განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/267-20
საქმე №611310920003397337
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი
სხდომის მდივანი: სალომე გოგოლაძე
საჩივრის ავტორი (განმცხადებელი): ტურკან ქ--------ა;
წარმომადგენლები: ომარ მურადასილოვი, ელგუჯა გავაშელი;
მოწინააღმდეგე მხარე: ტელმან ქ--------ი;
მოწინააღმდეგე მხარე: სვეტა ქ--------ა;
მოწინააღმდეგე მხარე: აინურ ქ--------ა;
წარმომადგენლები: ნაზელი კლოიანი, ფახრად მუსაევი;
არასრულწლოვნები: საბინა ქ--------ა; ემინ ქ--------ი; ილიაზ ქ--------ი;
წარმომადგენელი: ნონა კურტანიძე;
დაინტერესებული პირი: მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო;
წარმომადგენელი: გიორგი კუპრეიშვილი;
დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება.
საჩივრის მოთხოვნა: შეიცვალოს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე №3/1-20) და არასრულწლოვანი ბავშვები 19.01.2011 წელს დაბადებული საბინა ქ--------ა, 13.02.2013 წელს დაბადებული ემინ ქ--------ი და 25.11.2014 წელს დაბადებული ილიაზ ქ--------ი განარიდოთ მოძალადე ტელმან ქ--------ის, სვეტა ქ--------ასა და აინურ ქ--------ას, ასევე მათი ოჯახს და ბავშვები დროებით მოთავსებულ იქნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებულ მსვერპლთა დროებით საცხოვრებელში, რათა მოხდეს დედისა და ბავშვების ურთიერთობა ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარეშე.
თარჯიმანი: ვიტალი მინასაზოვი, ფირდანა ახმედოვი, იგორ მაისურაძე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით, 1) ტურკან ქ--------ას განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: 2) გამოიცა დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით: სვეტა ქ--------ას, ტელმან ქ--------ს და აინურ ქ--------ას აეკრძალა არასრულწლოვან საბინა ქ--------ას, ემინ ქ--------ის და ილიაზ ქ--------ის მიმართ ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ტურკან ქ--------ას მიმართ უარყოფითი განწყობის შექმნის მიზნით; 3) დაევალა სვეტა ქ--------ას, ტელმან ქ--------ს და აინურ ქ--------ას ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა; 4) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს სვეტა ქ--------ას, ტელმან ქ--------ს და აინურ ქ--------ას ქცევის შეცვლასთან დაკავშირებული სწავლების პროცესში; 5) დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 6 (ექვსი) თვით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112.1. მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის 2113.1. მუხლის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115.7. მუხლის თანახმად, ამოქმედდება გამოცემისთანავე, ხოლო ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 12.1. მუხლის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2115.3. მუხლის თანახმად, დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს; დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის; ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს; ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს; ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს; კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ლ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს; მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4.,,თ“ მუხლის თანახმად, მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. ამავე მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ,,ე1“ პუნქტის თანახმად, არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „სასამართლოები“ გულისხმობს ნებისმიერ სასამართლო სამართალწარმოებას ყველა ინსტანციაში, მიუხედავად იმისა, ვინ ახორციელებს მას - პროფესიონალი მოსამართლეები თუ არაპროფესიონალი პირები, და ბავშვებთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის პროცედურას, შეზღუდვის გარეშე, ასევე მორიგების, მედიაციისა და არბიტრაჟის პროცესებს. სასამართლო პროცესმა, ისეთ საკითხებთან დაკავშირებული სამართალწარმოებისას, რომლებსაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვთ ბავშვის სიცოცხლესა და განვითარებაზე, ასევე ბავშვის მიმართ ძალადობასთან ან მის უგულებელყოფასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისას შესაძლოა ბავშვზე ზეგავლენა მოახდინოს.სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები გათვალისწინებული იყოს ყველა ამგვარ სიტუაციასა და გადაწყვეტილებაში, მიუხედავად მათი საპროცესო თუ მატერიალური ხასიათისა, და უნდა წარმოაჩინონ, რომ მათ ეს ეფექტიანად განახორციელეს.
ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ბავშვის მოსაზრებები. კონვენციის მე-12 მუხლი ადგენს ბავშვის უფლებას, გამოხატოს თავისი მოსაზრებები ნებისმიერი იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მას შეეხება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის მოსაზრებებს ან არ ანიჭებს მის მოსაზრებებს სათანადო მნიშვნელობას ბავშვის ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით, არ სცემს პატივს ბავშვის ან ბავშვების შესაძლებლობას, ზეგავლენა მოახდინონ თავიანთი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრაზე.
ის ფაქტი, რომ ბავშვი ძალზე მცირეწლოვანია ან მოწყვლად მდგომარეობაშია (მაგ. შეზღუდული შესაძლებლობები, უმცირესობის ჯგუფისადმი კუთვნილება, მიგრანტობა და სხვ.), არ ართმევს მას უფლებას, გამოხატოს თავისი მოსაზრებები და არ ამცირებს იმ მნიშვნელობას, რომელიც უნდა მიენიჭოს ბავშვის მოსაზრებებს მისი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას. კონკრეტული ღონისძიებების მიღება ამგვარ სიტუაციებში ბავშვებისათვის თანასწორი უფლებების უზრუნველყოფის მიზნით უნდა დაექვემდებაროს ინდივიდუალურ შეფასებას, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების როლს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და საჭიროებისამებრ გონივრული ხელშეწყობისა და მხარდაჭერის გაწევას მათი საუკეთესო ინტერესების შეფასებაში მათი სრული მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112.4. მუხლის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ ან შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების თაობაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს დაუშვებელია ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების)/კანონიერი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) თანდასწრებით. ასევე დაუშვებელია არასრულწლოვნის დაკითხვაზე (გამოკითხვაზე) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასწრება, თუ მის (მათ) მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი მოძალადე ოჯახის წევრსა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, აგრეთვე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლება, იყოს არასრულწლოვნის წარმომადგენელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, შეჩერებულად ითვლება სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სავარაუდო მოძალადეა ან მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი მოძალადე ოჯახის წევრს, არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირსა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში.
აღინიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვა მოხდა კანონით გათვალისწინებული წესის დაცვით, არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ № ას- 458-440-2016, 15.07.2016წ.).
„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, par. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, №28945/95, 10.05.2001, პარ.72) შდრ. ასევე, სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016წ.)
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ძალიან სერიოზული დონის ჩარევაა ოჯახის გახლეჩა“ (Olsson v. Sweden /No.1/ 10465/83, par.81).
აღინიშნა, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის (მუხლი 3, პუნქტი 1) თანახმად, ბავშვთა მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური დაცვის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
დადგენილ იქნა, რომ ბავშვების: 2011 წლის 19 იანვარს დაბადებულ საბინა ქ--------ას, 2013 წლის 13 თებერვალს დაბადებულ ემინ ქ--------ის და 2014 წლის 25 ნოემბერს დაბადებულ ილიაზ ქ--------ის დედა არის ტურკან ქ--------ა. ბავშვები ცხოვრობენ მამის მშობლებთან სვეტა ქ--------ასა და ტელმან ქ--------ასთან, სადაც ასევე ცხოვრობს ბავშვების მამიდა აინურ ქ--------ა. ტურკან ქ--------ას დაახლოებით სამი წლის განმავლობაში არ ჰქონია შვილებთან ურთიერთობა, ვინაიდან იგი ცნობილი იქნა მსჯავრდებულად და სასჯელს იხდიდა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში მეუღლის განზრახ მკვლელობისათვის. სასჯელის მოხდის შემდეგ ტურკან ქ--------ას სურს აღადგინოს ურთიერთობა შვილებთან. მან სასამართლოში წარადგინა სამოქალაქო სარჩელი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. დადგენილ იქნა, რომ სვეტა ქ--------ა და ტელმან ქ--------ი არიან ტურკან ქ--------ას აწ გარდაცვლილი მეუღლის მშობლები, ხოლო აინურ ქ--------ა - და. დადგენილია, რომ აღნიშნულ პირებს და ტურკან ქ--------ას შორის არის დაძაბული ურთიერთობა.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე ტურკან ქ--------ას მიეცა უფლება თავის შვილებთან ჰქონდეს ურთიერთობა, განჩინებით განსაზღვრული პერიოდულობით. დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 20 დეკემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონულ განყოფილებაში უნდა შემდგარიყო ტურკან ქ--------ას ხანმოკლე შეხვედრა შვილებთან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ბავშვები წარადგინა სვეტა ქ--------ამ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააღსრულებო მოქმედების აქტში აღნიშნულია, რომ სვეტა ქ--------ას განცხადებით, ტურკან ქ--------ა მის წინ ვერ გაივლიდა და ბავშვებს მის მიმართ ექნებოდათ ცუდი რეაქცია. ასევე აღნიშნულია, რომ სვეტა ქ--------ამ სცადა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ტურკან ქ--------ისათვის ბავშვების თანდასწრებით, რის გამოც ბავშვებმა დაიწყეს ტირილი.
სასამართლომ მოისმინა თავად არასრულწლოვნების საბინა ქ--------ას, ემინ ქ--------ის და ილიაზ ქ--------ის მოსაზრებები. ასევე მოისმინა ფსიქოლოგის განმარტებები, რომელმაც აღნიშნა, რომ ბავშვების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ტურკან ქ--------ასთან დაკავშირებით, მიანიშნებს, რომ ბავშვები იმყოფებიან მათთან ერთად მცხოვრები უფროსი პირების ზეგავლენის ქვეშ. ბავშვები აღნიშნავენ ისეთ გარემოებებს, რომელიც მათთვის ცნობილი არ უნდა იყოს. გამოიკვეთა, რომ ბავშვები დედის მიმართ არიან უარყოფითად განწყობილნი, არასრულწლოვნები დედად მიიჩნევენ მამიდას აინურ ქ--------ას.
სასამართლოში სვეტა ქ--------მა, ტელმან ქ--------მა და აინურ ქ--------ამ განმარტეს, რომ ისინი ბავშვებს ტურკან ქ--------ას საწინააღმდეგო ინფორმაციას არ აწვდიან და არ ცდილობენ, რომ ბავშვებს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდეთ დედის მიმართ, საერთოდ არ ესაუბრებიან ბავშვებს ტურკან ქ--------ას შესახებ. ბავშვები კარგად გრძნობენ თავს დედის გარეშე. ასევე განმარტეს, რომ ისინი არაფერს არ აკეთებენ, ბავშვების დედასთან დაახლოების მიზნით, ვინაიდან ამისათვის არ აქვთ დრო.
სასამართლოს განმარტებით, როდესაც ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეეხება კონკრეტულ ბავშვს, ბავშვთა დადგენილ, თუ დაუდგენელ ჯგუფს ან ზოგადად ბავშვებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა მოიცავდეს ამ გადაწყვეტილების შესაბამის ბავშვზე ან ბავშვებზე შესაძლო ზეგავლენის (დადებითი თუ უარყოფითი) შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მართალია, არასრულწლოვან ბავშვებზე სვეტა ქ--------ას, ტელმან ქ--------ის და აინურ ქ--------ას მხრიდან ხორციელდება მზრუნველობა და მეთვალყურეობა, ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, ტანსაცმლით, დადიან სკოლაში, მაგრამ ამასთანავე შეინიშნება აღნიშნული პირების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეგავლენა არასრულწლოვან ბავშვებზე ტურკან ქ--------ას მიმართ უარყოფითი განწყობის შექმნის მიზნით. ტურკან ქ--------ას და ზემოთაღნიშნულ პირებს შორის არსებობს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა. სვეტა ქ--------ა, ტელმან ქ--------ი და აინურ ქ--------ა გადაჭრით აცხადებენ, რომ ბავშვებს არ სურთ დედის ნახვა და მასთან ურთიერთობა, პირიქით, მათ აქვთ დედის მიმართ შიში. საქმის განხილვისას შენიშნული გარემოება, რომ სვეტა ქ--------ას, ტურკან ქ--------ის და აინურ ქ--------ას მხრიდან ბავშვების თანდასწრებით ხშირად ადგილი აქვს წარსული მოვლენების გახსენებას, რომელიც დაკავშირებულია არასრულწლოვანი ბავშვების მშობლების ურთიერთობასთან და ტურკან ქ--------ას ქმედებასთან, რომელიც აღნიშნული პირების მიერ მუდმივად იწვევს უარყოფით შეფასებებს, უარყოფითად აისახება არასრულწლოვან ბავშვებზე. აღნიშნული ქმედებები, თუნდაც ირიბად განხორციელებული, ხელს უწყობს ბავშვებსა და დედას შორის კიდევ უფრო გაუცხოებას და არა მათ დაახლოებას, უფრო მეტიც არასრულწლოვან ბავშვებს უყალიბდებათ დედის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება, ნებსით თუ უნებლიეთ ხდება ბავშვების მიერ მოვლენების არასწორი აღქმის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, როგორც საქმის განხილვისას სვეტა ქ--------ამ განაცხადა, არავითარ ზომებს არ მიმართავს.
სასამართლო განმარტებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. სწორედ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის კონვენციის სხვა ნორმებთან თანხვედრაში განმარტებით და განხორციელებით შეძლებს კანონმდებელი, მოსამართლე, ადმინისტრაციული, სოციალური თუ საგანმანათლებლო დაწესებულება, განმარტოს ეს ცნება და სათანადოდ გამოიყენოს იგი. შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება მოქნილი და ადაპტირებადია. იგი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობისა და საჭიროებების გათვალისწინებით. თითოეული გადაწყვეტილებისათვის ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა შეფასდეს და განისაზღვროს ცალკეული ბავშვის კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით.
ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა გავრცელდეს ყველა საკითხზე, რომელიც შეეხება ბავშვებს და უნდა იქნეს გათვალისწინებული კონვენციასა თუ ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს შორის ნებისმიერი შესაძლო წინააღმდეგობის გადასაწყვეტად. ყურადღება უნდა მიექცეს გადაწყვეტის ისეთი შესაძლო გზების განსაზღვრას, რომლებიც შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა არასრულწლოვნებზე - სვეტა ქ--------ას, ტელმან ქ--------ის და აინურ ქ--------ას მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის და არასრულწლოვნების კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა, რაც გამოიხატება არასრულწლოვნების დედის ტურკან ქ--------ას მიმართ არასრულწლოვანი ბავშვების უარყოფითი დამოკიდებულების შექმნის მიზნით გარკვეული ქმედებების განხორციელებაში, რაც ზემოთ იქნა აღნიშნული. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნები - საბინა ქ--------ა, ემინ ქ--------ი და ილიაზ ქ--------ი ექცევიან ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვის სფეროში და მათ მიმართ უნდა განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული დამცავი ღონისძიებები.
ამასთანავე სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ბავშვის საუკეთესო ინტერესზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არასრულწლოვნების განრიდების და მათი მსხვერპლთა დროებით თავშესაფარში, განთავსების აუცილებლობა.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 14.2. მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნის მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისაგან განცალკევება არის უკიდურესი ზომა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად
მკაცრი ზომა (მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება) და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. არასრულწლოვნის აზრი იმის შესახებ, თუ სად უნდა განთავსდეს იგი, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ასაკისა და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ სვეტა ქ--------ას, ტელმან ქ--------ს და აინურ ქ--------ას აეკრძალოს არასრულწლოვნების საბინა ქ--------ას, ემინ ქ--------ის და ილიაზ ქ--------ის მიმართ ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც გამოიხატებოდა დედის - ტურკან ქ--------ას მიმართ უარყოფითი განწყობის შექმნაში. ამასთანავე, სვეტა ქ--------ას, ტელმან ქ--------ს და აინურ ქ--------ას დაევალა ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების მიმართ მათი სწორი დამოკიდებულების შესახებ შესაბამისი უნარების განვითარებას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კი დაევალა, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს სვეტა ქ--------ას, ტელმან ქ--------ს და აინურ ქ--------ას ქცევის შეცვლასთან დაკავშირებული სწავლების პროცესში.
სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და დამცავი ორდერის გამოცემის საკმარისი საფუძველი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ტურკან ქ--------ამ (განმცხადებელი) და მოითხოვა: შეიცვალოს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე №3/1-20) და არასრულწლოვანი ბავშვები 2011 წლის 19 იანვარს დაბადებული საბინა ქ--------ა, 2013 წლის 13 თებერვალს დაბადებული ემინ ქ--------ი და 2014 წლის 25 ნოემბერს დაბადებული ილიაზ ქ--------ი განარიდოთ მოძალადე ტელმან ქ--------ის, სვეტა ქ--------ასა და აინურ ქ--------ას, ასევე მათი ოჯახს და ბავშვები დროებით მოთავსებულ იქნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებულ მსვერპლთა დროებით საცხოვრებელში, რათა მოხდეს დედისა და ბავშვების ურთიერთობა ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარეშე.
საჩივრის ავტორის განმარტებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებულ N2/648-19 სამოქალაქო დავაზე სასამართლომ 2019 წლის 29 ნოემბერს მიიღო დროებითი განკარგულება და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებადე ტურკან ქ--------ას მიეცა უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს შვილებთან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილებაში, კვირაში ორი დღე, არაუმეტეს ორი საათისა, სასწავლო პროცესებისაგან თავისუფალ დროს. 2019 წლის 20 დეკემბერს, 16:10 საათზე სსიპ მარნეულის განყოფილების შენობაში მოხდა ბაშვების პირველი ვიზიტი ტურკან ქ--------ასთან შესახვედრად. ბავშვებთან შეხვედრის დროს, სვეტა ქ--------ამ, ტურკან ქ--------ას გამოჩენისთანავე სცადა მისულიყო მასთან ახლოს, მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა სააღსრულებო მოქმედების ოქმი. ოქმში დაფიქსირებულია, როგორ აგრესიულად იქცეოდა სვეტა ქ--------ა ტურკან ქ--------ის მიმართ. აღსრულების პროცესში დაინტერესებული პირი შევიდა ოთახში, რა დროსაც ვალდებული პირი მის საცემად გაიწია და აყვირდა, რაზეც ბავშვებმა დაიწყეს ტირილი, შემდეგ დაინტერესებულ პირს განემარტა დაეტოვებინა ოთახი. შედეგად, ვერ მოხერხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ აღსრულების პროცესში სვეტა ქ--------ამ აგრესია გამოავლინა ტურკან ქ--------ას მიმართ შენობიდან გასვლის შემდეგაც. სვეტა ქერიომოვა დაელოდა მის შენობიდან გასვლას, რომ მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის გამო, სსიპ მომსახურების სააგენტოს მარნეულის სამსახურს დასჭირდა პოლიციის გამოძახება, რათა ტურკან ქ--------ა უვნებლად გასცლოდა ტერიტორიას და გარეთ გასვლის შემთხვევაში მისთვის მოწინააღმდეგე მხარეს რაიმე ზიანი არ მიეყენებინა.
2019 წლის 29 ნოემბერს გამოცემულ დროებით განკარგულებაზე სვეტა და ტელმან ქ--------ების ადვოკატმა 2019 წლის 27 დეკემბერს სასამართლოში შეიტანა საჩივარი და მოითხოვა დროებითი განკარგულების გაუქმება. 2020 წლის 03 იანვარს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში დაინიშნა საჩივრის განხილვა. სასამართლომ განიხილა საჩივარი და უსაფუძვლობის მოტივით არ დააკმაყოფილა. საჩივრის განხილვას ესწრებოდა ორივე მხარე. სასამართლო სხდომაზე სვეტა ქ--------ა განწყობილი იყო აგრესიულად და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა ტურკან ქ--------ას. სასამართლოს თავდაპირველ სხდომაზე თითქოს მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იყო, ბავშვების სურვილის შემთხვევაში, დედას ენახა ისინი. მათ ასევე შესთავაზეს ტურკან ქ--------ას, მისულიყო მათთან სახლში და იქ ენახა შვილები, თუმცა მოგვიანებით შეცვალეს პოზიცია, მათი შეთავაზება იყო მხოლოდ მოჩვენებითი, რათა ტურკან ქ--------ა მისულიყო მათთან სახლში და იქ გასწორებოდნენ. გარდა ამისა სვეტა ქ--------ა, მისი შვილი აინურ ქ--------ა და ტელმან ქ--------ი მოკვლითაც კი ემუქრებიან ტურკან ქ--------ას. ტურკან ქ--------ას სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვებში, თუმცა მოპასუხეების აგრესიული მუქარის გამო ვერ ბედავს მათ თვალწინ გამოჩენას. ბავშვები ცხოვრობენ მოპასუხეების ოჯახში და არსებობს იმის რეალური ეჭვი, რომ ბავშვებზე ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, რათა მათ ახლოს არ გაიკარონ დედა. გარდა აღნიშნულისა სვეტა ქ--------ა აცხადებს, რომ ბავშვებს დახოცავს, ოღონდ დედას არ მისცს მათი ნახვის უფლება. არსებობს იმის რეალური ეჭვი, რომ სვეტა ქ--------ას ოჯახში არასრულწლოვანი ბავშვები არიან მძიმე სტრესის ქვეშ და არსებული გარემოებების გამო აუცილებელია ბავშვების აღნიშნული ოჯახიდან გამოყვანა.
აღინიშნა, რომ დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებზე ფსიქოლოგის მონაწილეობით დაიკითხნენ არასრულწლოვანი ბავშვები და სასამართლომ დაადგინა, რომ სვეტა ქ--------ას, ტელმან ქ--------ისა და აინურა ქ--------ას მხრიდან ნამდვილად ხდება არასრულწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება. საჩივრის ავტორის ინფორმაციით, ბავშვებს შთააგონებენ, რომ ტურკან ქ--------ამ მოკლა მათი მამა და თუ დედასთან წავლენ, მათაც ცუდად მოექცევა. სასამართლოში ასევე დაიკითხნენ მოწინააღმდეგე მხარის მირ წარდგენილი მოწმეები, რომლებმაც ცალსახად დაადასტურეს, რომ სვეტა ქ--------ა, ტელმან ქ--------ი და აინურა ქ--------ა არ არიან დაინტერესებულნი ბავშვების დედასთან შეხვედრით. მათი ჩვენებებით დადგინდა, რომ ისინი წინააღმდეგი არიან ბავშვების დედასთან ურთიერთობის. ამდენად დადგინდა, რომ სვეტა ქ--------ას, ტელმან ქ--------ისა და აინურა ქ--------ას მხრიდან ნამდვილად ხდება არასრულწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და ისინი ყოველგვარი ხერხით ცდილობენ ბავშვები დედას არ შეახვედრონ და აქტიური ფსიქოლოგიური ზემოქმედებებით ხელს უშლიან ბავშვებისა და დედის ურთიერთობას.
საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა მიეღო სწორედ ის გადაწყვეტილება, რასაც ტურკან ქ--------ა ითხოვდა სასამართლოსგან. „ქალთა მიმართ ძალადობის ან და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, დავის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტურკან ქრიმოვას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქაველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამ კოდექსის 390.3.,,გ“ მუხლით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს სადავო გადაწყვეტილებას წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა მხოლოდ განმცხადებელმა ტურკან ქ--------ამ და მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №3/1-20) შეცვლა, მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთვხოვნა, კერძოდ: არასრულწლოვანი ბავშვები (მისი შვილები) 19.11.2011 წელს დაბადებული საბინა ქ--------ა, 13.02.2013 წელს დაბადებული ემინ ქ--------ი და 25.11.2014 წელს დაბადებული ილიაზ ქ--------ი განარიდებულ იქნენ ტელმან ქ--------ის (ყოფილი მამამთილი), სვეტა ქ--------ასა (ყოფილი დედამთილი) და აინურ ქ--------ას (ყოფილი მული), ასევე მათ ოჯახს და ბავშვები დროებით მოთავსებულ იქნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებულ მსვერპლთა დროებით საცხოვრებელში, რათა მოხდეს დედისა და ბავშვების ურთიერთობა ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარეშე. ამასთან, გადაწყვეტილებას დამცავი ორდერის გამოცემის ნაწილში მხარეები სადავოდ არ ხდიან და შესულია კანონიერ ძალაში.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მაზე და დამატებით აღნიშნავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2112.1. მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113.1. მუხლით ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი, რაც ამ კოდექსის 2115.7. მუხლის შესაბამისად, ძალაში შედის გამოცემისთანავე. ამასთან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12.1. პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით და მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ამავე ნორმის მე-2 პუნქტით, ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამ კანონის 2.,,ა“ მუხლის თანახმად, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ საქართველოს კანონის მიზანია: ა) ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა.
ამ კანონის მე-3 მუხლით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამ კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ე1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე; ვ) მსხვერპლი – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა; ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას; ზ2) სოციალური მუშაკი – ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით განსაზღვრული სოციალური მუშაკი; თ) მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. ი) თავშესაფარი – მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე არსებული მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას და დაცვას; კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები – ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი; ლ) კრიზისული ცენტრი – სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მათ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და სამართლებრივ დახმარებას. კრიზისულ ცენტრში პირის და მასზე დამოკიდებული პირების განთავსება შესაძლებელია მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრამდე და ამ სტატუსის განსაზღვრის შემდეგ, თუ მსხვერპლი არ გამოთქვამს საცხოვრებლად მისი თავშესაფარში განთავსების სურვილს და საჭიროებს მხოლოდ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და სამართლებრივ დახმარებას თავშესაფარში ცხოვრების გარეშე;
ამ კანონის 9.4. მუხლით, ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.
ამ კანონის 10.2. მუხლით, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
ამ კანონის მე-11 მუხლით, დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის IV თავით განისაზღვრა ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვნის დაცვის სპეციფიკური ღონისძიებები.
ამ კანონის 14.2. მუხლით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ არასრულწლოვნის მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისაგან განცალკევება არის უკიდურესი ზომა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა (მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება) და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. არასრულწლოვნის აზრი იმის შესახებ, თუ სად უნდა განთავსდეს იგი, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ასაკისა და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მიღებისას პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი ახდენს ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას და მსხვერპლისა და იმ პირების გამოკითხვას, რომლებსაც მისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ. საჭიროების შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას იძახებს და გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციას გადის ადგილზე მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმთან. ამის საფუძველზე პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი აფასებს შემთხვევას და არასრულწლოვნის უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით დადგენილი წესით. სოციალური მუშაკი არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მიმართავს პოლიციას, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას უზრუნველყოფს.
ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, ოჯახში ძალადობის ფორმების არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვანზე ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიების სახით არასრულწლოვნის მოძალადე მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან სხვა მოძალადისაგან განცალკევების საკითხი, ხოლო მე-4 ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვნის წარმომადგენლის უფლების საკითხის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოძალადე მშობლისათვის (მშობლებისათვის) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლისათვის არასრულწლოვნის წარმომადგენლის უფლების დატოვება შეიძლება საზიანო იყოს არასრულწლოვნის ინტერესებისათვის. დაუშვებელია მშობლებისათვის არასრულწლოვანზე ერთობლივი მეურვეობის უფლების დატოვება, თუ არსებობს მის მიმართ ერთ-ერთი მშობლის ძალადობის საფუძვლიანი ვარაუდი.
საქართველოს კანონი ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი-ს“ 3.4. მუხლის იმპერატიული დანაწესის საფუძვლეზე სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები არის არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება.
საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია და იზიარებს წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებს, კერძოდ:
- საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) ტურკან ქ--------ა არის 19.01.2011წელს დაბადებული საბინა ქ--------ას, 13.02.2013 წელს დაბადებული ემინ ქ--------ის და 25.11.2014 წელს დაბადებული ილიაზ ქ--------ის დედა. საბინა, ემინ და ილიაზ ქ--------ები ცხოვრობენ აწ გარდაცვლილი მამის, რ----–-- ქ--------ის მშობლებთან (სვეტა ქ--------ა, ტელმან ქ--------ი) და მამიდასთან (აინურ ქ--------ა) მარნეულის რაიონის სოფელ თაზაქენდიში. სკოლის მასწავლებლების მიერ შედგენილი დახასიათებები მიხედვით, არასრულწლოვანი ბავშვები სწავლობენ სანიმუშოდ, არიან აქტიურები, კონცენტრირებულები, სრულად და სწორად ასრულებენ დავალებებს. მონაწილეობენ საკლასო და სასკოლო ღონისძიებებში. მოწმეთა განმარტებების (მათ შორის სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგის) მიხედვით, ბავშვებს არიან მზრუნველობისა და მეთვალყურეობის ქვეშ, უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, ტანსაცმლით, აქვთ ოთახი, სათამაშოები, წიგნები, დადიან სკოლაში ფსიქოლოგთან. არასრულწოვნების მამა რ----–-- ქ--------ი გარდაიცვალა 26.12.2016 წელს. ტურკან ქ--------ა სასჯელს იხდიდა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში მეუღლის (რ----–-- ქ--------ი) განზრახ მკვლელობისთვის. აღნიშნული გამო, მას სამი წლის განმავლობაში არ ჰქონდა შვილებთან ურთიერთობა. ტურკან ქ--------ასა და ტელმან, სვეტა, აინურ ქ--------ებს შორის ურთიერთობა არის კონფლიქტური.
- ბოლნისის რაიონული სასამართლოს 29.11.2019 წლის განჩინებით (საქმე N2/648-19), 1) მოსარჩელე ტურკან ქ--------ას შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2)სამოქალაქო საქმეზე N2/648-19 საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დოროებითი განკარგულების სახით ტურკან ქ--------ას შვილებთან, 2011 წლის 19 იანვარს დაბადებული საბინა ქ--------ასთან, 2013 წლის 13 თებერვალს დაბადებული ემინ ქ--------თან და 2014 წლის 25 ნოემბერს დაბადებული ილიაზ ქ--------თან ურთიერთობისათვის განესაზღვრრა შემდეგი წესი: 2.1. ტურკან ქ--------ა შეხვდეს და ურთიერთობა ჰქონდეს შვილებთან: 2011 წლის 19 იანვარს დაბადებული საბინა ქ--------ასთან, 2013 წლის 13 თებერვალს დაბადებული ემინ ქ--------თან და 2014 წლის 25 ნოემბერს დაბადებული ილიაზ ქ--------თან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის განყოფილებაში, კვირაში ორი დღე, შეხვედრის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 2 საათისა, სასწავლო პროცესებისგან თავისუფალ დროს, თავდაპირველი შეხვედრა განხორცილედეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით. შემდგომ შეხვედრებზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის დასწრება განხორციელდეს შესაბამისი საჭიროებიდან გამომდინარე; 3) დაევალა ტურკან ქ--------ას შვილებთან შვილებთან 2011 წლის 19 იანვარს დაბადებული საბინა ქ--------ასთან, 2013 წლის 13 თებერვალს დაბადებული ემინ ქ--------თან და 2014 წლის 25 ნოემბერს დაბადებული ილიაზ ქ--------თან ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფსიქოლოგთან კონსულტაციის გავლა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში.4) განემარტათ ტელმან ქ--------ს და სვეტა ქ--------ას, რომ ისინი ვალდებულები არიან ხელი შეუწყონ ტურკან ქ--------ას შვილებთან 2011 წლის 19 იანვარს დაბადებული საბინა ქ--------ასთან, 2013 წლის 13 თებერვალს დაბადებული ემინ ქ--------თან და 2014 წლის 25 ნოემბერს დაბადებული ილიაზ ქ--------თან ურთიერთობას და ამ მიზნით წარადგინონ ბავშვები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონულ განყოფილებაში.
- საქმეში წარმოდგენილი 20.12.2019 წლის სააღსრულები მოქმედებათა ოქმის თანახმად, ვერ მოხერხდა იმ ეტაპზე სასასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. არასრულწლოვანებმა საბინა და ემინ ქ--------ებმა საუბრის დროს დააფიქსირეს, რომ არ სურთ დედასთან ურთიერთობა. ამასთან ვალდებულ პირმა (სვეტა ქ--------ა) დააფიქსირა, რომ ის მის წინ ვერ გაივლიდა, ასევე ბვშვებს ექნებოდათ ცუდი რეაქცია და არ იყო თანახმა. დაინტერესებული პირის ოთახში შემოსვლისას, ვალდებულ პირმა (სვეტა ქ--------ა) გაიწია საცემრად და აყვირდა, რაზედაც ბავშვებმა დაიწყეს ტირილი. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ დაეტოვებინა ოთახი.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამარლებრივი გარემობების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მშობლისა (დედა) და არასრულწლოვანი ბავშვების ურთიერთობის მოწესრიგების, აგრთვე ოჯახის სხვა წევრების (ტელმან, სვეტა, აინურ ქ--------ების მხრიდან ფსიქოლოგიური ზემოქმედების (დედის, ტურკან ქ--------ის მიმართ უარყოფითი განწყობის შექმნა) აღკვეთის მიზნით, რაიონულმა სასამართლომ, საჩივრის ავტორის ტურკან ქ--------ას განცხადების საფუძველზე 6 თვის ვადით გამოსცა დამცავი ორდერი, რომლითაც: სვეტა ქ--------ას, ტელმან ქ--------ს და აინურ ქ--------ას აეკრძალა არასრულწლოვან საბინა ქ--------ას, ემინ ქ--------ის და ილიაზ ქ--------ის მიმართ ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ტურკან ქ--------ას მიმართ უარყოფითი განწყობის შექმნის მიზნით; დაევალა სვეტა ქ--------ას, ტელმან ქ--------ს და აინურ ქ--------ას ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს სვეტა ქ--------ას, ტელმან ქ--------ს და აინურ ქ--------ას ქცევის შეცვლასთან დაკავშირებული სწავლების პროცესში. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოცემის ნაწილში სადავოდ არ არის გამხადარი და შესულია კანონიერ ძალაში
სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს დაინტერესებული მხარის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმოადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებას, რომ არასრულწლოვნთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეუწონელად მიაჩნია ამ ეტაპზე არასრულწლოვნების განცალკევება იმ გარემოდან, სადაც ისინი იზრედებიან და თავშესაფარში მოთავსება.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) პრეამბულის თანახმად, წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები:
ითვალისწინებენ რა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაცხადა ბავშვთა უფლება, განსაკუთრებული მზრუნველობით იყვნენ გარემოსილნი,დარწმუნებული არიან რა, რომ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და მისი წევრების, განსაკუთრებით კი ბავშვების, ზრდისა და კეთილდღეობის ბუნებრივი გარემო, აუცილებელად უნდა იყოს დაცული და მას აუცილებლად უნდა გაეწიოს თანადგომა, რათა მან თავის თავზე სრულად აიღოს საზოგადოებრივი ვალდებულებანი,აღიარებენ რა, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში,..
მხედველობაში იღებენ რა, რომ ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა ჟენევის 1924 წლის დეკლარაციით, 1959 წლის 20 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მისი 23-ე და 24-ე მუხლებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მე-10 მუხლით), აგრეთვე ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი დოკუმენტებით,მხედველობაში იღებენ რა ბავშვის უფლებათა დეკლარაციის მითითებას, რომ “ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ”..
სათანადოდ ითვალისწინებენ რა ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარებისათვის ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების მნიშვნელობას,კონვენციის მ 3.1. მუხლით, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
კონვენციის 14.2. მუხლით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ მშობელთა და შესაბამის შემთხვევაში კანონიერ მეურვეთა უფლებებსა და მოვალეობებს, უხელმძღვანელონ ბავშვს მისი უფლებების იმ მეთოდით განხორციელებაში, რომელიც შეესატყვისება ბავშვის განვითარებად უნარებს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, არასრულწოვანთა საუკეთესო ინტერესებისათვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი უკიდურესი ზომის გამოყენების აუცილებლობა, როგორც არის არასრულწლოვნების განცალკევება მათი კანონიერი წარმომადგენლისაგან ან ამათთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისაგან. პალატის მოსაზრებით, პირთა უფლებების დასაცავად გამოყენებულ უნდა იქნეს ყველაზე გამოსადეგი, აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება, რათა ყველა მხარის უფლება იქნეს დაცული, განსაკუთრებით კი ყურადღება უნდა გამახვილდეს არასრულწლოვანთა ინტერესებზე.
სააპელაციო პალატა ყურადრებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საჩივრის ავტორი ტურკან ქ--------ა (დედა), მისი არასრულწლოვნი შვილების განცალკევებას და თავშესაფარში მოთავსებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ იგი შეხვდეს და ურთიერთობა ჰქონდეს თავის არარსრულწლოვან შვილებთან, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარეშე. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 29.11.2019 წლის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით (საქმე N2/648-19- დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე) განისაზღვრა ტურკან ქ--------ასა და მისი არასრულწლოვანი შვილების ურთიერთობის წესი. ამასთან, წინამდებარე საქმეზე, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ გამოცემული დამცავი ორდერით, უზრუნველყოფილია არასრულწლოვანთა დაცვას ფსიქოლოგიური ძალადობისაგან.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნისნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ რომ საჩივრის ავტორის პრეტენზია დაუსაბუთებელია, რამდენადაც სახეზე არაა სადავო გადაწყვეტილების გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, ტურკან ქ--------ას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, უცვლელად უნდა დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113.6 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; მე-13; 2112-ე; 2113-ე; 2115-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; 372-ე; 390-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტურკან ქ--------ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი