განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2020
საქმის ნომერი
330210019003110269
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/9842-19 28 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – მაია გიგაური

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ხ-------------–---–ი

წარმომადგენელი - დ--------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ-----------–-----–--ე

წარმომადგენელი - თ--------------ი

 

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. ხ-------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან ქ-----------–-----–--ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის, მდებარე მისამართზე: ქ-------–-------–-----------------–---–------------, საკადასტრო კოდი 0---------------- გამოთხოვა და აღნიშნული უძრავი ნივთის თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრე ქ-----------–-----–--ისთვის გადაცემა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ქ-----------–-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ხ-------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ-----------–-----–--ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე: მისამართზე ქ-------–-------–-----------------–---–------------, საკადასტრო კოდი 0---------------- შენობა N2-დან I სართულზე ფართი 45.72 კვ.მ., სარდაფიდან - ფართი 8.12 კვ.მ., სხვენიდან - ფართი 49.24 კვ.მ., და აღნიშნული უძრავი ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ქ-----------–-----–--ეს.

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ხ-------------–---–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

 

სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება არ არის მის სარგებლობაში, ქონებასთან რაიმე სახის კავშირი აპელანტს არ გააჩნია და იგი ვერ შეძლებს მის გამოთავისუფლებას.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. ქ-----------–-----–--ის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტირირებულია უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: ქ-------–-------–-----------------–---–------------, საკადასტრო კოდი N0---------------- შენობა N2-დან I სართულზე ფართი 45.72 კვ.მ., სარდაფიდან ფართი 8.12 კვ.მ., სხვენიდან ფართი 49.24 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია განკარგულება NA----------------, დამოწმებული 2019 წლის 14 მაისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მიერ (იხ. ს. ფ. 14-17).

 

6. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ბინა აპელანტის არამართლზომიერ მფლობელობაშია.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია თავდაპირველი მოსარჩელის საკუთრების უფლება.

 

სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე განმარტავს, რომ სადავო ბინა იძულებით აუქციონზე იყიდა, მაგრამ თავისი საკუთრებით ვერ სარგებლობს, რადგან მასში აპელანტი აგრძელებს ცხოვრებას. საგულისხმოა, რომ აპელანტი თავდაპირველი მოსარჩელის ახსნა-განმარტებას სადავო ბინაში ცხოვრების შესახებ არსებითად არ შედავებია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და მხოლოდ იმ პოზიციის დაფიქსირებით შემოიფარგლა, რომ იგი სადავო ბინაში არ ცხოვრობს. ამასთან, ხ-------------–---–მა საქმის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ მან სადავო ბინა სესხის გამო დაჰკარგა და შესაგებელშიც სადავო ბინის მოსარჩელისგან გამოსყიდვის სურვილს აფიქსირებს.

 

პალატა შენიშნავს, რომ სადავო ბინაში ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით აპელანტის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრით, ისევე, როგორც შესაგებლითა და ზეპირი პოზიციით, არ დგინდება სარჩელში მითითებული ძირითადი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფის შესაბამისი მიზეზები და არგუმენტები, რის გამოც, პალატა არ იზიარებს ხ-------------–---–ის შედავებას სადავო ქონების გამოთავისუფლების შეუძლებლობასთან მიმართებით.

 

7. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ-----------–-----–--ე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონებების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, დადგენილია, რომ აპელანტი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. პალატა შენიშნავს იმასაც, რომ სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნა მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს, რაც აპელანტის მიერ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა რეალიზებული.

 

რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ აპელანტი არ სარგებლობს უძრავი ქონებით, არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით სადავო ქონებას მოცემული მდგომარეობით ჰყავს მხოლოდ ერთი მესაკუთრე და სწორედ ის ითხოვს აპელანტის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ მოხმობილი გარემოება ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება. პალატა განმარტავს იმასაც, რომ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები - (ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება), პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ქ-----------–-----–--ის სარჩელი იყო საფუძვლიანი და სწორად დააკმაყოფილა იგი.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

9. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ, რაც უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ხ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. ხ-------------–---–ის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 21 დღის ვადაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე: მაია გიგაური