განაჩენი

სისხლის სამართლის 02.03.2020
საქმის ნომერი
330100119002952876
ინსტანცია
თარიღი
02.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002952876

საქმე №1ბ/1227-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ-------------ის

ადვოკატის: მ--------–--ის

მსჯავრდებულის: ზ----------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ----------–---–ის, დაბადებულის 1965 წლის 17 მაისს, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 3----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------–-------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ----------–---–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

შპს ,,რ----“ (ს/ნ 4--------) რეგისტრირებული იქნა 2016 წლის 11 მარტს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდა 2016 წლის 8 აპრილს. ორგანიზაციის იურიდიული მისამართია: ვ---------------------–--------. ორგანიზაციის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო საქმიანობა. ორგანიზაციის დირექტორი და ერთპიროვნული დამფუძნებელია რ------------–--ე, რომელსაც საზოგადოების სრული მართვის უფლებით მინდობილობა გაცემული ჰქონდა ზ----------–---–ის სახელზე, რომელიც დამოუკიდებლად წარმართავდა შპს ,,რ----ს“ საქმიანობას. ზ----------–---–ს, როგორც შპს ,,რ----ს“ მინდობილ პირს, ევალებოდა გადაეხადა საერთო-სახელწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, მან განზრახ თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 20 თებერვლიდან 2018 წლის 3 აგვისტომდე პერიოდში, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა შპს ,,რ----ს“ (ს/ნ 4--------) სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომელიც მოიცავდა 2016 წლის 11 მარტიდან 2018 წლის 19 თებერვლამდე არსებულ საანგარიშო პერიოდს.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგად, 2018 წლის 3 აგვისტოს გამოიცა შპს ,,რ----ს“ (ს/ნ 4--------) საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებას ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 186 640 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 123 384 ლარი და ჯარიმა 63 256 ლარი.

 

დამატებით გადასახადის დარიცხვა განხორციელდა საშემოსავლო, დღგ-ს და მოგების გადასახადის ნაწილში. აღნიშნული დარიცხვა განპირობებული იყო შემდეგი გარემოებებით: შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს გაცემული ხელფასის სახით დეკლარირებული ჰქონდა იმაზე ნაკლები, ვიდრე შემოწმების შედეგად იქნა დადგენილი. ასევე, გაფორმებული ჰქონდა იჯარის ხელშეკრულებები ფიზიკურ პირებთან და ფიზიკურ პირებთან განხორციელებული გადახდები არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია დებიტორ/კრედიტორების შესახებ და აღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაციის მიერ მიღებული თანხა ჩათვლილი იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. რის გამოც საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 133 413 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 88 942 ლარი და ჯარიმა 44 471 ლარი.

 

დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში დარიცხული იქნა სულ 52 292 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 34 352 ლარი, ხოლო ჯარიმა 17 940 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ს დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით გამოვლენილ დღგ-ს ბრუნვებს შორის, რომელიც ფიქსირდება შემოსავლების სამსახურის ელ.ბაზებში, გამოვლენილი იქნა სხვაობები. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა მოცემული გადასახადის ნაწილში დამატებით თანხის დარიცხვა.

 

მოგების გადასახადის ნაწილში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 135 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 90 ლარი, ხოლო ჯარიმა 45 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს დეკლარირებული ჰქონდა იმაზე ნაკლები ერთობლივი შემოსავალი, ვიდრე შემოწმების შედეგად იქნა დადგენილი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, 2018 წლის 13 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული იქნა N2---- ბრძანება, რომლის მიხედვითაც, შპს „რ----ს“ (ს/ნ 4--------) ბიუჯეტში გადასახდელად ძირითადი გადასახადის სახით დაეკისრა 123 386 ლარის გადახდა.

 

2018 წლის 14 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული იქნა N0---- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც, შპს ,,რ----ს“ ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ: 221 436.86 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 123 386 ლარი, ჯარიმა 63 246 ლარი, საურავი 35 084.86 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელს პირად ელექტრონულ გვერდზე გაეგზავნა 2018 წლის 14 აგვისტოს, რომელსაც გაეცნო 2018 წლის 9 სექტემბერს.

 

ზ----------–---–მა კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მომხდარა მისი გადავადება, კორექტირება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება და განზრახ თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადის - ჯამში 123 384 ლარის გადახდას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის განაჩენით:

 

ზ----------–---–ი ცნობილ იქნ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითმა სასჯელმა - ჯარიმამ 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, სრულად შთანთქა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი და ზ----------–---–ს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, წინა განაჩენით ჩათვლილი აქვს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით და წინა განაჩენის შესაბამისად, ძალაში დარჩა დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა დ-------------ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა - სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ზ----------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულს, ნაცვლად ჯარიმისა, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ზ----------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ----------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეთა - რ------------–--ის, ი-–-----–---ის, ნ-------------ს, გ--------------ის გამოკითხვის ოქმების, 2018 წლის 3 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტის, №0---- საგადასახადო მოთხოვნის და მისი გაცნობის დამადასტურებელი დოკუმენტის, შემოსავლების სამსახურიდან, ფინანსთა სამინისტროდან და სასამართლოდან მიღებული დოკუმენტაციის, ზ----------–---–ის მიერ დანაშაულის აღიარებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს ზ----------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი, სახელმწიფო ბრალმდებელი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ზ----------–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სამართლიანად. მხედველობაში უნდა იქნა მიღებული მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, აგრეთვე, ის გარემოება, რომ ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული. ამასთან, დანიშნული ჯარიმა ყოველთვის იქნება აღუსრულებელი და იგი ვერ იქნება მსჯავრდებულის რესოციალიზაციის გარანტი (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ----------–---–ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სასჯელის გამკაცრების საფუძვლად უთითებს, რომ ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული არგუმენტი ვერ გახდება მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, დაუშვებელია, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს. აქვე, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ----------–---–ს, შპს „რ----ს“ სახელით, 13.05.2019წ. განცხადებით მიმართული აქვს შემოსავლების სამსახურისთვის საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩება აღუსრულებელი და ვერ მოხდება მისი რესოციალიზაცია, სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მის ვარაუდს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ზ----------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. შესაბამისად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. აქვე, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ ... სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა, რატომ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ლმობიერი და ზ----------–---–ს რა სამართლებრივი საფუძვლით უნდა დაუმძიმდეს სასჯელი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, მსჯავრდებულის ოჯახურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, მსჯავრდებულის და მისი ოჯახის წევრის (შვილის) ჯანმრთელობის პრობლემებს, აგრეთვე, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ზ----------–---–მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. სააპელაციო პალატა, აგრეთვე, აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება სხვა შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ზ----------–---–ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ზ----------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელი, არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ დ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ ზ----------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დ-------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ზ----------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ზ----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითმა სასჯელმა - ჯარიმამ 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, სრულად შთანთქოს ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი და ზ----------–---–ს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, წინა განაჩენით ჩათვლილი აქვს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით და წინა განაჩენის შესაბამისად, ძალაში დარჩეს დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ზ----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია;

 

პირობით მსჯავრდებულ ზ----------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

ნითიერი მტკიცებულება - ელექტრონული დისკი შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე