განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160140019003099669, №1ბ/107-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო---- თ--------ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ა----- ა-----ის ძე კ---–-----------ი - დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–--------–----–---------------------------;
ადვოკატი - ზ------ დ--–---–---–ი.
თარჯიმანი - ა---- ს---–---------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.
სასჯელი:
10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა ან დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ ა----- კ---–-----------ს განუსაზღვრა მკაცრი სასჯელი, რის გამოც განაჩენი იძენს უსამართლო ხასიათს, მსჯავრდებულმა გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ჰყავს ოთხი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, აღნიშნული ოჯახური პირობები და თანამშრომლობის მაღალი ხარისხი არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი, სააპელაციო საჩივარი).
ბრალდების მხარის პოზიცია - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა საქმეში არსებული ყველა შემამსუბუქებელი გარემოება ა----- კ---–-----------ის მიმართ (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი, სააპელაციო საჩივრის შესაგებელი).
სასამართლომ დაადგინა:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენით, ა----- კ---–-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩა-----ა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
ა----- კ---–-----------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 17.0447 გრამს, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2019 წლის 11 ივლისს, 15:45 საათზე, ქ-----------––-----------ს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის დროს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენით, ა----- კ---–-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ა----- კ---–-----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 11 ივლისიდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ა----- კ---–-----------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, დაცვის მხარის მიერ განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ა----- კ---–-----------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა----- კ---–-----------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებების (მოწმე ლ-–-----------ის და გ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 11 ივლისის პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება, ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნა და ასევე საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები) ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ ა----- კ---–-----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
სასჯელის დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა----- კ---–-----------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ------ დ--–---–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ვინაიდან, აღნიშნული ნივთიერებები არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით, აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებადაა შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიციით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული კი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ა----- კ---–-----------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
დაცვის მხარის მოთხოვნაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის დანიშვნასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული შეღავათის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან, ნარკოტიკული საშუალების შენახვა წარმოადგენს დენად დანაშაულს და დამთავრებულად ითვლება ქმედების შეწყვეტის მომენტიდან. ნარკოტიკული საშუალების ამოღება, ანუ ამ დანაშაულის შეწყვეტა, მიუთითებს დანაშაულის ჩადენისას წასწრებაზე. მოცემულ შემთხვევაში, ა----- კ---–-----------ისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღება განხორციელდა პირადი ჩხრეკის დროს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. პალატის აღნიშნულ პოზიციას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკაც (მაგალითისთვის იხილეთ 2019 წლის 13 სექტემბრის №190აპ-19 განჩინება).
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას სასჯელის მინიმუმამდე შემცირების თაობაზე, პალატას არ მიაჩნია მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო: დანაშაულის ხასიათი, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას, წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვისაც. უნდა აღინიშნოს, რომ მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა და ქმედების განხორციელების სახე (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა), ნარკოტიკული საშუალების სახეობა („ჰეროინი“) და მისი ოდენობა (17,0447 გრამი, როდესაც აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების საწყისი ოდენობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილისთვის განსაზღვრულია 1 გრამიდან) არ იძლევა სასჯელის შემცირების საფუძველს.
სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება მიაქცია სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გაითვალისწინა ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემცირებაზე. ოჯახური მდგომარეობა, ა----- კ---–-----------ის მიერ დანაშაულის აღიარება და სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ხელშეწყობა მხედველობაში იქნა მიღებული სასჯელის დანიშვნისას და გამოხატულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციის ფარგლებში დანიშნული მინიმუმთან მიახლოვებული სასჯელით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთით. დანიშნულ სასჯელს პალატა ასევე მიიჩნევს სამართლიანად, ვინაიდან, წარდგენილი ბრალდების ხასიათიდან, ნარკოტიკული საშუალების სახეობიდან, ოდენობიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა ხელს ვერ შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას. რაც შეეხება გამოძიებასთან თანამშრომლობის ფაქტს, საქმის მასალების მიხედვით ასეთი გარემოება არ დგინდება და მხოლოდ დანაშაულის აღიარებას პალატა ვერ მიიჩნევს თანამშრომლობად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი ა----- კ---–-----------ის მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი, დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა----- კ---–-----------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ------ დ--–---–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენი.
ა----- კ---–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა----- კ---–-----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 11 ივლისიდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ა----- კ---–-----------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს და უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაიწყოს პენიტენციურ დაწესებულებაში განსაზღვრული სასჯელის მოხდის შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე