განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100119003211634
საქმე №1/ბ-38-2020წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 თ--------–ი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე პ------ თ----------ის ძე კ--------ის მიმართ დაბადებული: 196- წლის 01 თ--------–ს, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: სამტრედია, დ.ა----–-----–ის გამზირი #222. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
პ------ კ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯამრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლით.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, პ------ კ--------ემ, ურთიერთშელაპარაკებისას, ქ. სამტრედია, დ. ა----–-----–ის გამზირი N222-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, პლასტმასის ტაშტი ესროლა მეუღლეს მ------ შ----ას, რომელსაც იგი მოხვდა მარცხენა ხელში. აღნიშნულით მ------ შ----ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენით პ------ კ--------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
პ------ კ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
გამართლებულ პ------ კ--------ეს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ--- გ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და პ------ კ--------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას და სსკ-ის 531-ე მუხლის საფუძველზე მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითად განხილვისას დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდებამ პ------ კ--------ის ბრალდების სს საქმეზე დოკუმენტების სახით შეკრიბა და სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვის მიღმა სტანდარტის შესაბამის მტკიცებულებათა ერთობლიობა. კერძოდ, მოწმე გ------- ხ----–--–--ას, მ------ დ---–-–---–ის, გ------- ლ-----–---–ის, გ------- ქ---------ის, გ------- ხ-----ას ჩვენებები, ექსპერტ შ----- თ------ის ჩვენება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე (დაზარალებული) მ------ შ----ამ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - პ------ კ--------ის მიმართ.
სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა პ------ კ--------ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.
მოწმის სახით დაკითხულ სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის გ------- ხ----–--–--ას ჩვენების თანახმად, მან აწარმოა გამოძიება მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი მ. შ----ას მონაწილეობით, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ პ. კ--------ემ ესროლა ტაშტი, რომელიც მოხვდა ხელში და განიცადა ტკივილი. ასევე ესროლა სკამი.
მოწმის სახით დაკითხულ სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ მ------ დ---–-–---–ის ჩვენების თანახმად, ამ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა მ------ შ----ა, რომელმაც განაცხადა, რომ პ. კ--------ის მიერ სახლში მიტანილი ყვავილის გაჩუქების გამო მოუვიდათ კონფლიქტი, რა დროსას პ. კ--------ემ ესროლა სკამი, ხოლო შემდეგ ტაშტი, რომელიც მოხვდა ხელში.
მოწმის სახით დაკითხულ სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებელ გ------- ლ-----–---–ის ჩვენების თანახმად, მან განსახილველ ფაქტთან დაკავშირებით პ------ კ--------ის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ-კრიმინალისტ გ------- ქ---------ის ჩვენების თანახმად, მან მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში გამომძიებელ გ. ხ----–--–--ასთან ერთად. დათვალიერებისას მ------ შ----ამ მიუთითა პლასტმასის ტაშტზე და სკამზე და განმარტა, რომ მეუღლემ ესროლა ორივე. სკამი აცდა, ტაშტი კი მოხვდა ხელში და ეტკინა. დათვალიერებისას ამოიღეს ტაშტი და სკამი.
მოწმის სახით დაკითხულ გ------- ხ-----ას ჩვენების თანახმად, პ------ კ--------ე და მ------ შ----ა არიან მისი მეზობლები. 2019 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 7-8 საათზე მათი სახლიდან შემოესმა პ------ს ხმამაღალი ხმა და დაუძახა, პ------ როგორ ხარო. უპასუხა მ------ შ----ამ, რომ ყვავილს თხოვდა პ------. გადაიხედა მათ ეზოში და დაინახა, რომ პ------ იჯდა სკამზე და წინ რაღაც ედო, ვერ გაარკვია რას აკეთებდა. ჩხუბი ან ძალადობა მას არ დაუნახავს და არც გაუგია.
მოწმის სახით დაკითხულ სასამართლო სამედიცინო ექსპერტ შ----- თ------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 31.08.2019წ. 00:40-00:49 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე მ------ შ----ას სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
2019 წლის 31 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. სამტრედიაში დ. ა----–-----–ის გამზირი N222-ში და იგი წარმოადგენს მ------ შ----ას საცხოვრებელ სახლის პირველი სართულის აივანს და ეზოს, რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრება გ------- ხ-----ას სახლი, დასავლეთით გ------ ხ----–--–--ას სახლი, ჩრდილოეთით მიწის ნაკვეთები, ხოლო სამხრეთით ცენტრალური საავტომობილო გზა. ეზოში შევდივართ სამფრთიანი ლითონის ჭიშკრის გავლით, აღმოსავლეთის მხარეს არის ლითონის ღობე, სადაც ღობესთან კუთხეში აგდია მომწვანო ფერის ტაშტი, რომელზედაც მიუთითა მოწმე მ------ შ----ამ და განმარტა, რომ აღნიშნული ტაშტი მას ესროლა მისმა მეუღლემ პ------ კ--------ემ, რომელიც მოხვდა მარცხენა მკლავში რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის აივანზე ოთახში შესასვლელი ხის კარების გვერდით დგას ხისა და ლითონის კონსტრუქციის სკამი, მოწმე მ------ შ----ამ მიუთითა აღნიშნულ სკამზე და განმარტა, რომ აღნიშნული სკამი მას ესროლა მისმა მეუღლემ პ------ კ--------ემ, რომელიც მას ასცდა და არ მოხვედრია. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ იქნა ერთი ცალი სკამი, რომელიც დაილუქა სამტრედიის პოლიციის ლუქის ბეჭდით 33/7, ასევე ამოღებულ იქნა მომწვანო ფერის ტაშტი, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად სამტრედიის რაიონული სამმართველოს ბეჭდით 33/7, ლუქებზე მონაწილე პირების მიერ გაკეთდა ხელმოწერები. შემთხვევის ადგილი ფოტოგრაფირებული იქნა რაც ერთვის ოქმს. ამით დასრულდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით პ------ კ--------ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა მ------ შ----ამ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პ------ კ--------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, პ------ კ--------ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით პ------ კ--------ის მსჯავრდება, რის გამოც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
პ------ კ--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
პ------ კ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
გამართლებულ პ------ კ--------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი ხის და რკინის კონსტრუქციის სკამი და პლასტმასის თასი (ტაშტი), რაც ინახება შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე მაკა გორგოძე