განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.03.2020
საქმის ნომერი
330210016001513855
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
09.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/709-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - მაია გიგაური

სხდომის მდივანი – ლანა ჩერქეზიშვილი

 

აპელანტი - გ------------–---–ი

წარმომადგენელი – ნ-----------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – ე-----------------–---–ი

წარმომადგენელი - ა-–-----------–--–-----–---–ი

 

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. სასარჩელო მოთხოვნა: ე-----------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელის კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთები: ერთი ბეჭედი ფიანეთის თვლებით (გოზინაყის ფორმის), ერთი ბეჭედი დიდი მარგალიტის თვლით (ბურთივით მარგალიტი), ერთი წყვილი საყურე ცირკონის თვლებით, ოქროს საათი ოქროს სამაჯურით და ნიშნობის რგოლი (ბაჯაღლო).

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებით, გ------------–---–ის სარჩელი ე-----------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გ------------–---–ის ბაჯაღლოს რგოლის გამოთხოვის ნაწილში დაკმაყოფილდა. ე-----------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ბაჯაღლოს რგოლი (ღირებულება 800 ლარი); ც---–----------–---–ის და გ------------–---–ის სარჩელი ე-----------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან ოქროს ნივთების: ბეჭედი ფიანეთის თვლებით (გოზინაყის ფორმის), ბეჭედი დიდი მარგალიტის თვლით (ბურთივით მარგალიტი), ერთი წყვილი საყურე ცირკონის თვლებით, ოქროს საათი ოქროს სამაჯურით - გამოთხოვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სადავო ნივთები გ------------–---–ისა და ც---–----------–---–ისგან მიიღო საჩუქრად ე-----------------–---–მა. ე-----------------–---–მა შესაგებელში მიუთითა, რომ 2014 წლის 18 ნოემბერს მას და გ-------------–---–ს ჰქონდათ ნიშნობა და ნიშნობის დროს გადასცა სადავო ნივთები ც---–----------–---–მა მას. მოსამზადებელ სხდომაზე ე-----------------–---–მა სასამართლოს მისცა იგივე სახის განმარტება. მოწმე მ--------–----–---–მა სასამართლოს მისცა ჩვენება, რომ 2014 წლის 18 ნოემბერს მის სახლში მივიდა ე-- და უთხრა, რომ ც---–----------–---–მა აჩუქა მას ოქროს ბეჭდები. აპელანტის განმარტებით, აღსანიშნავია, რომ ე-----------------–---–მა მთავარ სხდომაზე შეკითხვის შემდეგ, თუ რა დროს იმყოფებოდა შვედეთში გ------------–---–თან ერთად სამოგზაუროდ, შეცვალა თარიღი და თქვა, რომ გ---მ დანიშნა და შემდეგ ოქტომბერში წავიდნენ ერთად შვედეთში. თუმცა თავადვე მიუთითა, რომ ნიშნობის რგოლები ე-----------------–---–მა და გ------------–---–მა იყიდეს ჯვრისწერისათვის, 2015 წლის იანვარში და 25 იანვარს, როდესაც დაიწერეს ჯვარი, მაშინ გადასცეს ერთმანეთს. შესაბამისად, აპელანტის მითითებით, ე-----------------–---–მა სასამართლოს მისცა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დაადგინა ის ფაქტი, რომ ე-----------------–---–მა სადავო ნივთები საჩუქრად მიიღო ც---–----------–---–ისგან და გ------------–---–ისგან.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია უდავოდ, რომ სადავო ოქროს ნივთები უკანონოდ იმყოფება ე-----------------–---–ის მფლობელობაში. აპელანტის მიოთითებით, მოწმედ დაკითხულმა დ--------------–---–მა მიუთითა, რომ ე-----------------–---–ს და გ------------–---–ს ჰქონდათ ნიშნობა 2015 წლის იანვარში, როდესაც ერთმანეთს გადასცეს ნიშნობის ბეჭდები და რასაც ესწრებოდა თავად დ--------------–---–იც. მისი განმარტებით სადავო ნივთები, რომლის კონკრეტული აღწერილობა ახსოვდა დ--------------–---–ს, განსხვავებით მოწმე მ--------–----–---–ისგან, არის მათი ბებიის დატოვებული ნივთები. დიდმა ბებიამ, ისევე როგორც მას და დანარჩენ შვილიშვილებს, გ---საც უყიდა აღნიშნული ოქროს ნივთები, რომლებსაც ინახავდა ც---–----------–---–ი. მოწმის ჩვენებით, იგი გახდა მოწმე იმ ფაქტისა, როგორ გადასცა ც---–----------–---–მა მის სახლში (დ--------------–---–ის სახლში) გოზინაყის ფორმის ბეჭედი, მარგალიტის თვლის ბეჭედი, საყურეები და ოქროს საათი ოქროს სამაჯურით გ------------–---–ს. მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ ც---–----------–---–მა ე-----------------–---–ს კი არ გადასცა, არამედ გ---ს გადასცა ეს ოქროს ნივთები. შესაბამისად, ე-----------------–---–მა შეცდომაში შეიყვანა მოწმე მ--------–----–---–ი, რომელმაც თქვა, რომ როგორც ე-- ხ-----–---–-ა უთხრა, ც---–----------–---–მა აჩუქა ოქროს ნივთები.

 

აპელანტის განმარტებით, მოწმე დ----------–-–---–მაც დაადასტურა სადავო ნივთების მისი და დ--------------–---–ის სახლში გ------------–---–ისათვის გადაცემის ფაქტი.

 

აპელანტის მითითებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უტყუარად უნდა დაედასტურებინა ის ფაქტი, რომ ე-----------------–---–ი არამართლზომიერად ფლობს სადავო ნივთებს.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მხრიდან დაირღვა სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 105-ე მუხლი. სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად, ობიექტურად და არასწორი შეფასება მისცა მოწმეთა ჩვენებებს. სასამართლო დაეყრდნო მ--------–----–---–ის ჩვენებას, რომელიც ფაქტის მომსწრე არ ყოფილა.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე მხარეს წარდგენილი ჰქონდა ადვოკატის ხარჯის გაწევის მტკიცებულება, თუმცა სასამართლომ არ იმსჯელა ადვოკატის ხარჯის დაკისრებაზე მოპასუხისათვის.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

4.1. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გ------------–---–ისა და ც---–----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თავდაპირველმა მოსარჩელეებმა და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, საქმის შესწავლის, მტკიცებულებების შეჯერებისა და გაანალიზების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად, 2018 წლის 11 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ: ც---–----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გაიზიარა უარის თქმის თაობაზე გასაჩივრებული განჩინებაში მოხმობილი მსჯელობები და ც---–----------–---–ის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, ხოლო იმ ნაწილში, რომლითაც გ------------–---–ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

 

საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განჩინებაში მითითებულია, რომ კასატორთა მხრიდან ქვემდგომი სასამართლოს მიერ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის არასწორი გამოყენების, ასევე, ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასების თაობაზე წარმოდგენილი პრეტენზია დასაბუთებულია და ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2. მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საფუძვლებს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იგი აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, გ------------–---–ის მოთხოვნის ნაწილში საკასაციო პალატამ საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს, რომელსაც დაევალა, დაადგინოს მოთხოვნილი ქონების ფასი და საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განჩინებაში ჩამოყალიბებული სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით გადაწყვიტოს უფლების საკითხი.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ არსებობს გ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5.1. ე--ტ------ ხ-----–---–ი და გ--- დავითაშვილი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2015 წლის 25 იანვარიდან. მხარეებს ჰყავთ ერთი შვილი, 2015 წლის 14 სექტემბერს დაბადებული დ--------------–---–ი.

 

5.2. ე-----------------–---–ს და გ------------–---–ს შორის შეწყვეტილია ფაქტობრივი თანაცხოვრება. თანაცხოვრების პერიოდში მოპასუხე გარკვეული პერიოდი ფლობდა გ------------–---–ის დედის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, სადაც განთავსებული იყო სადავო ნივთები, რომლებიც საცხოვრებელი სადგომის დატოვების შემდეგ თან წაიღო.

 

5.3. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმე - მ--------–----–---–ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ოქროს ნივთები ე-----------------–---–მა გ------------–---–ისაგან მიიღო საჩუქრად, როგორც მისმა მეუღლემ. ხოლო ბაჯაღლოს რგოლი გ------------–---–მა ე-----------------–---–ისაგან მიიღო საჩუქრად, როგორც ქორწინების ბეჭედი (ეს უკანასკნელი წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში კვლევის საგანს არ წარმოადგენს, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებით და გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში).

 

5.4. საქმეზე წარმოდგენილი სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2020 წლის 24 თებერვალს მომზადებული N5--------- დასკვნის მიხედვით, გამოკვლეულ იქნა სადავო ძვირფასეულობა და დადგენილ იქნა მათი მახასიათებლები და ღირებულება, კერძოდ: ოქროს საათი, 583 სინჯით, 18.19 გრამი, ფასი -1225 ლარი; ოქროს ბეჭედი, 750 სინჯით, 3.55 გრამი, ფასი - 325 ლარი; საყურე, 583 სინჯით, 2.79 გრამი, ფასი - 155 ლარი; ოქროს ბეჭედი, 585 სინჯით, 3.33 გრ., ფასი - 275 ლარი.

 

6. განსახილველი დავის ფარგლებში შეფასების საგანს წარმოადგენს ე-----------------–---–ისგან მოძრავი ქონების - ძვირფასეულობის გამოთხოვაზე უარის კანონიერება.

 

პალატა შენიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე: Nას-15-29-1443-2012, 2013 წლის 9 დეკემბერი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ------------–---–ი და ე-----------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, თუმცა მათ შორის ადგილი ჰქონდა რელიგიური წესით ქორწინებას, ჯვრისწერას, ხოლო მანამდე - ნიშნობას, რომლის ფარგლებშიც გადაეცა ე-----------------–---–ს საჩუქრად სადავო ძვირფასეულობა. ამდენად, პალატა თვლის, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავო ოქროს ნივთებზე საკუთრების უფლება ჩუქების საფუძველზე იქნა მოპოვებული. ხსენებული მსჯელობის გამყარებისთვის პალატა მოიშველიებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმადაც, საოჯახო სამართლიდან გამომდინარე მეუღლეთა უფლებრივ მდგომარეობაზე საუბრისას უნდა შეფასდეს ასევე ნიშნობისას გადაცემული საჩუქრის იურიდიული ბედი. ზოგადი წესის თანახმად, ჩუქება განკარგვითი ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სამოქალაქო კოდექსის 525-ე მუხლის შესაბამისად, დასაჩუქრებული საჩუქარზე საკუთრების უფლებას ნივთის გადაცემის მომენტიდან მოიპოვებს, თუმცა, საგამონაკლისო წესს ადგენს საოჯახო სამართალი იმ შემთხვევისათვის, როდესაც მომავალი მეუღლისათვის (მეუღლეებისათვის) საჩუქრის გადაცემა ხდება ნიშნობაზე. ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობის იურიდული შედეგი დამოკიდებულია პირთა რეგისტრირებული ქორწინების ფაქტზე, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან გამომდინარე, დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა (ნიშნობა) დაქორწინების ვალდებულებას არ წარმოშობს და არც მხარეები შედიან საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობაში. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ქორწინების რეგისტრაციის მომენტამდე ნიშნობის სუბიექტი საჩუქრის მართლზომიერი მფლობელია (შდრ. სუსგ ას-205-2019, 24.10.2019 წ.).

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება არ შემდგარა, ხოლო ნივთები, რომელთა გამოთხოვა დავის საგანია, მოპასუხეს გადაეცა ნიშნობის საჩუქრად, ამდენად, პალატა იზიარებს საკასაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის კონკურენცია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 172-ე და 1109-ე მუხლები) საოჯახო სამართლის ნორმების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში მხარეებს უკან უბრუნდებათ. მითითებული ნორმა ასახავს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციას, რომ დაქორწინების მსურველ პირთა ნათესავებმა და ახლობლებმა სამომავლო ქორწინების აღსანიშნავად დაასაჩუქრონ მომავალი მეუღლეები, რაც ეფუძნება ვარაუდს, რომ დანიშნული წყვილი გარკვეული პერიოდის შემდეგ უთუოდ იქორწინებს, თუმცა, კანონმდებელი ნიშნობის ფაქტს რაიმე სავალდებულო სამართლებრივ შედეგს, დაქორწინებას არ უკავშირებს და ადგენს ნიშნობის საჩუქრის (რაც ხშირ შემთხვევაში ძვირად ღირებულ ნივთებია) მხარეთათვის დაბრუნების წესს. იმის გათვალისწინებით, რომ ნიშნობის მხარეებს წარმოადგენენ დასაქორწინებელი პირები, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოხსენებული საჩუქრის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის წარდგენა შეუძლია ნიშნობის ერთ-ერთ მხარეს, რომლის მიმართ პატივისცემის გამოხატვის მიზნითაც შედგა ჩუქება (იხ. სუსგ Nას-297-280-2010, 14 ივნისი, 2010 წელი). მესამე პირის კონტექსტში ამავე საქმეზე საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მჩუქებელს შეიძლება საჩუქარზე პრეტენზია მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას წარმოეშვას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება არ წარმოშობილა და მოცემული მდგომარეობით ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, პალატა მიიჩნევს, რომ გ------------–---–ის მხრიდან ნიშნობისას ე-----------------–---–ისათვის გადაცემული ოქროს ნივთები ექვემდებარება დაბრუნებას.

 

7. სააპელაციო სასამართლო შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

პალატა მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ ოქროს ნივთები, რომელთა დაბრუნებასაც ითხოვს აპელანტი, მოცემული მდგომარეობითაც იმყოფება მოწინააღმდეგე მხარის მფლობელობაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტმა დაამტკიცა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაუმტკიცა სასამართლოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც პალატა თვლის, რომ აპელანტის მოთხოვნა ოქროს ნივთების დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 160 ლარის ოდენობით. გამომდინარე იქიდან, რომ გ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს - ე-----------------–---–ს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება.

 

ამავდროულად, დადგენილია რა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გაღებული სასამართლო ხარჯის - 121 ლარის ანაზღაურება, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.

 

რაც შეეხება გ--- დავითაშილის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, 200 ლარის ოდენობით, აღნიშნული ხარჯიც უნდა გადანაწილდეს და ე-----------------–---–ს უნდა დაეკისროს კასატორისთვის მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში, მოწინააღმდეგე მხარეს გ------------–---–ის სასარგებლოდ უნდა გადახდეს ამ უკანასკნელის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გაღებული ხარჯების ჯამის - 481 ლარის (160 ლარი + 121 ლარი + 200 ლარი) ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. კერძოდ: ე-----------------–---–ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს და გ------------–---–ს დაუბრუნდეს მოძრავი ნივთები, რომელთა მახასიათებლებია: 1. ოქროს საათი, 583 სინჯით, 18.19 გრამი, ფასი -1225 ლარი; 2. ოქროს ბეჭედი, 750 სინჯით, 3.55 გრამი, ფასი - 325 ლარი; 3. საყურე, 583 სინჯით, 2.79 გრამი, ფასი - 155 ლარი; 4. ოქროს ბეჭედი, 585 სინჯით, 3.33 გრ., ფასი - 275 ლარი.

 

3. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

 

4. მოწინააღმდეგე მხარეს - ე--ტ------ ხატიაშილს გ------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გაღებული სასამართლო ხარჯების ჯამის - 481 ლარის (160 ლარი + 121 ლარი + 200 ლარი) ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე: მაია გიგაური