განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2020
საქმის ნომერი
120100119003232687
ინსტანცია
თარიღი
06.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119003232687

საქმე №1ბ/259-20 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ს---------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 21 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №4----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ახალციხე, ს------–------–-სში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ს---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირთადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.

ს---------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, ე. ი. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 8 მაისს დაახლოებით 08:50 საათზე „ხაშური-ახალციხე-ვალე“-ს საავტომობილო გზის 83-ე კმ-ზე, ახალციხის რაიონის ს------–------–-სის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვალედან ახალციხის მიმართულებით თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობდა სამი ა/მანქანა. წინ მოძრაობდა ავტომობილი „ფორდ ტრანზიტი“, ნომრით Q------, რომელსაც მართავდა ს---------------ი, მას უკან მიყვებოდა ა/მანქანა „ოპელ ასტრა“, ნომრით Q--------, რომელსაც მართავდა რ------–---–---–ი, ხოლო, „ოპელ ასტრა“-ს უკან მიჰყვებოდა დაახლოებით 90 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ა/მანქანა „მერსედეს ბენცი“, ნომრით N--------, რომელსაც მართავდა ვ-–-----------------, რომელმაც გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გასწრების მიზნით, გადავიდა შემხვედრ საპირისპირო სავალ ნაწილზე, გაუსწრო მის წინ მოძრავ ავტომობილ „ოპელ ასტრა“-ს და შემდეგ აპირებდა „ოპელ ასტრა“-ს წინ მოძრავ ავტომობილ „ფორდ ტრანზიტზე“ გასწრებას. იმ მომენტში ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტი“-ს მძღოლმა ს---------------მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რაც გამოიხატა იმაში, რომ ს---------------მა იფიქრა, რომ გადაასწრებდა მის უკან მოძრავ ავტომობილს და დაიწყო მარცხნივ მოხვევა, მარცხენა მხარეს მეორეხარისხოვან გზაზე გადასასვლელად, რა დროსაც მთლიანად გადაუკეტა გასწრებაზე გამოსულ ა/მანქანა „მერსედეს ბენცს“ სავალი ნაწილი, რის გამოც „მერსედეს ბენცი“ წინა მარცხენა ნაწილით შეეჯახა მას უკანა მარცხენა კუთხეზე. შეჯახების შედეგად, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, მარჯვენა დიდი წვივის ძვლის მოტეხილობის სახით, მიიღო ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცი“-ს მგზავრმა 09.12.---- წელს დაბადებულმა ი----–----------------–-----------მ.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მ-------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით და ს---------------ისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულ იქნა, რომ ს---------------მა ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა. გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და ვერ იქნება შემაკავებელი, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ბრალდების მხარის აზრით, თუ სასამართლო ს---------------ს სასჯელის სახით დაუნიშნავდა თავისუფლების აღკვეთას, აღნიშნული გახდებოდა საფუძველი მსჯავრდებულის მომავალში საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნებოდა დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის მის მიერ ჩადენილი ქმედების უკეთ გაცნობიერების, შეამცირებდა მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, რითაც მოხდებოდა სამართლიანობის აღდგენა.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ განაჩენის დადგენისას საერთოდ არ გაითვალისწინა დაზარალებულის პოზიცია, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე მსჯავრდებულის პიროვნება. აპელანტისთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს ხედვა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, რადგან თვლის, რომ აღნიშნული განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კი არის. ბრალდების მხარისთვის გაუგებარია, თუ რა ფაქტორმა შეუქმნა მოსამართლეს შემწყნარებლური შინაგანი რწმენა სასჯელის ნაწილში წამახალისებელი განაჩენის დადგენისას. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას ბოლომდე არ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, მსჯავრდებულის პიროვნება და სასჯელის ისეთი სახე და ზომა დაუნიშნა, რაც ხელს არ შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ს---------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ------------–-–---–მა, რომელმაც საჩივრის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ს---------------ის აღიარებით, დაზარალებულ ი---------ის ჩვენებით, მოწმეების - ნ-------------------ის, რ------–---–---–ის, ვ-–----------------ის, ა-----------ის, დ------------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული სატრანსპორტო საშუალებებით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ს---------------მა ნამდვილად ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, ე. ი. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ ს---------------მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი და სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სააპელაციო პალატა, ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომას და შესაბამისად, არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი სასჯელის გამკაცრების შესახებ შეიცავს მხოლოდ ზოგადი ხასიათის მსჯელობას და არ მიუთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძვლებზე სასჯელის ნაწილში განაჩენის საუარესოდ შეცვლისათვის. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ს---------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა არის საკმარისად მკაცრი სასჯელის მიზნების მისაღწევად, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენის გამკაცრების საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ ს---------------ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ასევე იმ გარემოებას, რომ არ არის ნასამართლევი, მის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მის მიმართ უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნას.

პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მითითებაზე, რომ ს---------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის ერთ-ერთი მიზნის - სამართლიანობის აღდგენის, მიღწევას. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანი სასჯელის დანიშვნის გზით მიიღწევა. სასჯელის შეფარდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სამართლიანობის აბსტრაქტულ იდეას და სამაგიეროს მიზღვის პრინციპის განხორციელებას. სამართლიანი განაჩენი უნდა იყოს დამნაშავის რაციონალური, მიზანშეწონილი დასჯა, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავეობასთან წარმატებულ ბრძოლას, კანონების, ასევე საერთო თანაცხოვრების წესების სათანადო დაცვას, მომავალში დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას.

ამდენად, პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ისე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენი ს---------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ს--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.

 

ს---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

 

გირაოს შემტანს ს---------------ს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს ,,საქართველოს ბანკი’’ ბანკის კოდი BAGAGE22; მიმღები ანგარიშის ნომერი G-----------------------ზე შეტანილი თანხა 2000 ლარი (შეტანილი 23.10.2019წ).

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

- ა/მანქანა ფორდ ტრანზიტი, სახელმწიფო ნომრით Q------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ს---------------ს, ხოლო ა/მანქანა მერსედეს ბენცი, სახ. ნომრით N--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ვ-–-----------------ს;

- ს---------------ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს ს---------------ს;

- ვ-–----------------ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს ვ-–-----------------ს;

- მიკრონაწილაკები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე