განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002682283
საქმე №1/ბ-162-2020 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თ----- მ-----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–- კ---------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), ნასამართლობის არმქონის, განქორწინებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების ქ---------–---–----–------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი :
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ-–- კ---------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 11 სექტემბერს, ქ---------–----------------------------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ-–- კ---------–--ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს, მ---- მ----–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 11 სექტემბერს, ქ---------–----------------------------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ-–- კ---------–--ემ ყოფილ მეუღლეს, მ---- მ----–--ეს ფეხი დაარტყა ფეხის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზემოაღნიშნულის გამო ლ-–- კ---------–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განაჩენით:
ლ-–- კ---------–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ლ-–- კ---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა, ხოლო ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და ყადაღა უნდა მოეხსნას თ------ ჯ-–-------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ---------–-------------------------–- (საკადასტრო კოდი №0------------------).
გამართლებულ ლ-–- კ---------–--ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა თ----- მ-----მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ლ-–- კ---------–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, იმ საფუძვლით, რომ, მართალია, დაზარალებულმა მ---- მ----–--ემ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი თქვა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ეს არ შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა ბრალდებულის გამართლებას, ვინაიდან, ბრალდების მხარემ წარმოადგინა სხვა მტკიცებულებები ლ-–- კ---------–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
მსჯავრდებულ ლ-–- კ---------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–- შ---------ემ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თ----- მ-----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ,,ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ" (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) №39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და ,,ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ" (Hassan v The UK) №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ლ-–- კ---------–--ის მიერ ყოფილი მეუღლის _ მ---- მ----–--ის მიმართ ძალადობისა და მუქარის ჩადენის ფაქტი, კერძოდ:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ლ-–- კ---------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნებოდა დაზარალებულ მ---- მ----–--ის გამოკითხვის ოქმს, რომელიც გამოძიების ეტაპზე, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაში ამხელდა ლ-–- კ---------–--ეს, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მ---- მ----–--ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
ბრალდებულმა ლ-–- კ---------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და ითხოვა გამართლება.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ-–- კ---------–--ის მიერ ჩადენილი ძალადობა გამოიხატა მასში, რომ მან თავის ყოფილ მეუღლეს, მ---- მ----–--ეს ფეხი დაარტყა ფეხის არეში. საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნითა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის – გ--------------ის ჩვენებით კი დადგენილია, რომ მ---- მ----–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები მხოლოდ წინამხრების არეში, ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით, კერძოდ, მარცხენა წინამხრის შუა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით 2,5X1,8 სმ და მარჯვენა წინამხრის წინა ზედაპირზე დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი, ზომით 7,5X0,4 სმ., რომლებიც განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ამავე დასკვნის მიხედვით, სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები დაზარალებულს სხეულზე გარეგნულად არ აღენიშნებოდა. ამასთან, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იძლევა ინფორმაციას მხოლოდ მ---- მ----–--ის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ და ამ მტკიცებულებით ვერ დასტურდება მისთვის აღნიშნული დაზიანებების ლ-–- კ---------–--ის მიერ მიყენების ფაქტი.
რაც შეეხება საქმეზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის, დ----- დ---–-–---–ის და ექსპერტ-კრიმინალისტის, გ------- გ--------–---–ის ჩვენებებს იმის თაობაზე, რომ დაზარალებულ მ---- მ----–--ის განმარტებით, ლ-–- კ---------–--ემ მის მიმართ განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ირიბი ხასიათისაა, ვინაიდან, ხსენებული მოწმეები არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და მათი ჩვენებები ამ ნაწილში ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლოში საქმის განხილვისას თავად უარი განაცხადა ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, ხსენებული მოწმეების ჩვენებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა).
სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ლ-–- კ---------–--ის მიერ მ---- მ----–--ის მიმართ ძალადობისა და მუქარის ჩადენის ფაქტს, საქმეში არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება ლ-–- კ---------–--ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მის მიმართ 2020 წლის 22 იანვარს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი კანონიერია და სააპელაციო პალატას არ გააჩნია მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თ----- მ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განაჩენი ლ-–- კ---------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ლ-–- კ---------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ-–- კ---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას გირაოს სახით შეტანილ, თ------ ჯ-–-------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ, ქ---------–-------------------------–- (საკადასტრო კოდი №0------------------) მდებარე უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა.
5.გამართლებულ ლ-–- კ---------–--ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/