განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2020
საქმის ნომერი
040100119003057365
ინსტანცია
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 040100119003057365

საქმე №1/ბ-104-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------- დ-----ის ძე ბ------–---ის მიმართ დაბადებული: 197- წლის 18 ი------ პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული სოხუმი, სოფელი ლ--------ა, ფაქტობრივად მცხოვრები: ცაგერი, შ----- რ---------–ის ქუჩა #66. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

მ------- ბ------–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 01 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, ცაგერში, რ---------–ის ქუჩა N66 - ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მ------- ბ------–---მა არასრულწლოვანი გერის - მ------ მ------–---–ის თანდასწრებით ჩაიდინა ძალადობა ასევე არასრულწლოვანი გერის - ო----- მ------–---–ის მიმართ, კერძოდ უმიზეზოდ განაწყენებულმა და მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, მარცხენა მკლავი მოუჭირა მას კისრის არეში. მისგან თავის დაღწევა ოჯახის წევრებისა და თავად ო----- მ------–---–ის უკიდურესი ძალისხმევის შედეგად მოხდა. მ------- ბ------–---ის ქმედების შემდეგ ო----- მ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით მ------- ბ------–---ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

მ------- ბ------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

გამართლებულ მ------- ბ------–---ს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ----- ტ--–--–-–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მ------- ბ------–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და დაუსაბუთებელია. სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასა ერთობლიობაში, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებნდნენ მ------- ბ------–---ის ბრალეულობას, გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ადასტურებენ მ------- ბ------–---ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს. სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან გაეთავისუფლებინა ბრალდებულის გერები - ო-----, მ------ და ხ----- მ------–---–ები, თუმცა აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საგამონაკლისო წესით უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდება შეიძლება დაეფუძნოს ირიბ მტკიცებულებებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმარისად სანდოა. ამასთან, მნიშვნელოვანია მოცემული მტკიცებულებების გამოყენებისას მოხდეს იმის უტყუარად დადგენა, რომ ირიბი მტკიცებულებების გამოყენება აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ო----- მ------–---–მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის (მისივე განმარტებით მამად მიჩნეული მამინაცვლის) წინააღმდეგ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ხ----- მ------–---–მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის (მისივე განმარტებით მამად მიჩნეული მამინაცვლის) წინააღმდეგ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- ც--–--–---–მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის (ქმრის) წინააღმდეგ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ მ------–---–მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის (მისივე განმარტებით მამად მიჩნეული მამინაცვლის) წინააღმდეგ.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, კერძოდ სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული, მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და შესაბამისად მოწმეთა სიიდან ამოირიცხა მოწმეები: მ--------------------------------------–--------–-------------------–-----------------------------------------–-–---–-- მ------- ბ------–---ი. ასევე უდავო მტკიცებულებად იქნა ცნობილი და მიენიჭა პრეიუდიციული ძალა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში შეყვანილი ყველა წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებს.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით მ------- ბ------–---ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა ო----- მ------–---–მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ------- ბ------–---ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, მ------- ბ------–---ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.

 

როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით მ------- ბ------–---ის მსჯავრდება, რის გამოც ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----- ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

მ------- ბ------–---ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ------- ბ------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით 2019 წლის 08 აპრილს სს ,,საქართველოს ბანკში“ შეტანილი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს ზ------ ჩ-------ს(პ/ნ 4----------).

 

გამართლებულ მ------- ბ------–---ს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - ,,112“ ოპერატიული მართვის სამმართველოდან მიღებული შეტყობინების ორი აუდიოჩანაწერი ერთ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე