განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2020
საქმის ნომერი
330210117002182300
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117002182300

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/7145-19

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - შ----------------------

წარმომადგენელი - გ-----------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ-----–------------

წარმომადგენელი - ნ------–---------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შ-----------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2014 წლის 04 დეკემბერს, ნ-----–-------------- და შ------------------------“-ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გარავნობით დაიტვირთა ლ-–----------- კუთვნილი ავტომობილი - B------. ხელშეკრულების შესაბამისად 2014 წლის 04 დეკემბერს მოპასუხეს სრულად და ჯეროვნად გადაეცა სესხი 4 000 ლარის ოდენობით, 24 თვით.

 

სესხი იყო პროცენტიანი და სესხის ყოველთვიურო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 5

%-ს, შესაბამისად წლიური საპროცენტო განაკვეთი 60%-ს, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 84.2%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N112566/R ხელშეკრულება(ს.ფ 15-20)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

2.2. N112566/R სესხის გადაცემის შესახებ მხარეთა შეთანხმებით ირკვევა, რომ საკრედიტო ხაზის ფარგლებში გამსესხებელმა მსესხებელს სრულად და ჯეროვნად გადასცა სესხი 4000 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის გადაცემისთანავე მსესხებელმა სრულად და ჯეროვნად გადაუხადა სესხის გაცემის საკომისიო სესხის 4 %-ის ოდენობით (შეთანხმების 1-ლი და მე-2 პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N112566/R სესხის გადაცემის შესახებ მხარეთა შეთანხმება (ს.ფ. 21-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 22-23).

 

2.3. ნ-----–------------მ არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში, რის შედეგადაც შ-----------------------ის #30/11/16-2 გადაწყვეტილებით, განხორციელდა კომპანიის სასარგებლოდ დაგირავებული, მოპასუხის კუთვნილი ავტომობილის რეალიზაცია 1750 ლარად, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი - B------, ვინ კოდი - W----------------- სახელმწიფო ნომერი - A------- გამოშვების წელი - 1999.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება #30/11/16-2 (ს.ფ. 24);

- მხარეთა-ახსნა განმარტება;

-გაფრთხილების წერილები, შეტყობინებები გამოქვეყნებულ იქნა საჯაროდ გაზეთ „სიტყვა და საქმეში“.

 

2.4. დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, მოპასუხის საკუთრებაში არსებული, გირავნობით დატვირთული ავტომობილი, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი - B------, ვინ კოდი - W----------------- სახელმწიფო ნომერი - A------- გამოშვების წელი - 1999, 2016 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით დამრგვალებით შეფასდა 1800 ლარად, ხოლო მისი ლიკვიდური ფასი განისაზღვრა 1600 ლარის ოდენობით. ამასთან შემფასებლის სრული მომსახურების საფასური შეადგენს 100 ლარს. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 4 დეკემბერს მოპასუხის ნ-----–------------ს მიერ ჩატარებული იქნა ექსპერტიზა, რითაც ავტომანქანის ნარჩენი ღირებულება განისაზღვრა 1700 ლარით, რომლის დასკვნა გადაეცა მოსარჩელეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეფასების ანგარიში (ს.ფ. 25-30);

- 2016 წლის 20 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 31);

- მხარეთა-ახსნა განმარტება;

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო, დასავლეთ საქართველოს რგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის დასკვნა #007278615

 

2.5. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან სესხზე ბოლო გადახდა ფიქსირდება 2015 წლის 04 დეკემბერს, ჯამში 12 თვის მანძილზე გადახდილია (ყოველთვიურად 290 ლარის გადახდით) 3480 ლარი. გირავნობით დატვირთული ავტომობილი, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი - B------, ვინ კოდი - W----------------- სახელმწიფო ნომერი - A------- მოსარჩელეს გადაეცა 2015 წლის 8 დეკემბერს, რა დროსაც ხელშეკრულება შეწყდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა-ახსნა განმარტება (იხ სასამართლო სხდომის ოქმი);

- დანართი #2 (სესხის დაფარვის გრაფიკი - ს.ფ 23)

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.6. სესხზე ავტომანქანის რეალიზაციის თანხიდან არ დაფარულა აღსრულების ხარჯი და არც 250 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131 მუხლის შესაბამისა ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელში თავდაპირველად უთითებდა, რომ ავტომანქანის რეალიზაციის თანხიდან 250 ლარით დაფარა აღსრულების ხარჯები, რაც სადავო გახდა მოპასუხის მხრიდან მოსამზადებელ სხდომაზე და რასაც შემდგომში მოსარჩელეც დაეთანხმა.კერძოდ, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ უარყო თავდაპირველი განმარტება 250 ლარით აღსრულების ხარჯის დაფარვის შესახებ, ამასთან მიუთითა, რომ აღნიშნული თანხით დაიფარა პირგასამტეხლო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელემ აღიარა, რომ აღსრულების ხარჯების დაფარვა 250 ლარით არ მომხდარა, რაც საკმარისი საფუძველია ამ ნაწილში მოპასუხის პოზიციის გასაზიარებლად, ხოლო მოსარჩელის მითითება თითქოსდა 250 ლარით დაიფარა პირგასამტეხლო ახალი გარემოებაა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის დანაწესს, შესაბამისად სასამართლო ვერ იქონიებდა მსჯელობას. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული თანხა 250 ლარის ოდენობით უნდა მიემართოს ძირი თანხის დასაფარად.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.7. სასამართლომ განმარტა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით შ---------------------- და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

მხარეებს შ-----------------------ს და მოპასუხე ნ-----–------------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

2.8. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი მისი დარღვევის შემთხვევაში 60%-ის ოდენობით, წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას. შესაბამისად, 2014 წლის 04 დეკემბერს სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით ყოველთვიურად 5%-ს დარიცხვის ნაწილში. როგორც აღინიშნა სარგებლის სახით მხარეთა მიერ განსაზღვრულია ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის - 5%, რაც წლიური საპროცენტო განაკვეთით მისი დარღვევის შემთხვევაში 60%-ს შეადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულის საფუძველი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54- ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

სასამართლომ განმარტა, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.

 

სასამართლოს მოსაზრებით, გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 5%. მართალია, ამ შეთავაზებას მსესხებელი ნ-----–------------ დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც შპს „ე-----------------“ მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 60%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2014 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულების დებულება (მე-2 პუნქტი), რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ, საქმე N663-629-2015, 28.07.2015 წელი).

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს შ-----------------------ის წინაშე სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, ვალდებულება შესრულებული აქვს 12 თვის მანძილზე (ყოველთვიურად 290 ლარის გადახდით) 3480 ლარის ოდენობით, ავტომანქანის გადაცემამდე, რა დროსაც შეწყდა ხელშეკრულება, რაც დასტურდება მხარეთა განმარტებით და სესხის გადახდის გრაფიკით (იხ. სხდომის ოქმი).

 

საქმის მასალების შესაბამისად, მოპასუხე ნ-----–------------ს კუთვნილი დაგირავებული ავტომობილის რეალიზაციით მიღებული თანხით 1750 ლარით დაიფარა დავალიანების ნაწილი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გონივრულ და სამართლიან ოდენობად წლიურ საპროცენტო განაკვეთად უნდა განისაზღვროს ძირითადი თანხის - 24%. აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მოხდეს უკვე გადახდილი საპროცენტო სარგებლის შემცირება.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ყოველწლიური საპროცენტო სარგებლის 60%-დან 24%-მდე შემცირების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ნ-----–------------ს მიერ სესხზე 3480 ლარია გადახდილი, საიდანაც აღნიშნული გაანგარიშებით დასაფარი სარგებლის ოდენობა შეადგენს 960 ლარს, დარჩენილი თანხა კი 2520 ლარია, რაც გამოაკლდება ძირ თანხას და გადასახდელი ძირი თანხაა 1480 ლარი. ამასთან, ვინაიდან ავტომანქანის გადაცემა მოხდა 2015 წლის 8 დეკემბერს მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა, შესაბამისად შემდგომში სარგებლის დარიცხვა ვერ მოხდება მოპასუხეზე და მხოლოდ 2015 წლის 4 დეკემბრიდან (თანხის ბოლო გადახდიდან), 2015 წლის 8 დეკემბრამდე (ავტომანქანის გადაცემამდე პერიოდი - 4 დღის სარგებელი) 3.96 ლარია დასარიცხი, სულ დავალიანება 1483.96 ლარია. ასევე ავტომობილის რეალიზაციით მიღებული თანხის 1750 ლარის არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით გამოყენების პირობებში (მათ შორის აღსრულების ხარჯის 250 ლარის, სარგებელში ჩათვლილი თანხის 1330 ლარის) სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----–------------ს მიერ შ-----------------------ის მიმართ არსებული ვალდებულება შესრულებულია. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ავტომობილის შეფასების 100 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ერთხელ უკვე განხორციელდა აღნიშნული ავტომანქანის შეფასება, რისთვისაც მან გადაიხადა აღნიშნული მომსახურების საფასური. შესაბამისად, მას განმეორებით არ უნდა დაეკისროს, ავტომანქანის შეფასების საფასურის 100 ლარის გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არამართებულად დაადგინა, რომ „მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი მისი დარღვევის შემთხვევაში 60%-ის ოდენობით, წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას“. გაუგებარია რას ნიშნავს, „წლიური საპროცენტო განაკვეთი მისი დარღვევის შემთხვევაში...“. საპროცენტო განაკვეთი უცვლელია მისი გაცემის დღიდან მის სრულად დაბრუნებამდე და მასზე გავლენას არ ახდენს მსესხებლის მხრიდან ვალდებულებათა დარღვევის ფაქტი, ამგვარი დათქმა არ არის ხელშეკრულებაში.

 

3.1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზემოაღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც ხელშემკვრელ მხარეებს ანიჭებს შესაძლებლობას თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების პირობები, ასევე თავისუფლად აირჩიონ კონტრაჰენტი მხარე. შესაბამისად, თუ მოპასუხისათვის მიუღებელი იყო მოსარჩელის მიერ შეთავაზებული პირობები, მას შეეძლო სხვა დაწესებულებიდან აეღო სესხი. საპროცენტო განაკვეთი წლიური 60 პროცენტის ოდენობით არ აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წლიურ ეფექტურ 100%-იან ლიმიტს, ესე იგი აღიარებული ამ ლიმიტის ფარგლებში გარიგების დადების მართლზომიერება.

 

3.1.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საკრედიტო პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება არაერთი კრიტერიუმი, მათ შორის სესხის გაცემის სისწრაფე და თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული რისკები. შ---------------------- არ არის საბანკო დაწესებულება, იგი წარმოადგენს სესხის გამცემ მეწარმე სუბიექტს, რომელიც ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი პროფილის მეწარმე სუბიექტივით ოპერირებს რადიკალურად განსხვავებული საკრედიტო პროდუქტებისა და სხვა კატეგორიის მომხმარებლების ბაზარზე. კერძოდ, მოსარჩელის ტიპის კომპანიები სესხებს გასცემენ მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის დეტალური ანალიზის გარეშე და მათი საკრედიტო ისტორიის მიუხედავად. ამასთან, სესხის დამტკიცება და გაცემა ხდება განაცხადიდან არაუმეტეს ერთი საათის განმავლობაში. ამდენად, განსხვავებით საბანკო დაწესეულებებისაგან, მოსარჩელის მსგავსი კომპანიები „მუშაობენ“ კანონმდებლობით დაშვებული საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარზე, რომელიც დღეისათვის წარმოადგენს 50%-ს. ამდენად, არასაბანკო-საკრედიტო დაწესებულებების საპროცენტო განაკვეთების შედარება საბანკო პროდუქტების საპროცენტო განაკვეთებთან არარელევანტური და მკვეთრად სუბიექტური მიდგომაა.

 

3.1.4. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად და რომ მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი. მხარეთა შორის გარიგება დადებულია 2014 წლის 04 დეკემბერს, ხოლო საპროცენტო განაკვეთის რეგულაციები მიღებულია 2017 წლის 15 იანვრიდან. შესაბამისად, მანამდე დადებული ნებისმიერი გარიგება, ნებისმიერი პირობებით, რომელიც მხარეთა ნების გამოვლენით დასტურდება, არ შეიძლება ჩაითვალოს უცილოდ ბათილ გარიგებად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1.1. 2014 წლის 4 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მოპასუხეს სესხის სახით გადაეცა 4000 ლარი. მსესხებელს თანხა უნდა დაეფარა 24 თვის ვადაში ყოველთვიურად, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ასევე, მასზე დარიცხული სარგებელი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით გირავნობით დაიტვირთა ლ-–----------- კუთვნილი ავტომობილი - B------. სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 5%-ით.

 

4.1.2. ხელშეკრულების 6.2. მუხლის თანახმად, მსესხებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, საკუთარი არჩევანით: გირავნობის საგანის საკუთარ სახელზე გადაფორმების საფუძველზე ან აუქციონზე რეალიზაციის გზით.

 

ამავე ხელშეკრულების 6.4. მუხლის პირობის თანახმად კი - თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მსესხებელს მთელი თავისი ქონებით უნდა ეგო პასუხი დარჩენილ მოთხოვნაზე.

 

4.1.3. ნ-----–------------მ არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში.

 

4.1.4. 2015 წლის 8 დეკემბერს ნ-----–------------მ კრედიტორს გადასცა გირავნობის საგანი - ავტომობილი (მარკა, მოდელი - B------, ვინ კოდი - W----------------- სახელმწიფო ნომერი - A------- გამოშვების წელი - 1999).

 

4.1.5. 2015 წლის 4 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გირავნობით დატვირთული ავტომობილის (B------, სახელმწიფო ნომერი - A------) ნარჩენი ღირებულება 1700 ლარით განისაზღვრა.

 

4.1.6. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, გირავნობის საგანი 2016 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით დამრგვალებით შეფასდა 1800 ლარად, ხოლო მისი ლიკვიდური ფასი განისაზღვრა 1600 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ შ-----------------------ის გადაწყვეტილებით, კომპანიის სასარგებლოდ დაგირავებული, მოპასუხის კუთვნილი ავტომობილის რეალიზაცია განხორციელდა 1750 ლარად.

 

4.1.7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება გარემოება, რომ მოპასუხე მხარეს შ-----------------------ის წინაშე სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, ვალდებულება შესრულებული აქვს 12 თვის მანძილზე, ყოველთვიურად 290 ლარის გადახდით, რაც ჯამში 3480 ლარს შეადგენს. მოპასუხის მიერ სესხზე ბოლო გადახდა განხორციელებულია 2015 წლის 04 დეკემბერს. გირავნობის საგანი კრედიტორისათვის გადაცემულია 2015 წლის 8 დეკემბერს.

 

4.1.8. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, სესხის გადახდის გრაფიკისა და მხარეთა ახსნა-განმარტების შეფასების საფუძველზე, პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ გირავნობის საგნის კრედიტორისათვის გადაცემით, 2015 წლის 8 დეკემბერს მხარეთა შორის 2014 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულება შეწყდა. მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი გასაჩივრებულ გადაწყვეტილების ის ნაწილი სადაც სასამართლომ იმსჯელა და დაასკვნა, რომ გირავნობის საგნის მოსარჩელისათვის გადაცემით, 2015 წლის 8 დეკემბერს, შეწყდა 2014 წლის 4 დეკემბერის ხელშეკრულება (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-10 გვერდრის ბოლო აბზაცი, მე-2 წინადადება; ასევე სააპელაციო საჩივარი). ამასთან, უდავოა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის მოსარჩელეს, სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, გადახდილი ჰქონდა სულ 3480 ლარი.

 

4.1.9. დადგენილია, რომ შ-----------------------ის გადაწყვეტილებით, კომპანიის სასარგებლოდ დაგირავებული ავტომობილის რეალიზაცია განხორციელდა 1750 ლარად.

 

4.1.10. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი მოსარჩელის პრეტენზიის სრულად გაზიარების შემთხვევაშიც კი (თუ მთლიანად გავიზიარებთ აპელანტის პრეტენზიას წლიური 60%-იანი სარგებლის ოდენობის, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსაუბუთებელ ნაწილობრივ გაბათილებასთან და წლიური სარგებლის 24%-ით უკანონო განსაზღვრასთან დაკავშირებით, მაინც), არ დგინდება სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი საფუძელი მასზედ, რომ ნ-----–------------ს შპს "ე-----------------"-ის მიმართ 2014 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გააჩნია ძირი თანხის სახით დავალიანება - 2451 ლარის ოდენობით და რომ არსებობს ამ თანხის მოპასუხისათვის დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი. კერძოდ, მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მონაცემების მიხედვით (იხ. ს.ფ. 23) სულ მოსარჩელეს, როგორც გამსესხებელს 24 თვის მანძილზე, თუკი ეს ხელშეკრულება ვადამდე არ შეწყდებოდა, ძირი თანხის და პროცენტის სახით, უნდა მიეღო მთლიანად 6960 (290 * 24 = 6960, იხ. გრაფიკი ს.ფ. 23) ლარის ოდენობით თანხა. უდავოა, რომ 12 თვის მანძილზე მოპასუხე ჯეროვნად ასრულებდა გრაფიკით გაწერილ ვალდებულებებს და ჯამში გადახდილი აქვს (290 * 12 = 3480) 3480 ლარი. ასევე დადგენილია, რომ სასესხო ურთიერთობა მხარესთან შეწყდა ვადამდე - 2015 წლის 8 დეკემბერს ვინაიდან, ფაქტია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გირავნობის საგანი (ავტომობილი) პირდაპირ მფლობელობაში გადაეცა გამსესხებლს. შესაბამისად, საკითხის სწორი შეფასებისათვის მნიშვნელოვნია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე - 2015 წლის 8 დეკემბერი, და შეწტყვეტის შემდეგ მოსარჩელეს მოპასუხისაგან მთლიანად მიღებული აქვს, 3480 + 1750 ლ. ჯამში 5230 ლარი. სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით შენიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის გამსესხებელს წარმოეშვა მოთხოვნა მთლიან ძირ თანხაზე 4000 ლარზე და შეწყვეტის მომენტისათვის მისაღებ გრაფიკით (იხ. ს.ფ. 23) შეთანხმებულ სარგებელზე (2047 ლარზე) ე.ი. მთლიანად 2015 წლის 8 დეკემბრისათვის მოსარჩელეს მისი პრეტენზიის გაზიარების შემთხვევაშიც კი, მოთხოვნა წარმოშობილი ჰქონდა 6047 ლარზე (საიდანაც 4000 ლარი შეადგენს ძირ თანხას, ხოლო 2047 ლარი კი წლიური 60%-ის კვალობაზე 2015 წლის 8 დეკემბრამდე მისაღებ სარგებელს), საიდანაც დადგენილია, რომ ნათელა კუჭუხიძეს გადახდილი აქვს 5230 ლარი. შესაბამისად არ დასტურდება სარჩელის საფუძლად მითითბული ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ ნათელა კუჭუხიძეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია 2451 ლარის ოდენობით დავალიანება. რაც შეეხება, სხვაობას 6047 ლარსა და 5230 ლარს შორის, რაც შეადგენს 817 ლარს, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასკვნას სესხისთვის გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განსაზღვრულია თვიური 5%-ის (წლიური 60%) ოდენობით, წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას.

 

4.1.11. პალატის ასეთი დასკვნა შემდეგ გარემოებებს ემყარება:

 

სამოქალაქო კოდქესის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს. ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას სახელმძღვანელოა დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპი. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება, თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და, ასევე, თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან, გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 5%. მართალია, ამ შეთავაზებას მსესხებელი დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგან მოსარჩელე მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეზე გაკეთებული განმარტებას, რომელიც ეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თუ შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და სარგებლის მიმღები (ამ შემთხვევაში მოსარჩელე) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად, რაც იმას გულისხმობს, რომ მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი, მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება, სამოქალაქო კოდქესის 54-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს უცილოდ ბათილ გარიგებას (იხ. საქმე №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული 2014 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს. ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მართებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე დაედასტურებინა სესხის სარგებლის მართლზომიერება, რაც განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ განუხორციელებია.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ასევე უზენაესი სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებულ საქმეზე გაკეთებული განმარტების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 62-ე მუხლებზე მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში მართებულად განსაზღვრა საპროცენტო განაკვეთად, ნაცვლად 60%-ისა, წლიური 24% და შესაბამისი პროპორციით მოახდინა უკვე გადახდილი საპროცენტო სარგებლის შემცირება. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ 2014 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 2015 წლის 8 დეკემბერი, ნ-----–------------ს შპს "ე-----------------" სათვის გადახდილი აქვს, როგორც ძირი თანხა 4000 ლარის, ასევე შეწყვეტის მომენტისათვის წლიური 24 პროცენტიანი სარგებლის სახით მისაღები თანხაც, რამაც ჯამში მთლიანად შეადგინა 5230 ლარი (სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ წლიური 24%-იანი სარგებლის გათვალისწინებით მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა წლის განმავლობაში მაქსიმუმ 960 ლარი.). ამგვარად, ნათელა კუჭუხიძის მიერ შ-----------------------ის მიმართ არსებული ვალდებულება შესრულებულია სრულად, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შ-----------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური