განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117002059475
საქმე №2ბ/2250-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ირაკლი ბონდარენკო
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი - მედეა წიკლაური
აპელანტი - თ----------------
წარმომადგენლები - თ-----------------
მოწინააღმდეგე მხარე - ი-----–---------
წარმომადგენელი - ლ--–--------–-–---–-
დავის საგანი - ქონების გაყოფა, თანამესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით თ---------------ის სარჩელი, მოპასუხე ი-----–---------ს მიმართ, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე თ---------------- და მოპასუხე ი-----–--------- იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში 2002 წლის 12 ივლისიდან 2014 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული პერიოდი ისინი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
- მოწმეების ნ-------------ის და მ----------------ის ჩვენებები (2018 წლის 26 იანვრის სხდომის ოქმი).
- ჯვრისწერის მოწმობა (ს.ფ. 30).
2.2. თ----------------სა და ი-----–---------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2-----–-–-------------- დაბადებული ნ-----–------------- და 2-----–-–----------------- დაბადებული მ--------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---------- (ს.ფ. 31);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---------- (ს.ფ. 32).
2.3. მხარეები 2014 წლის 29 დეკემბრის შემდგომ ცხოვრობენ ცალ-ცალკე. კერძოდ, მოსარჩელე თ---------------- არასრულწლოვან შვილებთან, ნ-----–------------სთან და მ--------------სთან ერთად ცხოვრობს მისამართზე - თბილისი, ვ----–----------- ქუჩა N5, ე.წ. ,,იტალიური ტიპის“ ეზოში მდებარე მშობლების საცხოვრებელ ბინაში, ხოლო მოპასუხე ი-----–---------ის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია - თბილისი, ც----------------- მ----------------------------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
- ფოტოსურათები (ს.ფ. 33-35).
2.4. მოსარჩელე თ---------------- არ არის დასაქმებული. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, თ---------------ის მიერ 2017 წელს მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, თ---------------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 06 ივლისს გაცემული ცნობა (ს.ფ.
36);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 06 ივლისს გაცემული ცნობა N------ (ს.ფ. 37).
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.5. მოსარჩელე თ----------------მ 2003 წლის 18 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, ვ---------–- 3, მ---------, კორპუსი N---, სართული 2, ბინა N22; მხარეებმა თ----------------მ და ი-----–---------მ აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში ერთ ოჯახად იცხოვრეს გარკვეული პერიოდი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2003 წლის 18 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 200-204);
- მოწმეების ნ-------------ის და მ----------------ის ჩვენებები (2018 წლის 26 იანვრის სხდომის ოქმი).
2.6. 2004 წლის 19 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თ----------------მ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, ვ---------–- 3, მ---------, კოპრუსი N---, სართული 2, ბინა N22, გაასხვისა ს-----–------------------ზე; მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ი-----–---------, მოსარჩელესთან ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში, აღნიშნული ბინის გაყიდვით მიღებულ თანხას გასცემდნენ სხვა პირებზე სესხის სახით და იღებდნენ შესაბამის სარგებელს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ გარემოებას უარყოფს მოპასუხე ი-----–---------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2004 წლის 19 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 205-209);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
- მოწმეების ნ-------------ის და მ----------------ის ჩვენებები (2018 წლის 26 იანვრის სხდომის ოქმი).
2.7. უძრავი ქონება, მდებარე დ------------------------------------- (საკადასტრო კოდი N------------) თანასაკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხე ი-----–---------ს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 08.09.2016 (ს.ფ. 210);
2.8. მოპასუხე ი-----–---------ს სახელზე სს ,,ბ--------------–---ში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე 2012 წლის 20 იანვარს ჩაირიცხა თანხა 35 124.75 აშშ დოლარი, ხოლო 2012 წლის 02 აპრილს ჩაირიცხა 5 000 აშშ დოლარი. მოპასუხე ი-----–---------ს სს ,,თ----------ში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე განთავსებული ჰქონდა თანხა 38 100 (ოცდათვრამეტი ათასი) აშშ დოლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სს ,,თ----------ის“ ანგარიშიდან, 01.09.2011-01.11.2011 (ს.ფ. 103);
- სალაროს შემოსავლის ორდერი N1, სალარო გასავლის ორდერი N------- (ს.ფ. 104);
2.9. მოპასუხე ი-----–---------მ 2012 წლის 14 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ც----------------- მ---------------------------------- (საკადასტრო კოდი N-----------------------) შეიძინა ი--------------–---–-საგან. ნასყიდობის საგანი განისაზღვრა 72 000 (სამოცდათორთმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა - 72 000 (სამოცდათორთმეტი ათასი) აშშ დოლარი, 2012 წლის 14 თებერვალს ი-----–---------მ გადაუხადა მყიდველს ივანე ვარძუკაშვილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 14 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 184-185);
- 14.02.2012 წლის სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 106).
2.10. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, ც----------------- მ---------------------------------- (საკადასტრო კოდი N-----------------------) საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოპასუხე ი-----–---------ის სახელზე; უფლების რეგისტრაციის თარიღია 17.02.2012 წელი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 17.02.2012 წელი (ს.ფ. 70-71);
2.11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, მოპასუხე ი-----–---------ს სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, მარკა, მოდელი - მერსედეს ბენც 280, სანომრე ნიშანი - Y-----, გამოშვების წელი - 1998, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ფერი - ყავისფერი 1/8, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 13 ივლისს გაცემული ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 65)
2.12. შპს მისო ,,რ-------------ს“ გააჩნია შემდეგი სახის პროდუქტები: სალომბარდე და იპოთეკური სესხები, კონვერტაცია, სწრაფი ფულადი გზავნილები და თამასუქი.
2002 წლის 12 ივლისიდან 2015 წლის იანვრამდე პერიოდში, ი-----–---------მ ისარგებლა რამდენიმე პროდუქტით. ი-----–---------ის მიერ შპს მისო ,,რ-------------ში“ 2002 წლის 12 ივლისიდან 2015 წლის იანვრამდე შეძენილ იქნა N------ თამასუქი, რომელზეც გაიცა სარგებელი და შემდეგ ი-----–---------მ 2014 წლის 01 აგვისტოს განახორციელა თამასუქის თანხის მიღება. ი-----–---------ს სესხებთან დაკავშირებით შპს მისო ,,რ-------------ის“ მონაცემთა სისტემაში ინფორმაცია არ მოიძებნა. მას ამ პროდუქტით არ უსარგებლია. ი-----–---------ს მიერ სამჯერ იქნა გზავნილი მიღებული თ----------------აგან, 2014 წლის 14 ნოემბერს - 50 ევროს, 2014 წლის 28 ნოემბერს - 550 ევროსა და 2014 წლის 25 დეკემბერს - 600 ევროს ოდენობით. მის მიერ გზავნილის გაგზავნის ოპერაცია არ შესრულებულა. ი-----–---------ს მიერ 2002 წლის 12 ივლისიდან 2015 წლის იანვრამდე ორჯერ იქნა შესრულებული კონვერტაციის ოპერაცია კერძოდ, 11.04.2014 წელს ი-----–---------ს მიერ 4846 ლარად შესყიდული იქნა 2000 ევრო და 02.09.2014 წელს - 142.64 ლარად 82.45 აშშ დოლარი; ი-----–---------ს 17.08.2017 წლის მდგომარეობით, შპს მისო ,,რ-------------ში“ ნაშთი თამასუქზე განულებული აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს მისო ,,რ-------------ის“ მიერ 2017 წლის 20 ოქტომბრის N37190 ცნობა, 2017 წლის
20 ოქტომბრის ცნობა N----- (ს.ფ. 140-143);
- შპს მისო ,,რ-------------ის“ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 101);
- შპს მისო ,,რ-------------ის“ მიერ 2017 წლის 01 ნოემბერს გაცემული ცნობა N-----, დანართი (ს.ფ. 173-176).
2.13. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ი-----–---------ს მიერ 2007 წლიდან - 2017 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 19 069.35 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 2 458.16 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 დეკემბერს გაცემული ცნობა, ინფორმაცია (ს.ფ. 250-252);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიც ებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.14. მოსარჩელემ ი-----–---------ს წინააღმდეგ აღძრული სარჩელით მოითხოვა: მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, ც-------------------------------------------------------- (98.44 კვ.მ. ფართი) საკადასტრო კოდი №-----------------------, 3/4 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, ასევე მოპასუხის სახელზე რიცხული ავტომანქანის (მარკა, მოდელი - მერსედეს ბენც 280, სანომრე ნიშანი - Y-----, გამოშვების წელი - 1998, საიდენტიფაკაციო ნომერი - W----------------, ფერი - ყავისფერი 1/8, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა, მისო ,,რ--------------ში“ მოპასუხე ი-----–---------ს სახელზე გახსნილ ანაბარზე არსებული 20 000 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული სარგებლის 1/2 ნაწილის თანამესაკუთრედ აღიარება, ასევე, მოპასუხე ი-----–---------ს სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, ც-------------------------------------------------------- (98.44 კვ.მ. ფართი) საკადასტრო კოდი №-----------------------, მოსარჩელე თ---------------ისა და არასრულწლოვანი შვილების, 2----–-–------------ დაბადებული ნ-----–-----------ის და 2007 წლის 01 ნოემბერს დაბადებული მ-------------ის შესახლება.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თ---------------- და მოპასუხე ი-----–--------- იმყოფებონდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში 2002 წლის 12 ივლისიდან 2014 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული პერიოდი ისინი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–------------ დაბადებული ნ-----–------------ და 2----–-–---------------ს დაბადებული მ--------------.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელე თ---------------- არ არის დასაქმებული. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, თ---------------ის მიერ 2017 წელს მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, თ---------------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
მხარეთა განმარტებით, ისინი, 2014 წლის 29 დეკემბრის შემდგომ ცხოვრობენ ცალ-ცალკე. კერძოდ, მოსარჩელე თ---------------- არასრულწლოვან შვილებთან, ნ-----–------------სთან და მ--------------სთან ერთად ცხოვრობს მისამართზე - თბილისი, ვ----–----------- ქუჩა N5, ე.წ. ,,იტალიური ტიპის“ ეზოში მდებარე მშობლების საცხოვრებელ ბინაში, ხოლო მოპასუხე ი-----–---------ს ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია - თბილისი, ც------------------------------------------------------------. მოსარჩელის მითითებით, არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი პირობები არადამაკმაყოფილებელია და ბავშვებს არ აქვთ ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ აღზრდა-განვითარებაზე.
საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება- მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. ამავე კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეშვიდე დამატებითი ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძო- სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, როგორც დაქორწინების დროს, ისე ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
ამდენად, მეუღლეთა თანაბარი უფლება-მოვალეობების წარმოშობა ქორწინების რეგისტრაციის ფაქტთან არის დაკავშირებული და ნორმის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება მის ნორმატიულ შინაარს.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თ----------------ე და მოპასუხე ი-----–---------ე არ იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ შორის ქორწინება არ იყო რეგისტრირებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში და შესაბამისად, მხარეთა, როგორც მეუღლეთა უფლება - მოვალეობები არ წარმოშობილა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინების ფარგლებში.
საქმეში არსებული მასალებით, მოსარჩელე თ----------------მ 2003 წლის 18 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, ვ---------–- 3, მ---------, კოპრუსი N---, სართული 2, ბინა N22; მხარეებმა თ----------------მ და ი-----–---------მ აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში ერთ ოჯახად იცხოვრეს გარკვეული პერიოდი. 2004 წლის 19 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კი, თ----------------მ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, ვ---------–- 3, მ---------, კოპრუსი N---, სართული 2, ბინა N22, გაასხვისა ს-----–------------------ზე. სწორედ აღნიშნული ბინის გასხვისებით მიღებული თანხას, მხარეები ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში სესხის სახით გასცემდნენ სხვა პირებზე და იღებდნენ შესაბამის სარგებელს. მოსარჩელის განმარტებით, სწორედ აღნიშნული გზით, დაგროვილი დანაზოგით მოხდა მოგვიანებით, მოპასუხე ი-----–---------ს მიერ სადავო საცხოვრებელი ბინის შეძენა. მოპასუხე აღნიშნულ გარემოებას უარყოფს და მიუთითებს, რომ იგი 2012 წლამდე იყო ცხოვრობდა გოგებაშვილზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში დროებითი მოსარგებლის სტატუსით და მესაკუთრემ სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით მოითხოვა მისი გამოსახლება კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ. სწორედ მესაკუთრისაგან მიღებული ფულადი სახსრების და მოპასუხის დანაზოგით მოხდა სადავო ბინის შეძენა. საქმის მასალებით, მოპასუხე ი-----–---------ს სახელზე სს ,,ბ--------------–---ში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე 2012 წლის 20 იანვარს ჩაირიცხა თანხა 35 124.75 აშშ დოლარი, ხოლო 2012 წლის 02 აპრილს ჩაირიცხა 5000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, მოპასუხე ი-----–---------ს სს ,,თ----------ში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე განთავსებული ჰქონდა თანხა 38 100 (ოცდათვრამეტი ათასი) აშშ დოლარი. შესაბამისად, უდავოა, რომ მას უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე გარკვეული თანხა უფიქსირდებოდა საბანკო ანგარიშზე.
სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას, სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ სადავო საცხოვრებელი ბინის შეძენა მოხდა სწორედ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის გასხვისებით მიღებული თანხით. აქვე უნდა აღინიშნოს ის პერიოდი: როდის მოხდა მოსარჩელის მიერ კუთვნილი ქონების გასხვისებით თანხის მიღება და რა პერიოდში შეიძინა მოპასუხე ი-----–---------მ სადავო უძრავი ქონება. 2004 წელს გასხვისდა თ---------------ის მიერ, ხოლო 2012 წლის 14 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებით მოპასუხემ შეიძინა სადავო ქონება, რაზეც მოსარჩელე დღეის მდგომარეობით აცხადებს პრეტენზიას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობით ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
მოპასუხე ი-----–---------მ 2012 წლის 14 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ც----------------- მ--------------------------------------- (საკადასტრო კოდი N-----------------------) შეიძინა ი--------------–---–-საგან. ნასყიდობის საგანი განისაზღვრა - 72 000 (სამოცდათორთმეტი ათასი) აშშ დოლარი, 2012 წლის 14 თებერვალს ი-----–---------ემ გადაუხადა მყიდველს ი---------------–---–ს. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხე ი-----–---------ს სახელზე და იგი ცხოვრობს ამავე მისამართზე. ამდენად, სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმომშობი ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენს მოსარჩელე თ---------------- და იგი, ასევე არ ფიქსირდება ნასყიდობის თანხის გადამხდელ პირად.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის წერილობითი გარიგება, რომელიც დაადასტურებდა საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს უძრავ ნივთზე. სამოქალაქო კანონმდებლობა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შესაძენად, იმპერატიულად განსაზღვრავს წერილობითი ფორმით გარიგების დადებას და ამ გარიგების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
სასარჩელო მოთხოვნა ასევე შეეხება მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ ავტომანქანას, მარკა, მოდელი - მერსედეს ბენც 280, სანომრე ნიშანი - Y-----, გამოშვების წელი - 1998, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ფერი - ყავისფერი 1/8, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, და მოპასუხის სახელზე შპს მისო ,,რ--------------ში“ გახსნილ ანაბარზე არსებულ 20 000 აშშ დოლარსა და მასზე დარიცხულ სარგებელს.
,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან. ამდენად, საქმის მასალების მიხედვით, ზემოთ მითითებული ავტომანქანის მესაკუთრეს წარმოადგენს მოპასუხე ი-----–---------.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, არ არსებობს მხარეთა შორის ქორწინება დადგენილი საქართველოს კანონმდებელობით დადგენილი წესით, შესაბამისად, სასამართლო ვერ გამოიყენებს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით დადგენილ მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივ დანაწესს. მითითებული ნორმა აწესებს ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა მიერ შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრებას, როდესაც ორივე მეუღლის მიერ საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლით, შრომითა და სახსრებით ხდება ქონების შეძენა. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობის დროს, არ არსებობს კანონის ძალით სადავო ქონების (საცხოვრებელი ბინის, ავტომანქანისა და საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხის) თანასაკუთრებად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ განმარტა, რომ მეუღლეთა თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით. ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს ფაქტობრივი, ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის გარეშე შეძენილი ქონების თანასაკუთრების ასპექტში განხილვას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სარჩელით მოთხოვნილი ქონება შეძენილია მხარეთა რეგისტრაციის ფაქტის გარეშე და ის არ შეიძლება განხილულ იქნეს გამონაკლისის სახით მეუღლეთა თანასაკუთრებად. არარეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში შეძენილი ნებისმიერი ქონების გაყოფა მკვეთრად შეაფერხებდა სამოქალაქო ბრუნვას. ამგვარი დაშვების შემთხვევაში, მეუღლეთა შორის რეგისტრირებული კავშირის საჭიროება აღარ იქნებოდა. ამდენად, საოჯახო-სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე გავცრელდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი, არ არსებობს.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ კანონმდებლობა არ იცნობს კანონისმიერ საფუძველს, გარდა საოჯახო სამართლებრივისა, უძრავ ნივთზე თანასაკუთრების წარმოშობისა, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ პირმა გასწია სხვის უძრავ ქონებაზე ხარჯი სარემონტო სამუშაოების სახით. საოჯახო სამართალი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლი, ითვალისწინებს მეუღლის ქონების გარდაქმნას მეუღლეთა თანასაკუთრებად თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მითითებული წესის გამოყენებას განსახილველ შემთხვევაში გამორიცხავს ამავე კოდექსის 1151-ე მუხლი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე არ მიუთითებს ფაქტობრივი თანაცხოვრების პერიოდში უძრავი ქონების გაუმჯობესებისა და მისი ღირებულების გაზრდის ხარჯზე მეუღლის ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად გარდაქმნის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს ასევე, მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობიდან (ამხანაგობის) გამომდინარე ურთიერთობაზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრება და რამდენიმე წლის განმავლობაში ერთიანი საოჯახო მეურნეობის ერთად გაძღოლა, ვერ მიიჩნევა ერთობლივ საქმიანობად, რაც გათვალისწინებულია ზემოაღნიშნულ სამართლებრივი ნორმით. მოსარჩელე თ----------------ესა და მოპასუხე ი-----–---------ს არ ჰქონიათ რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც იურიდიული პირის შეუქმნელად მხარეთა საერთო სამეურნეო მიზნის მიღწევას დაისახავდა. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება აღნიშნულთან მიმართებით, სამართლებრივად უსაფუძვლოა.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, ც-------------------------------------------------------- (98.44 კვ.მ. ფართი), საკადასტრო კოდი №-----------------------, თ---------------ისა და არასრულწლოვანი შვილების, 2----–-–------------ დაბადებული ნ-----–-------------ის და 2------–-–-------------------- დაბადებული მ---------------ის შესახლება. მოპასუხის მოსაზრებით, იგი არ არის წინააღმდეგი, არასრულწლოვანმა შვილებმა, ნ-----–------------მ და მ--------------მ, მათი სურვილის შემთხვევაში, იცხოვრონ მამასთან, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის მიხედვით, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არ არის დავა, არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის თაობაზე. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას თავისი და არასრულწლოვანი ბავშვების მოპასუხის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში შესახლების თაობაზე, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული მოთხოვნის მართებულობა არ შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ საოჯახო-სამართლებრივ ნორმებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არის უგულებელყოფილი ,,ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციითა და ეროვნული სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული ბავშვის უპირატესი უფლებები. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ არასრულწლოვან ბავშვებს უფლება აქვთ ისარგებლონ მშობლის ქონებით, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა.
სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას, სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე თ---------------ის სასარჩელო მოთხოვნა ქონების გაყოფის, თანამესაკუთრედ ცნობისა და არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ბინაში შესახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ დაადგინა ის გარემოება სადავო ბინის შეძენა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის და ამ თანხის სარგებლიან სესხად გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლების აკუმულირებით მოხდა. აპელანტის განმარტებით სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა იმ მოწმეთა ჩვენება, რომლებმაც დაადასტურეს ზემოაღნიშნული გარემოება, კერძოდ, თ---------------ის მიერ საკუთრებაში არსებული ბინის გაყიდვა, ნასყიდობის ღირებულის სარგებლიან სესხად გაცემა და მიღებული თანხით სადავო ნივთის შეძენა.
აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2002 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში ი-----–---------ს არ ჰქონდა სტაბილური სამსახური და მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 300-350 ლარს შეადგენდა, აპელანტის აზრით აღნიშნული ფაქტი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ი-----–---------ს არ შეეძლო სადავო უძრავი ნივთის შეძენა.
3.2. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მართალია ი-----–---------ს 2012 წლის 20 იანვარს ჩაერიცხა 35 124.75 აშშ დოლარი, თუმცა მან აღნიშნული თანხის ნახევარი გადასცა ძმას, აპელანტის მითითებით ი-----–---------ს მიერ ასევე ძმისთვის იქნა გადაცემული 2012 წლის 02 აპრილს ჩარიცხული 5 000 აშშ დოლარიც. აპელანტის აზრით აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ი-----–---------ს უძრავი ნივთის შესაძენად საკმარისი ფინანსური რესურსი არ გააჩნდა.
3.3. აპელანტის განმარტებით სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი-----–---------ს ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში გახსნილი ჰქონდა არაერთი ანგარიში, აღნიშნული გარემოება კი ი-----–---------ს სტაბილური შემოსავლის არ ქონის გათვალისწინებით ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზიებში გახსნილ ანგარიშებზე განთავსებული თანხები წარმოადგენდა თ---------------ის მიერ მის საკუთრებაში არსებული ბინის გაყიდვის შედეგად ფინანსურ რესურსს, რომლითაც ამ უკანასკნელმა შეძლო დამატებითი სარგებლის გამომუშვება.
3.4. აპელანტის განმარტებით მხარეებს შორის ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის არ არსებობის მიუხედავად მათ შორის საქორწინო ურთიერთობის წარმოშობის მომენტად მიჩნეული უნდა იქნეს ფაქტობრივი ქორწინების თარიღი 2002 წლის 12 ივლისი. აპელანტის მოსაზრებით სსკ-ის 1151-ე მუხლის შინაარსი მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის მომენტთან მიმართებაში უნდა განიმარტოს კანონის მიზნიდან გამომდნარე და არა მისი სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან, როგორც ეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ გააკეთა.
3.5. აპელანტის განმარტებით სადავო ქონებაზე გარდა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე მოპოვებული თანასაკუთრების უფლებისა, საკუთრების უფლება ასევე მოპოვებული აქვს სსკ-ის 1163-ე მუხლის საფუძველზეც, რომლის მიხედვითაც თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა. (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). აპელანტის განმარტებით მეუღლეების მიერ ქონების ერთობლივად შეძენის შემდეგ აღნიშნული ნივთი აღიჭურვა თანამედროვე ავეჯით და მასალებით, მხარეთა ერთობლივი ფულადი სახსრებით.
3.6 აპელანტის განმარტებით მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს სსკ-ის 930-ე მუხლის დანაწესი, რადგან მხარეები თორმეტი წლის განმავლობაში ერთობლივად ეწეოდნენ საერთო საქმიანობას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოწმებს რა გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სადავო ნივთები თ---------------ის და ი-----–---------ს საერთო ქონებას (თანასაკუთრებას) არ წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სადავოდ არ ხდება, რომ:
- თ---------------- და ი-----–--------- 2002 წლის 12 ივნისადან 2014 წლის 29 დეკემბრამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.
- 2003 წლის 18 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუველზე თ----------------მ 1500 ლარად შეიძინა ქ. თბილისში ვ---------–- 3, მ---------, კორპ. N----ში, მდებარე უძრავი ქონება (საცხოვრებელი ბინა N22), რაც ამ უკანასკნელმა 2004 წლის 19 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე 3 000 ლარად გაყიდა. (ს.ფ. 200-209, ტ.1)
- 2012 წლის 20 იანვარს ი-----–---------ს სს ,,ბ--------------–---ში’’ გახსნილ ანგარიშზე 35 124.75 აშშ დოლარი ჩაერიცხა, 2012 წლის 02 აპრილს მასზვე ჩაერიცხა 5000 აშშ დოლარიც. ამონაწერის თანახმად სს ,,თ----------ის’’ ანგარიშიდან 2011 წლის 01 სექტემბრიდან 2011 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდში ი-----–---------ს სს ,,თ----------ში’’ გახსნილ ანგარიშზე განთავსებული ჰქონდა თანხა 38 100 აშშ დოლარის ოდენობით. (ს.ფ. 103-105, ტ.1.)
- 2012 წლის 14 თებერვალს ერთი მხრივ ი-----–---------ს და მეორე მხრივ ი-------------–---–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისი, ც----------------- მ---------------------------------- (საკადასტრო კოდით N-----------------------) 72 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ ი-----–---------ს საკუთრებაში დარეგისტრიდა. (ს.ფ. 70-71, 106, 184-185)
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემების მიხედვით, ი-----–---------ს სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, მარკა, მოდელი - მერსედეს ბენც 280, სანომრე ნიშანი - Y-----, გამოშვების წელი - 1998, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ფერი - ყავისფერი 1/8, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------. (ს.ფ. 65, ტ.1.)
- 2002 წლის 2 ივლისიდან 2015 წლის 12 იანვრამდე პერიოდში ი-----–---------მ შპს მისო ,,რ-------------ში“ შეიძინა N------ თამასუქი, რაც სარგებელთან ერთად 2014 წლის 01 აგვისტოს გაანაღდა. 2017 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით ი-----–---------ს შპს ,,მ---------------------ში’’ ნაშთი თამასუქზე განულებული აქვს.
4.1.1. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართვლოს კანონმდბელობით რეგისტრირებული ქორწინება.
ქორწინების რეგისტრაცია დაწესებულია როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველსაყოფად, ისე თვით მეუღლეთა და მათი შვილების პირადი და ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით. იგი ამარტივებს მეუღლეთა შორის ურთიერთობას სხვა სახის საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემაში და შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს, ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში მყოფთაგან განსხვავებით გამორჩეულად დაიცვას მეუღლეების და მათი შვილების ინტერესები. რეგისტრირებული ქორწინება მეუღლეებს ანიჭებს საბინაო, მატერიალური, სამემკვიდრეო და სხვა უფლებათა განხორციელების გარანტირებულ შესაძლებლობას.
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. (ას-1155-1084-2012)
ამრიგად, მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება. ამავე კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაშ შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ თ----------------ს და ი-----–---------ს შორის ქორწინება რეგისტრირებული არ ყოფილა. შესაბამისად, მხარეთა ფაქტობრივი თანაცხოვრების დროს ამ უკანასკნელის მიერ შეძენილ ქონებაზე მეუღლეთა თანასკუთრების რეჟიმი ვერ გავრცელდება და ი-----–---------ს მიერ შეძენილი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად ვერ მიიჩნევა.
4.1.2. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ სასამართლომ არარეგისტრირებული ქორწინების საკითხს შეფასება უნდა მისცეს მხარეთა ფაქტობრივ თანაცხოვრებას რაც დადასტურებულია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო-ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად, რომლის ძალითაც სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციური შეთანხების მითითებული ნორმით საეკლესიო წესით ჯვრისწერის სახელმწიფოსაგან აღიარება დეკლარაციული ხასიათისაა და მეუღლეთა კანონით დადგენილი უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობის საფუძველი ვერ გახდება. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ამავე ნორმით ზუსტად განსაზღვრულია სახელმწიფოს მიერ ჯვრისწერის აღიარების ფარგლები, კერძოდ, მითითებულია, რომ აღიარება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები. ამ დანაწესიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ეკლესიის მიერ შესრულებული ჯვრისწერის აღსრულების შემდეგ ახლადშექმნილი ოჯახი მართლმადიდებლური წესით ხდება კანონიერი და მას რაიმე თანამდევი კანონით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. ამდენად, მითითებული კონსტიტუციული შეთანხმებით დეტალურად არის რა განსაზღვრული საეკლესიო ჯვრისწერის დანიშნულება და მოქმედების ფარგლები, ნორმის განმარტებაც კანონით დადგენილი ფაქტების შესაბამისად უნდა მოხდეს. აღნიშნული გამორიცხავს აპელანტის მოთხოვნას, ფაქტობრივი თანაცხოვრების და ჯვრისწერის საფუძველზე მისი, როგორც მეუღლის სამოქალაქო უფლების _ თანასაკუთრების წარმოშობის თაობაზე. (იხ.სუსგ15.05.2008წ. საქმეზე #ას-968-1269-07)
4.1.3. საქმის მასალებით ი-----–---------ს მიერ სადავო ნივთების მათ შორის თ---------------ის კუთვნილი ფინანასური რესურსით (დანაზოგით) შეძენის ფაქტი არ დასტურდება.
სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, ი-----–---------ს მიერ სადავო ნივთების მათ შორის თ---------------ის დანაზოგით შეძენის ფაქტი თავად მოსარჩელე მხარეს უნდა ემტკიცებინა.
განსახილველ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელე პელანტის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო ისეთი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარმოდგენა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ სადავო ქონების შესაძენად ი-----–---------ს მიერ გადახდილი თანხა ან მისი ნაწილი თ---------------ის კუთვნილ ფინანსურ რესურსს წარმოადგენა.
ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მოსარჩელემ მტკიცების საგანში შემავალი გარემოების სამტკიცებლად 2003 წლის 18 მარტის და 2004 წლის 19 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებებზე, ასევე მოწმეთა ჩვენებებზე მიუთითა. სააპელაციო პალატა ხაზგამისთ შენიშნავს, რომ მართალია ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით ირკვევა, რომ თ----------------მ 2003 წლის 18 მარტს 1500 ლარად შეძენილი ქონება დაახლოებით ერთი წლის შემდეგ 3000 ლარად გაყიდა, ამასთან მოწმეებმა მიუთითეს, რომ თ---------------- მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაყიდვის შედეგად მიღებელ თანხას სარგებლიანი სესხის სახით გასცემდა და ამით შემოსავალას იღებდა, თუმცა არც აღნიშნული მტკიცებულებებით და არც საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებით არ დგინდება დავის გააწყვეტისთვის უმთავრესი გარემოება თუ კონკრეტულად რა ოდენობის სარგებლის მიღება და შემდეგ უკვე დაზოგვა შეძლო თ----------------მ 2004 წლის 19 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხის სესხად გაცემის შედეგად და ზუსტად აღნიშნული თანხით მოხდა თუ არა სადავო ნივთების ღირებულების ან მისი ნაწილის დაფინანსება. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ სადავო ნივთები რეგისტრირებულია რა ი-----–---------ს სახელზე, ნასყიდობის შესახებ გარიგეგებიც გაფორმებულია სწორედ ამ უკანასკნელის მიერ, უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერით ირკვევა, რომ მაგალითად სადავო საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ღირებულება გამყიდველის უშუალოდ ი-----–---------მ გადაურიცხა. (ს.ფ. 106, ტ.1.) გარდა ამისა, მართალია სადავო ნივთებზე თანასაკუთრების უფლების არსებობის დადასტურების მიზნით თ---------------- ი-----–---------ს მიერ სადავო ქონების დამოუკიდბელად შეძენის შეუძლებლობაზე უთითებდა, თუმცა საგულისხმოა, რომ მოსარჩელე მხარე სარჩელის მე-9 ფაქტობრივ გარემოებაში ი-----–---------ს სოლიდურ შემოსავალზეც ამახვილებდა ყურადღებას. (მოსარჩელის განმარტებით ი-----–---------ს საკმაოდ სოლიდური შემოსავალი აქვს, რასაც ის იღებს ანაბრიდან პროცენტის სახით, პირადი საქმიანობიდან და საზღვარგარეთიდან ყოველთვიურად მინიმუმ 500 ევროს ოდენობის გზავნილის სახით, მას ასევე აქვს უძრავი ქონება კურორტ ბახმაროში). მხედველოაბშია მისაღები ისიც, რომ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერესის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით ი-----–---------ს მიერ თამასუქის შეძენის ფაქტი 2002 წლის 12 ივლისიდან 2015 წლის იანვრამდე პერიოდში ფიქსირდება, ანუ თ---------------ის მიერ მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის გაყიდვამდე (საგულისხმოა, რომ თ---------------- შემოსავლის მიღებას 2004 წელს ურავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუველზე მიღებული 3000 ლარის სარგებლიანი სსესხის სახით გაცემას უკავშირებს) და მხარეების ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგაც, რაც ნაკლებად დამაჯერებელს ხდის მოსარჩელის მითითებას მასზედ, რომ მათ შორის თამასუქი ირაკლი ბერძემ თ---------------ის მიერ ქონების გასხვისების შედეგად მიღებული დანაზოგით შეიძინა. სააპელაციო პალატა აქვე ხაზგასმით შენიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ სადავო ნივთები მხარეებმა ფინანსური რესურსის გაერთინების შედეგად შეიძინეს გაუგებარია რატომ არ მოხდა თუნდაც რომელიმე გარიგებაში თ---------------ის დაფიქსირდება ან/და ნასყიდობის საგნის მესაკუთრედ ან თანამესაკუთრედ მისი რეგისტრაცია, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ორივე მხარისთვის ნათელი იყო ან/და უნდა ყოფილიყო, რომ ქორწინების რეგისტრაციის არარსებობა შეძენილ ქონებაზე თანსაკუთრების უფლებას ავტომატურად არ წარმოშობდა. ნიშნდობლივია აღინიშნოს ისიც, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ნივთების ღირებულება საკმაოდ სოლიდურია, თ----------------ს კი გარდა 2004 წლის 19 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული 3000 ლარის საფუძველზე მიღებული სარგებლისა, რომლის ზუსტი ოდენობაც უცნობია, ასევე უცნობია მოხმარდა თუ არა ის სადავო ნივთების შეძენას, სხვა შემოსავალის და დანაზოგის არსებობაზე არ მიუთითებია. საბოლოოდ, წარმოდგენილ მტკიცებულეთა ერთობლიობაში შეფასებით სააპელაცო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ სადავო ნივთების შეძენაში მისი ფინანსური მონაწილეობის ფაქტი სარწმუნოდ და დამაჯერებლად ვერ დაადასტურა, ამის საპირისპიროდ კი სარჩელში თავად მიუთითა მოპასუხის სოლიდური შემოსავლის არსებობის შესახებ, უფრო მეტიც, მოპასუხემ სასამართლოს წარმოუდგინა არაერთი მტკიცებულება სადავო უძრავი ნივთის შეძენამდე საბანკო დაწესებულებებში გახსნილ ანგარიშებზე თანხის არსებობის, (იხ. სს ,,თ----------ის ამონაწერი, ს.ფ. 103, ტ.1.) მათ შორის მესამე პირის მიერ მისთვის სოლიდური ოდენობის თანხის ჩარიცხვის შესახებ, რამაც ეჭქვეშ დააყენა მოსარჩელის მსჯელობა მისი დანაზოგით სადავო ნივთების შეძენის შესახებ და სასამართლოს შეუქმენა დასაბუთებული ვარაუდი სადავო ნივთებზე მოსარჩელის უფლების არ არსებობის შესახებ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ნატალია ნაზღაიძე