განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100119003037668
საქმე № 1ბ/1696-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
24 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი
სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე, ნადეჟდა მარანელი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ი----------
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული:
ფ------ მ----------- ბ------- ა----- - დაბადებული 1----–-–-----------------, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ირანის ისლამური რესპუბლიკა, ქალაქი თ-----------------------------------------------------------------–----------------–---------------------–---–-------------–-
ადვოკატი: ვ--------------------
თარჯიმანი: ლ--–- ჭ----–-–---–ი, დ----- ბ------–---–ი, ს----- რ-------------
პირველი ინსტანციის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სასჯელი: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის სახე და ზომა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. მხარეთა პოზიცია
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ------ ბ------- ა-----ს ინტესების დამცველმა ადვოკატმა ლ--------- ს----–---–მა. სააპელაციო საჩივრისა და სასამართლო სხდომზე დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული პოზიციის თანახმად საქმეში არ მოიპოვება, კანონით დადგენილი წესით მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ფ------ ბ------- ა-----ს მიერ, მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
1.2. კონკრეტულად დაცვის მხარემ მიუთითა, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. ზოგადად არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების დასადასტურებლად. პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი დააფუძნა მხოლოდ დაზარალებულ მ------------------ და მოწმე ჯ--–--–--------------–---------- ჩვენებებზე. დაცვის მხარის აზრით მ------------------ ჩვენება საერთოდ არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ. აღნიშნულის საფუძველი კი შემდეგია: ის დაინტერესებული პირია და წერილობით აღიარა, რომ პირადი მოტივით მისცა ცრუ ჩვენება, რომლითაც ტყუილად ამხილა მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენაში. ამავდროულად მასზე, ასეთი შინაარსის ჩვენების მიცემის მიზნით ზეწოლას ახდენდნენ პოლიციელები. მანვე იცრუა თითქოს მამა გარდაეცვალა და იმიტომ დატოვა საქართველო.
1.3. მოწმე ჯ--–--–--------------–---------- ჩვენება არ გამოდგება ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად. ეს მოწმე კი აჩვენებს, რომ მან ნახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი კადრები, მაგრამ არაფრით არ დასტურდება, რომ მსჯავრდებული მისი გამოქვეყნებით იმუქრებოდა და მით უმეტეს ვინმეს გადაუგზავნა ან აჩვენა ისინი.
1.4. კადრები, რის გამოც ბრალი წარედგინა ფ------ ბ------- ა-----ს არცერთი არ არის გადაღებული დაზარალებულის ნებართვის გარეშე, გარდა ერთის. აქ დაზარალებული დგას წითელ პენუარში და თმებს იშრობს. ამასთან ერთად დაცვა ამტკიცებს, რომ არცერთი ეს კადრი არ არის ინტიმური ხასიათის და არავისთან ის მსჯავრდებულს არ გადაუგზავნია. ამ კადრებში არაფერია ისეთი, რაც შესაძლოა შანტაჟის საფუძველი გამხდარიყო.
1.5. გამოძიების ეტაპზე დანაშაულის აღიარება და შემდგომში მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, გამოიწვეული იყო მსჯავრდებულის ადვოკატის (რომელიც იმ ეტაპზე იცავდა) მიერ. მან ურჩია ფ------ ბ------- ა-----ს ეღიარებინა დანაშაული, თორემ სხვაგვარად საპროცესოს არ გაუკეთებდნენ. თვითონ მსჯავრდებულის განმარტებით იმიტომ აღიარა დანაშაული და გახადა მტკიცებულებები უდავო, რომ უნდოდა მალე დასრულებულიყო საქმე და რჩევის მიმცემი არავინ არ ჰყავდა.
1.6. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ფ------ ბ------- ა-----ს ბრალეულობას. საუბარია არა მხოლოდ დაზარალებულის და ერთი მოწმის ჩვენებაზე. ამასთან ერთად ბრალდებამ წარადგინა კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, ნივთმტკიცების დათვალიერების ოქმები და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
1.7. პროკურორის განმარტებით, სამართალწარმოების მიმდინარეობისას პირადად მან სამჯერ აუხსნა მსჯავრდებულს რას ნიშნავდა მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა და რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვებოდა მას. იგივე დეტალურად განუმარტეს მსჯავდებულს ჯერ წინასასამართლო სხდომის, შემდეგ კი არსებითი განხილვის მოსამართლეებმა. ამდენად არასწორია ადვოკატზე რაიმეს დაბრალება. პირიქით, სასამართლოში დაზარალებულის დაკითხვისას ადვოკატმა არაერთხელ ჰკითხა ფ------ ბ------- ა-----ს არ გაქვს შეკითხვა, ეთანხმები ყველაფერსო? პასუხი ყოველთის იყო, რომ დაზარალებული მართალს ამბობდა და მსჯავრდებულს მასთან შეკითხვები არ ჰქონდა.
1.8. ასევე მსჯავრდებული ესწრებოდა ნივთმტკიცების დათვალიერებას, ხელს აწერს ყველა ოქმს, მაგრამ არსად გამოუთქვამს პრეტენზია ამ ჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით. ამდენად რაიმე გაუცნობიერებელ გადაწყვეტილებაზე და ამის შედეგად მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევაზე, დაცვის მხრიდან საუბარი არასწორია.
1.9. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ფ------ ბ------- ა-----ს ბრალდება მიეკუთვნება ფორმალურ დანაშაულთა შემადგენლობას. ის დამთავრებულად ითვლება დამუქრების მომენტში. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, თითქოს მსჯავრდებულს არ გაუვრცელებია პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი მასალები, ამის ჩადენას ბრალდება არც ედავება.
2. პალატამ დაადგინა:
2.1. 2018 წლის დეკემბერში, თბილისში, კ-----------–---–-------------–-- ფ------ ბ------- ა-----მ მ------------------,რომელთან ერთადაც ცხოვრობდა და 2018 წლის ნოემბრის ბოლოდან ეწეოდა ერთიან სამეურნეო საქმიანობას, ხელი გაარტყა რამდენჯერმე სახის არეში და თავი მიარტყმევინა წყლის გამათბობელ მოწყობილობას, რა დროსაც მ----------------იმ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. ფ------ ბ------- ა----- და მ----------------ი, 2018 წლის დეკემბრიდან, 2019 წლის თებერვლის შუა რიცხვებამდე ცხოვრობდნენ ერთად, არარეგისტრირებულ ქორწინებაში, თბილისში, კ-----------–---–-------------–- მდებარე ნაქირავებ ბინაში, რა დროსაც ფ------ ბ------- ა----- უკანონოდ - ისე, რომ მ----------------იმ არაფერი იცოდა და ნება არ მიუცია - პერიოდულად იღებდა ფოტო და ვიდეო კადრებს, მ----------------თან პირადი ცხოვრების საიდუმლო, მათ შორის, ინტიმური თანაცხოვრების თაობაზე, რასაც უკანონოდ ინახავდა თავის კუთვნილ ,,Apple“ ფირმის ლეპტოპში. მ----------------ი ფ------ ბ------- ა-----ს მხრიდან განხორციელებული ოჯახური ძალადობისა და კონფლიქტების გამო დაშორდა მას. ფ------ ბ------- ა-----, 2019 წლის 20 მარტს, შუადღის საათებში, მ--------–---–--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მ----------------ს, აჩვენა რა უკანონოდ მოპოვებული ფოტო და ვიდეო მასალა - უკანონოდვე გამოიყენა ისინი, მ------------------ ნებაზე ზემოქმედების მიზნით, რათა ამ უკანასკნელს თავისი ნების საწინააღმდეგოდ, გაეგრძელებინა მასთან თანაცხოვრება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხსენებულ მასალას გადაუგზავნიდა ირანში მის მშობლებს.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. ამ საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მხოლოდ ერთი ახალი მტკიცებულების - დაზარალებულის მამის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოკვლევის შესახებ. გარდა ამისა, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეებმა წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში, ხსენებულ ინფორმაციასთან ერთად.
3.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები; საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ლეპტოპი, საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის №------- დასკვნა და საექსპერტო კვლევით ამოღებული ფოტო და ვიდეო მასალა, დაზარალებულის და ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებული დათვალიერების ოქმები და სხვ.) ერთობლიობა ფ------ ბ------- ა-----ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
3.3. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
3.4. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევის მიუხედავად, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა ფ------ ბ------- ა----მა თავი დამნაშავედ არ სცნო წარდგენილ ბრალდებებში ირანის ისლამური რესპუბლიკიდან გამოგზავნილი, დაზარალებულ მ------------------ განცხადებაზე აპელირებით, რომლითაც დაზარალებული აცხადებდა, რომ მან ბ------- ა-----, პირადი მოტივით ტყუილად ამხილა დანაშაულის ჩადენაში. ამავე განცხადებით, ცრუ ჩვენების მიზეზი იყო დაზარალებულზე პოლიციის თანამშრომლების ზეწოლა.
3.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ პირველ რიგში განმარტა, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში, ასევე ძალადობა არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
3.6. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მე-4 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის წევრი ამ კანონის მიზნებისათვის არის, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე. ამდენად, სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციების შესაბამისად განმარტა, რომ ყოფილი მეუღლეები, მათ შორის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები შეიძლება იყვნენ ოჯახის წევრები (მათ შორის ოჯახური დანაშაულის სუბიექტები), ვინაიდან არ აქვს არსებითი მნიშვნელობა მეუღლეები იმყოფებიან თუ არა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მთავარია ისინი ერთად ეწევიან (ეწეოდნენ) ოჯახურ ცხოვრებას, ერთიან საოჯახო მეურნეობას. ანალოგიური მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც ერთ-ერთ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) არ განასხვავებს „კანონიერ“ და „უკანონო“ ოჯახებს (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ (Marckx v. Belgium), განაცხადი no. 6833/74, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პლენუმის 1979 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტი 31). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს მიდგომა შემდგომ პრაქტიკაშიც შეინარჩუნა. კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება მხოლოდ დაქორწინებულ პირებზე არ ვრცელდება და შეიძლება მოიცავდეს de facto ოჯახსაც, რომლის მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან (ალიმი რუსეთის წინააღმდეგ (Alim v. Russia), განაცხადი no. 39417/07, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 69).
3.7. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლს, იგი დასჯად ქმედებად აცხადებს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვასა და გამოყენებას. პირად საიდუმლოს წარმოადგენს ცნობები, რომლის გახმაურებაც თვით იმ პირის თანხმობის გარეშე, ვისაც ეს ეხება, არ შეიძლება. პირადი ცხოვრების საიდუმლოება შეიძლება ეხებოდეს დაზარალებულის ჯანმრთელობას, ცხოვრების წესს, სექსუალურ ორიენტაციას, სქესობრივ ცხოვრებას და ა.შ. საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებაში იგულისხმება სხვადასხვა ხერხით და საშუალებით ცნობების მოძიება და შეგროვება; შენახვაში - უკვე მოპოვებული ინფორმაციის ფლობა მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად, რაც უმეტეს შემთხვევაში მისი გავრცელების წინაპირობას ან დაზარალებულის შანტაჟის საშუალებას წარმოადგენს; გამოყენება კი შესაძლოა მოხდეს გავრცელების გარეშეც, როდესაც პირი ხსენებულ ცნობებს იყენებს დაზარალებულის ნებაზე ზემოქმედების მიზნით.
3.8. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, დაზარალებულ მ------------------ მოსამართლის წინაშე დაკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ფ------ ბ------- ა----თან, 2018 წლის დეკემბრიდან, 2019 წლის თებერვლის თვის შუა რიცხვებამდე იმყოფებოდა არაოფიციალურ ქორწინებაში, რა დროსაც ბრალდებული სისტემატურად ეჭვიანობდა მასზე, აკონტროლებდა მის ქცევასა და ჩაცმულობას, პირად მობილურ ტელეფონსა და სოციალურ ქსელებს. 2018 წლის დეკემბრის თვეში, ფ------ ბ------- ა----მა ეჭვიანობის ნიადაგზე, ხელი დაარტყა სახის არეში. დარტყმის შედეგად თავი მიარტყა სახლში - მისაღებ ოთახში, ფანჯრის გვერდით დამონტაჟებულ წყლის გამათბობელს და იგრძნო საშინელი ტკივილი, თუმცა ექიმისთვის არ მიუმართავს. ვინაიდან სახეზე დაზიანებები ძალიან ემჩნეოდა, მეგობრებს უთხრა, რომ ავარიაში მოყვა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, საცხოვრებლად გადავიდა მეგობართან - ჯ--–--–--------------–----------თან. მ------------------ ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ ფ------ ბ------- ა-----, დაზარალებულთან მისი ნების საწინააღმდეგოდ თანაცხოვრების გაგრძელების მიზნით, ემუქრებოდა მარიამს მისი ნებართვის გარეშე გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი სურათებისა და ვიდეოების ოჯახის წევრებისათვის ირანში გაგზავნით. მ----------------ი სურათების და ვიდეოების არსებობაში დარწმუნდა მას შემდეგ, რაც 2019 წლის 20 მარტს, ბრალდებულმა მ--------–---–----------ე შეხვედრისას, მისივე კუთვნილ ლეპტოპში აჩვენა ვიდეო, სადაც მარიამი არის ნახევრად შიშველი, ასევე ფ------ც და მარიამიც არიან შიშვლები და აქვთ ინტიმური კავშირი, ასევე შიშველი მარიამის ფოტოები.
3.9. დაზარალებულ მ------------------ ჩვენების სისწორე უტყუარად დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მოწმე ჯ--–--–--------------–---------- ჩვენებით, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის N------- დასკვნით და ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, კერძოდ: - ჯ--–--–--------------–---------- ჩვენებით, მ----------------თან აქვს მეგობრული ურთიერთობა. მისთვის მარიამისგან ცნობილი იყო მეუღლესთან კონფლიქტის, ცემის ფაქტის და შანტაჟის შესახებ. მოწმის განმარტებით, მეუღლის მხრიდან 2018 წლის დეკემბრის თვეში განხორციელებული ფიზიკური ძალადობა გახდა მარიამისა და ბრალდებულის დაშორების მიზეზი, რის შემდეგაც დაზარალებული მის ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. მოწმის ჩვენებით, 2019 წლის 20 მარტს, მარიამს თან ახლდა სკვერში ბრალდებულთან შეხვედრისას, რა დროსაც ფ------ ბ------- ა----მა მასაც აჩვენა ლეპტოპში ვიდეო, სადაც ჩანდა მარიამი, რომელიც შიშველ მდგომარეობაში იწვა საწოლზე და ნახევრად შიშველი ბრალდებული ედგა გვერდით.
3.10. კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის N------- დასკვნით, ბრალდებულის კუთვნილი ,,Apple“-ის ფირმის პორტატული კომპიუტერის მყარი დისკიდან ამოღებული იქნა 8 ფოტო ფაილი, 18 ვიდეო ფაილი და სოციალური ქსელების ვებ-მისამართებზე წვდომის ისტორია.
3.11. 2019 წლის 25 მაისის და 2019 წლის 29 მაისს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, დაზარალებულ მ------------------ და ბრალდებულ ფ------ ბ------- ა-----ს მონაწილეობით დათვალიერდა ბრალდებულ ფ------ ბ------- ა-----ს დროებითი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ,,Apple“-ის ფირმის ვერცხლისფერი ლეპტოპიდან ამოღებული ფაილები. ამ დროს მ----------------მა დაადასტურა, რომ ყველა ფოტო და ვიდეო ჩანაწერში გამოსახული ქალი არის თვითონ, მამაკაცი კი მისი მეუღლე ფ------ ბ------- ა-----. თავის მხრივ, ფ------ ბ------- ა----მა (ადვოკატისა და თარჯიმნის მონაწილეობით) დაადასტურა, რომ ყველა ფოტო და ვიდეო ჩანაწერში გამოსახული მამაკაცი არის თვითონ, ქალი კი მისი მეუღლე მ----------------ი.
3.12. დასახელებული მტკიცებულებების ერთობლიობის მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალდებულის მიერ როგორც მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, ისე პირადი ცხოვრების საიდუმლოს - სქესობრივი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვება, შენახვა და გამოყენება. ამის მიზანი კი იყო მ------------------ შანტაჟი და მის ნებაზე ზემოქმედება, რათა ამ უკანასკნელს მეუღლესთან გაეგრძელებინა თანაცხოვრება ასეთი სურვილის არქონის მიუხედავად.
3.13. სასამართლო შეაფასა ასევე დაცვის მხარის ვერსია, ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რაც ემყარება მხოლოდ მ------------------ მიერ თითქოსდა ირანის რესპუბლიკიდან გამოგზავნილ წერილს, სადაც დაზარალებული ადასტურებს გამოძიებისა და სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების სიცრუეს. აღნიშნულ წერილში დაზარალებული განმარტავს, რომ მეუღლეზე გაბრაზებულმა შურისძიების მოტივით მისცა ცრუ ჩვენება მის წინააღმდეგ, იყო აფექტის მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა საკუთარ თავს და გარდა ამისა, პოლიციის მხრიდანაც განიცდიდა ზეწოლას. მოჰამადი წერილში აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მისი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ფოტოების გადაღებაზე კი ინფორმირებული იყო.
3.14. სასამართლო არ გაიზიარა ეს წერილი, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაშია როგორც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებით (დაზარალებულის მოსამართლის წინაშე დაკითხვის ოქმი, მოწმეთა ჩვენებები; საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ლეპტოპი, საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის №------- დასკვნა და საექსპერტო კვლევით ამოღებული ფოტო და ვიდეო მასალა, დაზარალებულის და ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებული დათვალიერების ოქმები და სხვ.) დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე თავად წერილის შინაარსიც წინააღმდეგობრივია. ერთის მხრივ, დაზარალებული განმარტავს, რომ ცრუ ჩვენება განაპირობა მეუღლეზე შურისძიების მოტივმა, იმავდროულად კი აცხადებს, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემა არის მასზე პოლიციელთა ზემოქმედების შედეგი. თუმცა საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება და არც არსებითი განხილვის დროს გამოვლენილა რაიმე გარემოება, რაც მიუთითებდა სამართალდამცველთა პირად ინტერესზე და ეჭვქვეშ დააყენებდა დაზარალებულის გამოძიებაში და მოსამართლის წინაშე მიცემულ ჩვენებებს, რომლებიც აღნიშნული წერილისაგან განსხვავებით, სრულ თანხვედრაშია ყველა სხვა მტკიცებულებებთან.
3.15. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ხსენებულ დასკვნებს და ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43). სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
3.16. დაცვის მხარემ აღნიშნა, თითქოს მსჯავრდებული შეცდომაში შეიყვანა დამცველმა, რომელიც მის ინტერესებს საწყის ეტაპზე იცავდა და ამიტომ სცნო მტკიცებულებები უდავოდ. პალატა ყურადღებას შეაჩერებს დაცვის ამ არგუმენტზე და აღნიშნავს, რომ ეს მოცემულობა არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით. მსჯავრდებულის მიერ სამართალწარმოება მიმდინარეობდა საპროცესო ნორმების დაცვით. დაზარალებულმა გამოძიებას მიმართა 2019 წლის 20 მარტს, იმავე დღეს დაიწყო გამოძიება და ფ------ ბ------- ა-----ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. დევნის დაწყებისთანავე ის უზრუნველყოფილი იყო თარჯიმნით, ხოლო უმოკლეს დროში ასევე სახაზინო ადვოკატით. გარკვეული დროის შემდეგ საქმეში ჩაერთო ბრალდებულის მიერ შერჩეული დამცველი. თარჯიმნისა და დამცველის ყოლის უფლება გარანტირებული იყო საქმის წარმოების ყველა ეტაპზე უწყვეტად. აღსანიშნავია, რომ ამ ნაწილში რაიმე დარღვევის შესახებ არც დაცვის მხარე არ უთითებს. უფრო მეტიც, 2019 წლის 29 მაისიდან 20 ივნისამდე პერიოდში ფ------ ბ------- ა-----ს წარედგინა საბოლოო, დაზუსტებული ბრალდება, მასთან ჩატარდა ნივთმტკიცების დათვალიერება, მისი თანდასწრებით დაიკითხა დაზარალებული, გაიმართა წინასასამართლო სხდომა. ამ დროისათვის ბრალდებულს შეფარდებული ჰქონდა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება. ასეთ პირობებში სცნო მან თავი დამნაშავედ, დაეთანხმა დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას და უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე. მისი უფლებები და თითოეული ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგები ბრალდებულს დეტალურად განემარტა მოსამართლეების მიერაც. მაშინ, როდესაც ამ გადაწყვეტილებებს იღებდა და შემდგომშიც, როდესაც საქმის არსებითი განხილვის გარკვეული ეტაპიდან თავს აღარ ცნობდა დამნაშავედ, ფ------ ბ------- ა-----ს ინტერესებს იცავდა მის მიერვე შერჩეული ერთიდაიგივე ადვოკატი. ამდენად არ დასტურდება ის გარემოება, რომ დამცველისა და დასაცავი პირის პოზიციები, სამართალწარმოების რომელიმე ეტაპზე არ ემთხვეოდა ერთმანეთს. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ბრალდებული არ იყო დაპატიმრებული და შესაბამისად შეზღუდული, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მიეღო ზომები მის აღმოსაფხვრელად (თუნდაც ადვოკატის შეცვლის გზით, თუ არ ეთანხმებოდა მის პოზიციას). დაზარალებულის დაკითხვის ოქმის შინაარსი, ცალსახა მტკიცებულებაა იმის, რომ იმ ეტაზე ბრალდებული არ აპროტესტებდა დაზარალებულის ჩვენებას, ასევე არცერთ მტკიცებულებას, რომელიც ამ ჩვენებას ადასტურებს.
3.17. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ფ------ ბ------- ა-----მ გადაწყვეტილება მტკიცებულებების უდავოდ გახდის თაობაზე მიიღო გაცნობიერებულად და მისთვის ცნობილი იყო ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების შესახებ. ეს შედეგი კი არის ის, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლო მტკიცებულებებს არ იკვლევს და იზიარებს იმ შინაარსით, როგორც ის წარუდგინა მხარემ. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვის ბოლო ეტაპზე დაცვის მხრემ უარი თქვა ბრალის აღიარებაზე და ითხოვა ბრალდებულის გამართლება. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ პროცესის შესაბამის ეტაპზე დაცვამ მტკიცებულბები უდავოდ გამოაცხადა, სასამართლომ არ გამოიკვლია ისინი. საქმის განხილვის მთლიანი მიმდინარეობის ერთობლივი შეფასებით, პალატა მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სწორია და არ არღვევს სასამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით სარგებლობის პრინციპს.
3.18. ევროპული სასამართლო შეგვახსენებს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის მოთხოვნის დაცვა თითოეულ საქმეში უნდა შეფასდეს მთლიანობაში განხილვის შეფასებით და არა განცალკევებით მისი ცალკეული ასპექტისა და ეპიზოდის შეფასებით. თუმცა არც იმისი გამორიცხვა შეიძლება, რომ კონკრეტულმა ფაქტორმა შეიძლება ისეთი დიდი როლი ითამაშოს, რაც საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ სასამართლო განხილვის სამართლიანობა უკვე პროცედურის საწყის სტადიაზე. ევროსასამართლო შეგვახსენებს, რომ ევროკონვენციის მეექვსე მუხლის არც შინაარსი და არც სულისკვეთება არ ეწინააღმდეგება პირის სურვილს პირდაპირ, ან დუმილის გამოყენებით ნებაყოფლობით უარი თქვას მისთვის გარანტირებული სასამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებაზე. (კვიატკოვსკა იტალიის წინააღმდეგ. 30 ნოემბერი, 2000 წელი, განაცხადი N52868/99). თუმცა, იმისათვის, რათა ეს კონვენციის მიზნების შესაბამისი იყოს, უფლებაზე უარის თქმა არაირაზროვნად უნდა იყოს დადგენილი და მას თან უნდა სდევდეს შესაბამისი მინიმალური გარანტიები - მისი მნიშვნელობის თანაზომიერი (იხ. დიდი პალატის გადაწყვეტილება „სეიდოვიჩი იტალიის წინააღმდეგ“, განაცხადი N56581/00, პუნქტი 86; 2005 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება „კოლუ თურქეთის წინააღმდეგ“, განაცხადი 35811/97, პუნქტი 53). განხორციელებული უფლებაზე უარის თქმა უნდა იყოს არა მხოლოდ ნებაყოფლობითი, არამედ შეგნებული და გონიერი. იმისი მტკიცება, რომ ევროკონვენციის მეექვსე მუხლით გარანტირებულ მნიშვნელოვან უფლებაზე უარის თქმა, პირმა თავისი ქმედებიდან გამომდინარე გამოხატა, დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ დადასტურებულია, რომ მას შეეძლო გონივრულად განეჭვრიტა თავისი ქმედების შედეგი (იხ. ევროსასამართლოს 2007 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება „თალან თუნჩი თურქეთის წინააღმდეგ, განაცხადი N32432/96, პარაგრაფი 59 და ევროსასამართლოს, 2003 წლის 9 სექტემბრის, გადაწყვეტილება „ჯონსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ განაცხადი N 30900/02). პალატა აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეს მოსაზრებები მთლიანადაა დაცული განსახილველ საქმეში. მსგავრდებულმა ნებაყოფლობით და სრულიად გაცნობიერებულად ჩაიყენა თავი იმ მდგომარეობაში, რამაც გამორიცხა მისი თანდასწრებით ყველა მტკიცებულების არსებითად გამოკვლევა, რაც მისი არჩევანია.
3.19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის, 2013 წლის 8 მაისის N9აპ-13 განჩინებაში მითითებულია შემდეგი: აშკარაა, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარისათვის შესავალი სიტყვის წარმოთქმამდე იყო ცნობილი ბრალდების მხარის უარი საპროცესო შეთანხმებაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ნებაყოფლობით თვითონ თქვა უარი სასამართლო სხდომაზე ამ მტკიცებულებათა გამოკვლევაზე. აღნიშნულით კი, საქართველოს სსსკ–ის 73–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და კანონის შესაბამისად, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე სწორად მიიღო ისინი მტკიცებულებად, შეამოწმა და შეაფასა საქმის გარემოებებთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის საკითხი, რის შედეგადაც გამოარკვია საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება და ამ ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე ეჭვის გამომრიცხავად დადგენილად მიიჩნია ხ. ი-ის ბრალეულობა მისთვის ინკრიმინირებულ ქმედებებში. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, კასატორის არგუმენტები იმის შესახებ, რომ მასთან მიმართებით საქმის განხილვის მიმდინარეობისას დაირღვა საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებები, საფუძველს მოკლებულია და საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
3.20. ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, 2017 წლის 5 ივლისის N8აპ-17 განჩინებაში (პუნქტი 9) აღნიშნა: „საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით. საპროცესო კოდექსი ორივე მხარეს თანაბრად ანიჭებს შესაძლებლობას, სადავოდ გახადონ ერთმანეთის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოითხოვონ საქმის არსებითი განხილვისას მათი გამოკვლევა ან ცნონ მტკიცებულებები უდავოდ და უარი თქვან მათ გამოკვლევაზე. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ უდავოდ გახადა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება. პალატა მიუთითებს, რომ მოსამართლემ ბრალდებულსა და მის ადვოკატს განუმარტა მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის სამართლებრივი შედეგები. დაცვის მხარემ მოსამართლის განმარტების შემდეგ კვლავ მიუთითა, რომ არ ხდიდა სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ სურდა მათი გამოკვლევა. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ გ. უ-ს შეეზღუდა უფლება, დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა“.
3.23. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ფ------ ბ------- ა----მა ჩაიდინა: 1. ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ად 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; 2. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ფ------ ბ------- ა----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ დადგენილა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
5.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.4. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
5.5. სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს (გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია და ამისათვის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ცნობების გამოყენება), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ქმედების შედეგად ოჯახის წევრის მორჩილებაში ყოლის სურვილი), მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (მსჯავრდებული იმუქრებოდა მაგრამ რეალურად საჯარო არ გაუხდია პირადი ცხოვრების საიდუმლო), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს (მუქარა, სანტაჟი, ძალადობის შედეგად ტკივილის მიყენება). მათ შორის პალატა ითვალისწინებს ფ------ ბ------- ა-----ს პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, იმას, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.6. კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს კიდევ რამდენიმე გარემოებას, კერძოდ: ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად რჩება. ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმადფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს. პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე.
5.7. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს. აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა.
5.8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად. სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
5.9. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფ------ ბ------- ა-----სათვის დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის შესახებ არის სწორი. ის სრულ შესაბამისობაშია როგორც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან, ისე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებასთან და ხსენებულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ რეკომენდაციებთან (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირების განუხორციელებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ფ------ ბ------- ა-----ს ინტესების დამცველი ადვოკატის ლ--------- ს----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენი ფ------ ბ------- ა-----ს მიმართ დარჩეს უცვლელი.
ფ------ ბ------- ა----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ფ------ ბ------- ა-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ფ------ ბ------- ა-----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან. იგი აყვანილ იქნა პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან - 2019 წლის 18 სექტემბერს.
მსჯავრდებულ ფ------ ბ------- ა-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 20 მარტიდან 2019 წლის 7 მაისის ჩათვლით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ბინის ჩხრეკისას ამოღებული ლეპტოპი (ინახება ძველი თ---–-----–--------------–-------------------–---–ი) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;
- 2 (ორი) ცალი დისკი, რაც ამ ეტაპზე ინახება თბილისის სააპელაციო სასამართლოში, შენახულ იქნეს საქმესთან ერთად სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი