განაჩენი

სისხლის სამართლის 25.03.2020
საქმის ნომერი
010100119003336855
ინსტანცია
თარიღი
25.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003336855

საქმე №1/ბ-159-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა----- ს----ს ძე ა------–---ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 23 თ--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი ყ---–----.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა----- ა------–---იმ ჩაიდინა: ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ, ესე იგი ოჯახში ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 21 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ. ბათუმში, ი--------ის ქუჩა N11ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ა----- ა------–---მა თმების მოქაჩვით, თავში ხელის დარტყმით და მაჯაზე ხელის მოჭერით თავის ოჯახის წევრს - მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი-–---- გ-------ას, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა სხეულის დაზიანებები, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ა----- ა------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64- მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ა----- ა------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 21 ნოემბრიდან 2019 წლის 23 ნოემბრამდე ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ ა----- ა------–---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ო-–--- მ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ა----- ა------–---ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დასაბუთებისას უგულებელყო სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, შემოიფარგლა მხოლოდ საკანონმდებლო ნორმების მითითებებით და არ უმსჯელია თუ რატომ გამოიყენა პირობითი სასჯელი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ძალზედ ლმობიერი სასჯელია, იგი არაა პროპორციული და შესაბამისი მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის. აღნიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებული დაზარალებულის ოჯახის წევრია და ხშირი კონტაქტი აქვს მათთან, მოსალოდნელია ა. ა------–---მა კვლავ განახორციელოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ამდენად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა----- ა------–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა----- ა------–---ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ი-–---- გ-------ას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - ი-–---------------------–--------------------------------------–----- გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით და ორდერის ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებული ა----- ა------–---ის ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს), დანაშაულების ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ა----- ა------–---ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოლღა მერებაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ა----- ა------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ- ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ა----- ა------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 21 ნოემბრიდან 2019 წლის 23 ნოემბრამდე ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ ა----- ა------–---ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ნოემბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს ნ------- ა------–---ას (პ/ნ 2----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს "საქართველოს ბანკში" გირაოს სახით შეტანილი თანხა - 2000 (ორი ათასი) ლარი (შემოსავლის ორდერი2---------–------------------------)

 

პირობით მსჯავრდებულის ა----- ა------–---ის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე