ, მოწმის თქმით, მას შემდეგ რაც ბინა შეიძინა, აპელანტი მოსარჩელის ნათესავებს „ზემოდან უყურებდა“ და ბავშვებს სტუმრადაც აღარ უშვებდა. 4.12.9. ეს გარემოებები კი მოწმის მიერ ფაქტების აღქმასა და შეფასებაზე გავლენას უთუოდ მოახდენდა. 4.12.10. მოსარჩელის მიერ თანხის სესხად აღების ფაქტი კატეგორიულად უარყო აპელანტის ინიციატივით დაკითხულმა მოწმემ, ქ-----------–------მ. 4.12.11. აღსანიშნავია, რომ მოწმის თქმით, იგი მხარეებთან ერთ ოჯახად ცხოვრობდა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს კარგად იცნობდა. 4.12.12. თუმცა, ამ მოწმის ჩვენების მიუხედავადაც, ცხადია, რომ მოსარჩელემ 50 000 აშშ დოლარის სესხად აღების ფაქტი ვერ დაამტკიცა. 4.13. მოსარჩელეს 50 000 აშშ დოლარი სესხად მართლაც რომ აეღო, მას უნდა დაედასტურებინა ისიც, რომ ეს თანხა ოჯახის საერთო მიზნებისთვის დახარჯა. 4.13.1. პალატის აზრით, მოსარჩელემ ვერც ამ ფაქტის დამტკიცება მოახერხა. 4.13.2. მართალია, ნ--–--------–--ს თქმით, ტ------- კ------–--ი მოსარჩელეს თანხას რემონტისა და ავეჯის შესაძენად გადასცემდა, თუმცა, როგორც აღინიშნა, ამ მოწმის ჩვენება დამაჯერებელი არ არის, თავისი პოზიციის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები კი მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.14. ამის შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია. 4.15. თუმცა ასეც რომ არ ყოფილიყო, ე.ი. მოსარჩელეს სესხად 50 000 აშშ დოლარი მართლაც რომ აეღო და ეს თანხა ოჯახის მიზნებისათვის გამოეყენებინა, მისი მოთხოვნა მაინც უსაფუძვლო იქნებოდა. 4.15.1. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ითხოვს არა მისი ვალის საერთო ვალად აღიარებას, არამედ მოპასუხისათვის ამ თანხის გადახდის დაკისრებას. 4.15.2. თანხის დაკისრების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა შეიძლება გამომდინარეობდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლიდან, რომლის თანახმადაც - პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. 4.15.3. მართლაც, თუ მესამე პირის წინაშე არსებული ვალდებულება მეუღლეთა საერთო ვალად იქნება აღიარებული, ამ ვალდებულების სრულად შესრულებით ერთ-ერთი მეუღლე შეგნებულად ან შეცდომით მეორე მეუღლის ვალსაც გაისტუმრებს, ეს კი მის უსაფუძვლო გამდიდრებას გამოიწვევს. 4.15.4. თუმცა, ამ სამართლებრივი შედეგის დასადგომად მეუღლის მიერ კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებაა აუცილებელი. სხვისი ვალის გასტუმრების გარეშე, ე.ი. არარსებული შესრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა მას, ცხადია, არ და ვერ წარმოეშობა. 4.15.5. დადგენილია, რომ მოსარჩელეს არა თუ ვალი არ გადაუხდია, არამედ ჯერ მისი გადახდის ვადაც კი არ მოსულა. 4.16. ამ ვითარებაში, პალატის აზრით, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და საქალაქო სასამართლომ შეცდომით დააკმაყოფილა იგი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც ნ---- გ-----ს დაეკისრა 2015 წლის 05 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ი-----–- გ-----ს სასარგებლოდ 50000 ათასი აშშ დოლარის ½ -25000 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის, 3000 ლარის გადახდა და, ამ ნაწილში, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. ი-----–- გ-----ს სარჩელი ნ---- გ-----ს მიმართ თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-3 ნაწილების საფუძველზე, ი-----–- გ-----ს ნ---- გ-----ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2959,7 ლარის ანაზღაურება. 6.2. თავის მხრივ, ნ---- გ-----ს ი-----–- გ-----ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ი-----–- გ-----ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. 6.2.1. აუდიტორული ფირმა „ს--–----ს“ 2019 წლის 10 მარტის დასკვნის თანახმად, სადავო საცხოვრებელი ბინის ღირებულებაა 172 262,96 აშშ დოლარი, ტელევიზორი „სამსუნგის“ ღირებულება - 640 ევრო, ე.ი. 640X1.1=704 აშშ დოლარი. „ჩაშენებული სამზარეულოს“ ღირებულება ექსპერტს ცალკე არ შეუფასებია. 6.2.2. მოსარჩელემ ამ ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ სარჩელი 1/3 წილის მიკუთვნების ნაწილში ცნო. 6.2.3. ამის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულება შეადგენდა (172 262,96+704)/3+25000=82655,65 აშშ დოლარს. 6.2.4. აქედან, ამ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნის დაახლ. (82655,65-25000)/82655,65X100=69,75%. 6.2.5. ამის შესაბამისად, ნ---- გ-----ს ი-----–- გ-----ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ი-----–- გ-----ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 3000X69,75%=2092,5 ლარის ანაზღაურება. 6.3. გარდა ამისა, ი-----–- გ-----ს ნ---- გ-----ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ წარმომადგენელთა მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის, 2000 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. ნ---- გ-----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნ---- გ-----ს დაეკისრა 2015 წლის 05 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ი-----–- გ-----ს სასარგებლოდ 50000 ათასი აშშ დოლარის ½ -25000 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის, 3000 ლარის გადახდა და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ი-----–- გ-----ს სარჩელი ნ---- გ-----ს მიმართ თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. ი-----–- გ-----ს ნ---- გ-----ს სასარგებლოდ დაეკისროს 2959,7 ლარის გადახდა;

5. ი-----–- გ-----ს ნ---- გ-----ს სასარგებლოდ დაეკისროს 2000 ლარის გადახდა;

6. ნ---- გ-----ს ი-----–- გ-----ს სასარგებლოდ დაეკისროს 2092,5 ლარის გადახდა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ირაკლი ბონდარენკო

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი