განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.02.2020
საქმის ნომერი
050310019003127990
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საპენსიო
თარიღი
06.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310019003127990 (3/ბ-544-19წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი (მოპასუხეები) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი - ე---------- გ-----–-–---–ი, თ--- ბ-------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) – ლ-- ხ--------ი

 

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული განჩინება – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1.სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნა

2019 წლის 01 აგვისტოს ლ-- ხ--------მა სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 06 მაისის №0--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 ივლისის №0------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და მისთვის, როგორც თ--- ხ--------ის მემკვიდრისათვის, 5 თვის მიუღებელი პენსიის თანხის- 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ გაცემის დავალდებულების მოთხოვნით.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელი დაფუძნებულ იქნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

1.1.1. მოსარჩელის დედას - თ--- ხ--------ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის სოციალური მომსახურების ცენტრში დანიშნული ჰქონდა პენსია, რომელსაც არ შეეძლო რა გადაადგილება, მის პენსიას დამატებითი ბარათის მეშვეობით ღებულობდა იგი. ბოლო პენსია აიღო 2018 წლის ნოემბრის თვეში.

 

1.1.2. 2018 წლის დეკემბერში ლიბერთი ბანკის ბათუმის ფილიალში დაუმზადეს ახალი ბარათი.

 

1.1.3. თ--- ხ--------ი გარდაიცვალა 2019 წლის 06 აპრილს.

 

1.1.4. თ--- ხ--------ის გარდაცვალების შემდეგ ლ-- ხ--------ს საუბარი ქონდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის თანამშროემლთან-ი---- გ------–-–---–თან, რომელმაც განუცხადა, რომ 2018 წლის დეკემბერში შეჩერებული იქნა პენსია, ვინაიდან ბარათი იყო გასაახლებელი, ხოლო პენსიის გაცემის შეჩერების შესახებ წერილობითი შეტყობინება არც თ--- ხ--------ს და არც მას, როგორც მისი რწმუნებით აღჭურვილ პირს არ ჩაბარებიათ. ამდენად, თ--- ხ--------ის გარდაცვალების შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, რომ მის დედას - თ--- ხ--------ს 2018 წლის დეკემბრის თვიდან შეუჩერდა პენსიის მიღება მინდობილ პირზე გაცემული მინდობილობის ვადის გასვლის გამო, ხოლო 2019 წლის 01 მაისიდან კი თ--- ხ--------თან მიმართებით შეწყდა პენსიის გაცემა, გარდაცვალების გამო.

 

1.1.5. ლ-- ხ--------ი წარმოადგენს თ--- ხ--------ის პირველი რიგის მემკვიდრეს. მან დედის გარდაცვალების შემდეგ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა გარდაცვლილი დედის 05 (ხუთი) თვის მიუღებელი პენსიის გაცემა, მაგრამ სააგენტომ 2019 წლის 06 მაისის №0--------- წერილობითი პასუხით უარი უთხრა პენსიის გაცემაზე იმ მოტივით, რომ თ--- ხ--------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით პენსიონერის გარდაცვალებამდე შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავს.

 

1.2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგნელმა შესაგებელში დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგზე:

1.2.1. 2018 წლის 01 დეკემბერს 01 წლიანი მინდობილობის მოქმედების ვადის გასვლის გამო შეჩერდა პენსია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

1.2.2. 2018 წლის 03 დეკემბრის №0--------- წერილით თ--- ხ--------ს რეგისტრირებულ მისამართზე გაეგზავნა შეტყობინება პენსიის შეჩერებისა და სახელმწიფო გასაცემლის განახლებისათვის აუცილებელი რეგისტრაციის თაობაზე,ასევე განემარტა მისი უფლებებისა და გასაჩივრების წესის შესახებ. აღნიშნული წერილი 2018 წლის 18 დეკემბერს უკან დაუბრუნდა სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს ადრესატის მიერ მოუკითხაობის გამო.

 

1.2.3. 2019 წლის 25 აპრილს ლ-- ხ--------მა მომართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დედის - თ--- ხ--------ის პენსიის მიღების მოთხოვნით.

 

1.2.4. მოპასუხის განმარტებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების, „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში.

 

1.2.5. მოპასუხის თვალსაზრისით, 2018 წლის 01 დეკემბერს არსებობდა სამართლებრივი საფუძველი რომ ბენეფიციარი თ--- ხ--------ისთვის პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო. შესაბამისად კი, რადგან შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით განცხადება წარმოდგენილი არ ყოფილა პენსიონერის სიცოცხლის პერიოდში, 2019 წლის 06 მაისის გადაწყვეტილება მიღებულ-- განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების საფუძველზე და ასევე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და არ ეწინააღმდეგება მას.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ-- ხ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 06 მაისის №0--------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2019 წლის 12 ივლისის №0------- გადაწყვეტილებები; ამავე გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა თ--- ხ--------ის მემკვიდრეს - ლ-- ხ--------ს აუნაზღაუროს მისი დედის გარდაცვალებამდე მიუღებელი პენსიის თანხა (2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის აპრილის თვის ჩათვლით);

 

2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.1.1. მოსარჩელე ლ-- ხ--------ის დედას -აწ.გარდაცვლილ თ--- ხ--------ს, როგორც ასაკით პენსიონერს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების მიერ დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია, რომელიც გაიცემოდა მინდობილ პირზე, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე.

 

2.1.2. 2018 წლის 01 დეკემბრიდან თ--- ხ--------ს შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის მიღება, მინდობილობის ვადის გასვლის გამო.

 

2.1.3. 2019 წლის 08 აპრილის №77197001630 გარდაცვალების მოწმობის თანახმად, თ--- ხ--------ი გარდაიცვალა 2019 წლის 06 აპრილს.

 

2.1.4. 2019 წლის 25 აპრილს ლ-- ხ--------მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა დედის – თ--- ხ--------ის გარდაცვალებამდე გაუცემელი პენსიის თანხის გაცემა.

 

2.1.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 06 მაისის №0--------- წერილობითი პასუხით ლ-- ხ--------ს განემარტა, რომ თ--- ხ--------ს 2018 წლის 01 დეკემბრიდან შეუჩერდა პენსიის მიღება, მინდობილობის ვადის გასვლის გამო. პენსიონერ თ--- ხ--------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით პენსიონერის გარდაცვალებამდე შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავს.

 

2.1.6. 2000 წლის 12 სექტემბერს განმეორებით გაცემული დაბადების მოწმობით დადგენილია, რომ ლ-- ხ--------ი წარმოადგენს თ--- ხ--------ის კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეს (შვილი) .

 

2.1.7. 2019 წლის 24 მაისს ლ-- ხ--------მა საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედის – თ--- ხ--------ის გარდაცვალებამდე გაუცემელი პენსიის თანხის გაცემაზე უარის თქმის გამო.

 

2.1.8. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 ივლისის №0------- გადაწყვეტილებით ლ-- ხ--------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ბენეფიციარის სიცოცხლეში არ მოხდარა შეჩერებული პენსიის აღდგენის თაობაზე სააგენტოსათვის მიმართვა.

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლებამოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.

 

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.

 

სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, კანონმდებლობა პენსიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

 

სასამართლომ აპელირება გააკეთა ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1 -ის მე-8 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია პენსიის შეჩერება -განახლების საფუძვლები, კერძოდ პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მეორე წინადადების თანახმად, პენსია შეჩერდება ასევე, იმ გარემოების არსებობისას, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება.

 

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პენსიის გაცემის ორგანიზება ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით, ხოლო ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.

 

სასამართლომ ზემოხსენებული ნორმები შეაჯერა რა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და ასეთის სამტკიცებლად მოხმობილ მტკიცებულებებთან, მიუთითა, რომ 2018 წლის 01 დეკემბრიდან მოსარჩელე ლ-- ხ--------ის დედას – თ--- ხ--------ს შეუჩერდა პენსიის მიღება მინდობილობის ვადის გასვლის გამო. 2019 წლის 06 აპრილს თ--- ხ--------ი გარდაიცვალა, რის გამოც 2019 წლის 01 მაისიდან მის მიმართ პენსიის გაცემა შეწყდა. 2019 წლის 25 აპრილს, ლ-- ხ--------მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა დედის – თ--- ხ--------ის გარდაცვალებამდე გაუცემელი პენსიის თანხის გაცემა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 06 მაისის №0--------- წერილობითი პასუხით ლ-- ხ--------ს განემარტა, რომ თ--- ხ--------ს 2018 წლის 1 დეკემბრიდან შეუჩერდა პენსიის მიღება, მინდობილობის ვადის გასვლის გამო. პენსიონერ თ--- ხ--------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კი შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით პენსიონერის გარდაცვალებამდე შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავს. ლ-- ხ--------მა 2019 წლის 24 მაისს საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თ--- ხ--------ის გარდაცვალებამდე გაუცემელი პენსიის თანხის გაცემაზე უარის თქმის გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 ივლისის №0------- გადაწყვეტილებით ლ-- ხ--------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმაზე მითითებით, რომ ბენეფიციარის სიცოცხლეში არ მოხდარა შეჩერებული პენსიის აღდგენის თაობაზე სააგენტოსათვის მიმართვა, ლ-- ხ--------ის ადმინისტრაციულ საჩივარში დასმული მოთხოვნა, მასზე სამართლებრივი მსჯელობა და მოყვანილი არგუმენტები სააგენტომ მიიჩნია უსაფუძვლოდ.

 

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და რომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ვერ მიიღწევა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს, როგორც თ--- ხ--------ის მიდობილ პირს, ისევე როგორც თავად აწ გარდაცვლილ თ--- ხ--------ს, გარდაცვალებამდე ჰქონდა მიმართული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი სამსახურისათვის მოცემული საკითხის მოწესრიგების მიზნით. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ლ-- ხ--------ი წარმოადგენს აწ გარდაცვლილი თ--- ხ--------ის მემკვიდრეს, რომელიც ითხოვს აწ გარდაცვლილი დედის მიმართ გაუცემელი პენსიის თანხის მიღებას.

 

სასამართლომ აპელირება გააკეთა ,,სახელწმიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად ამ კანონის ძირითადი პრინციპებია: ა) ადამიანის უფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საყოველთაოობა; დ) მუდმივობა; ე) თაობათა შორის სოლიდარობა; ვ) პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა.ამასთან პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებელი უფლების წარმოშობას უკავშირებს 60 წლის ასაკის მიღწევას, ხოლო უფლების რეალიზებას - პენსიის დანიშვნას, მათ შორის შეჩერებული პენსიის შემთხვევაში მიუღებელი თანხის ანაზღაურების თაობაზე განცხადების შეტანას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ განცხადების შეტანის ობიექტური შეუძლებლობის შემთხვევაში პირისთვის კანონით მინიჭებული უფლების წართმევა ეწინააღმდეგება სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებს, გამორიცხავს პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიას და უგულვებელყოფს მოქალაქის სოციალურ საჭიროებებს.

 

სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების მიზნით მოუხმო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 96-ე-მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

რაიონულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.

 

ზემოხსენებული ნორმა შეაჯერა რა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან სასამართლომ მიუთითა, რომ ლ-- ხ--------ი წარმოადგენს რა თ--- ხ--------ის პირველი რიგის მემკვიდრეს, შვილს, მან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა მისი დედის გარდაცვალებიდან 2019 წლის 06 აპრილიდან დაახლოებით 19 დღის ვადაში – 2019 წლის 25 აპრილს, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 06 მაისის №0--------- წერილობითი პასუხი გაასაჩივრა - 2019 წლის 24 მაისს-1 თვის განმავლობაში.

 

სასამართლომ მიუთითა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების იურიდიული ძალა განისაზღვრება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ ორგანოთა (თანამდებობის პირთა) იერარქიის შესაბამისად. ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ხაზგასმით აღნშინა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი უპირატესი იურიდიული ძალით სარგებლობს ,,სახელმწიფო პენსიის /საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის № 46/ნ ბრძანებასთან მიმართებაში და რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ კანონშესაბამისად მოახდინა თავისი უფლების რეალიზაცია, რადგან მან, როგორც მემკვიდრემ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან არათუ ერთ წელში, არამედ ერთ თვეში მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს დედის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

ამდენად, რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ-- ხ--------ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ გააჩნდა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც შეეხებოდა მისი გარდაცვლილი დედის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას, ამიტომ რაიონულმა სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანად ცნო და დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ლ-- ხ--------ის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ ის გარემოება, რომ რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 03 დეკემბრის №0--------- გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა ბენეფიციარი თ--- ხ--------ისათვის პენსიის შეჩერების საკითხს, რადგან სწორედ აღნიშნული აქტის ბათილობის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი პენსიის გაცემა და არა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 06 მაისის №0--------- გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 ივლისის №0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემდეგ, რომელიც ეხება გარდაცვლილი პენსიონერის პირველი რიგის მემკვიდრისათვის პენსიის გაცემის საკითხს.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ, მართალია, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს პენსიის შეჩერების საფუძვლებს. კერძოდ, პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ - ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან : ა) პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას; ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას; გ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, საპენსიო დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე პენსიის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით, ხოლო ამავე კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემის უზრუნველყოფა.

 

აპელანტის თვალსაზრისით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანება „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და 25-ე მუხლის საფუძველზე და ემსახურება ამ კანონით დარეგულირებული ურთიერთობის მოწესრიგებას, №46/ნ ბრძანების მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომელიც განსაზღვრავს პენსიის შეჩერებას იმ გარემოების არსებობისას, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება, არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს, რომელიც განსაზღვრავს პენსიის შეჩერების სხვა საფუძველს, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.

 

აპელანტის მტკიცებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანება, „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ დამატებით აწესრიგებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფუძვლებს, რომელიც ამ კანონიდან გამომდინარეობს. სხელდობრ,მოხმობილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში.

 

სააპელაციო საჩივრის დასაბუთების მიზნით აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (№ბს-365-360(კ-16)) (№ბს-78-78(კ-18)) სადაც მითითებულია, რომ „პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება“.

 

ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა და პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან, საპანესიო ასაკს მიღწეულ პირს ავტომატურად არ წარმოეშობა/ენიშნება პენსია. მის დასანიშნად იგი ვალდებულია მიმართოს კომპეტენტურ ორგანოს და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენლის თვალსაზრისით, პენსიონერის მემკვიდრისთვის შეჩერებული პენსიის გაცემა, თუ პენსიის გაცემის თაობაზე მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ არ განხორციელებულა პენსიონერის სიცოცხლეში, უსაფუძვლოა, რადგან ისევე როგორც პენსიის დანიშვნის დროს არის აუცილებელი საპანესიო ასაკს მიღწეულმა პირმა გამოხატოს ნება და ამის საფუძველზე იქნას მიღებული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ასევე პენსიის შეჩერების შემთხვევაში არის აუცილებელი პენსიონერმა თავად, ან მისი რწმუნებული პირის მეშვეობით გამოხატოს ნება შეჩერებული პენსიის განახლების თაობაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების, სააპელაციო საჩივრის მოტივების შესწავლა-გაანალიზების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, წინამდებარე განჩინების 2.1.1.- 2.1.8. პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე გამეორების გარეშე და ამასთან დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 06 მაისის №0--------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 ივლისის №0------- გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს. სადავო აქტების ბათილად ცნობას მოსარჩელე ლ-- ხ--------ი ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი აწ გარდაცვლილი დედის მიუღებელი პენსიის გაცემაზე უარი უკანონოდ ეთქვა იმ მოტივით, რომ არც მის დედას -თ--- ხ--------ს, როგორც პენსიონერს და არც მას, როგორც მისი ნდობით აღჭურვილ პირს, შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით პენსიონერ თ--- ხ--------ის გარდაცვალებამდე შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავთ. მისივე განმარტებით, თ--- ხ--------ზე პენსიის გაცემის 2018 წლიდან შეჩერების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ თ--- ხ--------ის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მან მიუღებელი პენსიის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა სააგენტოს, სადაც ჯერ სატელეფონო საუბრის გზით ზეპირსიტყვიერად ეცნობა აღნიშნულის თაობაზე, შემდეგ კი გასაჩივრებული აქტების დასაბუთებაში ჰპოვა აღნიშნულმა ასახვა იმგვარად, რომ დედის -პენსიონერ თ--- ხ--------ის სიცოცხლეში მასთან მიმართებით პენსიის შეჩერების შესახებ წერილობითი შეტყობინება არ ჩაბარებიათ არც უშუალოდ თ--- ხ--------ს და არც მას, როგორც მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო ამავე ქარტიის მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს. მაგალითად, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული გამოიხატება ადეკვატური სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციას განსაზღვრავს საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. მითითებული კანონის ძირითადი პრინციპებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობა, საყოველთაობა, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია და ა.შ. პენსიის მიღებასთან დაკაშვირებული სამართალურთიერთობები რეგულირდება ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“. ამდენად, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციის უზრუნველყოფა.

პალატა მიუთითებს დასახელებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის მიღწევა, ხოლო მე-12 მუხლის მიხედვით, პენსიონერი უფლებამოსილია, მიიღოს პენსია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს პენსიის შეჩერება/განახლების საფუძვლებს. კერძოდ, შეჩერების საფუძველია პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ კი წარსული დროისათვის მიუღებელი თანხა ანაზღაურდება შეჩერებიდან არა უმეტეს 1 წლის პერიოდისათვის. ამავე კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრულია აგრეთვე პენსიის შეწყვეტის წესი და პირობები, კერძოდ, 1-ლი პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება - პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.

სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასახელებული კანონის მე-18 მუხლის თანახმად, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. შესაბამისად, პენსიონერი უფლებამოსილია, მიიღოს პენსია მისი დანიშვნიდან შეწყვეტამდე - სრული პერიოდის განმავლობაში.

საპელაციო პალატა მიუთითებს, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის მიხედვით, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის დამტკიცებულ ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ შესახებ ბრძანების მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, პენსია მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეჩერდება, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. პალატა განმარტავს, რომ პენსიის შეჩერება არ გულისხმობს სამართლებრივ შედეგად პენსიის მიღების უფლების შეზღუდვას, იგი შესაძლოა განხილულ იქნეს, როგორც პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის ვარაუდი.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, საქმის მასალებში (ს.ფ.44 ) წარმოდგენილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 03 დეკემბრით დათარიღებული #0--------- წერილობითი მიმართვა თ--- ხ--------ისადმი, რომლის შინაარსითაც დგინდება, რომ ამ უკანსკნელის მიმართ 2018 წლის 01 დეკემბრიდან განხორციელდა სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება, თუმცა საქმის მასალებით ასევე უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ზემოხსენებული წერილი ჩაუბარებელი სახით ამავე წლის 18 დეკემბერსვე დაუბრუნდა სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს, მიზეზად კი მიეთითა ,,მოუკითხაობა“ (იხ.ს.ფ.47). ამდენად, სააპელაციო სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სასამართლო სდომაზე გადმოცემულ განმარტებას იმის შესახებ, რომ არც თ--- ხ--------ისათვის და არც მისთვის, როგორც ამ უკანსკნელის რწმუნებით აღჭურვილი პირისათვის, თ--- ხ--------ის სიცოცხლეში ცნობილი არ ყოფილა სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების თაობაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2017წ. გადაწყვეტილება, საქმე #ბს-365-360(კ-16), 27.03.2018 გადაწყვეტილება , საქმე #ბს-400-397(კ-17) თანახმად, განიმარტა, რომ „სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობის არსებობა არ არის საკმარისი. ასე მაგ.: პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას, ასეთ შემთხვევაში მოქალაქის განცხადების საფუძველზე იწყება ადმინისტრაციული წარმოება, რომლის შედეგადაც, თუ მოქალაქის ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ მოთხოვნებს და განცხადებას ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი, საჯარო დაწესებულება ახდენს პენსიის დანიშვნის შესახებ მოქალაქის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, ე.ი. ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი არის პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა, პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსათვის მიმართვა, აქტის გამოცემა. ამდენად, სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით. კანონი განსაზღვრავს წინაპირობებს, რომელთა არსებობისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩაებას კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებში, კანონით განსაზღვრული აბსტრაქტულ-გენერალური მოწესრიგება საჭიროებს მისი კონკრეტულ-ინდივიდუალური შემთხვევისადმი მისადაგებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტის გამოცემის მეშვეობით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ ის არის კანონის მოთხოვნების ცალკეულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირებზე გავრცელების საშუალება. სახელმწიფო ხელისუფლება კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად თავისი საქმიანობით უშუალოდ კი არ უპირისპირდება მოქალაქეს, არამედ გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც მიიღება კონკრეტული ზომა, როგორც სამართლიანი, განსაზღვრული და სავალდებულო ძალის მქონე ქმედება. სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქმნის აქტის ამოქმედების შემდგომ მისი თვითაღსრულების პირობას. აღნიშნულში ვლინდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებითსამართლებრივი მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას პირის ნების საწინააღმდეგოდ, მის ხელთ არსებული კანონით დადგენილი აღსრულების საშუალებების გამოყენებით აღასრულოს აქტი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების სამართლებრივი ფუნქცია იმაში ვლინდება, რომ ის არის აღსრულების დაწყების აუცილებელი წინაპირობა“.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ. საქმის მასალებით არ დასტურდება პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების არც ადრესატისათვის და არც მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარების ფაქტი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ძირითადი პროცედურული ვალდებულების შესრულების შემდეგ უშუალოდ თ--- ხ--------ისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის აქტის ჩაბარების შემთხვევაში ადგილი ექნებოდა პენსიის შეჩერების საფუძველს და დადგებოდა იგივე შედეგი, არ დასტურდება, რომ რომ ლ-- ხ--------ი, როგორც თ--- ხ--------ის წარმომადგენელი არ მიმართავდა სოციალური მომსახურების სააგენტოს და არ აღმოფხვრიდა სახელმწიფო პენსიის შეჩერების საფუძველს და შეჩერების აქტის გამოცემის პროცედურის დაცვის შემთხვევაში დადგებოდა იგივე შედეგი. პირიქით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მას სწორედ 2018 წლის დეკემბრის თვეში დაუმზადეს ახალი დამატებითი ბარათი. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მიმართებით რაიმე არგუმენტაცია არ წარმოუდგენია. ამდენად, ადგილი აქვს ისეთ მნიშვნელოვან პროცედურულ დარღვევას, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გამარტივებული წარმოება, პროცედურის ეკონომიურობისა და ეფექტურობის მოთხოვნები, არ გულისხმობს ადრესატისათვის აქტის გამოცემის საფუძვლებისა და გამოცემული აქტის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობას, მით უფრო სოციალური დაცვის სამართალწარმოებაში აუცილებელი განსაკუთრებული კეთილსინდისიერების მოთხოვნის, აგრეთვე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით განსაზღვრული საყოველთაობის, მუდმივობის, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიის პრინციპების (მე-3 მუხ.) გათვალისწინებით. მოცემული საკითხისადმი ძალზე ფორმალური მიდგომით (მხოლოდ ერთხელ გაგზავნით) კი ხელყოფილ იქნა კანონით დაცული ქონებრივი სიკეთე.

საპელაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ზეპირად გამოცემული აქტისაგან განსხვავებით, წერილობითი აქტის მიმართ მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-58-ე მუხლების მოთხოვნები. ამავე კოდექსის 54-55-ე მუხლებიდან გამომდინარე, დადგენილია აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების შესაძლებლობა მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებას არ ითვალისწინებს, ასეთი აქტები ძალაში შედის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების დღიდან. ამდენად, რადგან პენსიის შეჩერების აქტი ადმინისტრაციულ ორგანოს მხარისთვის არ გაუცვნია, არ მომხდარა მისი ძალაში შესვლაც. ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეეჩერებინა მისთვის პენსიის ჩარიცხვა, რომელიც კანონიერ ძალაში არ იყო შესული.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებულ დავაში მტკიცების ტვირთი ეკისრება არა ადრესატს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს. სახელმწიფო გასაცემლების შეჩერება-შეწყვეტის შესახებ აქტები ძალაში შედის მისი ადრესატისათვის ჩაბარების დღიდან. განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესის - პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებების დაინტერესებული პირისათვის ჩაბარება, შესაბამისად, არ დასტურდება აგრეთვე მისი ძალაში შესვლაც.

აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტის გაუქმების სამართლებრივ დასაბუთებას აფუძნებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის დამტკიცებულ ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ შესახებ ბრძანების მე-10 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნა შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში, თუმცა სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუღებელი პენსიის გაცემის საკითხი განსხვავებულად არის მოწესრიგებული ზემოხსენებულ ნორმატიულ აქტებში, რომელიც თავის მხრივ, სადავო ურთიერთობას აწესრიგებს. შესაბამისად, პალატას მართებულად მიაჩნია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის ინტერპრეტირება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. მოხმობილი კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს პენიის დანიშვნისა და მისი გამოცემის განახლებისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, ასევე საპენსიო დოკუმენტების წარმოებისა და პენიის გაცემის წესები.

სააპელაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - მიულერი ავსტრიის წინააღმდეგ (Mულლერ ვ. Aუსტრია ნ5849/72), სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე არ არსებობს ხანდაზმულობის პენსიის ზოგადი უფლება, თუმცა არსებობს საკუთრების უფლება, რათა პირმა, თუ იგი აკმაყოფილებს სახელმწიფოს მიერ კანონის საფუძველზე დაწესებულ პირობებს მიიღოს აღნიშნული თანხა. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - სტეკი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (სტეც ანდ ოტჰერს ვ. ტჰე უნიტედ კინგდომ ნ65731/01, ნ65900/01). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პრეცედენტულ სამართალში, შენატანების საფუძველზე უზრუნველყოფილი დახმარების საქმეები გამიჯნა იმ საქმეებისგან, რომელიც შენატანებთან არ იყო დაკავშირებული და ახალი მიდგომის თანახმად, დაადგინა, რომ თუ მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს სოციალური კეთილდღეობის დახმარებას - შენატანების წინასწარი გადახდის ან გადაუხდელობის პირობით, ასეთი კანონმდებლობა განხილული უნდა იქნეს, როგორც მესაკუთრის ინტერესის წარმომშობი, რაც პირველი ოქმის 1-ლი მუხლის - საკუთრების უფლების ფარგლებში ექცევა. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში მრავალი ადამიანი, სრულად ან ნაწილობრივ, სოციალურ დახმარებებზეა დამოკიდებული. მრავალი შიდასახელმწიფოებრივი სისტემა აღიარებს, რომ ასეთ პირებს სჭირდებათ საიმედოობისა და უსაფრთხოების გარკვეული ხარისხი.

სააპელაციო პალატა ხაზგასმით განმარტავს, რომ მართალია, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შესაძლებელია მოწესრიგდეს ამა თუ იმ უფლებით სარგებლობის პროცედურები, მოცემულ შემთხვევაში კი პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესები, მაგრამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით კანონით აღიარებული უფლების შეზღუდვა არ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს, რამეთუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით სოციალური უფლებები, ამ შემთხვევაში კი პენსიის მიღების უფლება, გათანაბრებულია საკუთრების უფლების სამართლებრივ მახასიათებლებთან, რაც პენსიის მიღების უფლებაზე ავტომატურად ავრცელებს საკუთრების უფლებაზე მოქმედ სამართლებრივ წესრიგს.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვალს დამტკიცებულ ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ შესახებ ბრძანება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს ემსახურება და მის საფუძველზეა გამოცემული, შესაბამისად, ნორმათა არსებული კონკურენციის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს საქართველოს კანონს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, რომლის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, როგორც უკვე განიმარტა, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. შესაბამისად, პენსიონერი უფლებამოსილია, მიიღოს პენსია მისი დანიშვნიდან შეწყვეტამდე - სრული პერიოდის განმავლობაში.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ლ-- ხ--------ს აქვს კანონისმიერი სამართლებრივი საფუძველი მიიღოს აწ გარდაცვლილი დედის- თ--- ხ--------ის კუთვნილი პენსია, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ იგი წარმოადგენს თ--- ხ--------ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს - შვილს. ამასთან უტყუარად დადგენილია, რომ მან თ--- ხ--------ის მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა დედის გარდაცვალებიდან (2019 წლის 06 აპრილიდ) არათუ ერთი წლის, არამედ 19 დღის ვადაში – 2019 წლის 25 აპრილს, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 06 მაისის №0--------- წერილობითი პასუხი გაასაჩივრა 2019 წლის 24 მაისს, 1 თვის განმავლობაში. ამასთან საქმეზე არც პირველი და არც სააპელაციო სასამართლოების მიერ დადგენილი არ არის სხვა გარემოება, რომელიც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად იქნებოდა განხილული.

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო მისი მათხოვნის დაკმაყოფილებას. შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სწორი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე და ამდენად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

6.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ განსახილველ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, სააპელაციო საჩივარი კი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას არ ეკისრება სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 და 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე ნანა კალანდაძე