განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002869756
საქმე №1ბ/1178-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ი-----–-----------ს
ადვოკატ: ნ-----------–-–---–ის
მსჯავრდებულ: მ-----–----–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ მ-----–----–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------) მ-----–-----------------–-–---–ის დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-------------------–----–--------------------------–---------------------------------–-, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----–----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მ-----–----–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 23 იანვარს, თ---–--–-----------------–----–-----------–---------------------------------–-- დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ-----–----–-–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას ც-----------–-–---–ს, კერძოდ რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით:
მ-----–----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 იანვრის განჩინებით მ-----–----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 24 იანვრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ-----–----–-–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ-----------–-–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ადვოკატმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის განაჩენის გაუქმება და მ-----–----–-–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ მ-----–----–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის განაჩენი მ-----–----–-–---–ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება მ-----–----–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ც---------–-–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კ--------------–----მა განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის გამოკითხა დაზარალებული ც---------–-–---–ი. მოწმემ აღნიშნა, რომ 2019 წლის 24 იანვარს, ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ეზოში, სკამზე, შენიშნა მოხუცი ქალბატონი, რომელიც ტიროდა. სიტუაციაში გარკვევისას, ც---------–-–---–მა მას (მოწმეს) განუცხადა, რომ იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი შვილის მხრიდან. ც---------–-–---–მა, გამოკითხვისას დააფიქსირა, რომ შვილმა მ-----–----–-–---–მა მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. მსხვერპლმა ასევე განმარტა, რომ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, შვილის მხრიდან, ჰქონდა რეგულარული ხასიათი. მოწმის განმარტებით, დაზარალებული ძალადობის ფაქტის გახსენებისას ტირილს იწყებდა, თან აცხადებდა, რომ მ-----–----–-–---–ი მუდმივად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელებს და თრობის ქვეშ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. დაზარალებულის გამოკითხვით ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა 2019 წლის 23 იანვარსაც, რაც საერთო ჯამში მისი განმარტებით შეუძლებელს ხდიდა მოძალადესთან თანაცხოვრებას.
მოწმის სახით დაკითხული გარეშე პირის, - ც----------–------ს ჩვენებით მ-----–----–-–---–ი და დაზარალებული ც---------–-–---–ი არიან მისი მეზობლები. გამომძიებლის დავალებით მოცემულ საქმეზე მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც გარეშე პირს. დაზარალებულმა მისი თანდასწრებით სამართალდამცველს განუმარტა, რომ შვილი მ-----–----–-–---–ი აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და გამოთქვამდა შიშს ბრალდებულის მიმართ.
მოწმე ლ-------------ს განმარტებით, არის მ-----–----–-–---–ის და დაზარალებულ ც---------–-–---–ის მეზობელი. 2019 წლის 23 იანვარს, ც---------–-–---–ის სახლიდან ესმოდა ხმამაღალი საუბარი, თუმცა ზოგადად ამ ოჯახიდან ყვირილის და ჩხუბის ხმა არასდროს გაუგია. ოცდასამ იანვრამდე, დაახლოებით ორი სამი კვირის წინ დაზარალებულმა მას (მოწმეს) მოუყვა თუ როგორ სცემა ბრალდებულმა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ზეპირი ჩვენების პარალელურად გამოქვეყნდა ლ-------------ს 25.01.2019 წ. გამოკითხვის ოქმი. რომლის თანახმად, ,,... 2019 წლის 23 იანვარს, მე ც---------–-–---–ის სახლიდან მესმოდა ყვირილისა და ხმაურის ხმა. კერძოდ, მას უყვიროდა მისი შვილი მ-----–----–-–---–ი, რომელიც ცხოვრობს ც-----სთან ერთად..., ...ბრალდებული ბოლო რამდენიმე კვირაა სვამს ალკოჰოლურ სასმელებს, ამ ხნის განმავლობაში ც---------–-–---–ის ბინიდან გამუდმებით ისმის ყვირილისა და ჩხუბის ხმა..., ... დაახლოებით ორი სამი კვირის წინ ც----- მ--–-–---–მა მითხრა, რომ მ-----–ი მას სცემდა“. მოწმე ლ-------------მ ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა გამოკითხვის ოქმზე მისი ხელმოწერა.
2019 წლის 24 იანვარს, პოლიციის განყოფილებაში დაფიქსირდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი ც---------–-–---–ი აცხადებდა, რომ 2019 წლის 23 იანვარს სცემა შვილმა მ-----–----–-–---–მა.
პაციენტის #0110 სამედიცინო ბარათის მიხედვით, 2019 წლის 24 იანვარს, 14:13 საათზე ექიმებმა ც----- მ--–-–---–ს გაუწიეს სამედიცინო დახმარება. პაციენტმა მედპერსონალს განუცხადა, რომ 2019 წლის 23 იანვარს, შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ბერი გაბრიელ სალოსის მე-4 შესახვევი, კორპუსი #2, ბინა #8. შემთხვევის ადგილი დათვალიერდა გამომძიებლის კ--------------–----ის მიერ, ექსპერტების, გარეშე პირის ც-----------–------ს და დაზარალებულ ც---------–-–---–ის მონაწილეობით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ბინას აშკარად ეტყობოდა ქაოსის და არეულობის კვალი, ფარდები იყო ჩამოწყვეტილი, ნივთები ქაოტურად მიმოფანტული. დაზარალებულის განმარტებით, ფარდა ფიზიკური ძალადობის დროს ჩამოგლიჯა მ-----–----–-–---–მა. ც---------–-–---–მა მიუთითა საწოლის წინ იატაკზე და განაცხადა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილზე წააქცია 2019 წლის 23 იანვარს ღამის საათებში შვილმა მ-----–----–-–---–მა და წაქცეულს სცემდა. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ განხორციელდა შემთხვევის ადგილის ფოტო გადაღება, გადაღებული ფოტო სურათები დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები. ფოტოებში ნათლად ჩანს თუ როგორ ახდენს დაზარალებული იმ ადგილების (მისაღები ოთახის, სამზარეულო ოთახის, იატაკის, არეული ნივთების, ჩამოგლეჯილი ფარდების) მითითებას, სადაც მისი განმარტებით განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.
2019 წლის 25 იანვარს გამოიცა #------ შემაკავებელი ორდერი მოძალადის მ-----–----–-–---–ის მიმართ. შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომელშიც დაფიქსირებულია მსხვერპლის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია და ამ ინფორმაციის სიზუსტე დამოწმებულია მსხვერპლის და გარეშე პირის ც----------–------ს ხელმოწერებით, - დასტურდება, რომ 2019 წლის 23 იანვარს, მ-----–----–-–---–მა დედას ც---------–-–---–ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა. ძალადობის დროს მ-----–----–-–---–ი იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ. გარდა აღნიშნულისა, მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, რომელიც ასევე მისი ხელმოწერითაა დადასტურებული, მითითებულია, რომ ეს არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა, წარსულშიც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ძალადობის ფაქტებიდან გამომდინარე, მსხვერპლი გამოთქვამდა შიშს, რომ მოძალადეს შესაძლოა კვლავ მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა. შემაკავებელი ორდერი, მოძალადის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მ-----–----–-–---–ის სარჩელი #------ შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე. სასამართლომ გადაწყვტილებაში განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი გაცემულია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე ც---------–-–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები (ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში) სისხლნაჟღენთის და ერთი სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით; სწორკიდეებიანი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით; დაზიანებები ცალკ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
პირადი შემოწმების მონაცემების მიხედვით: ც----–-–---–ს, მარჯვენა ბეჭზედა მიდამოში აღენიშნებოდა მოყვითალო ფერის, კიდეებზე კონტურებწაშლილი სისხლნაჟღენთი ზომით 1,5X0,8სმ. მარჯვენა მტევნის ხელისგულის ზედაპირზე, მე-2 თითის საფრჩხილე ფალანგის არეში დასწვრივი სწორკიდეებიანი ზედაპირული ჭრილობა 1,2X 0,1სმ ზომის, კიდეები შესიებული, ჭრილობაში მოჩანს მოგრანულო მოყავისფრო ფერის ქსოვილი. უჩივის ტკივილს მთელი სხეულის მიდამოში. შესამოწმებელმა პირმა ც---------–-–---–მა ექსპერტს დაუფიქსირა დაზიანების წარმოშობის მექანიზმი, ასევე დაზიანების მიმყენებელი პირი, შესამოწმებლის გადმოცემით - სცემა შვილმა. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-------–--–---–-ა დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის და შედეგის სისწორე.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად: მ-----–----–-–---–ის ქმედებამ გამოიწვია ც---------–-–---–ის ფსიქოლოგიური ტანჯვა. ფსიქოლოგიური გამოკვლევის მიხედვით: ც---------–-–---–მა ექსპერტს უამბო შვილის ცხოვრების წესიდან და ხასიათობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე კონფლიქტებზე, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის გამოვლინებებზე შვილის მხრიდან. გამომსახველობა, ინტონაცია გამოხატავს დათრგუნულობას, შიშს, საფრთხის შეგრძნებას, გამოუვალი სიტუაციის განცდას. გადმოცემული შინაარსი საკმარისად თანმიმდევრულია. მსჯელობა - საკმარისად არგუმენტირებული. ... მეხსიერება - ხანგრძლივი მეხსიერების კვლევისათვის გასაუბრებისას ფაქტებს წარსულიდან აღადგენს, შეუძლია მათი დროში მოცემულობის განსაზღვრა. ... ფიქსაციური მეხსიერება უმნიშვნელოდ დაქვეითებულია. ... ვლინდება შფოთვა, დაურწმუნებლობა, შევიწროებულის, დამცირებულის, უმწეობის განცდა დაუძლეველი გარემოებების წინაშე, მშვიდი, უსაფრთხო გარემოს განტვირთვის მოთხოვნილებები. შესამოწმებელმა პირმა ც---------–-–---–მა ექსპერტს განუცხადა, რომ მისი შვილის ქმედებების გამო, განიცდის სულიერ და ფსიქიკურ ტანჯვას. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–---–მა დაადასტურა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი, სისწორე და დამატებით განმარტა, რომ მსხვერპლის ც----- მ--–-–---–ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოწვეული იყო ოჯახში შექმნილი ძალადობრივი ვითარებიდან.
მ-----–----–-–---–ის დაკავების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 24 იანვარს, 20:35 საათზე, ქ-------–--–-----------------–----–----------------------–--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ იქნა მ-----–----–-–---–ი. დაკავებულს დაკავების პროცესში ჩაუტარდა ალკოტესტით შემოწმება. ალკოტესტმა აჩვენა შედეგი - 0,973‰ პრომილი.
უდავო მტკიცებულებით - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის, თ---------–---–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, პაციენტმა, გასინჯვისას ექიმს განუცხადა, რომ შვილმა მ-----–----–-–---–მა, 2019 წლის 23 იანვარს მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა.
მ-----–----–-–---–მა თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ ფიზიკურად არასდროს უძალადია დედაზე. რაც შეეხება ხმამაღალ საუბარს, გამომდინარე იქიდან რომ დაზარალებულს აქვს სმენის პრობლემა ხშირად ხმამაღლა ესაუბრება, რაც მეზობლების და საზოგადოების მიერ შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ჩხუბი და კონფლიქტი. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებაში სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების დროს მიწოდებული ინფორმაცია ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს, დაზარალებული იმყოფება შვილიშვილების ზეგავლენის ქვეშ, ვინაიდან ამ უკანასკნელებს სამოქალაქო დავა აქვთ მ-----–----–-–---–თან.
დაცვის მხარე მ-----–----–-–---–ის გამართლების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომ მ-----–----–-–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ც---------–-–---–ს. განაჩენი დადგენილია საეჭვო, ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე. წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ სასამართლო სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში ც---------–-–---–ის მიერ მითითებული გარემოება, მ-----–----–-–---–ის მიერ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ სააპელაციო პალატამ არ უნდა გაიზიაროს. ვინაიდან ამ ინფორმაციის წყარომ - დაზრალებულმა ც---------–-–---–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება. გარდა ამისა, როგორც მოწმე ლ-------------მ განმარტა ც---------–-–---–ს ახასიათებს ტყუილები და აქვს მეხსიერების პრობლემა. ამავე საფუძვლით არ უნდა იქნას გაზიარებული დაზარალებულის მიერ გამომძიებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია. აპელანტის პოზიციით, იმ მოტივით, რომ შემაკავებელი ორდერის შედგენის ადგილი არასწორადაა მითითებული, შემაკაველი ორდერი როგორც მტკიცებულება არ უნდა იქნას გათვალისწინებული. აპელანტი აღნიშნავს, რომ გარეშე პირმა მოწმის სახით დაკითხულმა ც----------–------მ მიუთითა, რომ შემაკავებელი ორდერი შედგა მის სახლში და არა პოლიციის განყოფილებაში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტების საპასუხოდ ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სასამართლომ გამონაკლის შემთხვევებში არ გამორიცხა, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება და მიუთითა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი, როგორც მოწმის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს [...].თითოეული საგამონაკლისო შემთხვევის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნების და ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებული საშუალებების კონტექსტში უნდა მოხდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, პარ. 36, 38).
მოცემულ შემთხვევაში, მოწმე კ--------------–----მა პირველი ინსტანციის სასამართლოს განუმარტა მისთვის დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. კერძოდ, ც----- მ--–-–---–მა მას (მოწმეს) განუცხადა, რომ იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი შვილის მხრიდან. ც---------–-–---–მა, გამოკითხვისას დააფიქსირა, რომ შვილმა მ-----–----–-–---–მა მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. ც---------–-–---–ის განმარტებით ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, შვილის მხრიდან, ჰქონდა რეგულარული ხასიათი. დაზარალებული ძალადობის ფაქტის გახსენებისას ტირილს იწყებდა, თან აცხადებდა, რომ მ-----–----–-–---–ი მუდმივად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელებს და თრობის ქვეშ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე, საგულისხმოა გარეშე პირის ც----------–------ს ჩვენება, რომლის თანახმად, დაზარალებულმა მისი თანდასწრებით სამართალდამცველს განუმარტა, რომ შვილი მ-----–----–-–---–ი აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და გამოთქვამდა შიშს მ-----–----–-–---–ის მიმართ. ხსენებულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები სრულ თანხვედრაშია სასამართლო სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებთან. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ც---------–-–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის და ერთი სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით, ხოლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მ-----–----–-–---–ის ქმდებამ გამოიწვია ც---------–-–---–ის ტანჯვა. როგორც სასამართლო სამედიცინო, ისე ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენს (საქმე №117აპ-18), რომელშიც უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ნებისმიერი სახის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი ერთი რომელიმე ნაწილის ან რეკვიზიტის მიხედვით, არამედ მთლიანობაში, მისი კვლევითი ნაწილის ჩათვლით, რადგან მის თითოეულ ნაწილს გააჩნია მტკიცებულებითი მნიშვნელობა. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილშია მითითებული, ც---------–-–---–ის განმარტება, რომ მას დაზიანებები მიაყენა შვილმა, ხოლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში კი აღნიშნულია, რომ ც---------–-–---–ის განმარტებით, შვილის ქმედებების გამო, განიცდის სულიერ და ფსიქიკურ ტანჯვას. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე დაზარალებულის მოქმედებებზე გამოძიების საწყის ეტაპზე, როდესაც მან თავად მიმართა პოლიციის განყოფილებას და განაცხადა მის წინააღმდეგ შვილის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. ასევე როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, დაზარალებულმა ც---------–-–---–მა თავად მიუთითა ის ადგილი, სადაც მასზე იძალადა მ-----–----–-–---–მა. კერძოდ, ც---------–-–---–მა სხვა გარემოებებთან ერთად მიუთითა ადგილზე, - საწოლის წინ იატაკზე და განაცხადა, რომ სწორედ იქ წააქცია 2019 წლის 23 იანვარს ღამის საათებში შვილმა მ-----–----–-–---–მა და წაქცეულს სცემდა. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა მ-----–----–-–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს მ-----–----–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
სააპლეაციო პალატა აქვე მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
ამავე კონვენციით აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნების უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ მ-----–----–-–---–ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ-----–----–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ-----–----–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ-----–----–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის განაჩენი მ-----–----–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
მ-----–----–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 24 იანვრიდან. ცნობად იქნას მიღებული, რომ მ-----–----–-–---–ს დღეის მდგომარეობით აღნიშნული სასჯელი მოხდილი აქვს.
ასევე, ცნობად იქნას მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 იანვრის განჩინებით მ-----–----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ხოლოაშვილი