განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2020
საქმის ნომერი
010100119003182578
ინსტანცია
თარიღი
19.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003182578

საქმე №1/ბ-140-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნოდარ მამუდის ძე პაქსაძის მიმართ დაბადებული: 1964 წლის 2 ივლისს, პირადი ნომერი: 61006018431, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი მახვილაური, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ნოდარ პაქსაძეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, კერძოდ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელსაც არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან; ასევე, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ასევე, ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 20 ივნისს, საღამოს საათებში, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზედა შარაბიძეებში, მათ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს ნოდარ პაქსაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ია ბეჟანიძეს, კერძოდ, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელის არეში და შეეცადა ია ბეჟანიძის დახრჩობას, ხოლო შემდგომ მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად დაარტყა მარცხენა მხარეს, ნეკნების არეში, რის შედეგადაც ია ბეჟანიძემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

2019 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩა N61-ში მდებარე რესტორან ,,ბერიკონში“ ყოფნის დროს ია ბეჟანიძეს თავის მფლობელობაში არსებულ მობილურ ნომერზე დაუკავშირდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირი-ნოდარ პაქსაძე თავის მფლობელობაში არსებულ მობილურ ნომრიდან და დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით. ნოდარ პაქსაძის ქმედების შედეგად, ია ბეჟანიძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის ივნისის თვის ჩათვლით ნოდარ პაქსაძე თავის თანაცხოვრების ბოლო ერთი წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ია ბეჟანიძეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას, კერძოდ აგინებდა და ლანძღავდა, უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს, ანალოგიური ქმედებები ნოდარ პაქსაძემ ია ბეჟანიძის მიმართ განახორციელა ასევე 2019 წლის 20 ივნისს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზედა შარაბიძეებში, მათ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს. აღნიშნულმა ქმედებებმა ია ბეჟანიძის ტანჯვა გამოიწვია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენით ნოდარ პაქსაძე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ნოდარ პაქსაძე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ნოდარ პაქსაძე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა.

 

გამართლებულს ნოდარ პაქსაძეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

ნოდარ პაქსაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანი ბორჩაშვილი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ნოდარ პაქსაძის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების: შალვა ჯორბენაძის და გოგუცა ჯორბენაძის ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტ მამუკა მეტრეველის ჩვენება) უტყუარად დასტურდებოდა ნოდარ პაქსაძის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა. ხოლო რაც შეეხება დაზარალებულ ია ბეჟანიძის მიერ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარის თქმას, ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ უარი რომელიც დაზარალებულმა სასამართლოზე დააფიქსირა არ გამოხატავდა მის ნამდვილ ნებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ია ბეჟანიძემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ.

 

მოწმის სახით დაკითხული შალვა ჯორბენაძის ჩვენების თანახმად, ის არის დაზარალებულის ია ბეჟანიძის მამა და მისთვის შვილისგან გახდა ცნობილი, რომ ნოდარ პაქსაძე მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მოწმის განმარტებით რაც შეეხება ფიზიკური შეურაცხყოფის არაფერი იცის და არც მისი თანდასწრებით არასოდეს მიუყენებია შეურაცწყოფა ნოდარ პაქსაძეს მისი შვილისთვის. სიტყვიერი შეურაცხყოფის მისი თანდასწრებით მხოლოდ ერთი შემთხვევა ახსენდება.

 

მოწმის სახით დაკითხული გოგუცა ჯორბენაძის ჩვენების თანახმად, ია ბეჟანიძე არის მისი შვილი და ბრალდებული სიძე, ია ბეჟანიძის გადმოცემით იცის, რომ ნოდარ პაქსაძე მას სიტყვიერ შურაცხყოფას აყენებდა; ზოგჯერ უბრაზდებოდა მისი ქმედებებიდან გამომდინარე; მისი შვილიდან შეიტყო, რომ მისთვის დაურტყამს და დაზიანებული ჰქონდა ნეკნი.

 

ბრალდებულმა ნოდარ პაქსაძემ თავი არც ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მან მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს ია ბეჟანიძეს არც ძალადობას და არც მუქარას ოჯახის წევრების მიმართ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია; რაც შეეხება სიტყვიერი შეურაცხყოფას, ანუ გინებას მისი მხრიდან მეუღლის მისამართით ზოგჯერ ჰქონდა ადგილი, რასაც არ უარყოფს, მაგრამ ფიზიკური შეუარცხყოფა არ მიყენებია.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით ია ბეჟანიძეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა. გამომძიებლის მიერ წარმოდგენილი რენტგენოგრამა (გადაღებულია 06/08/2019) შესწავლილი იქნა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მოწვეული ექიმ სპეციალისტის თსსუ რადიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ირაკლი ავაზაშვილის მიერ, რომლის მიხედვით: წარმოდგენილ რენტგენოგრამაზე აღინიშნება მეექვსე ნეკნის მოტეხილობა იღლიის წინა ხაზზე არასრული კონსოლიდაციის ფაზაში, რენტგენოგრამაზე ასახული ცვლილებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მომართვაში მითითებულ დაზიანების მიღების თარიღს 20.06.19წ, დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

საქმის განხილვისას ექსპერტმა მამუკა მეტრეველმა განაცხადა, რომ მოწვეული სპეციალისტის ირაკლი ავაზაშვილის მიერ შესწავლილი იქნა რენტგენოგრამა, რომელიც გადაღებულია 2019 წლის 06 აგვისტოს; სურათის შესწავლით და დათვალიერებით შეინიშნებოდა მეექვსე ნეკნის მოტეხილობა; ის ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დაზარალებულის მიერ განმარტებაში მითითებულ დროს, ანუ შესაძლებელია, რომ მას ეს დაზიანება მიეღო 2019 წლის 20 ივნისს; დაზიანება გამოწვეულია მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით; საქმეში არსებული გამოძიები დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით დადგენილია, რომ 2019 წლის 28 ივლისს ია ბეჟანიძემ შეატყობინა 112-ს სამსახურს, რომ მეუღლე ემუქრება და აწუხებს, ასევე სამსახურიდან გასვლის შემდეგ მას უთვალთვალებს.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ნოდარ პაქსაძე დაკავებულია 2019 წლის 29 ივლისს დაკავების ზუსტი დრო: 02:22სთ; დაკავების ადგილი: ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქ.N2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა: დაკავებულს ვიზუალური დათვალიერებით სხეულზე რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნება;

 

ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების გამომძიებლების მიერ შედგენილი შემაკავებელი ორდერით (N021584, 29.07.2019 წელი) დადგენილია, რომ 2019 წლის 28 ივლისს ია ბეჟანიძეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი ნოდარ პაქსაძე.

 

მოწმის სახით დაკითხული ჯონი ცინცაბაძის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ის ავთანდილ ზაქარიაძესთან ერთად შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა რესტორან „ბერიკონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნახეს ია ბეჟანიძე, რომელიც იყო აღელვებული და უთხრათ, რომ მეუღლე მერაბ პაქსაძე დაემუქრა და წარსულშიც აყენებდა ხშირად შეურაცხყოფას, ამის შემდეგ გავიდნენ ია ბეჟანიძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩის #2-თან, სადაც შენიშნეს ნოდარ პაქსაძე და ის დააკავეს. დაკავებისას მ. პაქსაძე გამოხატავდა აგრესიას და არც დაკავების ოქმს მოაწერა ხელი.

 

ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით #007518519 დადგენილია, რომ მეუღლის ნოდარ პაქსაძის ქმედებებიდან გამომდინარე ია ბეჟანიძე განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამცირებას, რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა; მან მიიღო ფსიქოლოგიური ტრამვა.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით ნოდარ პაქსაძის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა ია ბეჟანიძემ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნოდარ პაქსაძის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის. რაც შეეხება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში მითითებულ საკითხს, რომ ია ბეჟანიძეს აღენიშნება მეექვსე ნეკნის მოტეხილობა, არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება ია ბეჟანიძეს.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, ნოდარ პაქსაძის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია, კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.

 

როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ნოდარ პაქსაძის მსჯავრდება, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ნოდარ პაქსაძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ნოდარ პაქსაძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ნოდარ პაქსაძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

გამართლებულ ნოდარ პაქსაძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

ნოდარ პაქსაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე