განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.12.2019
საქმის ნომერი
060210018002466228
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამისდღეშიო რჩენა
თარიღი
02.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №060210018002466228

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-496-19 23 დეკემბერი, 2019 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) მოსამართლეები : ლაურა მიქავა თეიმურაზ სიხარულიძე ინდირა მაშანეიშვილი

 

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - ი-----–--- გ----- ლ-----------------ე გ--–--ა წ-----ე ა-–------------------–-–---–ი

დავის საგანი - სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- მოსარჩელე ი-----–--- გ-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2016 წლის 11 მარტს ი-----–--- გ-----ს და გ--–--ა წ-----ეს შორის გაფორმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.

 

2.2. მხარეთა შორის სადავო იყო ის გარემოება, რომ მოპასუხე გ--–--ა წ-----ის მხრიდან ი-----–--- გ-----ს მიმართ სახელშეკრულებო მოვალეობა არ დარღვეულა.

 

2.3. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების დასადასტურებლად უთითებდა იმ ფაქტზე, რომ მოპასუხის მხრიდან დაირღვა ხელშეკრულების პირობები. ე.ი. გარემოება, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნას წარმოადგენდა კონკრეტული ფაქტების არსებობას და სწორედ მას ეკისრებოდა ამ ფაქტების დადასტურების ტვირთი. დასახელებული ფაქტების დასადასტურებლად მოსარჩელე მხარე შემოიფარგლა სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით.

 

2.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ ი-----–--- გ-----ს მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტები (ხელშეკრულების პირობების დარღვევა) წარმოადგენდა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება არ იყო სარწმუნო და საკმარისი, ხოლო მოპასუხის შუამდგომლობით გამოძახებული მოწმეთა მიერ მათთვის პირადად ცნობილი გარემოებების შესახებ მიცემული ჩვენებებით სასამართლომ ვერ გამოიტანდა დასკვნას საქმისათვის ისეთი მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობაზე, როგორიცაა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოწმეთა ჩვენებებით გ--–--ა წ-----ე ი-----–--- გ-----ს არ აკლებდა ყურადღებას, მიჰქონდა საკვები პროდუქტები, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს და მხარეთა შორის არსებობდა კეთილგანწყობა.

 

2.5. სასამართლომ განმარტა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას, მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით.)

 

2.7. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 2016 წლის 11 მარტიდან არსებობდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა სარჩენის გარდაცვალებამდე.

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.

 

2.9. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს ვერ დაუსაბუთა საქმისათვის ისეთი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა, როგორიცაა მისდამი უპატივცემულობის გამოჩენა, საკვების, მედიკამენტების მიუწოდებლობა, ასევე ვერ მიუთითა არსებითი ხასიათის მიზეზის არსებობაზე, რომელიც უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების გაგრძელებას, რაც გასაჩივრებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების სასამართლოს მიერ გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

 

2.10. სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ არსებით მიზეზად არ შეიძლებოდა განმარტებული ყოფილიყო ი-----–--- გ-----ს სურვილი, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თავისი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს შეეწყვიტა ხელშეკრულება, ვინაიდან მოსარჩელემ 2016 წლის 11 მარტს გააფორმა რა ხელშეკრულება გ--–--ა წ-----ესთან, თავისი თავი მოაქცია სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში, რაც ამ ხელშეკრულების შეწყვეტის მარეგულირებელი ნორმის დისპოზიციაში მითითებული გარემოებების არ არსებობის პირობებში გამორიცხავდა ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობას მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძვლებით.

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ი-----–--- გ-----მ

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს მხარეებს დადგენილი საფუძვლების არსებობისას ცალმხრივად განაცხადონ უარი სამისდღეშიო ხელშეკრულებაზე. უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს ისეთი დარღვევა, რომლის შედეგადაც მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ან/და არსებობს სხვა მიზეზები, უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მხარეთა შორის ურთიერთობის შემდგომ გაგრძელებას.

ეს ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონკურსის შედეგი, რომელიც მათი უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობას იწვევს მათივე ნების საფუძველზე. მხარეთა მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების სამართლებრივი შეფასებისას სავალდებულოა დადგენა იმისა, რა მიზნის მიღწევა სურდათ მხარეებს, რა იურიდიული და ეკონომიკური ინტერესი ჩადეს ამ შეთანხმებაში და, კონკრეტულად, რომელი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო წარმოიშვა დავა.

 

3.2. ყველა გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენა მეორე მხარის მიერ ნების მიღებას უკავშირდება, არც თუ იშვიათად ჩნდება კითხვა: სწორად გაიგო თუ არა ნების გამომვლენლმა ის, რა შედეგზე გამოხატა ნება და სწორად გაიგო თუ არა ნების მიმღებმა რა ვალდებულების შესრულება მოუწევს მას სარჩენის მთელი სიცოცხლის მანძილზე. რჩენის ხელშეკრულების დადებაზე მის მიერ ნების გამოვლენა ემყარებოდა ვარაუდს, რომ შეიმსუბუქებდა ფიზიკურ დატვირთვას, გასაწევ ხარჯებს - კვების, მკურნალობის, კომუნალური გადასახადების და ა.შ. თუმცა, მისი ინტერესი ვერ იქნა დაკმაყოფილებულ,ი რადგან დანახარჯებს თვითონ იხდიდა, თავის თავს თვითონ უვლიდა.

 

3.3. იგი საღად მოაზროვნე, არცთუ ხანდაზმული ქალბატონია, რომელმაც გაცნობიერებულად მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, ისიც თავის ყოფილ რძალთან, რომელთანაც წლების მანძილზე არაჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა გ.წ-----ის ინტერესი ამ ვალდებულების აღებისა, თანაც იმ ქალთან, რომელმაც „მთელი სიცოცხლე გაუმწარა“ და ამ ურთიერთობის დროს „იძულებული იყო მოეთმინა ი-----–--- გ-----ს აუტანელი და მძიმე ხასიათი“ უფრო საყურადღებოა.

 

3.4. ამ ხელშეკრულების მხარეებს - უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად შესრულების პრინციპთან მიმართებით შეფასებისას - საჭიროა გათვალისწინებული ჰქონოდათ (მომეტებულად მარჩენალს), რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებისათვის მთავარი არა დაპირისპირება, კამათი, ჩხუბი, არამედ შეთანხმება, დათმობა, არა ფიზიკურ დაპირისპირებამდე მისვლა ცემა და სხეულის დაზიანება, არამედ ხანდაზმულ ადამიანის პატივისცემა, მისდამი დედა-შვილური დამოკიდებულება.

 

3.5. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვამდე იგი თვითონ შეეცადა გ.წ-----ესთან ნებაყოფლობით მოეგვარებინათ დავა და გაეუქმებინათ ხელშეკრულება. ამ გადაწყვეტილებამდე იგი უსაფუძვლოდ არ მისულა. მან იცოდა, რომ რჩენის ხარჯების გადახდა გ.წ-----ეს ეკისრებოდა. თუმცა, ყველა ხარჯის ანაზღაურება მას უხდებოდა. ის იხდიდა გაზის, შუქის და სხვა კომუნალურ გადასახადებს. ფულს აძლევდა გ.წ-----ეს მოტანილი პროდუქტებისათვის. აუნაზღაურა განვადებით გამოტანილი გამათბობელის ხარჯი. მისცა ტელეფონის დავალიანების დასაფარი თანხა, რომელიც გ. წ-----ემ პირადად მოიხმარა. ცხადია, აქ მოწმე არ არსებობს. ეს იცის გ.წ-----ემ და ი.გ-----მ. ამ საფუძვლით წარმოშობილი უკმაყოფილება იყო მიზეზი იმისა, რომ ი.გ----- კონსულტაციის მისაღებად ვიზიტებს ახორციელებდა ნოტარიუსთან. ნოტარიუსთან ვიზიტი, ცხადია, ი.გ-----სათვის ასახსნელი გარემოების ახსნის მიზანს ემსახურებოდა. მიიღო კვალიფიციური განმარტება და დარწმუნდა, რომ გ.წ-----ე არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას. ამ საფუძველზე მათ შორის წარმოიშვა დავა, ეს კონფლიქტი არ უკავშირდება მის უსაფუძვლო კაპრიზებსა და მძიმე ხასიათებს. მას აქვს ობიექტური საფუძველი.

 

3.6. ცხადია, სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა განმარტება მისცეს სასამართლოს მათთვის ცნობილი გარემოების შესახებ - გ. წ-----ეს მოჰქონდა პროდუქტი, თუნდაც არაერთჯერადად, მაგრამ ამ განმარტებას აქვს მეორე მხარე - ვინ ანაზღაურებდა ხარჯს.

 

3.7. ასეთი ვითარება ორივე მხარეს აძლევს შესაძლებლობას შეწყვიტოს ეს ურთიერთობა, იძულებით არ ითმინოს „აუტანელი და მძიმე ხასიათი“. ამიტომ მან მოითხოვა გ.წ-----ისაგან ნებაყოფლობით შეეწყვიტათ ეს შეთანხმება, რადგან მას მიაჩნდა, რომ კამათისა და კონფლიქტის გამო მათი ურთიერთობა აუტანელი გახდა მისთვის.

 

3.8. 2018 წლის 01 მაისს, იმავე საფუძვლით კონფლიქტი, სიტყვიერი კამათი, უპატივცემულობის გამოხატვა ერთმანეთის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. გ.წ-----ის მოქნეული ხელის იდაყვი თვალში მოხვდა ი.გ-----ს (არა შემთხვევით). ტკივილით გამწარებული ქალი თვითონაც შეეცადა გ.წ-----ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, თუმცა ვერ შეძლო. უმწეოობის, ტკივილისა და დაუცველობის გამო უკიდურესობამდე გამწარებულმა თავ-პირში წაიშინა ხელი. ამ სიტუაციას შეესწრნენ მეზობლები, რომლებიც ხმაურზე შეგროვდნენ. გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა ი-----–---ს დასახმარებლად, პოლიციამ ორივეს მიმართ გამოწერა შემაკავებელი ორდერი. ეს არის ფაქტი, რომელიც დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით. სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით, საქმეში არსებული ფოტოსურათით, რომელზედაც იგი გამოსახულია ჩალურჯებული თვალით. ეს ფაქტი საერთოდ დარჩა სამართლებრივი შეფასების გარეშე.

 

3.9. იმ დროს როცა მოწმეების ჩვენებებით, საქმეში არსებული შემაკავებელი ორდერით, ფოტოსურათით, შს სამტრედიის რაიონული განყოფილების ინფორმაციით დადასტურებულია 2018 წლის 01 მაისს გ.წ-----ესა და მას შორის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ძალადობის ფაქტი, დადასტურებულია კონფლიქტის განსამუხტავად პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩარევის ფაქტი, არსებობს შემაკავებელი ორდერი მომავალში ძალადობის პრევენციის მიზნით - სასამართლო ლოგიკური შეფასებით უნდა აფასებდეს, რომ ეს ვითარება თავსებადი არ არის ნებაზე დამყარებული სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის შემდეგში კვლავაც შენარჩუნებისაგან იმის გამო, რომ ძალადობის მსხვერპლი ი.გ----- არ არის თანახმა კვლავ გააგრძელოს ხელშეკრულება მოძალადე ე.წ. მარჩენალთან.

 

3.10. 2018 წლის 01 მაისიდან მხარეთა შორის ურთიერთობა, ფაქტიურად შეწყვეტილია. იგი არ იღებს გ. წ-----ისაგან რაიმე სახის შესრულებას მის მიმართ ნდობის დაკარგვის გამო, გამორიცხავს მისგან კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების მიღებას. ამგვარი გარემოების არსებობისას, არსებობს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის სკ-ის 949-ე მუხლის დისპოზიციაში მითითებული გარემოება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები; ხოლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში პალატა დამატებით მიუთითებს შემდეგს:

 

4.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა, რაც გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის თანახმადაც, როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის თანახმად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ურთიერთობათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა სუბიექტურ განწყობას სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების მიმართ. ერთ შემთხვევაში, ეს არის სარჩენის სურვილი, მის საკუთრებაში არსებული ქონება (ამ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლი) განკარგოს იმდაგვარად, რომ უზრუნველყოს თავისთვის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა; იყოს უზრუნველყოფილი ცხოვრების სათანადო პირობებით, ჯანსაღი და აუცილებელი კვების პროდუქტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისათვის სავალდებულო მედიკამენტებით, სათანადო ადამიანური ყურადღებით და სხვა. ერთი სიტყვით, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადებას, უმეტესწილად, სწორედ სარჩენი პირის მოლოდინი განაპირობებს, რომ მარჩენალად არჩეული პირისათვის გარკვეული ქონებრივი შეღავათის მინიჭების შედეგად, იგი სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფილი იქნება ღირსეული ცხოვრების პირობებით. ფაქტობრივად, ეს მიზანი განაპირობებს სარჩენის მიერ ქონების განკარგვას ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში. თავის მხრივ, ამგვარი სახელშეკრულებო ბოჭვა მარჩენალისათვისაც წარმოშობს პოზიტიურ სამართლებრივ შედეგს. იმ ვალდებულებების პარალელურად, რომელთა შესრულებასაც იგი კისრულობს სარჩენის წინაშე მისი რჩენის ვალდებულების თავისთავზე აღებით, მარჩენალი, საბოლოო ჯამში, ურთიერთობის ნორმალური განვითარების პირობებში, მის მიერ გაწეული ხარჯის თუ სხვა ადამიანური რესურსის გაღების საკომპენსაციოდ, სარჩენის გარდაცვალების შემდეგ მოიპოვებს სრულ უფლებას, შეუზღუდავ საკუთრების უფლებას სარჩენის ქონებაზე;

 

4.4. საგულისხმოა, რომ მატერიალური კეთილდღეობის გარდა, სამისდრეშიო რჩენა ადამიანურ ღირებულებებსაც უკავშირდება, როგორიცაა კონტრაჰენტებს შორის ნდობა, პატივისცემა, მადლიერების განცდა, ურთიერთობის სურვილი, კეთილგანწყობა და სხვა. ამგვარი სახელშეკრულებო ურთიერთობის ნორმალური განვითარება მეტწილად დამოკიდებულია კონტრაჰენტის პიროვნების სწორ შერჩევაზე, მასთან არსებულ სულიერ კავშირზე. ამიტომაც რისკი, რომელიც თან ახლავს სამისდღეშიო რჩენის ურთიერთობებს, ერთდროულად ორ ასპექტში ვლინდება: ვალდებულების არაჯეროვანი ან საერთოდ შეუსრულებლობა და ადამიანური შეუთავსებლობა;

 

4.5. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი ითვალისწინებს ამგვარი სახელშეკრულებო ურთიერთობის გაუქმების გართულებულ წესს, რაც განპირობებულია, უპირველეს ყოვლისა, იმ სამართლებრივი შედეგით, რაც თან ახლავს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმებას. ხელშეკრულების გაუქმება წარმოშობს სარჩენის უფლებას, მოითხოვოს გადაცემული ქონების უკან დაბრუნება, რასაც არეგულირებს სსკ-ის 949-ე მუხლი;

 

4.6. ამავდროულად, კანონმდებელი უშვებს სარჩენსა და მარჩენალს შორის ურთიერთობის გართულების ალბათობას და ითვალისწინებს მხარეთა უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის შენარჩუნების წესს. უპირველეს ყოვლისა, ეს ვლინდება საწყის ეტაპზე მარჩენალისათვის ქონების შეზღუდული უფლებებით გადაცემაში, ანუ, მართალია, მარჩენალი კანონით დადგენილი წინაპირობების დაცვის შედეგად მოიპოვებს საკუთრების უფლებას სარჩენის ქონებაზე, თუმცა მხოლოდ შეზღუდული სახით, რაც განკარგვითი უფლებამოსილებების შეზღუდვაში ვლინდება (სსკ-ის 945-ე მუხლი). თავის მხრივ, ეს არის ბერკეტი სარჩენის ხელში, რათა შეინარჩუნოს გადაცემული ქონების საწყისი სამართლებრივი მდგომარეობა იმ შემთხვევისათვის, თუ მხარეთა შორის ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი გახდება;

 

4.7. სამისდღემში რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება აქვთ მხარეებს იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე არღვევს ამ ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს, რის გამოც მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა ან სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს, ან შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების გაგრძელებას. მითითებული გარემოებების არსებობა (მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა ან არსებობს სხვა არსებითი მიზეზები, რაც უკიდურესად აძნელებდა, ან შეუძლებელს ხდიდა ხელშეკრულების გაგრძელებას) განსახილველ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა, რადგან აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვით არ დგინდება;

 

4.8. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა – განკუთვნებადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს;

 

4.9. ამასთან, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება არ არის საკმარისი. ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. როდესაც მხარეები დავობენ ფაქტობრივ გარემოებაზე (ამ შემთხვევაში, აუტანელი ურთიერთობა და ა.შ. საკითხებზე), ასეთ შემთხვევაში მხარის ვალდებულება იყო, წარმოედგინა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი, დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა ანალიზის საშუალებას და შეუქმნიდა დამაჯერებელ შინაგან რწმენას;

 

4.10. სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის მიერ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად სარჩელში მითითებულ გარემოებებზე. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის საჭიროება, მოსარჩელეს წარმოეშვა მარჩენალთან დაძაბული კონფლიქტური სიტუაციის გამო, რაც იმდენად აუტანელი გახდა, რომ ი-----–--- გ-----მ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმებისათვის თხოვა მარჩენალს ერთობლივი განცხადებით მიემართათ ნოტარიუსისათვის, თუმცა უშედეგოდ, გ--–--ა წ-----ემ არ ისურვა ხელშეკრულების გაუქმება. ი-----–--- გ-----ს ინტერესი ხელშეკრულების გაუქმებისა არ არის ადამიანის უსაფუძვლო კაპრიზებზე დამყარებული პრეტენზია. გ--–--ა წ-----ე ხელშეკრულების დადების დღიდანვე არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ი-----–--- გ----- თვითონ ეზიდებოდა მაღაზიებიდან კვების პროდუქტებს, გ--–--ა წ-----ის გემოვნებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით. თვითონ უვლიდა თავის თავს, ცდილობდა შეძლებისდაგვარად დაეცვა პირადი ჰიგიენა, თვითონ რეცხავდა თავის სარეცხს, იხდიდა გაზის, დენის, წყლის, ტელეფონის გადასახადებს. საბოლოოდ, მათ შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, გ--–--ა წ-----ისაგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სისტემატურად შეუსრულებლობის გამო. დაპირისპირება სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. გ--–--ა წ-----ის მოქნეული ხელი სახეში მოხვდა ი-----–--- გ-----ს, რის გამოც საჭირო გახდა სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის გამოძახება. აღნიშნული გარემოება აუტანელს და შეუძლებელს ხდის მათი ურთიერთობის გაგრძელებას რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე;

 

4.11. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელემ ვერანაირი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა მათ შორის ურთიერთობის უკიდურესად გაძნელების, აუტანლობის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, განსხვავებით სხვა სახის ხელშეკრულებებისაგან, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტისათვის კანონმდებელმა მხარის ნებასთან ერთად, რომ გასულიყო აღნიშნული ხელშეკრულების სამართლებრივი სივრციდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, იმავდროულად სავალდებულოდ მოითხოვა ისეთი გარემოებების არსებობის დადასტურებაც, როგორიცაა მათ შორის ურთიერთობის განსაკუთრებულად დაძაბვა, ის, რომ მხარეთა ურთიერთობა რაიმე მიზეზით გახდა აუტანელი იმდაგვარად, რაც შეუძლებელს ხდიდა ხელშემკვრელ მხარეებად მათ ყოფნას ერთიან სამართლებრივ სივრცეში – სამისდღეშიო ხელშეკრულების ფარგლებში;

 

4.12. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა იმ გარემოების არსებობის სარწმუნო მტკიცებულების გზით დადასტურება, რომ სამისდღეშიო ხელშეკრულების კონტრაჰენტმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მხარეების ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა და მხარეთა მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულება ობიექტურად შეუძლებელია;

 

4.13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე უარის თქმის ძირითადი გარემოების – სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის აუტანელი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ანდა სხვა არსებითი მიზეზების არსებობას, რაც უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას, მხარე, გარდა მისივე ახსნა-განმარტებისა, ვერანაირი მტკიცებულებით ვერ ადასტურებს. ამ მხრივ აღსანიშნავია საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათი, რომელზეც ჩანს, რომ ი-----–--- გ-----ს სახეზე აქვს დაზიანება, თუმცა ვინ და რა ვითარებაში მიაყენა იგი გაურკვეველია. ამასთან, მოწმის სახით დაკითხული მეზობლების განმარტებით აღნიშნული დაზიანებები თავად მან მიიყენა. სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ განმარტებას, რომ გ--–--ა წ-----ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი ი-----–--- გ-----ს მისამართით, რადგან აღნიშნული მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის;

 

4.14. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ შეძლო დაედასტურებინა, მხარეთა შორის აუტანელი ურთიერთობის არსებობის ფაქტები. ამდენად, არ არსებობს სსკ-ის 949-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების წინაპირობები;

 

4.15. ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით პალატა მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს ი-----–--- გ-----ს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;

 

4.16. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ ი-----–--- გ-----ს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელი უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც;

 

6.2. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ი-----–--- გ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დარჩეს უცვლელად სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ლაურა მიქავა

 

მოსამართლეები: თეიმურაზ სიხარულიძე

 

ინდირა მაშანეიშვილი