განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2020
საქმის ნომერი
060100119003213958
ინსტანცია
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100119003213958

საქმე №1/ბ-72-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07 თ--------–ი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ც---–- გ------ის ასული კ------ის მიმართ დაბადებული: 197- წლის 4 თ--------–ს, პირადი ნომერი:5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ხონი, კ------ის ქ. №19-ში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ც---–- კ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ც---–- კ------ემ, 2019 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, ხონში, კ------ის ქ. №19-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა დაზე - ს------- კ------ეზე, კერძოდ, ამ უკანასკნელს მარცხენა მკლავის არეში რამდენჯერმე დარტყა ხელი, ასევე, ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხისა და მუცლის არეში. აღნიშნულის შედეგად ს------- კ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ც---–- კ------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

 

ც---–- კ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

გამართლებულ ც---–- კ------ეს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ--- გ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ც---–- კ------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითად განხილვისას დაზარალებულმა ს------- კ------ემ და მოწმე მ----- კ------ემ გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ც---–- კ------ის ბრალდების სს საქმეზე დოკუმენტების სახით შეკრიბა და სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამის მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, მოწმეების: ლ-–----------------------------------------------–---–---–----------------------------------–--–------------------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი, შესაბამისი ოქმები და სხვა მტკიცებულებები.

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს პირველი ინსტაციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და ც---–- კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის შესაბამისად განესაზღვროს მას მკაცრი სასჯელი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებული ც---–- კ------ის ახლო ნათესავმა, კერძოდ, დამ - დაზარალებულმა ს------- კ------ემ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

მოწმე მ----- კ------ემ საქმის არსებითი განხილვის დროს ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის - შვილის ც---–- კ------ის წინააღმდეგ.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეთა მიერ დაიკითხა მოწმე ლ-–- ო-------ა, რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ არცერთი მტკიცებულება არ არის სადავო და ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად როგორც პრეიუდიცია.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით ც---–- კ------ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა ს------- კ------ემ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ც---–- კ------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, ც---–- კ------ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია, კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.

 

როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ც---–- კ------ის მსჯავრდება, რის გამოც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ც---–- კ------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

ც---–- კ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

გამართლებულ ც---–- კ------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი სკამი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე