განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.01.2020
საქმის ნომერი
340210017002208133
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
28.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №340210017002208133

საქმე №2ბ/387-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 იანვარი, 2020 წ. ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე – ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები - ლაშა ქოჩიაშვილი, გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - რ------ ბ------–---–ი (მოსარჩელე)

 

მოწინააღმდეგე მხარე - ყ-----–--------–----–--------------- (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ქ---------------–---–ი

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე რ----- ბ------–---–მა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ყ-----–--------–----–--------------ის მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ყ-----–--------–----–---------------ს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1998 წელს სახაზინო საწარმო ქ-----------–ის ლიკვიდაცია მოხდა ვალების გამო, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფოს, ამიტომ ყ-----–--------–----–-----------------ას მოსარჩელისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია და არც მისი საქმიანი რეპუტაცია შეულახავს. ამასთან, მოპასუხის მითითებით, არსებობს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

 

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული რ----- ბ------–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

5. სააპელაციო საჩივარი ეფუნება შემდეგ გარემოებებს:

 

5.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტი ასაჩივრებს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებას.

 

5.2. აპელანტმა რ----- ბ------–---–მა ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

აპელანტი განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას მოსამართლეს არ განუხილავს და არ დაუდგენია ჰქონდა თუ არა ადგილი მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და ამ ქმედების შედეგად შელახა თუ არა მოსარჩელის საქმიანი რეპუტაცია. გადაწყვეტილებაში არც კი არის მითითებული თბილისის საოლქო სასამართლოს 15.04.2005წ. განაჩენი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 16.02.1998წ. გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე; განაჩენით დადგენილია, რომ ყ-----–---------------------ამ ნებაყოფლობით არ შეასრულა გადაწყვეტილება და ცრუ, ოფიციალური წერილით აღმასრულებელსაც შეუშალა ხელი, რომ მას მაინც იძულების წესით შეესრულებინა გადაწყვეტილება რ. ბ------–---–ის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; აღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ხელშეშლა-შეუსრულებლობის შედეგად დარღვეულია რ----- ბ------–---–ის უფლებები და პირადი ინტერესები.

 

ასევე აპელანტი განმარტავს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 15.04.2005წ. განაჩენი. 2. ფაქტობრივი უსწორობა 11.12.2018წ. გადაწყვეტილების გამოტანისას რაიონული სასამართლოს მოსამართლემ კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ 17.01.2007წ. აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს 2007წ. დადგენილება არასწორი და არასრული სახით წარმოადგინა და აღნიშნა, რომ „ყ-----–---------------------ამ 04.09.1997წ. N169 და 20.01.1998წ. #7 დადგენილების მიღების უფლება არ ჰქონდა, რადგან სახ. სან ქ-----------–ის ქონება არ წარმოადგენდა გამგეობის განცალკევებულ ქონებას, მაგრამ ამის მიუხედავად გამგებელმა მაინც მოაწერა ხელი დადგენილებას და ამიტომაც იქნა იგი დამნაშავედ ცნობილი". აქ მოსამართლემ არ აღნიშნა მთავარი გარემოება, რაც სარჩელის ერთ-ერთ საფუძვლად ჰქონდა მითითებული, კერძოდ: კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ყ-----–---------------------ის ყოფილ ხელმძღვანელ პირთა მიმართ 17.01.2007წ. აღძრულ სისხლის სამართლის #4307006 საქმეზე დადგენილია, რომ სახაზინო საწარმო ქ-----------–ის ლიკვიდაციის და მის ბალანსზე რიცხული ქონების სახაზინო საწარმო გ-------სათვის გადაცემის შესახებ 04.09.1997წ. N169 და 20.07.1998წ. N7 დადგენილების მიღებისას არის ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული სსსკ-ის 187-ე მუხლით. სარჩელი დამყარებულია იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზ.ა.კ. მე-2-ე მუხლის „კ" პუნქტით „ადმინისტრაციული წარმოება" განმარტებულია როგორც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, მოქმედება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით. გამომდინარე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოიცავს რიგ მოქმედებებს სათანადო საფუძვლის მომზადებისათვის 04.09.1997წ. #169 დადგენილება მიღებული იქნა „სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო" (საფუძველზე). ე.ი. #169 დადგენილების საფუძველი შექმნილია (მომზადებულია) ჩადენილი დანაშაულის შედეგად. ამრიგად სახ. სან. ქ-----------–ი ლიკვიდირებული იქნა და მის ბალანსზე რიცხული ქონება სახ. საწ. გ------ს გადასცა ყ-----–---------------------ამ ჩადენილი დანაშაულით შექმნილ საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სახ. საწ. ქ-----------–ის ლიკვიდაცია ყ-----–---------------------ამ განახორციელა შეთხზულ, არა ნამდვილ საფუძველზე და სინამდვილეში ქ-----------–ის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია. 11.12.2018წ. გადაწყვეტილება გვ.5 3.2.9 „სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ ყ-----–------------------–----–--------------ას ყოფ. სახაზინო საწარმო ქ-----------–ის ბალანსზე რიცხული ქონების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია". მოპასუხის განმარტება არსებითი გარემოება საქმის სწორად გადაწყვეტისთვის, თუმცა მოსამართლის მიერ არ იქნა შეფასებული. ყოფილი სახ. საწ. ქ-----------–ის კუთვნილი ქონების და ამ ქონებაზე ინფორმაციის გადამალვით გადაწყვეტილებათა ხელშეშლა-შეუსრულებლობა სარჩელის საფუძვლებად მაქვს მითითებული. ყ-----–---------------------აა სახაზინო საწარმო ქ-----------–ის დამფუძნებელი, მესაკუთრე, ლიკვიდატორი და ქონების ფაქტობრივი მფლობელი; ამიტომ სრული და ამომწურავი ინფორმაცია ლიკვიდირებული სახ. საწ. ქ-----------–ის შემდგომი ბედის შესახებ მოპასუხეს უნდა გააჩნდეს. მოპასუხის პასუხი, რომ მას აღნიშნული ინფორმაცია არ გააჩნია მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ იგი დამალული ან განადგურებულია, რაც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას, თუმცა მოსამართლეს აღნიშნული გარემოება არ შეუფასებია.

 

აპელანტის მითითებით, რაიონული სასამართლოს 11.12.2018წ. გადაწყვეტილება გამოტანილია ამავე საქმეზე რაიონული სასამართლოს 07.7.2016წ. განჩინების გაუქმების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს 18.09.17წ. განჩინებაში მითითებული უსწორობების გაუთვალისწინებლად. 11.12.2018წ. განჩინების გამოტანისას მოსამართლემ ამჯერადაც არ განიხილა ჩემი შუამდგომლობები და არც განუხილველად დაუტოვებია; ამასთან არც განმარტება გაუკეთებია თუ რატომ არ იხილავდა ამ შუამდგომლობებს.

 

აპელანტის მითითებით, 11.12.18წ. გადაწყვეტილების გამოტანისას მოსამართლეს არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო სხვა საქმეებზე დადგენილი უდავო გარემოებები არ გამოუყენებია გადაწყვეტილების გამოტანისას. თბილისის საოლქო სასამართლოს 15.04.2005წ. განაჩენი გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობის ფაქტზე. თბილისის საოლქო სასამართლო

 

5.3. აპელანტი მოსაზრებით, 1. დარღვეულია სსსკ-ის 243-ე მუხლი, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ არის დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას. 2. დარღვეულია სსსკ-ის 394 მუხლის „დ" პუნქტი. დარღვეულია პროცესის საჯარობის წესები. 3. დარღვეულია სსსკ-ის 394 მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნები. გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. 4. დარღვეულია სსსკ-ის 394-ე მხულის „ზ“ პუნქტის მოთხოვნები. გამოტანილია იმ მოსამართლის მიერ, რომელიც ადრე მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში. 5. მოსამართლემ არ გამოიყენა სსსკ-ის 108-ე მუხლი და არ გამოითხოვა მოპასუხისაგან ინფორმაცია ქონების შესახებ, რომლის მიღებაც აპელანტმა ვერ შეძლო, რაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა. 6. სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 105-ე მუხლი და არ შეაფასა შესაგებელი, რომელიც ფაქტობრივად ასაბუთებს სარჩელის საფუძვლებს. 7. გადაწყვეტილება გამოტანილია სსსკ-ის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების დარღვევით. 11.12.2018წ. გადაწყვეტილების გამოტანისას არ იქნა გამოყენებული კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

6. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ------ ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

7. მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის მე-18 მუხლი, რომელიც ბლანკეტური შინაარსისაა და შეიცავს დათქმას სპეციალურ კანონზე, რომელიც საქართველოში ძალაშია 2004 წლის 16 ივლისიდან, კერძოდ, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი. სსკ-ის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს, რომ ,,პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან“. შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხის გადასაწყვეტად, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტობრივი გარემოებების გამოსარკვევად და დასადგენად სსკ-ის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე, უნდა ვიხელმძღვანელოთ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ სპეციალური კანონით, რომელიც წარმოადგენს ღირსების და პატივის სამოქალაქო რეგულირების შემავსებელ ნორმას და საბოლოოდ, ქმნის საკითხის სამოქალაქო კოდექსით გადაწყვეტის წინაპირობას.

 

მოცემულ საქმეზე დავის საგანია მოპასუხის მიერ სახაზინო საწარმო ქ-----------–ის ლიკვიდაციის გამო საწარმოს დირექტორის საქმიანი რეპუტაციის შელახვით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. ამდენად, მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურებას უკავშირებს არაქონებრივ უფლებათა დარღვევას მისი, როგორც საწარმოს დირექტორის, საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას. შესაბამისად, აღძრული სარჩელის ძირითადი საფუძველია 1997 წლის 4 სექტემბრის №169 და 1998 წლის 20 იანვრის №7 დადგენილებაში მითითებული სახაზინო საწარმო ქ-----------–ის ლიკვიდაციის საფუძველი ,,სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობა'', რამაც, მოსარჩელის მითითებით, მისი, როგორც ამ საწარმოს დირექტორის, საქმიანი რეპუტაციის შელახვა გამოიწვია.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე რ------ ბ------–---–ი ,,სახაზინო საწარმო ქ-----------–ის“ დირექტორად მუშაობდა. 1997 წლის 4 სექტემბერს ყ-----–---------------------ამ მიიღო #169 დადგენილება ,,სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო სახაზინო საწარმო ქ-----------–ის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მთლიანი ღირებულების სახაზინო საწარმო გ-------სთვის არსებული ვალის ანგარიშში გადაცემის შესახებ". ყ-----–---------------------ის 22.09.1997 წლის #183 დადგენილების საფუძველზე, აღნიშნული დადგენილების მოქმედება შეჩერდა, გამგეობის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

მოსარჩელემ საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

ყ-----–--------–----–-----------------ამ სახაზინო საწარმო ქ-----------–ის, რომლის დირექტორიც თვითონ იყო, ლიკვიდაცია და მის ბალანსზე რიცხული ქონების სახაზინო საწარმო გ-------სათვის გადაცემა მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ, ჩადენილი დანაშაულით, მოგონილი, ცრუ საფუძვლით „სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის“ გამო, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელის მითითებით, რადგან სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება, ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საწარმოს დირექტორის უფლება-მოვალეობათა შემადგენელი ნაწილია, ხოლო 1997 წლის 4 სექტემბრის #169 და 1998 წლის 20 იანვრის N7 დადგენილებები მიღებულია სწორედ ,,სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის" საფუძველზე, ანუ საწარმოს დირექტორის მიერ საქმიანობის არასათანადოდ, არაკეთილსინდისიერად წარმართვის გამო, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია, ამიტომ ყ-----–--------–----–-----------------ამ ზემოაღნიშნული დადგენილებების მიღებით და შესრულებით მოსარჩელის, როგორც ამ საწარმოს დირექტორის, საქმიანი რეპუტაცია შელახა.

 

თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი ყ-----–---------------------ის 1997 წლის 4 სექტემბრის N169 და 1998 წლის 20 იანვრის N7 დადგენილებები. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ დასახელებულია ყ-----–---------------------ა, ხოლო კრედიტორად - რ------ ბ------–---–ი. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ყ-----–---------------------ა, როგორც მოვალე, ვალდებული იყო სახაზინო საწარმო ქ-----------–ი აღედგინა იურიდიულ პირად, და მისთვის დაებრუნებინა სახაზინო საწარმო გ-------სთვის ვალის ანგარიშში გადაცემული ქონება, რაც ყ-----–---------------------ამ არ შეასრულა. მოპასუხის ამ ქმედებით დაირღვა მოსარჩელის უფლებები და ინტერესები, კერძოდ, სახაზინო საწარმო „ქ-----------–ი“ დღესაც ლიკვიდირებულია მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის შემლახავი საფუძვლით-,,სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო", ასევე თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო არ მოხდა სახაზინო საწარმო ქ-----------–ის იურიდიულ პირად აღდგენა, რამაც თავის მხრივ შეუძლებელი გახადა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულება, რითაც იგი აღდგენილ იქნა სახაზინო საწარმო ქ-----------–ის დირექტორად, ამიტომ ვერ ხდება მისი შელახული საქმიანი რეპუტაციის რეაბილიტაცია, რასაც ხანგრძლივი და დენადი ხასიათი აქვს.

 

თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სახაზინო საწარმო ქ-----------–ის ლიკვიდაციის და ვალის ანგარიშში ქონების სახაზინო საწარმო გ-------სთვის გადაცემის საფუძვლად მითითებული 1997 წლის 4 სექტემბრის #169 და 1998 წლის 20 იანვრის N7 დადგენილებები, შესაბამისად, ლიკვიდირებული სახაზინო საწარმო ქ-----------–ის ბალანსზე რიცხული ქონების კანონიერად გასხვისების საფუძველი აღარ არსებობდა, ამიტომ მოპასუხემ საწარმოს ქონება ჯერ გადამალა, ხოლო შემდეგ ფიქტიურად შედგენილი ყალბი სააღსრულებო დოკუმენტებით უკანონოდ გაასხვისა იგი, ამ ქმედებით გამგეობამ თბილისის საოლქო სასამართლოს 29.05.2000 წლის გადაწყვეტილების და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 16.02.1998 წლის გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადა, რის გამოც ვერ მოხდა სახაზინო საწარმო ქ-----------–ის იურიდიულ პირად, ხოლო მოსარჩელის სახაზინო საწარმო ქ-----------–ის დირექტორად აღდგენა, შესაბამისად, ვერ მოხდა მისი საქმიანი რეპუტაციის რეაბილიტაცია, რასაც ხანგრძლივი და დენადი ხასიათი აქვს.

 

მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტებით საჯაროდ და უსაფუძვლოდ აბრალებს, რომ ,,მან (რ----- ბ------–---–მა) ზიანი მიაყენა სახელმწიფოს და ვალები დაუტოვა შპს ქ-----------–ს, რომელიც გაკოტრდა და მოხდა მისი ლიკვიდაცია", რითაც საჯაროდ ლახავს მოსარჩელის ღირსებას და საქმიან რეპუტაციას.

 

2016 წელს წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, თუ რა ქონება გადაეცა სახაზინო საწარმო ქ-----------–ისგან სახაზინო საწარმო გ------ს და რა ბედი ეწია ამ ქონებას, რაც ყ-----–--------–----–-----------------ამ უპასუხოდ დატოვა. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხის მხრიდან ინფორმაციის და დოკუმენტაციის გადამალვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღსრულებაში და შესაბამისად, მისი საქმიანი რეპუტაციის აღდგენაში ხელშეშლას უკავშირდება, რის გამოც მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას.

 

მოსარჩელემ საქმიანი რეპუტაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად ასევე მიუთითა ის გარემოება, რომ 2016 წელს წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, თუ რა ქონება გადაეცა სახაზინო საწარმო ქ-----------–ისგან სახაზინო საწარმო გ------ს და რა ბედი ეწია ამ ქონებას, რაც ყ-----–--------–----–-----------------ამ უპასუხოდ დატოვა. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხის მხრიდან ინფორმაციის და დოკუმენტაციის გადამალვა გადაწყვეტილების აღსრულებაში და შესაბამისად, მისი საქმიანი რეპუტაციის აღდგენაში ხელშეშლას უკავშირდება, რის გამოც მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას.

 

მოსარჩელემ საქმიანი რეპუტაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად ასევე მიუთითა მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებული და სასამართლო პროცესზე გაჟღერებული შემდეგი ინფორმაცია ,,მან (რ----- ბ------–---–მა) ზიანი მიაყენა სახელმწიფოს და ვალები დაუტოვა შპს ქ-----------–ს, რომელიც გაკოტრდა და მოხდა მისი ლიკვიდაცია".

 

8. სადავო ურთიერთობის დასადგენად მტკიცებულებათა შეფასების მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი (პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა), თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხეებმა მოსარჩელის შესახებ გაავრცელა ეს სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხეებისათვის წინასწარ იყო ცნობილი, ან მოპასუხეებმა ეს აშკარა და უხეში დაუდევრობა; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მოსარჩელის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიხედვით, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, პირს ეკისრება სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) მე-18 მუხლის თანახმად, კერძო პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან დაიცვას. ასევე, სსკ-ის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

9. სპეციალური კანონით საჯარო და კერძო პირის ცილისწამება გამიჯნულია და სხვადასხვა მუხლებითაა მოწესრიგებული („სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და მე-14 მუხლები). აღნიშნულს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს, ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური ტკივილი, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი სამართლებრივი დანაწესის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი უზრუნველყოფილი იქნეს. ასევე, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, რომელიც კერძო პირის ცილისწამებისთვის სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, საჯარო პირის ცილისწამებისგან განსხვავებით, შეურაცხმყოფელი განცხადების გავრცელების ფაქტის დადგენას სავალდებულოდ არ მიიჩნევს. შესაბამისად, კერძო პირის შემთხვევაში, მას უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს თავისი პატივისა და ღირსების დასაცავად, მაშინაც კი, როდესაც ცილისმწამებლური ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, ასეთ დროს, მან უფრო მაღალი სტანდარტით უნდა დაადასტუროს პატივისა და ღირსების შელახვის ვარაუდი. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ, ზოგადად, შეურაცხმყოფელი ფაქტების ფართო მასებში გავრცელება პირის პატივსა და ღირსებას საზოგადოების თვალში აკნინებს, შესაბამისად, მას უფრო მეტ ზიანს აყენებს ვიდრე პირად სივრცეში, თუნდაც, იმავე სახის შეურაცხყოფის მიყენება.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და დადგენილად მიაჩნია, რომ ყ-----–---------------------ის 1997 წლის 4 სექტემბრის №169 და 1998 წლის 20 იანვრის №7 დადგენილებები მიღებულია სახაზინო საწარმო ქ-----------–ის და არა ამ საწარმოს დირექტორის მიმართ. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, საწარმოს მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაცია, არ უნდა იქნეს განხილული, როგორც იმგვარი ცნობების შემცველი ინფორმაციის გავრცელება, ან იმგვარი ქმედება, რომელიც ამ საწარმოს დირექტორის საქმიანი რეპუტაციის შელახვას გამოიწვევს, რაც ასევე გამორიცხავს მითითებული ფაქტობრივი საფუძვლით პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვას, მაშინ, როცა 1997 წლის 4 სექტემბრის №169 და 1998 წლის 20 იანვარის N7 დადგენილებები, თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი, ხოლო გურჯაანის რაიონული სასამართლოს 16.02.1998 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე აღდგენილია სამუშაოზე, შესაბამისად, დადგენილებები, რომელიც მოსარჩელის მოსაზრებით, მისი საქმიანი რეპუტაციის დისკრედიტაციას იწვევს, სასამართლოს მიერ ბათილად არის ცნობილი. ასევე, პალატას მიაჩია, რომ საწარმოს მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა, მისი დირექტორის საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებად ვერ ჩაითვლება. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდება, რომ ყ-----–---------------------ის 04.09.1997 წლის #169 და 20.01.1998 წლის N7 დადგენილებები არსებითად მცდარ, სინამდვილესთან სრულიად შეუსაბამო ფაქტს ემყარება და რომ სინამდვილეში სახაზინო საწარმო ქ-----------–ს სახაზინო საწარმო გ-------ს მიმართ დავალიანება არ გააჩნდა და ,,სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის" გამო საწარმოს ლიკვიდაცია მოსარჩელის, როგორც ამ საწარმოს დირექტორის, დისკრედიტაციას და მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა. თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღუსრულებლობა გამოდგება, რადგან ჯერ ერთი, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია და სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად მითითებულია არა რ------ ბ------–---–ი, არამედ სახაზინო საწარმო ქ-----------–ის შრომითი კოლექტივი, რომლის წარმომადგენელიც იყო რ------ ბ------–---–ი, ამიტომ ეს გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი მოსარჩელის, როგორც ფიზიკური პირის, უფლებამოვალეობებს არ განსაზღვრავს, და შესაბამისად, მისი აღუსრულებლობა მორალურ ზიანსაც არ გამოიწვევს. ასევე, 1997 წლის 4 სექტემბრის #169 და 1998 წლის 20 იანვრის N7 დადგენილებები უშუალოდ მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ჩანაწერს არ შეიცავს. ხოლო რაც შეეხება, აპელანტის 2016 წლის წერილობით მიმართვას, რომლითაც მოპასუხისგან მოითხოვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, თუ რა ქონება გადაეცა სახაზინო საწარმო ქ-----------–ისგან სახაზინო საწარმო გ------ს და რა ბედი ეწია ამ ქონებას, რაც ყ-----–--------–----–-----------------ამ უპასუხოდ დატოვა, პალატა მიუთითებს, რომ საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ დაინტერესებული პირის განცხადების უპასუხოდ დატოვება შესაძლოა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ქმედების განხორციელების დავალდებულების სამართლებრივ საფუძველს, რაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება, და არა არაქონებრივი უფლებების ხელყოფისთვის მორალური ზიანის დაკისრების საფუძველს (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37.1 მუხლი).

 

10. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ასევე, ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სასამართლო პროცესზე გაჟღერებული შემდეგი ინფორმაცია ,,მან (რ----- ბ------–---–მა) ზიანი მიაყენა სახელმწიფოს და ვალები დაუტოვა შპს ,,ქ-----------–ს“, რომელიც გაკოტრდა და მოხდა მისი ლიკვიდაცია". შესაბამისად, დავის საგანში შედიოდა ის ფაქტობრივი გარემოები, წარმოადგენდა თუ არა მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოსარჩელის სსკ-ის მე-18.2 მუხლითა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ სფეროში იმგვარ ჩარევას, რასაც სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება შეიძლება მოჰყვეს.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი წესი, რომელიც სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს განამტკიცებს, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი მთლიანად მოსარჩელეს ეკისრება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს ა) მოპასუხეებმა მოსარჩელის შესახებ გაავრცელა ეს სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხეებისათვის წინასწარ იყო ცნობილი, ან მოპასუხეებმა ეს აშკარა და უხეში დაუდევრობა; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მოსარჩელის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ მოახდინა, მოპასუხის მიერ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გაკეთება, რომელიც ცილისწამებას გაუთანაბრდებოდა არ დადასტურდა, რაც შეეხება ზიანის მიყენების ფაქტს სასამართლომ მისი შეფასება უმნიშვნელოდ მიიჩნია, ვინაიდან ნორმის დისპოზიციაში მითითებული კუმულაციური ელემენტებიდან პირველი სახეზე არ იყო.

 

11. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია: ბ) წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე, სახალხო დამცველის წინაშე, პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ან საკრებულოს, აგრეთვე მისი კომიტეტის/კომისიის სხდომაზე, პირის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში; სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის გამოსაყენებლად საჭირო ერთ-ერთი წინაპირობა - არსებითად მცდარი ფაქტის გავრცელება არ დასტურდება, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებას საფუძველშივე გამორიცხავს, ამიტომ სააპელაციო სასამართლო ნორმის დისპოზიციით განმტკიცებული მეორე ელემენტის - მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტის გამოკვლევასა და მის სამართლებრივ შეფასებას აღარ შეუდგება.

 

ამდენად, ყ-----–--------–----–--------------ის მხრიდან, არამართლზომიერი ქმედების ჩადენის შედეგად უშუალოდ რ------ ბ------–---–ისთვის ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოება არ დასტურდება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 413.1-ე მუხლისა, არ არსებობს.

 

12. შესაბამისად, ვინაიდან აპელანტს დასაბუთებული შედავება არ წარუდგენია სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტმა მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ მოახდინა. პალატა ასკვნის, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებულია. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს სრულად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30 ).

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ----- ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით დასაბუთებული განჩინების მხარისათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები ლაშა ქოჩიაშვილი

 

გენადი მაკარიძე