განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210018001646129
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-608-19 27 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მოსამართლეები - ლაურა მიქავა თამარ სვანიძე ინდირა მაშანეიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი (მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რო-----------–----ე - ლ-- გ-----
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- მოსარჩელე ლ-- გ-----ს წარმომადგენლის რ----------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით.
- მოპასუხეს რო-----------–----ეს მოსარჩელე ლ-- გ-----ს სასარგებლოდ დაეკისრა 5500 აშშ დოლარის გადახდა.
- მოპასუხეს რო-----------–----ეს დაეკისრა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 399.06 ლარისა და უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
- საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 დეკემბრის განჩინებით (საქმე №449-უზრ/2016) სარჩელის აღძვრამდე გამოყენებული უზრუნველყოფა დარჩა ძალაში, უცვლელი.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატივების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
- რო-----------–----ის წარმომადგენლის პ------------ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
- ძალაში დარჩა უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2016 წლის 15 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ლ-- გ-----ს წარმომადგენელმა მოპასუხე რო-----------–----ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2.2. სარჩელში აღნიშნულია, რომ რო-----------–----ეს, ლ-- გ-----სთან არსებული ვალის გამო 2015 წლის 08.09 შედგენილი ვალის აღიარების ხელწერილის თანახმად, უნდა გადაეხადა 15 000 აშშ დოლარი, საიდანაც გადასახდელი აქვს 5 500 აშშ დოლარი.
2.3. 2017 წლის 30 ოქტომბერს ლ-- გ-----ს წარმომადგენლის რ----------ის მიერ შემოტანილ იქნა დაზუსტებული სარჩელი, რომლის თანახმადაც მოსარჩელე მხარე მოითხოვდა მოპასუხეს დაკისრებოდა 5 500 აშშ დოლარის, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 399.06 ლარისა და უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება, ასევე მოითხოვდა თანხის ამოღების მიზნით რო-----------–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ----------, ი. ა--–--ის ქ. N-, - აუქციონის გზით რეალიზაცია.
2.4. 2017 წლის 01 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ლ-- გ-----ს წარმომადგენელს რ----------ეს განემარტა, რომ დაზუსტებული სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში და იგი ვალდებული იყო უზრუნველეყო მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება.
2.5. საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის დაცვით მოსარჩელემ მოპასუხეზე სარჩელის ასლისა და თანდართული დოკუმენტაციის ჩაბარება უზრუნველყო ხოლო, 2017 წლის 08 დეკემბერს მოპასუხე რო-----------–----ემ წარმოადგინა წერილობითი პასუხი (შესაგებელი), რითაც ნაწილობრივ ცნო სარჩელი.
2.6. მოცემული საქმის განხილვა დანიშნული იყო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე 2018 წლის 17 აპრილს, 17:00 საათზე. მხარეებს ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2.7. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
2.8. მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ვინაიდან, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე-625-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
2.9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე რო-----------–----ის წარმომადგენელს პ------------ეს ჩაბარდა 2018 წლის 08 აგვისტოს, რის შემდეგაც 2018 წლის 17 აგვისტოს პ------------ემ შემოიტანა საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ რო-----------–----ეს არ ჩაბარებია შეტყობინება საქართველოს სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების დაცვით, შეტყობინება ჩაბარდა წარმომადგენელს პ------------ეს, რომელმაც სასამართლო სხდომამდე იშუამდგომლა საქმის განხილვის გადადების შესახებ. აღნიშნული შუამდგომლობა კი სასამართლოს არა თუ არ დაუკმაყოფილებია, არამედ საერთოდ არ უმსჯელია ამ საკითხზე.
2.10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, რო-----------–----ის წარმომადგენლის პ------------ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
2.11. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის დაცვით მოსარჩელემ მოპასუხეზე სარჩელის ასლისა და თანდართული დოკუმენტაციის ჩაბარება უზრუნველყო, ხოლო 2017 წლის 08 დეკემბერს მოპასუხე რო-----------–----ემ წარმოადგინა წერილობითი პასუხი (შესაგებელი), რითაც ნაწილობრივ ცნო სარჩელი.
2.12. მოცემული საქმის განხილვა დანიშნული იყო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე 2018 წლის 17 აპრილს, 17:00 საათზე. მხარეებს ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი საქართველოს სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
2.14. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელში დაყენებული მოთხოვნა 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე-625-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლების თანახმად ეს გარემოება წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
2.15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
2.16. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და შესაბამისად იგი დარჩა ძალაში უცვლელად.
2.17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება გაასაჩივრა რო-----------–----ემ
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მას აქვს ლ-- გ-----ს ვალი 4500 აშშ დოლარის ოდენობით. საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის. ამასთან, მას არ ჩაბარებია სასამართლო უწყება სსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ლ-- გ-----ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები;
4.2. დადგენილია, რომ წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე რო-----------–----ეს დაეკისროს, წარმოდგენილი ვალის აღიარების ხელწერილიდან გამომდინარე, თანხა - 5 500 აშშ დოლარი (ს/ფ 1-12; 55-66);
4.3. დადგენილია, რომ მოპასუხე რო-----------–----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო 4 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში (ს/ფ 43-50; 73-80);
4.4. დადგენილია, რომ 16.03.2018წ. განჩინებით მოცემული საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 17.04.2018წ. 17:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში (ს/ფ 82-83);
4.5. დადგენილია, რომ 17.04.2018წ. რო-----------–----ემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ 2018 წლის 17 აპრილს 17:00 საათზე დანიშნული იყო სასამართლო სხდომა ლ-- გ-----ს სარჩელისა გამო. ოჯახური მდგომარეობის გამო იგი ვერ ცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე. ასევე ვერ ახერხებდა გამოცხადებას მისი წარმომადგენელი პ------------ე. ამდენად, ითხოვა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადება (ს/ფ 86);
4.6. დადგენილია, რომ 17.04.2018წ. საოქმო განჩინებით მხარის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელემ იშუამდგომლა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა (იხ. 17.04.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი);
4.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის;
4.8. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე;
4.9. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
4.10. განსახილველ შემთხვევაში, 17.04.2018წ. რო-----------–----ემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ 2018 წლის 17 აპრილს 17:00 საათზე დანიშნული იყო სასამართლო სხდომა ლ-- გ-----ს სარჩელისა გამო. ოჯახური მდგომარეობის გამო იგი ვერ ცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე. ასევე ვერ ახერხებდა გამოცხადებას მისი წარმომადგენელი პ------------ე. ამდენად, ითხოვა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადება;
4.11. მოცემულიდან გამომდინარე, აპელანტმა მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად არა თუ არ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, არამედ არც კი მიუთითა კონკრეტულად რის გამო ვერ ცხადდებოდა დანიშნულ სასამართლო სხდომაზე. მან მხოლოდ ზოგადად მიუთითა, რომ ვერ ცხადდებოდა ოჯახური მდგომარეობის გამო, რაც ცხადია ვერ იქნება მიჩნეული სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო გარემოებად;
4.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე;
4.13. დადგენილია, რომ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა, ასევე არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, რის გამოც მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;
4.14. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ საპროცესო ეტაპზე არ ხდება მტკიცებულებების შეფასება და სასამართლო, მხოლოდ სარჩელში დაფიქსირებულ ფაქტების სამართლის ნორმებთან შესაბამისობას ადგენს. ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე-625-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას და ამასთან, არ არსებობდა სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ;
4.15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
4.16. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება სსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, რო-----------–----ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების, განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
რო-----------–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რო-----------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ინდირა მაშანეიშვილი