განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002837041
საქმე №1/ბ-114-2020 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---- ა-----–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების ქ---------–--------–---–------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი :
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა---- ა-----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული _ ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ.ქუთაისში, ნ----–---–------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ა---- ა-----–--ემ ხელების სახეში და მკლავზე დარტყმებით სცემა მამას _ ბ------ ა-----–--ეს, რომელმაც ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ზიანი.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენით:
ა---- ა-----–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ა---- ა-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.
გამართლებულ ა---- ა-----–--ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ---------------–-----------------–--ს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, უნდა დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------- ტ---–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა---- ა-----–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ა---- ა-----–--ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ა---- ა-----–--ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ა---- ა-----–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:
მოწმე გ--- ხ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს ქ----------------–------------------–--ს პოლიციის პირველ განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 13 დეკემბერს, ხსენებულ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება მასზედ, რომ ქ---------–--------–---–-------------------–ი მცხოვრებ ბ------ ა-----–--ეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავისმა შვილმა ა---- ა-----–--ემ და შემდეგ სახლში ჩაამსხვრია მინები, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მოცემულ საქმეზე მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც დაზარალებულმა ბ------ ა-----–--ემ მიუთითა, რომ მას თავის სამუშაო ოთახში შვილმა, ა---- ა-----–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე მიუთითა დამსხვრეულ მინებზე, რომლებიც დასურათებული და ამოღებული იქნა კანონით დადგენილი წესით. ბ------ ა-----–--ემ განმარტა, რომ ა---- ა-----–--ემ დაარტყა სახისა და მკლავის არეში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მას დაზიანებები აღენიშნებოდა სახეზე, ტუჩის მიდამოში. ბ------ ა-----–--ის სამუშაო ოთახში შეიმჩნეოდა არეულობის კვალი, დამსხვრეული იყო ფანჯრის მინები და ავეჯსაც ეტყობოდა გადაადგილების კვალი.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და ექსპერტ შ----- თ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბ------ ა-----–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევის სახით, კერძოდ: ცხვირის ზურგზე ცენტრალურიდან შუა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი, ზომით 0,3X0,2 სმ.; მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე მეორე და მესამე თითების ნების ძვალთა შორის საპროექციო მიდამოში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი, ზომით 0,5X0,4 სმ.; ზედა ტუჩის მიდამოში ცენტრალურად შიგნითა ზედაპირზე ლორწოვანზე, აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მუქი მოწითალო ფერის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლჩაქცევა, ზომით 0,8X0,6 სმ.; მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე პირველი და მეორე თითების ნების ძვალთა შორის საპროექციო მიდამოში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის ნაჭდევი, ზომით 0,6 X0,4 სმ,; მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე შუა და ქვედა მესამედების დონეზე აღენიშნებოდა მრავლობითი გასწვრივ ირიბად მდებარე, ზოლისებური ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევები, მაქსიმალური ზომით 8,5X0,3 სმ და მინიმალური ზომით 0,4 X0,1 სმ. ბ------ ა-----–--ის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე პირველი და მეორე თითების ნების ძვალთა შორის საპროექციო მიდამოში და მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე შუა და ქვედა მესამედების დონეზე არსებული ნაჭდევების სახით, ხანდაზმულობით არ შეესაბამებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს დაზარალებულმა ბ------ ა-----–--ემ გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლება _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადა საკუთარი შვილის, ბრალდებულ ა---- ა-----–--ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
თავად ბრალდებულმა ა---- ა-----–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ის და მამამისი ბ------ ა-----–--ე მოლაპარაკებული იყვნენ იმის თაობაზე, რომ კომუნალური გადასახადები უნდა გაეყოთ თანაბრად, რადგანაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ. 2018 წლის 13 დეკემბერს მამამისი შევიდა მასთან ოთახში და მიაწოდა 100 დოლარი, თან უთხრა, რომ ამის შემდეგ გადასახადებს აღარ გადაიხდიდა, რაც ეწყინა და აღნიშნულთან დაკავშირებით მათ შორის მოხდა მხოლოდ სიტყვიერი შეკამათება, რაც იმით დასრულდა, რომ მამამისის მიერ მიწოდებული 100 დოლარი არ აუღია და წამოვიდა სახლიდან. მას შემდეგ ცხოვრობს სხვა მისამართზე. მასსა და მამამისს შორის არც იმ დღეს და არც სხვა დროს არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად არ მიიჩნევს ა---- ა-----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/ 13.12.2012).
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა ა---- ა-----–--ის ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ა---- ა-----–--ის მიერ თავისი მამის _ ბ------ ა-----–--ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ბ------ ა-----–--ემ, რომელიც გამოძიების ეტაპზე ამხელდა ა---- ა-----–--ეს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და ბრალდებულის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
რაც შეეხება მოწმე გ--- ხ----–--ის ჩვენებას, იგი ირიბი ხასიათისაა და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან, აღნიშნული მოწმე ძალადობის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია და გადმოსცემს მისთვის დაზარალებულ ბ------ ა-----–--ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის გადამოწმებაც სასამართლოში ვერ მოხერხდა ინფორმაციის პირველწყაროს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
საქმეზე ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით კი სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული დასკვნა იძლევა ინფორმაციას მხოლოდ იმის შესახებ, რომ ბ------ ა-----–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევის სახით და იგი ვერ ადასტურებს მისთვის ამ დაზიანებების ა---- ა-----–--ის მიერ მიყენების ფაქტს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არც სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები ბ------ ა-----–--ემ ა---- ა-----–--ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად მიიღო.
სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ა---- ა-----–--ის მიერ თავისი მამის _ ბ------ ა-----–--ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება ა---- ა-----–--ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მის მიმართ 2019 წლის 30 დეკემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი კანონიერია და სააპელაციო პალატას არ გააჩნია მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენი ა---- ა-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ა---- ა-----–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.ცნობად იქნას მიღებული, რომ ა---- ა-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
5.გამართლებულ ა---- ა-----–--ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ---------------–-----------------–--ს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები დისკზე, რომელიც თან ერთვის საქმეს, დარჩეს საქმეში და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/