განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120217719002830063
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/ 8364-19 10 მარტი, 2020 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – თამარ ალანია
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - ა-------------
წარმომადგენელი - გ-----------------
მოწინააღმდეგე მხარე - ლ----------------
წარმომადგენელი - კ--------------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ----------------ის წარმომადგენელმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ა-------------ის მიმართ სარჩელი აღძრა და მოპასუხისთვის 23 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ა-------------ს მოსარჩელე ლ----------------ის სასარგებლოდ 2400 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ა-------------ის წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ახალციხე, ე--------------, დაზუსტებული ფართობი 1305.00 კვ.მ., ს---------------- ა-------------ის საკუთრებას წარმოადგენს, უფლების რეგისტრაციის თარიღია 2018 წლის 19 ივლისი (ტომი I, ს.ფ. 17-18).
6. 2006 წელს ა-------------სა და ლ----------------ს შორის ზეპირი გარიგება გაფორმდა, კერძოდ, მხარეები თანხმდებოდნენ, რომ ა-------------ი, 4800 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საცხოვრებელ ბინას ლ----------------ს გადაუფორმებდა (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
7. მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმებით განისაზღვრა, რომ საცხოვრებელი სახლის მთლიანი ღირებულების გადახდის შემდგომ, სახლის გადაფორმება მოხდებოდა (სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
8. ა-------------ს დარჩენილი 2400 აშშ დოლარი ლ----------------ისაგან არ მიუღია (სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი - მოწმე ო----- ა--------ის ჩვენება).
9. უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ახალციხე, ე--------------, დაზუსტებული ფართობი 1305.00 კვ.მ., ს---------------- ა-------------ზე რეგისტრაცია 2018 წლის 19 ივლისს განხორციელდა (ტომი I, ს.ფ. 17-18).
10. 2018 წლის 07 ნოემბერს ა-------------მა ლ----------------ის მიმართ სარჩელი აღძრა, ლ----------------ისა და მის შვილის სადავო ბინიდან გამოსახლება მოითხოვა. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ა-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 19-31).
11. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა – ექვს წელს შეადგენს. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა მოითხოვოს. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც მოთხოვნის უფლება წარმოიშვა, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე გამორიცხოს. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით, დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას უწყობს ხელს; ბ) ინარჩუნებს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას.
აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება ისპობა. ხანდაზმულობის ვადა უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით სპობს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ, იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან თავისი უფლების დარღვევის შესახებ უნდა შეეტყო. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში ხორციელდება. მაგალითად, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე მიმდინარეობს. ამ ტიპის შედავების წარდგენის დროს მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე ვალდებულების არსებობას ეთანხმებოდეს და მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას აღიარებდეს, თუმცა, უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს.
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა დროის გარკვეულ მონაკვეთს გულისხმობს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა მოითხოვოს. ამ ვადის გაცდენა კი ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას გულისხმობს. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად ვადითაა შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას კარგავს.
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე, საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად მიიჩნევა. კერძოდ, გადაწყვეტილება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ეფუძნება, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად უმნიშვნელოვანესია. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება გამოიწვიოს, რაც, საბოლოო ჯამში, სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას გაართულებს. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, ასევე სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი გაიზრდება. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან დაიცვას.
ზემოთ ჩამოთვლილი კანონიერი მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადები რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი (თავდაპირველი მოპასუხე) აპელირებდა, რომ 2012 წლის მაისის თვის ბოლოს, როცა ა---------------––- რუსეთში ჩავიდა, მას უთხრეს, რომ სახლს აღარ მიჰყიდდნენ, გადიოდნენ შეთანხმებიდან, რის გამოც მან მიიღო შეთავაზება გადახდილი თანხა უკან მიეღო, რაზეც მან უარი განაცხადა და ფული არ აიღო. აღნიშნულის შესაბამისად, მოპასუხე აცხადებდა, რომ 2012 წლის 30 მაისიდან მათთვის ცნობილი იყო, რომ ბინის ყიდვა-გაყიდვა აღარ შედგებოდა, ამიტომ 2400 აშშ დოლარის უკან დაბრუნების თაობაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის დინება, მისი მოსაზრებით, სწორედ 2012 წლის 30 მაისიდან დაიწყო, რაც წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნას ხანდაზმულს ხდიდა.
ნათელია, რომ მოპასუხის მიერ, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი იქნა წარდგენილი, ამიტომ პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს სამართლებრივი შეფასება მისცეს.
12. სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან იწყება. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას არ ეთანხმება, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა თუ როდიდან უნდა დაიწყოს.
საქმის მასალებში მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შესახებ 2012 წელს, მისი რუსეთში ვიზიტისას ეცნობა, მოხმობილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით კი, კანონმდებელი ამგვარი მტკიცების ტვირთს სწორედ მას აკისრებდა. შესაბამისად, ობიექტური მომენტი, მასზედ თუ როდის შეიტყო მოსარჩელე მხარემ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შესახებ ვერ დგინდება. სწორედ ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს, თუ როდის შეიძლებოდა გაეგო მოსარჩელეს, რომ ა-------------ი შეთანხმების შესრულებას და ნასყიდობის საფუძველზე სადავო ბინის საკუთრების უფლებით გადაცემას აღარ აპირებდა. ამ მხრივ, სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს 2018 წელს ა-------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, კერძოდ, 2018 წლის 19 ივლისს სადავო უძრავი ქონება (ს/კ 6-----------) საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა, თუმცა ნაცვლად მოსარჩელის სახეზე გადაფორმებისა, მან სასამართლოში სარჩელი აღძრა, რომლითაც სადავო ქონების მოსარჩელის ოჯახის მიერ უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლება მოითხოვა. სააპელაციო პალატა ადგენს, რომ სუბიექტური თვალსაზრისით, სწორედ ამ დროს მოსარჩელისთვის ცნობილი უნდა გამხდარიყო, რომ ა-------------ი აღარ აპირებდა მიღწეული შეთანხმებისამებრ მოქმედებას. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ სარჩელი 2019 წლის 11 თებერვალსაა შემოტანილი, რაც ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კანონით დადგენილი ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, შესაბამისად მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი უსაფუძვლო იყო, რაც მართებულად არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
13. რაც შეეხება აპელანტის მიერ დასახელებულ არგუმენტს, მასზედ, რომ სასამართლომ მხარეს მიაკუთვნა ის რაც მას არ მოუთხოვია, გაზიარებული ვერ იქნება და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ მოსარჩელე მოპასუხისგან 23 000 ლარის ანუ სადავო ქონების ღირებულების ნახევრის დაკისრებას მოითხოვდა, სასამართლომ კი, მას არა ქონების ღირებულების ნახევარი არამედ, მოპასუხისთვის გადაცემული 2 400 აშშ დოლარის უკან დაბრუნება დააკისრა.
ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მოდავე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფაქტობრივი გარემოება, მასზედ, რომ ლ----------------მა დარჩენილი 2400 აშშ დოლარი ა-------------ს არ გადაუხადა, რის გამოც 2012 წელს ა-------------მა შესთავაზა აღებული თანხის უკან დაბრუნება, თუმცა, მოსარჩელემ უარი განაცხადა და ა-------------ის საცხოვრებელ ბინაში ცხოვრება გააგრძელა, რაზეც 2018 წლის 07 ნოემბერს ა-------------მა ლ----------------ის მიმართ სარჩელი აღძრა და ლ----------------ისა და მისი შვილის სადავო ქონებიდან გამოსახლება მოითხოვა.
სააპელაციო პალატა მოდავე მხარეებს განუმარტავს, რომ მოსარჩელე ვალდებულია ამომწურავად, ნათლად და არაორაზროვნად მიუთითოს დავის ფაქტობრივი გარემოებები ასევე, წარადგინოს მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა მათთვის სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭება და სამართლებრივი შეფასების მიცემა არა მხარეების, არამედ სასამართლოს პრეროგატივაა.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანცია არ გასცდომია დავის ფარგლებს და მხარისთვის არ მიუკუთვნებია ის, რასაც იგი არ მოითხოვდა, სასამართლომ შეაფასა რა დავის ფაქტობრივი გარემოებები მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებით განმტკიცებულ ხელშეკრულებიდან გასვლის ფაქტს, რომელსაც შედეგად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მოჰყვება. ამასთან მოპასუხე მხარემ შესაგებლით 2400 აშშ დოლარის მიღების ფაქტი აღიარა, რაც თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლისა მართებულად გახდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
14. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდ წილად სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება განაპირობებს.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
რაც შეეხება მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობა, აპელანტის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა, რომელმაც საქმეში არსებული რელევანტური მტკიცებულებებით მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის 2012 წელს დაწყება ვერ დაადასტურა. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის მასალებში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა შესწავლის შედეგად პალატას შეექმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის დენა 2018 წელს, ანუ მოპასუხის მიერ სადავო ქონების საკუთრების უფლებით აღრიცხვისა და მოსარჩელეთა მიმართ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრას უნდა დაკავშირებოდა.
რაც შეეხება, მოთხოვნის დაუსაბუთებლობას, ნიშანდობლივია განიმარტოს, რომ მტკიცებას არა მხოლოდ სარჩელის, არამედ შესაგებლის საფუძვლებიც ექვემდებარება, შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც თავად მოპასუხე მიუთითებდა, რომ შეთანხმების გაგრძელება მოპასუხემ აღარ ისურვა და მოსარჩელისგან მიღებული თანხის უკან დაბრუნებას თავადაც სთავაზობდა მოსარჩელეს, გაურკვეველია რა არგუმენტზე დაყრდნობით მიიჩნევს მხარე მოთხოვნას დაუსაბუთებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გახდეს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 290 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე, მუხლებით, იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად ჩაითვალოს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ალანია