განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003230887
საქმე №1ბ/194-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–-ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ--–----------–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 09 ივნისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, გ-–---------–--------------------------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენით გ--–----------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--–----------–--ეს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
გ--–----------–--ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, თბილისი, გლდანის მ-–----- მ/რ-ნის №2--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ--–----------–--ემ, პაპას ი----------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახეში, მუხლისა და ნეკნების არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც ი----------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებისათვის გ--–----------–--ეს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გ--–----------–--ის მიმართ ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------–-ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ--–----------–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტის განმარტებით, ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ერთმანეთთან შეთანხმებული, რელევანტური და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლის თანახმად დასტურდებოდა, რომ გ--–----------–--ემ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება. ზემოაღნიშნული დასტურდება საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმეების - ა-–------------ს, ი-----–--------–----სა და რ---------------ის გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციით, ი----------------ის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ექსპერტ თ-------------ის ინფორმაციით, აგრეთვე საქმეზე შეკრებილი სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით, რომლებიც სრულ თანხვედრაშია გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციასთან და საქმის მასალებთან, ასევე საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული პირების ჩვენებებთან.
აპელანტის მითითებით, დაზარალებულმა ი----------------მა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლება და უარი თქვა ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, რაც საფუძველი გახდა მოცემულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანისათვის, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწმე რ---------------ის ჩვენება, რომელმაც აღწერა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები, ძმისგან - ი----------------ისაგან შეიტყო მომხდარის თაობაზე და დეტალურად აღწერა დაზარალებულის მიერ გადმოცემული ინფორმაცია. სასამართლოში გამოკვლეულ იქნა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ ფსიქოლოგიური გამოკვლევისას დაზარალებულმა ანალოგიურად აღწერა გ--–----------–--ის მხრიდან ი----------------ის მიმართ ძალადობის ფაქტი. ბრალდების მხარემ ასევე მიიჩნია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები - ი----------------ის განცხადება, რომელშიც მან მიუთითა დანაშაულის თაობაზე და ითხოვა დახმარება, ასევე არ გაითვალისწინა დანაშაულის ბუნება, კერძოდ, ოჯახური დანაშაული, როგორც წესი ფარულად მიმდინარეობს და უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს დაზარალებული პოლიციას.
სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ გ--–----------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რევაზ რიჟამაძემ, რომელმაც საჩივრის მოთხოვნის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას გ--–----------–--ის მიერ პაპის მიმართ ძალადობის ჩადენაში, კერძოდ:
გ--–----------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ისეთ პირდაპირ მტკიცებულებას, როგორიცაა დაზარალებულ ი----------------ის გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმი, რომელიც გ--–----------–--ეს ამხელდა მის მიერ ჩადენილ ძალადობაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა შვილიშვილის − გ--–----------–--ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.
აპელანტი განმარტავს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა გახდა გ--–----------–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ანალიზის საფუძველზე დასტურდება გ--–----------–--ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, ბრალდების მხარემ მიუთითა მოწმეების - ა-–------------ს, ი-----–--------–----ს და რ---------------ის ჩვენებებზე; შეტყობინებაზე, დანაშაულის ჩადენის შესახებ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე; სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაზე. პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებულ მოწმეთაგან არც ერთი იყო გ--–----------–--ის მხრიდან ი----------------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტის შემსწრე, კერძოდ, მოწმე რ---------------ი არის ი----------------ის ძმა. რომელიც განმარტავს, რომ 2019 წლის 03 სექტემბერს მასთან მივიდა ი----------------ი და მოუყვა, რომ შვილიშვილთან - გ--–----------–--ესთან მოუვიდა შეხლა-შემოხლა ფულთან დაკავშირებით. როგორც მისი ძმისგან იცის, გ--–- მას აწვებოდა გულ-მკერდზე და დაარტყა. ვიზუალურად ისე არაფერი ეტყობოდა იურის, მაგრამ იტკიებდა ნეკნის ქვევით წინა მხარეს. აღნიშნული საუბრის დროს, მისი მეუღლეც სახლში იყო. იურის უთქვამს ადრეც მისთვის, რომ გ--–----------–--ე არ აჭმევდა ხოლმე საჭმელს. დაურეკეს გ--–-ს დედას საბერძნეთში, რომელმაც ურჩია იურის მიემართა პოლიციისთვის. ზოგადად მის ძმას ი----------------ს აქვს რთული ხასიათი, კონფლიქტური პიროვნებაა, მასთანაც მოსვლია პირადად ჩხუბი. მეზობლებთანაც ხშირად მოსდის კონფლიქტი მის ძმას. მოწმეები ა-–------------ და ი-----–--------–---- არაინ გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეორე განყოფილების გამომძიებლები, რომლებმაც განმარტეს, რომ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნული იყო რომ, გ--–----------–--ემ ბაბუას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. ა-–------------მ აღნიშნა, რომ ინფორმაციის თანახმად, გ--–----------–--ე აპირებდა მიმალვას და იმჟამად იმყოფებოდა თავის სახლში. შედგა ოპერატიული ჯგუფი და მან მიიღო მონაწილეობა ბრალდებულის დაკავებაში. ბრალდებულს დაკავებისას განემარტა უფლებები, დაკავებისას გ--–----------–--ეს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ი-----–--------–----ს განმარტებით კი, 2019 წლის 4 სექტემბერს მასთან კავშირზე მყოფმა პირმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ 1--- წელს დაბადებულმა გ--–----------–--ემ 2 სექტემბერს ბაბუამისს - ი----------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გლდანის მ--------------------------------------ში და აპირებდა მიმალვას, ვინაიდან გაიგო, რომ ბაბუამისმა მიმართა პოლიციას. ეს ინფორმაცია პატაკის სახით მიაწოდა ხელმძღვანელობას. ჩვენებებიდან ნათელია, რომ არც დასახელებული გამომძიებლები არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და გადმოსცემენ მხოლოდ სხვისგან, თუნდაც პირველწყაროსგან მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, ისინი თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
აპელანტი მტკიცებულებად მოიხმობს 2019 წლის 04 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმად, დათვალიერება ჩატარდა ქ. თბილისში, გლდანი, მ-------------------------------------------ში. აღნიშნული ბინა წარმოადგენს ი----------------ის საკუთრებას. ბინაში განთავსებულ საძინებელ ოთახში არსებულ კარადაში დაკიდებულ შავი ფერის პიჯაკზე მიუთითა დათვალიერებაში მონაწილე ი----------------მა და განმარტა, რომ პიჯაკის წინა მარცხენა გულის (გარე) ჯიბეში ედო მისი კუთვნილი ფულადი თანხა 60 ლარის ოდენობით, რომელიც მოიპარა მისმა შვილიშვილმა - გ--–----------–--ემ. ამის შემდეგ ი----------------მა მიუთითა იმავე ოთახში მდებარე საწოლზე და განმარტა, რომ მიმდინარე წლის 02 სექტემბერს, მითითებულ საწოლში მწოლიარე მდგომარეობაში ცემა მისმა შვილიშვილმა გ--–----------–--ემ. საწოლის თეთრეულზე სისხლის ლაქები არ შეინიშნებოდა, საცხოვრებელი ბინა არ იყო არეული და ნივთები გადაადგილებული ან დამსხვრეული არ იყო.
აპელანტი ასევე მიუთითებს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №007118519 დასკვნაზე, რომლის თანახმად, გ--–----------–--ის ქმედების შედეგად ი----------------მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს დასახელებული დასკვნის კვლევით ნაწილში ი----------------ის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, იგი ცემა შვილიშვილმა, ფულს სთხოვდა, არ მისცა და მოჰპარა, 500 ლარს სთხოვდა და ამაზე დაიწყო ჩხუბი, მერე 60 ლარი მოჰპარა ჯიბიდან, ამაზე დაიწყო ჩხუბი...გულ-მუცელში ურტყამდა, ჩამტვრეული აქვს ყველაფერი... ხშირად ჩხუბობენ ხოლმე, ფულის გამო მოსდით ჩხუბი.
სასამართლოს მიერ განხილულ ორ მტკიცებულებასთან - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით პალატა განმარტავს, რომ მართალია, აღნიშნულ მტკიცებულებებში გადმოცემულია თავად დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, თუმცა იგი არ არის დადასტურებული დაზარალებულის მხრიდან სასამართლოში, მის მიერ შვილიშვილის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო. იგივე საფუძვლით, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება აპელანტის მიერ გ--–----------–--ის მამხილებელ მტკიცებულებად მითითებული ი----------------ის განცხადება, რომლის თანახმად, მას შვილიშვილი - გ--–----------–--ე სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ცემს და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით. მან ბოლოს ცემა 2019 წლის 2 სექტემბერს და ითხოვს დახმარებას. ყველა წერილობითი მტკიცებულება, რომელშიც დაზარალებულ ი----------------ის მიერ მიწოდებული ინფორმაციაა გადმოცემული და ამის საფუძველზეა გაკეთებული შესაბამისი დასკვნები (ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა) და ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები, კარგავენ მტკიცებულებით საფუძველს დაზარალებულის მიერ მათში გადმოცემული ფაქტების დაუდასტურებლობის გამო, ვინაიდან, ირიბ მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რაც, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის აუცილებელი წინაპირობაა.
პალატა დამატებით განმარტავს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამავე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დასაბუთებულად იმსჯელოს გ--–----------–--ის მიერ პაპის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე, რაც საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არაა დადასტურებული.
პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ გ--–----------–--ემ განახორციელა ოჯახში ძალადობა პაპის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია გ--–----------–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პალატას არასაკმარისად მიაჩნია გ--–----------–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გ--–----------–--ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება გ--–----------–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ--–----------–--ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გ--–----------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გ--–----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
გ--–----------–--ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე