განაჩენი

სისხლის სამართლის 16.03.2020
საქმის ნომერი
010100119003309623
ინსტანცია
თარიღი
16.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119003309623

საქმე №1/ბ-158-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2020 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------ რ------ს ძე ა-----ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, მცხოვრები: ქ. ბათუმი, წ-----------------–--–--------------–- N6;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ------ ა-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N162-ში მდებარე რესტორან ,,ა------ში’’ ზ------ ა-----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, შვილს, ნ----- ა-----ეს, კერძოდ, ხელი გაარტყა სახის არეში, რა დროსაც ნ----- ა-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ზ------ ა-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა----------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ ზ------ ა-----ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარე თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი ზ------ ა-----ის მიმართ სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლი ითვალისწინებს სასჯელის დამძიმების სამართლებრივ საფუძველს, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა აღნიშნული მუხლის მოთხოვნები, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი, არ შეესაბამება ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ გამომდინარეობს სასჯელის მიზნებიდან.

 

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ------ ა-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ------ ა-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ----- ა-----ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - ასმ--------------------------------------------------------------------–--------ს გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 18 ოქტომბრის N------ შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ზ------ ა-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი.

 

გასაჩივრებული განაჩენით ზ------ ა-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ზ------ ა-----ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულთან და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დაუნიშნა სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

სააპელაციო პალატას მსაჯავრდებულ ზ------ ა-----ის მიმართ დანიშნული სასჯელი მიაჩნია სამართლიანად, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ზ------ ა-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მსჯავრდებულ ზ------ ა-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე