განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003100073
საქმე #1ბ/2032-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ----------–-----–---–ის
ადვოკატის: თ------------ის
მსჯავრდებულის: ბ-----------ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თ----------–-----–---–ისა და მსჯავრდებულ ბ-----------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ბ-----------ს, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დაოჯახებულის, ნასამართლევის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ----------–-----------------------------------ში, მიმართ, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ-----------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შანტაჟი, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 24 მაისს, ქ-------–--–----–---------------------------------ში, ბ----------- დანის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, სახის დასერვით დაემუქრა თავის ყოფილ მეუღლეს - მ-------------ეს, ხოლო 2019 წლის 3 ივნისს, მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი შეტყობინებით კვლავ დაუდასტურა, რომ სახეს დაუზიანებდა. მ-------------ემ ბ-----------ს მხრიდან განხორციელებული ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 7 ივნისს, ბ-----------ს მიმართ, მისი ყოფილი მეუღლის - მ-------------ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძვლით, 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი №0-----.
შემაკავებელი ორდერით ბ-----------ს (მოძალადეს) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მ-------------ე (მსხვერპლი) ცხოვრობს, აგრეთვე, მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
ბ-----------მ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2019 წლის 8 ივნისიდან 9 ივნისის ჩათვლით პერიოდში, რამდენჯერმე დაურეკა მ-------------ეს მის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე. ორ შემთვევაში, მ-------------ემ არ უპასუხა ბ-----------ს და მათ შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა 2019 წლის 9 ივნისს, როდესაც ბ-----------მ მ-------------ეს დაურეკა სხვა სატელეფონო ნომრიდან. ზემოაღნიშნული ქმედებების განხორციელების დროს მ-------------ე იმყოფებოდა ქ-------–--–----–------------------------------ში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის განაჩენით ბ----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისამდე პერიოდში, ქ-------–--–----–---------------------------------ში, ბ----------- სისტემატურად აშანტაჟებდა თავის ყოფილ მეუღლეს - მ-------------ეს, კერძოდ, ეუბნებოდა, რომ მასთან გაეგრძელებინა ურთიერთობა, მიეცა შესაძლებლობა დარჩენილიყო მის ბინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა მისი წარსული ცხოვრების იმ კონკრეტული დეტალების შესახებ ინფორმაციის მ-------------ის შვილებისთვის მიწოდებით, რისი სურვილიც არ ჰქონდა ამ უკანასკნელს. აღნიშნული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შანტაჟის შედეგად, მ-------------ემ განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ-----------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შანტაჟი, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 24 მაისს, ქ-------–--–----–---------------------------------ში, ბ----------- დანის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ სახის დასერვით დაემუქრა თავის ყოფილ მეუღლეს - მ-------------ეს, ხოლო 2019 წლის 3 ივნისს, მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი შეტყობინებით კვლავ დაუდასტურა, რომ სახეს დაუზიანებდა. მ-------------ემ ბ-----------ს მხრიდან განხორციელებული ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის განაჩენით ბ----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისამდე პერიოდში, ქ-------–--–----–---------------------------------ში, ბ----------- სისტემატურად აშანტაჟებდა თავის ყოფილ მეუღლეს - მ-------------ეს, კერძოდ, ეუბნებოდა, რომ მასთან გაეგრძელებინა ურთიერთობა, მიეცა შესაძლებლობა დარჩენილიყო მის ბინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა მისი წარსული ცხოვრების იმ კონკრეტული დეტალების შესახებ ინფორმაციის მ-------------ის შვილებისთვის მიწოდებით, რისი სურვილიც არ ჰქონდა ამ უკანასკნელს. აღნიშნული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შანტაჟის შედეგად, მ-------------ემ განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენით:
ბ----------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ბ----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ბ----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, ბ-----------ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ბ-----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა და ბ-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ----------–-----–---–მა, აგრეთვე, მსჯავრდებულმა ბ-----------მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ------------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა თ----------–-----–---–მა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებული ბ----------- ცნობილ იქნას დამნაშავედ ბრალდების კვალიფიკაციით - საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
მსჯავრდებულმა ბ-----------მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ------------ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ბ-----------ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თ----------–-----–---–ისა და მსჯავრდებულ ბ-----------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ბ-----------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ბ-----------ს დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულ მ-------------ის, მოწმე გ--------------–--ს ჩვენებებს, შემაკავებელ ორდერს და დაზარალებულის მობილურ ტელეფონში შემოსული ზარების დათვალიერების ოქმს, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული) ბ-----------ს მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
სახელმწიფო ბრალმდებელი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის პოზიცია შემაკავებელი ორდერის დარღვევის ეპიზოდთან დაკავშირებით ბ-----------ს უდანაშაულობის შესახებ, არ არის დასაბუთებული და არ ეყრდნობა სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ მოწმეთა ჩვენებებსა და წერილობით მტკიცებულებებს. დაზარალებულმა მ-------------ემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 8 ივნისს, ბ-----------მ ორჯერ დაურეკა მას ,,ვაიბერში“, თუმცა არ უპასუხა. 9 ივნისს ბ---მ დაურეკა უცხო ნომრიდან. როდესაც უცხო ნომერს უპასუხა, იყო ბ-----------, რომელმაც კვლავ დაამცირა იგი. წარმოდგენილი დათვალიერების ოქმით კი დასტურდება, რომ მ-------------ის ნომერზე განხორციელდა შემავალი ზარი მის მიერ დასახელებული ნომრიდან. მოწმის სახით დაკითხულმა, მართლწესრიგის ოფიცერმა გ--------------–--მ კი სასამართლოში დაადასტურა, რომ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბ-----------ს. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ 2019 წლის 8 ივნისს, მ-------------ესთან ,,ვაიბერში“ დარეკვა არც ბ-----------მ უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ მ-------------ესთან შემთხვევით გაეშვა ზარი და გათიშა, მ-------------ემ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო. ის გარემოება, რომ მ-------------ემ 8 ივნისს, ბ-----------სგან შესულ სატელეფონო ზარზე არ უპასუხია, დაადასტურა თავად დაზარალებულმაც. ამდენად, ამ ეპიზოდთან მიმართებით, არ არის გამორიცხული გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ ბ-----------ს მ-------------ის ტელეფონზე მართლაც შემთხვევით გაეშვა ზარი. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, მათ შორის მობილური ტელეფონის მეშვეობით კომუნიკაცია არ შემდგარა. რაც შეეხება აპელირებას ბ-----------ს მიერ მ-------------ის მობილური ტელეფონის ნომერზე სხვისი ტელეფონის ნომრიდან დაკავშირების შესახებ, როგორც დაზარალებულ მ-------------ის ჩვენებით, ასევე მისი ტელეფონის ნომერზე შემოსული ზარების დათვალიერების ოქმით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება სააბონენტო ნომრიდან - 5---------- შემავალი ზარი დაზარალებულ მ-------------ის ტელეფონის ნომერზე. აღნიშნული ზარის განხორციელება უარყო ბ-----------მ და განმარტა, რომ ამ სატელეფონო ნომრიდან მას მ-------------ისათვის არ დაურეკავს. ბრალდების მხარეს, მოცემული საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე, კანონით დადგენილი წესით, არ წარმოუდგენია სხვა, მესამე შუალედური და ნეიტრალური მტკიცებულება (მაგ. ვის ეკუთვნის ზემოხსენებული სააბონენტო ნომერი, არ დაკითხულა პიროვნება, ვისაც ეკუთვნის ხსნებული სააბონენტო ნომერი, რომლის დაკითხვით, შესაძლოა, დადგენილიყო - მითითებულ დროს ამ ტელეფონის ნომრიდან ნამდვილად ბ-----------მ განახორციელა თუ არა სატელეფონო კომუნიკაცია), რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ დაზარალებულთან სადავოდ გამხდარი სატელეფონო კომუნიკაციის მეორე მხარე ნამდვილად ბ----------- იყო. ბრალდების ამ ეპიზოდთან მიმართებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში უტყუარ მტკიცებულებათა არარსებობის გამო, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას უტყუარად დადგენილად მიიჩნიოს ფაქტი, რომ 2019 წლის 9 ივნისს, 11:53 საათზე მ-------------ის მობილური ტელეფონის ნომერზე ნამდვილად ბ-----------მ დარეკა და ის ესაუბრა დაზარალებულს. პალატა აღნიშნავს, რომ პირს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ამდენად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების დროს, ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებაში არსებობს ეჭვი, რომელიც საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უნდა გადაწყდეს ბ-----------ს სასარგებლოდ.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ბ-----------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში გამართლების შესახებ, პალატა ასევე არ ეთანხმება. დაცვის მხარე წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მ-------------ე ბ-----------ს უცვლიდა ფეისბუქის პაროლებს, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაზარალებული ბ-----------ს ფეისბუქიდან თავად გზავნიდა თავის ფეისბუქზე შეტყობინებებს. სასამართლოს ჩვენება მისცა როგორც დაზარალებულმა, ისე ბრალდებულმა, თუმცა სასამართლომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება გაიზიარა. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, საქმეში არსებობს არაერთი ეჭვისშემცველი გარემოება, რომლის გაბათილების ვალდებულება აქვს ბრალდების მხარეს. სააპელაციო პალატის მიერ აღნიშნული გარემოებები ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან ბ-----------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით. კერძოდ:
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისა მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულ მ-------------ის განმარტებით, 2015 წლის აგვისტოში გაიცნო ბ----------- და 2016 წლის აპრილში დაქორწინდა მასზე. თანაცხოვრების პერიოდში ბ----------- გახდა აგრესიული და ეჭვიანი. ბ----------- მასზე (მ-------------ეზე) ძალადობდა, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. მას (მ-------------ეს) სამი წლის შვილი ჰყავს გარდაცვლილი, რომლის შეურაცხყოფასა და გინებასაც არ ერიდებოდა ბ-----------. ბევრჯერ მოუწია მისგან გაქცევა და დამალვა, რის გამოც ბ----------- მის ბავშვებთან და დედასთან ჩადიოდა. იგი (დაზარალებული) იძულებული ხდებოდა გამოჩენილიყო და შეხვედროდა მას (ბ-----------ს). იგი (დაზარალებული) წარსულში სექს-მუშაკი იყო, ამის გამო, ბ----------- ოთხი წლის განმავლობაში მას სისტემატურად აშანტაჟებდა, რომ მისი წარსული ცხოვრების შესახებ ყველას მოუყვებოდა, მათ შორის მის შვილებსაც. ბ----------- მასზე ფიზიკური ძალადობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყო მიცემული, მაგრამ იმის გამო, რომ მან სასამართლოს არ მისცა ბ-----------ს მამხილებელი ჩვენება, 2017 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე------ გაათავისუფლა. გათავისუფლებისთანავე ბ-----------მ მას ახლობლების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც შემდეგ სისტემატური ხასიათი მიიღო. იგი (მ-------------ე) ბ---ს ვერ შორდებოდა და იტანდა ამგვარ დამოკიდებულებას, რადგან ეშინოდა, რომ ბ----------- მისი პირადი ცხოვრების დეტალებს გაავრცელებდა მის შვილებთან და სხვებთან. 2018 წლის ივნისში, ბ-----------ს ქმედებების გამო, იძულებული გახდა შვილებთან ერთად ბათუმიდან თბილისში გადმოსულიყო. ამის შემდეგაც ბ-----------მ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში“ გაავრცელა მისი ფოტოსურათები შეურაცხმყოფელი ტექსტებით. ასევე ბ----------- უგზავნიდა მისი (დაზარალებულის) სახლისა და ავტომანქანის ფოტოსურათებს და ემუქრებოდა, რომ მის სიახლოვეს იმყოფებოდა. ბ---ს მიმართ ორჯერ გაიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც ამ უკანასკნელმა დაარღვია და ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააპატიმრა ერთი კვირით. ბ----------- მას აშანტაჟებდა პირადი ცხოვრების დეტალების გამჟავნებით, ახსენებდა წარსულს და აიძულებდა მასთან ცხოვრებასა და შერიგებას. მსგავსი ფაქტები ყოველთვიურად მიმდინარეობდა. ბ----------- მასზე ეჭვიანობდა და აიძულებდა ყოველთვის ვიდეოთვალით ეპასუხა მის დარეკილზე. ასევე აიძულებდა გაეგზავნა მისთვის ფოტოსურათი და ეჩვენებინა - სად იმყოფებოდა. ბ-----------ს ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, იგი (დაზარალებული) განიცდიდა ტანჯვას, ჰქონდა სუიციდის მცდელობები, რაც ასევე იცოდა ბ-----------მ. 2019 წლის 6 ივნისს იგი (მ-------------ე) დედამისთან წავიდა სტამბულში, ამის გამო ბ----------- მას კვლავ დაემუქრა, რომ მის ნაცნობებს მიწერდა მისი წარსულის შესახებ. ბ-----------მ მის (დაზარალებულის) უმცროს შვილს მიწერა მასზე (დაზარალებულზე) შეურაცხმყოფელი სიტყვები, რის გამოც ბავშვმა აღელვებულმა დაურეკა ,,ვაიბერით“ და უთხრა ამის შესახებ. ასევე ბ----------- ცდილობდა მისი (დაზარალებულის) უფროსი ბიჭისთვის დაერეკა და ეთქვა დედამისზე შეურაცხმყოფელი სიტყვები, თუმცა მის ვაჟს იმ დროისთვის ტელეფონი გაფუჭებული ჰქონდა და ვერ დაუკავშირდა. ბ-----------მ იცოდა, რომ მის უფროს ვაჟს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და არაერთხელ უცდია თვითმკვლელობა, ამ ფაქტების გამო კი, შესაძლოა, ბავშვს საკუთარი თავისთვის რამე ევნო. მიუხედავად ამისა, ბ----------- მაინც ცდილობდა მასთან დაკავშირებას და დედამისზე შეურაცხმყოფელი ფრაზების თქმას. ამის გამო, იძულებული გახდა, იმავე ღამით ჩამოფრენილიყო თბილისში და მიემართა პოლიციისთვის. 2019 წლის 7 ივნისს, ბ-----------ს მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი. 2019 წლის 8 ივნისს, ბ-----------მ მას ,,ვაიბერში“ დაურეკა, რაზეც არ უპასუხა და მიმართა პოლიციას ამის შესახებ. 9 ივნისს, დღის 12:00 საათზე, უცხო ნომრიდან დაურეკეს. როდესაც უპასუხა, ბ----------- აღმოჩნდა, რომელმაც დამცინავად ჰკითხა - ახალი საყვარლები გაიჩინა თუ არა. იგი განერვიულდა და გაუთიშა ტელეფონი. 2019 წლის 24 მაისს, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ადგილას - ლ---------------------------------ში, რა დროსაც მას, ბავშვების თანდასწრებით, შელაპარაკება მოუვიდა ბ-----------სთან, რომელმაც იგი გაიყვანა სხვა ოთახში, სადაც დანა მიადო და უთხრა, რომ სახეს დაუსერავდა. ამ დროს ბ----------- ძალიან აღელვებული და გაფითრებული იყო, რის გამოც მან (დაზარალებულმა) მუქარის განხორციელება რეალურად აღიქვა. წარსულში ბ-----------ს მისთვის სიგარეტი აქვს სხეულზე მიმწვარი და ფიქრობდა, რომ დანით მუქარასაც განახორციელებდა. ბ-----------ს მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ ემოციურობის დროს თავს ვერ აკონტროლებდა. 2019 წლის 3 ივნისს, ბ----------- მას (დაზარალებულს) მოკლეტექსტურ შეტყობინებებს წერდა და ემუქრებოდა. მან (დაზარალებულმა) ჰკითხა - რას უზამდა, დანას დაუსვამდა სახეზე? რაც ბ-----------მ დაუდასტურა.
მოწმე ხ-----------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ მ-------------ის ბავშვობის მეგობარია, რომელთანაც აქვს ახლო და ხშირი ურთიერთობა. მ-------------ე მას უყვებოდა, რომ ბ-----------სგან განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და ტანჯვას. ბ----------- მას აშანტაჟებდა, რომ მის შვილებთან, სკოლაში და საზოგადოებასთან გაამჟღავნებდა წარსულში მისი საქმიანობის (სექს-მუშაკობის) შესახებ დეტალებს. მ-------------ემ მას ასევე ანახა მობილურ ტელეფონში მოკლეტექსტური შეტყობინებების მიმოწერა, სადაც ბ----------- მას ემუქრებოდა სახის დასერვით. ბ-----------ს ქმედებების გამო, მ-------------ე სულ ცუდად იყო და ტიროდა. ბ----------- მ-------------ეს უშლიდა მასთან (მოწმესთან) ურთიერთობას, თუმცა ამის მიზეზი არ იცის.
მ-------------ის 2019 წლის 6 ივნისის განცხადებით დასტურდება, რომ მან მიმართა პოლიციას ყოფილი მეუღლის - ბ-----------ს მხრიდან მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიური ძალადობისა და შანტაჟის თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის განაჩენის მიხედვით, ბ----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ თავისი მეუღლის - მ-------------ის მიმართ, არასრულწლოვანი გერების თანდასწრებით, განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
მ-------------ის მობილურ ტელეფონში, „ვაიბერ აპლიკაციაში“, მითითებული კონტაქტების დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ,,ბ---ს“ სახელით ჩანიშნული კონტაქტი ნომრით - 5----------- მ-------------ეს წერს შეურაცხყოფისა და მუქარის შემცველ სიტყვებს, მათ შორის უდასტურებს, რომ, როცა ამის დრო მოვა, მას სახეზე დანას დაუსვამს.
2019 წლის 7 ივნისს №0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ ბ-----------ს მიმართ მისი ყოფილი მეუღლის - მ-------------ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძვლით, შემაკავებელი ორდერი გაიცა 30 დღის ვადით. შემაკავებელი ორდერით ბ-----------ს (მოძალადეს) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მ-------------ე (მსხვერპლი) ცხოვრობს, აგრეთვე, მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
2019 წლის 11 ივლისის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და მ-------------ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ მ-------------ემ ყოფილი მეუღლის - ბ-----------ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------ემ დაადასტურა მის მიერ აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და გაცემული დასკვნის სისწორე.
ბ-----------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ, როდესაც მ-------------ე გაიცნო, ის სექს-მუშაკი იყო. ისინი დამეგობრდნენ და ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა. შემდეგ მან მ-------------ე ცოლად მოიყვანა იმ პირობით, თუ ის შეეშვებოდა ამ საქმიანობას და პატიოსანი ცხოვრების გზას დაადგებოდა. ამის გამო მიატოვა პირველი ცოლი. მიუხედავად ამისა, მ-------------ე ღამით სახლიდან იპარებოდა, ატყუებდა და იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ღამის საათებში სახლიდან გაპარული ერთ-ერთ სასტუმროში იპოვა. ამის გამო მათ შორის ძალიან დაიძაბა ურთიერთობა, თუმცა არასდროს დაუშანტაჟებია პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების გახმაურებით და არც დამუქრებია სახის დასერვით. მ-------------ე თავის შვილებზეც ძალადობდა ფიზიკურად, რასაც თვითონ ეწინაღმდეგებოდა. რაც შეეხება მ-------------ის ტელეფონის ნომერზე დარეკვას, ზარი შემთხვევით გაეშვა და გათიშა, თუმცა მათ შორის არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა, რადგან მ-------------ემ პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო. სხვა ნომრიდან მას მ-------------ისთვის არ დაურეკავს. მას მ-------------ისთვის მხოლოდ კარგი უნდოდა და დღესაც კარგი უნდა მისთვის.
სააპელაციო პალატა შეფასებას აძლევს რა ზემოთმითითებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის განმარტება იმის შესახებ, რომ, თითქოს, მეუღლეს არასდროს დამუქრებია და არც არასდროს დაუშანტაჟებია იგი, დამაჯერებლობას მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ბ-----------ს ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს, რომ ბ-----------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შანტაჟი, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
რაც შეეხება სასჯელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ბ-----------სათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ბ-----------სათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი ბ-----------ს მიმართ, როგორც გამამართლებელ, ისე გამამტყუნებელ ნაწილში, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ბ-----------ს მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თ----------–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
მსჯავრდებულ ბ-----------ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ბ-----------ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ბ----------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ბ----------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
ბ----------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბ-----------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი, რაც ჩათვლილი აქვს პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, ბ-----------ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ბ-----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და ბ-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 ივნისიდან;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე