განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2020
საქმის ნომერი
330100119002935591
ინსტანცია
თარიღი
12.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002935591

საქმე №1ბ/239-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

სხდომის მდივანი - გ------ი ჩუბინიძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - რ---- ხ--------ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - გ------ი ჯ---–--ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, ვ-–----–----–-----------------–----------------------------ში;

 

ადვოკატი - ზ------ რ-------–---–ი;

 

კვალიფიკაცია/დისპოზიცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 8 მარტს თბილისში, პ--------------------–-----------------------ში გ------ი ჯ---–--ე მეუღლის დედას შ------- ბ----–--–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც შ------- ბ----–--–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 იანვრის განაჩენით:

 

გ------ი ჯ---–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ვადით, რომლის სახესაც განსაზღვრავს პრობაციის ბიურო და რომლის ხანგრძლივობაც დღეში არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს.

 

გ------ი ჯ---–--ეს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, 2019 წლის 15 მარტიდან 2019 წლის 18 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 20 საათი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ მსჯავრდებულ გ------ი ჯ---–--ის ადვოკატმა ზ------ რ-------–---–მა და ბრალდების მხარემ - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ---- ხ--------ემ.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 იანვრის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და გ------ი ჯ---–--ის მიმართ გამოტანილი იქნას გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან დაზარალებულ შ------- ბ----–-–---–ისა და მოწმეების - ნ------------ის, ს--------, დ--- და რ------- ჯ---–--ეების ჩვენებები შეიცავს არსებით წინააღმდეგობებს და შეუძლებელია მათზე დაყრდნობით რაიმე ფაქტების უტყუარად დადგენა და მით უფრო, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. ამასთან, დაცვის მხარის მტკიცებით, შ------- ბ----–--–---–ს ამოძრავებდა მხოლოდ სიძის მიმართ შურისძიება, რადგან შეიტყო, რომ მას სხვა ქალისგან შვილი შეეძინა, რის გამოც მიმართა სამართალდამცავებს 2019 წლის 14 მარტს. ბრალად წარდგენილი ქმედების თარიღი კი 2019 წლის 8 მარტია.

 

ბრალდების მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 იანვრის განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სასჯელი კი უნდა გამკაცრდეს, ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი მეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლში მითითებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97 - 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება, §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90 - 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება, §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93 - 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება, §43).). ამდენად, სააპელაციო პალატა ქვემოთ შეაფასებს სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტების საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02 - 08/07/2008, §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02 - 11/01/2007, §84).

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულებების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს, რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

მოწმე (დაზარალებულმა) შ------- ბ----–--–---–მა განმარტა, რომ გ------ი ჯ---–--ე არის მისი სიძე, რომელიც ბოლო პერიოდში პერიოდულად ძალადობდა ოჯახის წევრებზე. 2019 წლის 8 მარტს კი მას დაემუქრა მოკვლით. აღნიშნულის მიზეზი იყო შემდეგი: მოხსნილი სოციალური დახმარების საკომპენსაციოდ 2019 წელს ოჯახს სახელმწიფოს მხრიდან ჩაერიცხა დაახლოებით 12 000 ლარი. აღნიშნული თანხით მას სურდა გ------ი ჯ---–--ის მიერ დაგირავებული ბინის გამოსყიდვა, რათა იგი ცოლ-შვილთან ერთად მისი სახლიდან გადასულიყო აღნიშნულ ბინაში. გ------ი ჯ---–--ეს შესთავაზა ბინის გამოსყიდვა და სანაცვლოდ სახლის სხვენის მისი ქალიშვილის - ნ------------ის სახელზე გადაფორმება, რაზედაც მიიღო უარი. 2019 წლის 8 მარტს, 00:20 საათზე გ------ი ჯ---–--ე სახლში დაბრუნდა ნასვამი და ჩხუბისთვის განწყობილი, უთხრა, რომ დედა-შვილი იყვნენ მათხოვრები და არაფერს გაუფორმებდა. მან მშვიდად უთხრა სიძეს, რომ თუნდაც 2მ2 გაეფორმებინა ცოლის სახელზე და მისცემდა ფულს. კამათისას დაამტვრიეს ჭურჭელი, თუმცა ერთმანეთისათვის არ უსვრიათ. გ------ი ჯ---–--ე იმუქრებოდა, ამბობდა, რომ ნახავდნენ, რასაც უზამდა - ,,მოკლავდა, ვენებს გადაუჭრიდა და მის სისხლს დალევდა“. მისი სიძე ისეთი სიტყვებით ლაპარაკობდა და ისეთი სახე ჰქონდა, რომ გაუჩნდა სერიოზული შიში, რომ მუქარას სისრულეში მოიყვანდა. მან უთხრა სიძეს, ჩაელაგებინა ნივთები და ცოლ-შვილთან ერთად წასულიყო დედამისის სახლში, თუმცა გ------ი ჯ---–--ე მარტო წავიდა. გ------ი ჯ---–--ეს მუქარა რომ გაეგრძელებინა, აუცილებლად დარეკავდა პოლიციაში, მაგრამ რადგან მის მოწოდებაზე, წასულიყო სახლიდან, დაიწყო ნივთების ჩალაგება, აღარ დარეკა. მომდევნო დღეს დაიბარა სიძე და უთხრა, წაეყვანა ცოლ-შვილი დედამისთან, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ამისთვის არ ეცალა. 2019 წლის 14 მარტს მისმა ქალიშვილმა ნ------------ემ სოციალურ ქსელით შეიტყო, რომ გ------ი ჯ---–--ეს სხვა ქალისგან შეეძინა შვილი, რითიც მიხვდნენ, თუ სად მიჰქონდა გ------ი ჯ---–--ეს ოჯახიდან ფული.

 

მოწმე ნ------------ემ განმარტა, რომ 2001 წლიდან ქორწინებაში იმყოფება გ------ი ჯ---–--ესთან და ჰყავთ 3 საერთო შვილი. პირველი 10 წელი ცხოვრობდნენ მეუღლის დედის სახლში, ხოლო შემდეგ დაახლოებით 8 წელი - მის დედასთან შ------- ბ----–--–---–თან. მეუღლეს ვალების გამო დაგირავებული ჰქონდა დედამისის სახელზე რეგისტრირებული ბინა, რომელიც ოჯახისთვის სოციალური დახმარების სახით სახელმწიფოსგან ჩარიცხული თანხით უნდა გამოესყიდათ, თუმცა თანხის სანაცვლოდ გ------ი ჯ---–--ეს მოსთხოვეს იმავე სახლის სხვენის გადაფორმება, რაზეც გ------ი გაღიზიანდა. 2019 წლის 8 მარტს გ------ი ჯ---–--ე იყო ნასვამი და შ------- ბ----–--–---–თან მოუვიდა კონფლიქტი. მის მეუღლეს სურდა თანხის ისე მიღება, რომ სანაცვლოდ არაფერი დაეთმო. კონფლიქტის დროს ხმამაღლა ყვიროდნენ, დაამტვრიეს ჭურჭელი, თუმცა ხელით ერთმანეთს არ შეხებიან. გ------ი ჯ---–--ე სიდედრს ემუქრებოდა, თუ ფულს არ მისცემდა, ნახავდა რასაც უზამდა - ,,მოკლავდა, ყელს გამოჭრიდა, სისხლს დაღვრიდა“. მეუღლის მუქარა დედამისის მიმართ მან აღიქვა რეალურად. გ------ი ჯ---–--ე მომხდარ ფაქტამდე ფიზიკურადაც გაუსწორდა დაზარალებულს, ასევე მას და მის შვილებსაც, თუმცა, როგორც წესი, პატიობდნენ. ბოლო წლის განმავლობაში გ------ი ჯ---–--ე იყო განსაკუთრებით აგრესიული, მუდმივად ჩხუბობდა და იგინებოდა. დაახლოებით 4-5 ჯერ ჰქონდა ადგილი მუქარასაც, რაც მეზობლებსაც ესმოდათ. მუქარის პარალელურად გიოეგი ჯ---–--ემ მალევე ჩაალაგა ბარგი და წავიდა.

 

მოწმე ს-------- ჯ---–--ემ განმარტა, რომ გ------ი ჯ---–--ე არის მამამისი. 2019 წლის 8 მარტს ცხოვრობდა მშობლებთან, ძმებთან და ბებიასთან - შ------- ბიბილაშვილთან ერთად. დაახლოებით 00:15 საათზე მამასა და ბებიას შორის ფულთან დაკავშირებით მოხდა კონფლიქტი. კერძოდ, მამას ბებია ეუბნებოდა, რომ გაეფორმებინა 2მ2, ის კი მისცემდა ფულს. ესმოდა ჭიქების მტვრევის ხმა. გ------ი ჯ---–--ე დედას და ბებიას აგინებდა (ბავშვის აღქმით დაახლოებით 50-ჯერ შეაგინა) და ეძახდა ღორებს, რის შემდეგ შ------- ბ----–--–---–ს დაემუქრა, რომ ვენებს გადაუჭრიდა და მის სისხლს დალევდა. ბებია მოუწოდებდა, შეეწყვიტა გინება და მუქარა. მამამ დედას ხელი ჰკრა და იგი საწოლზე დაეცა. კონფლიქტი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. კონფლიქტიდან 20 წუთში მამამ ჩაალაგა ნივთები, რომლის ჩატანაშიც თავად დაეხმარა და წავიდა სახლიდან. უშუალოდ კონფლიქტისას მას ცოტა შეეშინდა, თუმცა ბარგის ჩატანისას აღარ ეშინოდა. მამის წასვლის შემდეგ დედა და ბებია გაბრაზებულები იყვნენ. ოჯახის წევრებს შორის კამათი ადრეც ბევრჯერ მომხდარა. ამ შემთხვევაში ჩხუბი დაიწყო მამამ - პირველად მან დაიყვირა.

 

მოწმე დ--- ჯ---–--ემ განმარტა, რომ გ------ი ჯ---–--ე არის მამამისი. იგი 2019 წლის 8 მარტს, დაახლოებით ღამის 00:00 საათზე სახლში მივიდა ნასვამი და გაბრაზებული. დაახლოებით 15-20 წუთში ძმასთან ერთად იყო ოთახში, რა დროსაც გაიგონა ოჯახის წევრების საუბარი, კერძოდ ბებია შ------- ბ----–--–---–ი მამას ეუბნებოდა, რომ ფულს - 12 000 ლარს მისცემდნენ, თუ ბინის 2მ2-ს გადაუფორმებდა ნ------------ეს. მამამ დაიწყო გინება და ყვირილი. ჩხუბისას დაამტვრიეს ჭიქები, თუმცა მას არ დაუნახავს, მხოლოდ ხმა გაიგონა, ასევე მოესმა დედის ხმა - ,,ხელს ვის კრავო“. არც დედისთვის ხელის კვრა დაუნახავს. მან გაიგონა, როგორ უთხრა მამამ ბებიას, რომ ვენებს გადაუჭრიდა და მის სისხლს დალევდა. შემდეგ მამა შევიდა ოთახში, დაახლოებით 5 წუთში აიღო თავისი ნივთები და წავიდა სახლიდან. კონფლიქტი ბინის გაფორმებაზე საუბარმა გამოიწვია, რომელიც დაიწყო ბებიამ, მამას არაფერი უთქვამს. უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში მამა გვიან ღამით გაბრაზებული ბრუნდებოდა სახლში, ილანძღებოდა და იგინებოდა. იყო შემთხვევა, როდესაც ის და მისი ძმა სცემა. გ------ი ჯ---–--ის სახლიდან წასვლის შემდეგ შ------- ბ----–--–---–ი და ნ------------ე იყვნენ გაბრაზებულები და შეშინებულები.

 

მოწმე რ------- ჯ---–--ემ განმარტა, რომ არის გ------ი ჯ---–--ის შვილი. 2019 წლის მარტში ცხოვრობდა მშობლებთან, ორ ძმასთან და ბებიასთან ერთად. 9 მარტს, დაახლოებით 14:00-15:00 საათზე სახლში დაბრუნებულს დედამ - ნ------------ემ, ბებიამ - შ------- ბ----–--–---–მა და ძმებმა უთხრეს, რომ გ------ი ჯ---–--ე სახლიდან იყო წასული, რადგან იგი დაემუქრა შ------- ბ----–--–---–ს, რომ გადაუჭრიდა ვენებს და დალევდა მის სისხლს. მისი ძმები იყვნენ დასტრესილები, ხოლო დედა და ბებია - განერვიულებულები. როგორც მისთვის არის ცნობილი, ჩხუბის მიზეზი იყო ფული, რომელიც ბებიამ მამას არ მისცა, რის გამოც მამამ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბებიას, შემდეგ კი დაემუქრა მოკვლით, ჩაალაგა ნივთები და წავიდა სახლიდან. გ------ი ჯ---–--ე ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში გახდა აგრესიული და შეეცვალა დამოკიდებულება ოჯახის წევრების მიმართ, რისი მიზეზიც, მოწმის აღქმით, მისი უკანონო შვილია. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს დედის ან ბებიის მიმართ ვერ იხსენებს, თუმცა პირადად შესწრებია, როგორ აყენებდა მამა შეურაცხყოფას დედასა და ბებიას. ასევე შეესწრო, როგორ გაუსწორდა ფიზიკურად და სიტყვიერად მის ძმებს.

 

მოწმე ი-----–--ა ბ------ემ განმარტა, რომ არის გ------ი ჯ---–--ის დედა. 2019 წლის 8 მარტს, დაახლოებით 00:00 საათზე გ------ი მივიდა მასთან სახლში ბარგით და უთხრა, რომ სიდედრს ეჩხუბა და წამოვიდა სახლიდან. მეორე დღეს მასთან მივიდნენ ატირებული შვილიშვილები ჩანთებით. უთხრეს, რომ დედამ გამოყარა სახლიდან, თუმცა მეორე დღეს ბავშვები დედის სახლში დაბრუნდნენ. 2019 წლის 15 მარტს მისი ვაჟი სიდედრის - შ------- ბ----–--–---–ის განცხადების საფუძველზე დააკავეს. რეალურად კამათი მოუვიდათ იმის გამო, რომ გ------ის სიდედრს სურდა მისი ბინის გადაფორმება. შ------- ბ----–--–---–ს მისთვის უნდა ესესხებინა 4000 აშშ დოლარი, რომელიც სჭირდებოდა იპოთეკით დატვირთული ბინისათვის, მაგრამ აღარ ასესხა, რადგან თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევდა, თუ 5მ2 ფართს გადაუფორმებდა, რაზეც მან უარი უთხრა. მის ვაჟს მეორე ცოლთან ჰყავს ერთი შვილი, რაც ასევე გახდა პირველ ცოლთან კონფლიქტის მიზეზი. 2019 წლის 8 მარტის ინციდენტთან დაკავშირებით ბავშვები იტყუებიან, გ------ის მათზე არასდროს უძალადია.

 

მოწმე ნ---- ჯ---–--ემ განმარტა, რომ გ------ი ჯ---–--ე არის მისი ძმა. 2019 წლის 8 მარტამდე იგი ცხოვრობდა კანონიერ მეუღლესთან და შვილებთან ერთად ყოფილი სიდედრის ოჯახში. მათ არასოდეს ჰქონიათ კონფლიქტი და რამდენადაც იცის, მის ძმას არასდროს აუწევია ხელი ცოლზე. ძმის ოჯახში სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც ცოლმა და სიდედრმა გაიგეს, რომ გ------ის სხვა ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, თუმცა კონფლიქტის ძირითადი მიზეზი ბინას უკავშირდებოდა. კერძოდ, ნ------------ეს და შ------- ბ----–--–---–ს სურდათ მათი ბინის ნაწილის გადაფორმება, რაზეც გ------იმ უარი უთხრა და ბინა მის სახელზე გაადააფორმა. გ------ის სხვა ქალთან ურთიერთობის შესახებ ცოლმა და სიდედრმა მომხდარ ფაქტამდეც იცოდნენ, თუმცა შვილი რომ შეეძინა, კონფლიქტის შემდეგ გაიგეს. მუქარის ფაქტი მოხდა 2019 წლის 8 მარტს, თუმცა შ------- ბ----–--–---–მა 15 მარტს მიმართა საგამოძიებო ორგანოს. კონფლიქტის შედეგ შ------- ბ----–--–---–ი მას დაემუქრა, რომ თუ მის ძმას დაეხმარებოდა, სამსახურში მოუწყობდა შანტაჟს და მასაც დააჭერინებდა.

 

მოწმე მ-----ე ი-----–-–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს თბილისში, ვ-–----–----–----------------–----------------------------ში. ი-----–--ა ბ------ე არის მისი კარის მეზობელი. 2007 წლის ერთ დილას მისი სახლიდან შემოესმა ყვირილი. მეზობელთან შესულს იქ დახვდა შ------- ბ----–--–---–ი, რომელიც ჩხუბობდა, იწყევლებოდა. როგორც შემდეგ გაიგო, ი-----–--ას ხელითაც შეეხო, რაზეც ამ უკანასკნელმა დაწერა საჩივარი. ოჯახში კონფლიქტის მიზეზი იყო ბინა, აგრეთვე ის ფაქტი, რომ გ------ი ჯ---–--ეს ჰყავს მეორე ოჯახი. გ------ი ჯ---–--ის დაკავების მეორე დღეს თავად შეესწრო, როგორ მივიდნენ ი-----–--ასთან შვილიშვილები - რ---- და ს--------, რომლებმაც მამის დაჭერის მიზეზად ბებიას ქონება დაასახელეს, რომელიც მამის უკანონო შვილს არ უნდა დარჩენოდა. შვილიშვილებმა ი-----–--ას გადასცეს რძლის დანაბარები, თუ 5მ2 ფართს გადაუფორმებდა, საჩივარს გამოიტანდა.

 

მოწმე ა-------- კ-----მა განმარტა, რომ გ------ი ჯ---–--ის დაკავებამდე იყო მასთან ერთად და დაახლოებით 10:00-11:00 საათების შუალედში გ------ის ტელეფონზე დაახლოებით 10-ჯერ დაურეკა სიდედრმა და მოსთხოვა ავტომანქანის დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ჩივილით. გ------ი პასუხობდა, რომ მანქანა არაფერში სჭირდებოდა და დაუბრუნებდა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ------ი გ--–-–---–მა (გამომძიებელი) დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ 2019 წლის 15 მარტს, შ------- ბ----–--–---–ის შეტყობინების საფუძველზე გამოკითხა ეს უკანასკნელი. მან განმარტა, რომ სიძის - გ------ი ჯ---–--ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ მუქარის ფაქტს. დაიწყო გამოძიება. მოწმის სახით გამოიკითხა ბრალდებული და დაზარალებულის შვილი, ასევე მათი 3 არასრულწლოვანი ბავშვი. შ-------ს არ უთქვამს, რომ პოლიციას იმიტომ მიმართა, რომ მის სიძეს სხვა ქალისგან ჰყავდა შვილი, თუმცა ამ ფაქტით იყო გაღიზიანებული. შ------- ბ----–--–---–მა დაადასტურა, რომ მუქარის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2019 წლის 8 მარტს, თუმცა პოლიციას მიმართა 15 მარტს, რადგან ელოდებოდა ბავშვთან დაკავშირებით მისი ეჭვის დადასტურებას.

 

მოწმე ლ-–-------მ (გამომძიებელი) დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ 2019 წლის 15 მარტს გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 11,1511-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულ გ------ი ჯ---–--ის მიმართ, რომელიც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ დააკავა.

 

ბრალდებულმა გ------ი ჯ---–--ემ განმარტა, რომ 2002 წელს დაქორწინდა ნ------------ეზე, რომელთანაც შეეძინა 3 შვილი. 2007 წლის შემდეგ მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა, რადგან დედამისს და მის სიდედრს მოუვიდათ კონფლიქტი. 2017 წლიდან მეუღლესთან წელიწადნახევრი მანძილზე დაშორებული იყო. ამ პერიოდში ცხოვრობდა ქალთან, რომელიც უვლიდა დედამისს. მასთან შეეძინა შვილი. არ უნდოდა ოჯახის დანგრევა და შეურიგდა მეუღლეს, თუმცა სიდედრს არ ელაპარაკებოდა. 2017 წელს შეუწყვიტეს სოციალური დახმარება, რაც გაასაჩივრეს და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაგროვილი თანხა მთლიანად ჩაურიცხეს მის მეუღლეს საბანკო ანგარიშზე. იმავე პერიოდში დედისგან შეიტყო, რომ შ------- ბ----–--–---–მა თანხის სანაცვლოდ მოსთხოვა 1 ოთახის გადაფორმება. საღამოს სახლში მისულს სიდედრმა კვლავ უთხრა, რომ თანხის სანაცვლოდ მის სახელზე გადაეფორმებინა ოთახი. მან აუხსნა, რომ სასამართლოს გზით მოგებული თანხა იყო მისი. აღნიშნულმა დაზარალებული გააღიზიანა, დაიწყო ძალიან ხმამაღალი ლაპარაკი და ესროლა ჭიქა. საპასუხოდაც მანაც დააგდო ჭიქა იატაკზე. შ------- ბ----–--–---–მა სამზარეულოში აიღო დანა და დაემუქრა. იგი შევიდა ოთახში და ჩაალაგა ნივთები, რა დროსაც სიდედრს ლანძღავდა და სახლიდან წავიდა. შემთხვევის დღეს იგი შ-------ს არ დამუქრებია, კონფლიქტი მისი ინიციატივით არასდროს მომხდარა. ამასთან, ბავშვები მის წინააღმდეგ ჩვენებას იძლევიან იმის გამო, რომ დედა და ბებია ურევენ გონებას, ეუბნებიან, რომ ქონებას გაუყოფენ ბავშვს, რომელიც მას სხვა ქალისგან ჰყავს. მომხდარის შემდეგ შ------- ბ----–--–---–მა დაურეკა და სთხოვა მასთან მისვლა, მისულს კი კვლავ უთხრა, ოთახი გაეფორმებინა მისთვის და ფულს მისცემდა, რაზეც კვლავ უარი მიიღო. უფროსმა შვილმა უთხრა, რომ თუ ავტომანქანას არ დაუბრუნებდა სიდედრს, ეს უკანასკნელი უჩივლებდა. მართლაც, დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში და უთხრეს, რომ შ------- ბ----–--–---–მა უჩივლა ავტომანქანასთან დაკავშირებით. მან გამომძიებელს უჩვენა მინდობილობა, რომლითაც ავტომანქანა ერთი წლით ჰქონდა მინდობილი და არ მოუპარავს. აუხსნეს, რომ სიდედრმა განაცხადა, რომ იგი ემუქრებოდა. მან მოითხოვა ადვოკატი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ის სოციალურად დაუცველი იყო, მის მოთხოვნაზე რეაგირება არ ჰქონიათ. გათავისუფლების შემდეგ მან აუკრძალა შ------- ბ----–--–---–ს მასთან დარეკვა, რადგან ეს უკანასკნელი კვლავ სთხოვდა ფულის სანაცვლოდ ოთახის გადაფორმებას.

 

სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------ი ჯ---–--ე მეუღლის დედას შ------- ბ----–--–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობის საქმეები, როგორც წესი, ლატენტურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და თვითმხილველთა დიდი რაოდენობით არ გამოირჩევა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში გ------ი ჯ---–--ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტს შეესწრო არაერთი თვითმხილველი მოწმე, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ მის მიერ დანაშაულის ჩადენას. კერძოდ: მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სააპელაციო პალატასაც დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დროს შ------- ბ----–--–---–ი (დაზარალებული) იყო გ------ი ჯ---–--ის (მსჯავრდებული) მეუღლის მშობელი. დაზარალებულ შ------- ბ----–--–---–ის ჩვენებით ცალსახად დადასტურებულია, რომ 2019 წლის 8 მარტს ნასვამმა გ------ი ჯ---–--ემ უთხრა, რომ ,,მოკლავდა, ვენებს გადაუჭრიდა და მის სისხლს დალევდა“, რის გამოც გაუჩნდა შიში, რომ მისი სიძე მუქარას სისრულეში მოიყვანდა. მოწმე ნ------------ის ჩვენებით, რომელიც უშუალოდ შეესწრო დანაშაულის ფაქტს, დასტურდება, რომ მისი მეუღლე, რომელიც იყო ნასვამი, დაემუქრა დედამისს - შ------- ბ----–--–---–ს, რომ თუ ფულს არ მისცემდა, ,,მოკლავდა, ყელს გამოჭრიდა, სისხლს დაღვრიდა“. მეუღლის მუქარა დედამისის მიმართ მან აღიქვა რეალურად. გ------ი ჯ---–--ის მხრიდან სიდედრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი ასევე დადგენილია მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილების ჩვენებებით, რომლებიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდნენ და უშუალოდ შეესწრნენ ფაქტს. კერძოდ, ს-------- ჯ---–--ემ და დ--- ჯ---–--ემ განმარტეს, რომ მათი მამა შ------- ბ----–--–---–ს დაემუქრა, რომ ვენებს გადაუჭრიდა და მის სისხლს დალევდა.

 

რაც შეეხება მუქარის რეალურად აღქმას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: დაზარალებულმა შ------- ბ----–--–---–მა ცალსახად დაადასტურა, რომ კონფლიქტის დროს მისი სიძის გამომეტყველებითა და შემართებით გაუჩნდა სერიოზული შიში, რომ მუქარას სისრულეში მოიყვანდა. მუქარის აღქმის ობიექტური შეფასებისას ასევე მნიშვნელოვანია მოწმე ნ------------ის ჩვენება, რომელმაც აღნიშნა, რომ მეუღლის მხრიდან მუქარა არა მარტო დაზარალებულმა, არამედ მანაც რეალურად აღიქვა. საყურადღებოა არასრულწლოვნების - ს--------, დ--- და რ------- ჯ---–--ის ჩვენებები, რომელთა თანახმადაც ოჯახური კონფლიქტები მათთვის უცხო არ ყოფილა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ს-------- ჯ---–--ემ აღნიშნა, რომ კონფლიქტის დროს შეეშინდა, თუმცა ვერ ხსნიდა, რისი. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ოჯახის ყველა წევრი ადასტურებს, რომ გ------ი ჯ---–--ე ბოლო პერიოდში იყო გაღიზიანებული და მათ ოჯახში იშვიათობას არ წარმოადგენდა მამის მხრიდან ძალადობის გამოვლინებები, მათ შორის ბავშვებზე ფიზიკური ძალადობა, ფაქტების ობიექტური შეფასებისასაც, მეტად სარწმუნოა, რომ დაზარალებულს ნასვამი და გაღიზიანებული სიძის მუქარა აღექვა რეალურად.

 

სააპელაციო პალატას აქვე სურს, აღნიშნოს, რომ მოწმეები რ------- ჯ---–--ე, ი-----–--ა ბ------ე, ნ---- ჯ---–--ე, მ-----ე ი-----–-–---–ი და ა-------- კ------ არ არიან გ------ი ჯ---–--ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების უშუალო თვითმხილველი მოწმეები, მათი ჩვენებების ნაწილი ემყარება სხვა პირთა მონათხრობს, ხოლო ნაწილი ეხება დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის ურთიერთობას, დანაშაულის წინაპირობებსა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

 

საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება, დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნას პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ირიბი ჩვენებები არარელევანტურია, მათზე დაყრდნობით შეუძლებელია გ------ი ჯ---–--ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების უტყუარად დადასტურება ან უარყოფა, რის გამოც მათ პალატა სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულ შ------- ბ----–-–---–ისა და მოწმეების ნ------------ის, ს--------, დ--- და რ------- ჯ---–--ეების ჩვენებები შეიცავს არსებით წინააღმდეგობებს და შეუძლებელია მათზე დაყრდნობით რაიმე ფაქტების უტყუარად დადგენა და მით უფრო, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, სააპელაციო პალატა იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 82–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და, საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

სააპელაციო პალატამ შეაფასა დაზარალებულ შ------- ბ----–--–---–ისა და მოწმეების ნ------------ის, ს--------, დ--- და რ------- ჯ---–--ეების ჩვენებები, რომლებიც ამხელნენ გ------ი ჯ---–--ეს დანაშაულის ჩადენაში და აღნიშნავს, რომ დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, არ არსებობს. დანაშაულის ოთხივე თვითმხილველი მოწმის (შ------- ბ----–--–---–ი, ნ------------ე, ს-------- და დ--- ჯ---–--ეები) ჩვენება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო სიძე სიდედრს შორის დაპირისპირების მიზეზი, რა სიტყვებით დაემუქრა გ------ი ჯ---–--ე შ------- ბ----–--–---–ს და რა მოიმოქმედა მან დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ზედმიწევნით ემთხვევა ერთმანეთს. ამასთან, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის ჩადენიდან მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია დრო და არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებს არ ახსოვდეთ საქმესთან დაკავშირებული უმნიშვნელო დეტალები, ასე მაგალითად: კონფლიქტიდან ზუსტად რამდენ წუთში წავიდა მსჯავრდებული სახლიდან, ოჯახის რომელი წევრი ზუსტად სად იმყოფებოდა დაპირისპირების დროს, ვინ წამოიწყო ჩხუბი და ა.შ. სწორედ აღნიშნულზე აკეთებს აქცენტს დაცვის მხარე და მიუთითებს, რომ იმის განურჩევლად, მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა, უნდა გახდეს იმის მტკიცების საფუძველი, რომ მოწმეები აპრიორი ცრუობენ. პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეების მიერ ყველა დეტალის ზედმიწევნით აღდგენა და გადმოცემა უფრო მეტად საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას და წარმოშობდა ეჭვს, ხომ არ მოხდა მოწმეების მიერ ჩვენებების სპეციალურად დამთხვევა. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შეინიშნება მოწმეთა მონათხრობში, მთლიანობაში ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობასა და დამაჯერებლობას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღების მიღმა ვერ დატოვებს დაცვს მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება განხორციელდა 2019 წლის 8 მარტს, ხოლო დაზარალებულმა ამის თაობაზე სათანადო ორგანოებს მიმართა 14 მარტს, რადგან სურდა სიძეზე შურისძიება სხვა ქალისგან შვილის გაჩენის გამო და სინამდვილეში მუქარას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით მართლაც დგინდება, რომ, გ------ი ჯ---–--ეს ფაქტობრივი ცოლქმრული ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქალთან, რაც, ბუნებრივია, მიუღებელი იყო მისი მეუღლისა და სიდედრისათვის. მხარეთა დავა არ გამოუწვევია არც იმ ფაქტს, რომ სწორედ 2019 წლის 14 მარტს შეიტყვეს დაზარალებულმა და მისმა ქალიშვილმა, რომ გ------ის ქორწინების გარეშე შეეძინა შვილი, რამაც მათი წყენა და აღშფოთება გამოიწვია. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დაზარალებულს მართლაც გაუჩნდა სიძის მიმართ შურისძიების სურვილი და ამ სურვილმა უბიძგა, რომ პოლიციისთვის განცხადებით მიემართა, თუმცა არ უნდა იქნას გაზიარებული დაცვის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულმა თავისი სიძე ამხილა იმ დანაშაულში, რაც მას არ ჩაუდენია. ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 8 მარტს გ------ი ჯ---–--ე მეუღლის დედას შ------- ბ----–--–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც შ------- ბ----–--–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ქმედების კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 იანვრის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ გ------ი ჯ---–--ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან/და გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ არ იწვევდეს რაიმე სახის გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ტოვებდეს კითხვის ნიშნებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის აღძვრა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება, განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრი ასევე არის მეუღლის მშობელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უტყუარად არის დადგენილი, რომ გ------ი ჯ---–--ე მეუღლის დედას შ------- ბ----–--–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც შ------- ბ----–--–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ------ი ჯ---–--ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 20 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია), შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს. ამდენად, გ------ი ჯ---–--ე ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2019 წლის 20 სექტემბრამდე მოქმედი რედაქციის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენისათვის დღეისათვის მოქმედი სსკ-ის რედაქციით სასჯელი გამკაცრებულია.

 

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ გ------ი ჯ---–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 20 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია), ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 120-დან 180 საათამდე ვადით, ან გამასწორებელი სამუშაოთი 1 წლამდე ვადით, ან შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს (ოჯახური კონფლიქტი/ანგარება), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), დამნაშავის პიროვნებას/წარსულ ცხოვრებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულის პიროვნებისა და მისი წარსულის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა) მის ოჯახურ მდგომარეობას (ჰყავს ოთხი შვილი), რისი გათვალისწინებით სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 160 საათის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

სააპელაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ არ არსებობს გ------ი ჯ---–--ის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებისათვის დამაბრკოლებელი სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე გასათვალისწინებელი გარემოება.

 

ამასთან, ვინაიდან გ------ი ჯ---–--ე იმყოფებოდა პატიმრობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით 2019 წლის 15 მარტიდან 2019 წლის 18 მარტის ჩათვლით, მოხდილად უნდა ჩაეთვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 20 საათი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------ი ჯ---–--ის ადვოკატის ზ------ რ-------–---–ის და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის რ---- ხ--------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 იანვრის განაჩენი;

 

გ------ი ჯ---–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველ ნაწილით (2019 წლის 20 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ვადით, რომლის სახესაც განსაზღვრავს პრობაციის ბიურო და რომლის ხანგრძლივობაც დღეში არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს.

 

გ------ი ჯ---–--ეს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, 2019 წლის 15 მარტიდან 2019 წლის 18 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით მოხდილად ჩაეთვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 20 საათი.

 

გ------ი ჯ---–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

გ------ი ჯ---–--ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე