განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119-03178168
საქმე №1/ბ-85-2020წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ------ გ------ის ძე ბ--------ას მიმართ დაბადებული: 199- წლის 06 ნ--------ს, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, დ. ა----–-----–ის გამზირი №-------, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
ნ------ ბ--------ას ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 03 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქუთაისში დავით ა----–-----–ის გამზ. №--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ------ ბ--------ამ თავის მეუღლეს, მ---- დ-------–---–ს, არასრულწლოვანი შვილის - ბ-------ე ბ--------ას თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: პირსახოცი რამდენჯერმე დაარტყა ზურგისა და ხელის არეში, ასევე ფეხი დაარტყა საჯდომის არეში, რის შედეგადაც მ---- დ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ნ------ ბ--------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ნ------ ბ--------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ნ------ ბ--------ას განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ---- ზ-------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ნ------ ბ--------ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასა ერთობლიობაში, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდნენ ნ------ ბ--------ას ბრალეულობას, გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. სასამართლომ განაჩენის გამოტანისას მხედველობაში არ მიიღო უდაოდ ცნობილი კონკრეტული მტკიცებულებები კერძოდ: მოწმების - ა--------------------------------------------------------- გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერის მასალები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ადასტურებენ ნ------ ბ--------ას მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს. სასამართლოს შეფასება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს განმარტებას და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, რომლის მიხედვითაც არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. უზენაესი სასამართლოს განმარტებით არ შეიძლება დაზარალებულ პირზე გადავიტანოთ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად გადამწყვეტი პასუხისმგებლობა.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ---- დ-------–---–მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ.
ბრალდებულმა ნ------ ბ--------ამ გამოყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება და არ მისცა ჩვენება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმ----სი არ არის წარდგენილი ბრალდებით ნ------ ბ--------ას დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა მ---- დ-------–---–მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება მათი ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნ------ ბ--------ას მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და საკმ----სი იქნებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, ნ------ ბ--------ას დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად, სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია, კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თ---------–--ების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ნ------ ბ--------ას მსჯავრდება, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ნ------ ბ--------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ნ------ ბ--------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ნ------ ბ--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული ხ------- კ--–-----–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე სამტრედია, თ---------–--ის ქუჩა №12 (ს/კ 3-----------) - გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში.
ნ------ ბ--------ას განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე მაკა გორგოძე