განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003325822
საქმე №1ბ/181-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
გიორგი სვანიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ქ------- გ-----–---–ის
მსჯავრდებულის: ზ----- წ------–---–ის
ადვოკატის: მ-----– მ-----–---–ის
მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის რ---- ხ--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №007011119016) ზ----- შ----ს ძე წ------–---–ის მიმართ.
ზ----- წ------–---–ი დაბადებულია 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ლ----------------------------–-----–------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ.თ---–--–-----–---------------------------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ----- წ------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზ----- წ------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 1 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე თ---–--–----------------------------–------------------------ში ზ----- წ------–---–მა ყოფილ მეუღლეს ე---------ე ხ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სხეულზე ხელის დარტყმით განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ე---------ე ხ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 1 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე თ---–--–----------------------------–------------------------ში ზ----- წ------–---–ი ყოფილ მეუღლეს ე---------ე ხ-------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენით:
ზ----- წ------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნა გამოყენებული.
ზ----- წ------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნა გამოყენებული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.
ზ----- წ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში
ყოფნის დრო 2019 წლის 2 ნოემბრიდან 2019 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ---- ხ--------ემ.
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა - მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში პროკურორმა ქ------- გ-----–---–მა მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და დააზუსტა, რომ საჩივარში სასჯელის გამკაცრების შესახებ მოთხოვნაში გულისხმობდა ასევე დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდას პენიტენციურ დაწესებულებაში, ვინაიდან მისი პირობითად ჩათვლა მსჯავრდებულის პიროვნებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკების გათვალისწინებით მიაჩნია ლმობიერად. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ზ----- წ------–---–ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. აპელანტი თვლის, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი უსამართლოა, ვინაიდან ჩადენილი დანაშაულის მასშტაბები (ჩადენილია დანაშაულის ორი ეპიზოდი) არ იქნა გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის დროს, რაც ვერ უზრუვნელყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც გამოიხატება სამართლიანობის აღდგენაში, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციაში.
მსავრდებულმა ზ----- წ------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-----– მ-----–---–მა შესავალ და დასკვნით სიტყვებში, ასევე მსჯავრდებულმა თავის საბოლოო სიტყვაში ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირეს და სახეზე არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97 - §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90 - §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93 - §43). ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი ზ----- წ------–---–ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის კუთხით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამ თვალსაზრისით სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ----- წ------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებების - დაზარალებულ ე---------ე ხ-------ის, მოწმეების დ----- ხ-------ის, ო---- და მ---- მ-------–---–ების, რ------- ო---–---–ის, ნ--–- ბ---------ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის სახით ზ----- წ------–---–ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და დათვალიერების ამსახველი ფოტომასალით, შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შედეგად პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზ----- წ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები. ზემოხსენებული მტკიცებულებები საქართველოს სსსკ–ის 73–ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და ისინი შეთანხმდნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებზე.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლიში მითითებულია, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლიანად:
,,1) განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში,2) განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და
3) განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა ზემოაღნიშნული ნორმების გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რომელთა ჩადენასაც იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს. დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. დგინდება ისიც, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, შერიგებულია დაზარალებულთან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი დღეისთვის ამოწურულია და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე შემცირდა.
ბრალდების მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და პირობითი მსჯავრი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, პალატა განმარტავს შემდეგს: ზ----- წ------–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს საბოლოოდ განუსაზღვრა მითითებული მუხლებით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ ზ----- წ------–---–ის მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ ზ----- წ------–---–ის მიმართ დანიშნულმა მსუბუქმა სასჯელმა შეიძლება, შექმნას ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ვინაიდან ასეთის დამადასტურებელი მტკიცებულება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია და არც მყარი არგუმენტები დაუსახელებია. როგორც აღინიშნა, მსჯავრდებული დღეისათვის შერიგებულია დაზარალებულთან და ოჯახური კონფლიქტი, რომელმაც განაპირობა დანაშაულის ჩადენა, ამოწურულია. ზ----- წ------–---–მა როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი. დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დგინდება რაიმე ისეთი გარემოებების არსებობა, რომელიც მიუთითებდა პირობითი მსჯავრის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე და იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის ამგავრი ფორმით მოხდით შეუძლებელი იქნება სასჯელის ზოგადი მიზნების მიღწევა.
პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. გარდა ამისა, ზ----- წ------–---–ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში და არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. პალატას მიჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ზ----- წ------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ ზ----- წ------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაულები, მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენამდე არ ყოფილა ნასამართლევი, ოჯახურ კონფლიქტს წარსულში ადგილი არ ჰქონია, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ წარმოადგენს საჭიროებას მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება. პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრით მსჯავრდებულზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნ--–- შედეგები საკმარისი შემაკავებელი ფაქტორია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციისათვის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ზ----- წ------–---–ის მიმართ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების კვალიფიკაციის თვალსაზრისით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის რ---- ხ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ზ----- წ------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის რ---- ხ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ზ----- წ------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ზ----- წ------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნას გამოყენებული.
ზ----- წ------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნას გამოყენებული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ზ----- წ------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.
ზ----- წ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 2 ნოემბრიდან 2019 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით.
ზ----- წ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანიოლი თანხა.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთმტკიცება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე