განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.11.2019
საქმის ნომერი
330210119002869549
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210119002869549

საქმე №2ბ/7912-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მერაბ ლომიძე, ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი - ლანა ჩერქეზიშვილი

 

აპელანტი - ა-–---------------------ე

წარმომადგენელი - გ-----------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარეები - კ-------------------ა, დ----------------ე

წარმომადგენელი - გ------------–--ე

 

დავის საგანი - ინფორმაციის მიწოდება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.07.2019 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს კ-------------------ამ და დ----------------ემ მოპასუხე ა-–---------------------ის მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვეს: დაევალოს ა-–---------------------ეს კ-------------------ასა და დ----------------ისათვის შპს ,,ა-–---------------------ესთან’’ და შპს ,,ვ-------–---თან’’ დაკავშირებული შემდეგი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება - 2017 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის: - ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისები; ბალანსის უწყისები; მოგება-ზარალის უწყისები; ჩატარებული აუდიტორული და საგადასახადო შემოწმების დასკვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში, კომპანიების შპს ,,ა-–---------------------ეს“ და შპს ,,ვ-------–--“-ს სახელზე გახსნილი ყველა საბანკო ანგარიშის (თუნდაც ეს ანგარიში უკვე დახურული იყოს) ამონაწერი ანგარიშის არსებობის სრულ პერიოდზე; კომპანიების შპს ,,ა-–---------------------ეს“ და შპს ,,ვ-------–--“-ს სახელით დადებული ყველა იმ გარიგების ასლი, რომელთა ღირებულებაც აღემატება 5000 ლარს. ზეპირად დადებული გარიგებების შემთხვევაში ინფორმაცია გარიგებების შესახებ: მხარეები, საგანი; ყველა იმ გარიგების ასლი, რომელთა უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულია კომპანიების შპს ,,ა-–---------------------ეს“ და შპს ,,ვ-------–--“-ს ქონება და რომელთა შესრულებაზეც კომპანიები თავად იღებენ პასუხიმგებლობას (თავდებობის, გარანტიის ან ნებისმიერი სხვა სახით), ასევე, დაევალოს ა-–---------------------ეს კ-------------------ასა და დ----------------ის სამომავლო მოთხოვნის შემთხვევაში შპს ,,ა-–---------------------ეს“-სთან და შპს ,,ვ-------–--“-სთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის კ-------------------ასა და დ----------------ისათვის დაუყონებლივ მიწოდება და კომპანიის აღნიშნულ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე მოსარჩელეთა ფიზიკური წვდომის უზრუნველყოფა (როგორიცაა მაგალითად, კომპანიის ოფისში შესვლა, აუდიტის ჩატარება და ასლების გადაღება).

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.07.2019 წლის გადაწყვეტილებით კ-------------------ას და დ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა ა-–---------------------ეს კ-------------------ასა და დ----------------ისათვის შპს ,,ა-–---------------------ესთან“ და შპს ,,ვ-------–---თან“ დაკავშირებული შემდეგი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება - 2017 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის: - ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისები; ბალანსის უწყისები; მოგება-ზარალის უწყისები; ჩატარებული აუდიტორული და საგადასახადო შემოწმების დასკვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში, კომპანიების შპს ,,ა-–---------------------ეს“ და შპს ,,ვ-------–--“-ს სახელზე გახსნილი ყველა საბანკო ანგარიშის (თუნდაც ეს ანგარიში უკვე დახურული იყოს) ამონაწერი ანგარიშის არსებობის სრულ პერიოდზე; კომპანიების შპს ,,ა-–---------------------ეს“ და შპს ,,ვ-------–--“-ს სახელით დადებული ყველა იმ გარიგების ასლი, რომელთა ღირებულებაც აღემატება 5000 ლარს. ზეპირად დადებული გარიგებების შემთხვევაში ინფორმაცია გარიგებების შესახებ: მხარეები, საგანი; ყველა იმ გარიგების ასლი, რომელთა უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულია კომპანიების შპს ,,ა-–---------------------ეს“ და შპს ,,ვ-------–--“-ს ქონება და რომელთა შესრულებაზეც კომპანიები თავადიღებენ პასუხიმგებლობას (თავდებობის, გარანტიის ან ნებისმიერისხვასახით).

 

იმ ნაწილში, რომლითაც კ-------------------ა და დ----------------ე მოითხოვენ დაევალოს ა-–---------------------ეს კ-------------------ასა და დ----------------ის სამომავლო მოთხოვნის შემთხვევაში შპს ,,ა-–---------------------ესთან“ და შპს ,,ვ-------–---თან“ დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის კ-------------------ასა და დავით მაისურაძისათვის დაუყონებლივ მიწოდება და კომპანიის აღნიშნულ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე მოსარჩელეთა ფიზიკური წვდომის უზრუნველყოფა (როგორიცაა მაგალითად, კომპანიის ოფისში შესვლა, აუდიტის ჩატარება და ასლების გადაღება) - სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება ა-–---------------------ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ სარჩელში მითითებული ინფორმაციის გამოთხოვა მოითხოვეს არაუფლებამოსილმა პირებმა, რამაც განაპირობა ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა, თუმცა, გარდა აღნიშნულისა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ინფორმაციის გაცემა ზიანის მომატანი აღმოჩნდებოდა კომპანიისათვის იმის გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარეები ბოროტად გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას. ასევე, სასამართლომ არ იმსჯელა ორივე კომპანიის მთავარი ბუღალტრის მოწმე - ე------------–-----–---–ის ახსნა-განმარტებაზე. სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა, ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის საოქმო განჩინება ა-–---------------------ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მტკიცებულებათა წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შპს ,,ა-–---------------------ე’’ რეგისტრირებულია 2016 წლის 19 აგვისტოს და მისი დირექტორი არის ა-–---------------------ე.

 

შპს ,,ა-–---------------------ეს’’ პარტნიორები არიან: დ----------------ე (5% წილის მფლობელი), კ-------------------ა (35% წილის მფლობელი) და ა-–---------------------ე (60% წილის მფლობელი).

 

შპს ,,ა-–---------------------ეში’’ დ----------------ის 5% წილის და კ-------------------ას 35% წილის მმართველს წარმოადგენს შპს ,,ბ---–-ი’’.

 

შპს ,,ვ-------–--’’ რეგისტრირებულია 2000 წლის 6 ივნისს და მისი დირექტორი არის ა-–---------------------ე.

 

შპს ,,ვ-------–--’’-ს პარტნიორები არიან: დ----------------ე (5% წილის მფლობელი), კ-------------------ა (35% წილის მფლობელი) და ა-–---------------------ე (60% წილის მფლობელი).

 

შპს ,,ვ-------–--’’-ში დ----------------ის 5% წილის და კ-------------------ას 35% წილის მმართველს წარმოადგენს შპს ,,ბ---–-ი’’.

 

2018 წლის 7 აგვისტოს შპს ,,ვ-------–--’’-ს და შპს ,,ა-–---------------------ე’’-ს დირექტორს ა-–---------------------ეს განცხადებით მიმართა ქ-------------–---ამ და მოითხოვა - ,,კომპანიების’’ ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისები; ,,კომპანიების’’ ბალანსის უწყისები; ,,კომპანიების’’ მოგება-ზარალის უწყისები; ,,კომპანიებთან’’ დაკავშირებით ჩატარებული აუდიტორული და საგადასახადო შემოწმების დასკვნები (არსებობის შემთხვევაში).

 

2018 წლის 7 აგვისტოს გზავნილი ა-–---------------------ეს ჩაბარდა პირადად 2018 წლის 9 აგვისტოს.

 

2018 წლის 7 სექტემბერს შპს ,,ვ-------–--’’-ს და შპს ,,ა-–---------------------ე’’-ს დირექტორს ა-–---------------------ეს განცხადებით მიმართა ქ-------------–---ამ და მოითხოვა 2018 წლის 7 აგვისტოს წერილში მითითებული ინფორმაციის გადაცემა - ,,კომპანიების’’ ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისები; ,,კომპანიების’’ ბალანსის უწყისები; ,,კომპანიების’’ მოგება-ზარალის უწყისები; ,,კომპანიებთან’’ დაკავშირებით ჩატარებული აუდიტორული და საგადასახადო შემოწმების დასკვნები (არსებობის შემთხვევაში). ამავე წერილით მოთხოვნილი იქნა შპს ,,ა-–---------------------ის’’ მიერ სს ,,პროკრედიტ ბანკისგან’’ 2 000 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის აღებასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია - სესხის მიღების აუცილებლობის დამადასტურებელი გაანგარიშებები, შესაბამისი ბიზნეს გეგმა და სხვა ინფორმაცია.

 

2018 წლის 7 სექტემბრის გზავნილი ა-–---------------------ეს ჩაბარდა პირადად 2018 წლის 10 სექტემბერს.

 

2018 წლის 13 ნოემბერს შპს ,,ვ-------–--’’-ს და შპს ,,ა-–---------------------ეს’’ დირექტორს ა-–---------------------ეს განცხადებით მიმართა შპს ,,ბ---–-ის’’ სახელით გ-----------–---მ და მოითხოვა ინფორმაციის გადაცემა ,,კომპანიების’’ ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისები; ,,კომპანიების’’ ბალანსის უწყისები; ,,კომპანიების’’ მოგება-ზარალის უწყისები; ,,კომპანიებთან’’ დაკავშირებით ჩატარებული აუდიტორული და საგადასახადო შემოწმების დასკვნები (არსებობის შემთხვევაში), ,,კომპანიების ყველა საბანკო ანგარიშის ამონაწერი სრულად.

 

2018 წლის 28 ნოემბერს შპს ,,ვ-------–--’’-ს და შპს ,,ა-–---------------------ე’’-ს დირექტორმა ა-–---------------------ემ განცხადებით მიმართა გ-----------–---ს და აცნობა, რომ მას არ უდასტურდება უფლებამოსილება იმოქმედოს შპს ,,ბ---–-ის’’ სახელით, რადგან 13 ნოემბრის წერილს არ ერთვის შპს ,,ბ---–-ის’’ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობა/რწმუნებულება.

 

შპს ,,ბ---–-ი’’ რეგისტრირებულია 2016 წლის 25 იანვარს და მისი დირექტორი არის გ-------------–--ე.

 

შპს ,,ბ---–-ის’’ პარტნიორები არიან: გ-------------–--ე (33,3% წილის მფლობელი), ა-–---------------–----ე (33,4% წილის მფლობელი) და ქ-------------–---ა (33,3% წილის მფლობელი).

 

შპს ,,ქ--------–------------------–-ა’’ რეგისტრირებულია 2013 წლის 7 აგვისტოს და მისი დირექტორი იყო კ-------------------ას მეუღლე ნ------------ე, ხოლო კომპანიის 100% წილის მფლობელი პარტნიორი იყო კ-------------------ა.

 

2017 წლის 24 აპრილის მდგომარეობით კომპანიის 100% წილის მფლობელი პარტნიორი არის კ-------------------ას მეუღლის ძმა ლ------------ე და იმავე წლის 5 მაისის მდგომარეობით კომპანიის დირექტორად ნ------------ესთან ერთად არის - გ-------------ე.

 

პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სადავოდ ხდის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის უფლებას ინფორმაციის მიღებაზე, უპრიანია სასამართლომ ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე სარგებლობს თუ არა შპს-ს პარტნიორი, უფლებით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას.

 

პალატა განმარტავს, რომ კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება პარტნიორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი ადგენს მისი დაცვის ფარგლების სავალდებულო მინიმუმს, რაც ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული პარტნიორის უფლებების შეზღუდვა დაუშვებელია, შიდაკორპორაციული რეგულაციის ფარგლებში, საზოგადოების წესდებით, მხოლოდ მათი გაზრდაა შესაძლებელი. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებს აქვთ როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებები. არაქონებრივი უფლება კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებაა, კერძოდ, ,,მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის’’ მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით. ამდენად, საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ, კონტროლი გაუწიონ საზოგადოების ხელმძღვანელობას. მეთვალყურეობა შესაძლებელია თითოეული პარტნიორის მიერ როგორც ინდივიდუალურად, ისე პარტნიორთა კრების მეშვეობით. სწორედ პარტნიორის მიერ ინდივიდუალური კონტროლის ფორმას წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორის უფლება, თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე.

 

იმავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტით, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.

 

აღნიშნული ნორმები საზოგადოების ნებისმიერ წევრს აძლევს იმის შესაძლებლობას მიიღოს ამ საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რაც უზრუნველყოფს მათი ინფორმაციულობის უფლებას კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით. ამასთან, კანონი იმპერატიულად განსაზღვრას, რომ შპს-ს პარტნიორისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემის მოვალეობა გააჩნია დირექტორს. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ კომპანიების შპს ,,ა-–---------------------ესა’’ და შპს ,,ვ-------–--’’-ს დირექტორს წარმოადგენს ა-–---------------------ე, პალატას მიაჩნია, რომ პარტნიორების მოთხოვნა კომპანიის დირექტორის მიმართ საფუძვლიანია, რადგან, სწორედ დირექტორს გააჩნია საზოგადოების პარტნიორების მოთხოვნის დაკმაყოფილების ვალდებულება დოკუმენტაციის გადაცემასთან დაკავშირებით. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად კომპანიის მიმართ მოხდებოდა სასარჩელო მოთხოვნის დაყენება, კომპანიის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულება უწევს მის ხელმძღვანელ პირს - დირექტორს.

 

რაც შეეხება თავად სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს შემდეგს:

 

დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ შპს ,,ვ-------–--ში’’ და ასევე, შპს ,,ა-–---------------------ეში“ დ----------------ის 5% წილისა და კ-------------------ას 35% წილის მმართველს წარმოადგენს შპს ,,ბ---–-ი’’. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სპეციალური კანონი უშვებს შპს-ში პარტნიორის წილის მმართველის დანიშვნის შესაძლებლობას. ამავე დროს, უდავოა, შპს ,,ბ---–-ი’’ რეგისტრირებულია 2016 წლის 25 იანვარს და მისი დირექტორი არის გ-------------–--ე, ხოლო პარტნიორები: გ-------------–--ე (33,3% წილის მფლობელი), ა-–---------------–----ე (33,4% წილის მფლობელი) და ქ-------------–---ა (33,3% წილის მფლობელი). ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ქ-------------–---ა, რომელმაც შპს ,,ვ-------–---სა“ და შპს ,,ა-–---------------------ეს“ 2018 წლის 7 სექტემბერსა და ამავე წლის 7 აგვისტოს მიმართა კონკრეტული ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით, როგორც შპს ,,ბ---–-ის“ პარტნიორი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს დ----------------ის 5% წილისა და კ-------------------ას 35% წილის მმართველს შპს ,,ვ-------–--ში“ და შპს ,,ა-–---------------------ეში“, უფლებამოსილი იყო ამ ინფორმაციის გამოთხოვასა და გადაცემაზე, რადგან წილის მმართველი თავის თავში მოიაზრებს სწორედ სათანადო ინფორმაციის მოძიებასა და პარტნიორის კანონით მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების მფლობელ უფლებამოსილ პირს, ხოლო წილის მმართველის შპს ,,ბ---–-ის“ ერთ-ერთ წარმომადგენელს წარმოადგენს ქ-------------–---ა. ამასთან, პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ქ-------------–---ას მიერ შპს ,,ვ-------–--სა“ და შპს ,,ა-–---------------------ის“ მიმართ თავდაპირველად გაგზავნილ 2018 წლის 7 აგვისტოს წერილში დეტალურად იქნა მითითებული იმის თაობაზე, რომ შპს ,,ბ---–-ი“ წარმოადგენდა კ-------------------ასა და დ----------------ის წილების მმართველს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ ინფორმაციის მიღება მოთხოვნილი იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ, რამაც განაპირობა ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა. ამასთან, რაც შეეხება აპელანტის განმარტებას მასზედ, რომ გ-----------–--- არ იყო შესაბამისი უფლებამოსილი პირი ინფორმაციის მიღებაზე, პალატა ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ გ-----------–--ის მიერ 2018 წლის 13 ნოემბერს კომპანიებისათვის გაგზავნილი იქნა წერილი, სადაც მოთხოვნილი იყო ქ-------------–---ას მიერ 2018 წლის 7 აგვისტოსა და 2018 წლის 7 სექტემბერს მოთხოვნილი ინფორმაციების გადაცემა და არა რაიმე სხვა ახალი დოკუმენტებისა. შესაბამისად, იმ გარემოებას, რომ გ-----------–--ის წერილს არ ერთვოდა შესაბამისი მინდობილობა, კავშირი არ აქვს კომპანიის დირექტორის არამართლზომიერ ქმედებასთან, დაეკმაყოფილებინა პარტნიორების 2018 წლის 7 აგვისტოსა და ამავე წლის 7 სექტემბრის წერილობითი მოთხოვნა დოკუმენტაციის გადაცემის შესახებ, რამეთუ, უპირველეს ყოვლისა, მოცემული დავისათვის მნიშვნელოვანია სწორედ ქ-------------–---ას მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება, ხოლო, გ-----------–--ის 2018 წლის 13 ნოემბრის წერილი ვერ შეფასდება სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე გარემოებად.

 

უფრო მეტიც, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად არ ითვალისწინებს საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წერილობითი მოთხოვნის აუცილებლობას, არამედ საკმარისია გამოვლინდეს საზოგადოების დირექტორის მხრიდან, საზოგადოების პარტნიორებისათვის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გასაცნობად გადაცემის ნების არარსებობა.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ვ-------–---ს“ წესდება, რომლის 13.3 მუხლი დირექტორს ანიჭებს უფლებამოსილებას პარტნიორთა კრების საფუძველზე უარი თქვას პარტნიორისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე, თუმცა, წესდების აღნიშნული ჩანაწერის გამოყენება მოცემულ საქმეში ვერ მოხდება, ვინაიდან, მეწარმეთა შესახებ კანონი იმპერატიულად აწესებს, რომ საზოგადოების ნებისმიერი წევრი უფლებამოსილი დირექტორისაგან მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ. ამგვარად, მაშინ, როდესაც სპეციალური კანონი ადგენს რაიმე მოთხოვნას, მისი მოწესრიგება გარიგებით (წესდებით) ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას და დავის გადაწყვეტისათვის უპირატესობა ენიჭება სწორედ საკანონმდებლო ნორმას.

 

ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ მოწინააღმდეგე მხარეთათვის ინფორმაციის გადაცემა საზიანო იქნება კომპანიების ინტერესებისათვის მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ა-–---------------------ისა“ და შპს ,,ვ-------–---ს“ კონკურენტი კომპანიის - 2013 წლის 7 აგვისტოს რეგისტრირებული შპს ,,ქ--------–------------------–-ის’’ დირექტორია კ-------------------ას მეუღლე - ნ------------ე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ხსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა სიას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი მხოლოდ მიუთითებს ზეპირსიტყვიერად, რომ ინფორმაციის გაცემა საზიანო იქნება კომპანიებისათვის, რამეთუ ერთ-ერთი მოწინააღმდეგე მხარის - კ-------------------ას მეუღლე არის კონკურენტი კომპანიის შპს ,,ქ--------–------------------–-ის’’ დირექტორი. საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის სარწმუნო წერილობითი მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა აპელანტის მიერ მითითებული ზიანის მიყენების გარდაუვალობა, ხოლო, მხოლოდ ზეპირი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოწინააღმდეგე მხარე შპს ,,ვ-------–---სა“ და შპს ,,ა-–---------------------ის“ შესახებ არსებულ ინფორმაციას გამოიყენებს მათსავე საზიანოდ, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დ-----------ას მხრიდან კომპანიებისათვის ზიანის მიყენების ფაქტს ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია და აღნიშნული არც თავად აპელანტს გაუხდია სადავოდ. ამასთან, აღნიშნული გარემოება ვერც საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას მოწმედ დაკითხული ე------------–-----–---–ის ჩვენებით ვერ დადასტურდება, რომლის განმარტების თანახმადაც, შპს ,,ქ--------–------------------–-ა“ იყენებდა შპს ,,ვ-------–---ს“ თანამშრომელთა, საწარმოს ფართებისა და მატერიალურ/ტექნიკურ რესურსს, ვინაიდან, აღნიშნული გარემოება საპროცესოკოდექსის 102-ე მუხლის თანახმად შესაძლოა დადასტურდეს მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებებით. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოცემული გარემოების დადასტურება მოხდებოდა კანონის შესაბამისად წერილობითი მტკიცებულებებით, შპს ,,ვ-------–---ს“ მატერიალურ/ტექნიკური რესურსის გამოყენება შპს ,,ქ--------–------------------–-ის“ მიერ, ცალსახად ვერ შეფასდება ამ კომპანიის ზიანის მომტან ქმედებად, სხვა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების არარსებობის პირობებში, რაც კონკურენტუნარიან ბაზარზე საფრთხეს შეუქმნიდა შპს ,,ვ-------–---ს“ წარმატებულ მუშაობასა და ფუნქციონიერებას. ამდენად, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის წინაპირობები, ხოლო, რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის საოქმო განჩინება მოსარჩელის წარმომადგენლის გ-----------------–---–ის შუამდგომლობის, მტკიცებულებათა წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებას და მიუთითებს შემდეგს:

 

დადგენილია, რომ 2019 წლის 23 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სასამართლო სხდომაზე დაკმაყოფილდა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა და მას განესაზღვრა 2019 წლის 17 ივნისის ჩათვლით მტკიცებულებათა, მათ შორის, აუდიტორული დასკვნის, წარმოდგენის შესაძლებლობა. აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების დროს სასამართლომ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის განმარტება, თუ რა ვადა ესაჭიროებოდა მას აუდიტორული დასკვნის წარმოსადგენად. ამავე სასამართლო სხდომაზე მიღებული საოქმო განჩინებით 2 ივლისს დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა.

 

2019 წლის 2 ივლისს სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა გ-----------------–---–მა იშუამდგომლა მტკიცებულების, კერძოდ, აუდიტორული დასკვნის წარმოსადგენად დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, აუდიტორულმა კომპანიამ ვერ უზრუნველყო დათქმულ ვადაში დასკვნის მომზადება და მხოლოდ 2019 წლის 20 ივლისს იქნებოდა შესაძლებელი სრული დასკვნის მიღება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.

 

სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

 

პირველმა ინსტანციის სასამართლომ 2019 წლის 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომზე საქართველოს სსკ-ის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით დაკმაყოფილა მოპასუხის (აპელანტის) შუამდგომლობა და მტკიცებულებათა წარდგენისათვის განუსაზღვრა გონივრული ვადა, რომელიც მანდ თავად მიუთითა. მიუხედავად აღნიშნულისა, აპელანტმა მტკიცებულებები არ წარმოადგინა და ამასთან სასამართლოს მთავარ სხდომაზე იშუამდგომლა მტკიცებულებათა წარმოდგენის თაობაზე დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ, თუმცა მის მიერ მითითებული არ იქნა ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ის საპატიო მიზეზი, რომლის გამოც მან ვერ შეძლო საქმის მოსამზადებელ სტადიაზე და შემდეგში კი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებათა წარმოდგენა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ არ არსებობს 2019 წლის 2 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–---------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

 

მერაბ ლომიძე

 

ამირან ძაბუნიძე