განაჩენი

სისხლის სამართლის 01.04.2020
საქმის ნომერი
330100119003359144
ინსტანცია
თარიღი
01.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119003359144

საქმე № 1 ბ/446-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1 აპრილი, 2020 წ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა

 

თ---–--------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----- ი-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე: გ------- წ---–-----ის მიმართ, დაბადებული 2--------- წელს, პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------–------------------------–---------–-------–--------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2020 წლის 5 თებერვლის, განაჩენით გ------- წ---–-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან - სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული ბრალდების ნაწილში ამოირიცხა 111 მუხლზე მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. შედეგად, გ------- წ---–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, გ------- წ---–-----ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

გ------- წ---–-----ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 20 ნოემბრიდან 2020 წლის 8 იანვრის ჩათვლით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- წ---–-----მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მანვე, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2019 წლის 17 ნოემბერს, საღამოს საათებში, თბილისი, ვ---------–---------------------–-------–---------------------–ი, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ------- წ---–-----მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - ჯ-----–- წ---–-----ს, კერძოდ სახეში ძლიერად დაარტყა მუშტი, რის შემდეგაც ჯ-----–- წ---–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტუჩიდან წამოუვიდა სისხლი.

2019 წლის 17 ნოემბერს, საღამოს საათებში, თბილისი, ვ---------–---------------------–-------–---------------------–ი, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ------- წ---–-----ი მამას ჯ-----–- წ---–-----ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ნაჯახით გაეკიდა. გ------- წ---–-----ის მუქარა ჯ-----–- წ---–-----მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2020 წლის 5 თებერვლის, განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ---–--------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ----- ი-------ემ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ სასჯელის დამძიმება. საჩივრის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გ------- წ---–-----ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნების განხორციელებას. ბრალდება უთითებს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დანაშაულის სიმძიმე და მსჯავრდებულს განესაზღვრა მსუბუქი სასჯელი.

საჩივრის თანახმად, ძალადობრივი დანაშაულისთვის, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს და მიმართულია ოჯახის წევრისკენ, მსგავსი მსუბუქი სასჯელის გამოყენება ქმნის მომეტებულ საფრთხეს, რომ შესაძლოა იგი წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის და კვლავ ჩაიდინოს ძალადობრივი დანაშაული. მსჯავრდებულს შესაძლოა გაუჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი, რაც ქმნის მისთვის სასჯელის დამძიმების აუცილებლობას, რათა მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად, რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. ანალოგიური სიტუაციაა დაცვის მხარესთან მიმართებაშიც. აღსანიშნავია, რომ მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ გახადეს და არ გამოკვლეულა. ამ გარემოებების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ---–--------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----- ი-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. ამავე დროს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადავოდ არ ხდიან და სააპელაციო წესით არ ასაჩივრებენ, რის გამოც პალატა არ არის უფლებამოსილი მოახდინოს მათი რევიზია. ამასთან, მხარეებს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში გაუხდიათ მტკიცებულებები სადავოდ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საააპელაციო პალატა უთითებს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მუქარის ნაწილში, ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლზე მითითების გარეშე, პროკურორს არ გაუსაჩივრებია. ამდენად, ვინაიდან პროკურორის სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილია მხოლოდ სასჯელის გამკაცრება, პალატა ვერ გაცდება საჩივრის ფარგლებს და ვერ იმსჯელებს სხვა ისეთ საკითხებზე, რაც ამძიმებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას.

დაზარალებულ ჯ-----–- წ---–-----ის, მოწმეების პ----- წ---–-----ის, ანა წ---–-----ის, ლ---–---–------ს, ლ-----------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------- წ---–-----მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, მანვე, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმების თაობაზე, მას პალატა არ ეთანხმება შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ დანიშნულია მსუბუქი სასჯელი. სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებულია არგუმენტი, რომ მსჯავრდებულმა, მისი პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, შესაძლოა მომავალშიც გაიმეოროს მსგავსი ქმედება. იმ ფონზე, როდესაც ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ბრალდებას სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ეს არგუმენტი მეტისმეტად ჰიპოთეტურია. გარდა ამისა, გადამწყვეტი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ არის. ეს ნიშნავს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირველად და რეციდივის ვარაუდი არსებობს მხოლოდ მოსაზრების დონეზე.

ამ მოცემულობისას, სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, ასევე გაითვალისწინა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენა არასაპატიმრო ხასიათის არცერთი სასჯელი და დანაშაულთა ეღობლიობით საბოლოოდ განისაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს ნიშნავს, რომ ხსენებული, თუნდაც მოსაზრების დონეზე არსებული ვარაუდი ახალი დანაშაულის ჩადენის შესახებ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულია.

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261- ე მუხლის პირველი ნაწილი სანქციის სახით ითვალისწინებს ალტერნატიულ სასჯელებს, კერძოდ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით კი ასევე ითვალისწინებს არაერთ ალტერნატიულ სასჯელებს, როგორიც არის ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე, ორივე შემთხვევაში გ------- წ---–-----ისთვის სასჯელის სახედ გამოყენებულია თავისუფლების აღვეთა, ხოლო სასჯელის ზომად დანიშნულია შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული საჯელის მაქსიმალურ ზომასთან მიახლოებული სასჯელები.

ამავდროულად სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. მოცემულ შემთხვევაში გ------- წ---–-----ი თავს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და უდავოდ გახადა მტკიცებულებები, ამასთან არ არის ნასამართლევი. შესაბამისად სახეზეა სასჯელის პირობით ჩათვლის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის აღიარება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა. როგორც წესი, აღიარებით დანაშაულის ჩამდენი პირი ადასტურებს, რომ ის აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი, საზოგადებისათვის ზიანის მომტანი ქმედების უარყოფით ხასიათს და ცდილობს მისი შედეგების თავიდან აცილებას. ამავდროულად, დანაშაულის აღიარება ხელს უწყობს სრულყოფილ, ობიექტურ სამართალწარმოებას და სახელმწიფო რესურსის დაზოგვას. შესაბამისად ეს გარემოება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და მათ შორის სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტისას.

კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულის პიროვნება, არა მხოლოდ ფორმალურად აკმაყოფილებს საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, არამედ იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ მის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში. საქმე ისაა, რომ გ------- წ---–-----ს 2020 წლის 8 იანვრიდან შეეცვალ აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობის ნაცვლად შერჩეული ჰქონდა გირაო და მის პირობებს იცავდა განუხრელად. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ არა თუ ამ პირობების დარღვევის შესახებ რაიმე მტკიცებულებაა წარმოდგენილი, არამედ ამაზე სიტყიერი აპელირებაც კი არ ყოფილა. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა არსებობს არაერთი შემამსუბუქებელი გარემოება, კერძოდ: გ------- წ---–-----ი თავს დამნაშავედ ცნობს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ ხდის მტკიცებულებებს და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების აღსრულებას. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ იგი შეურიგდა დაზარალებულს, ამ ფონზე ვარაუდი იმისა, რომ სასჯელის მიზნები პირობითი მსჯავრის შედეგადაც იქნება მიღწეული სავსებით გონივრულია.

სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნებისათვის მსჯავრდებულის მიერ სასჯელის რეალურად მოხდა წარმოადგენს არა თვითმიზანს, არამედ მხოლოდ კერძო და ზოგადი პრევენციის უზრუნველყოფის საშუალებას. მით უმეტეს ეს ეხება სასჯელის ისეთ სახეს, როგორიცაა პატიმრობა. ამ კონტექსტში პალატის მხედველობის გარეშე ვერ დარჩება ის გარემოება, რომ: ერთის მხრივ, დანიშნულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261- ე მუხლის პირველი ნაწილის და სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის სანქციებით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე, თავისუფლების აღკვეთა, მეორეს მხრივ კი, არსებობს დანიშული სასჯელის პირობითად ჩათვლის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ამ მოცემულობის ფონზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი და სამართლიანია. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დასტურდება, რომ გ------- წ---–-----ს გაცნობიერებული აქვს არა მხოლოდ ჩადენილი ქმედების ხასიათი, არამედ გამოსაცდელი ვადის პირობების დარღვევის კანონით განსაზღვრული შედეგები, მათ შორის დანიშნული საპატიმრო სასჯელის რეალურად მოხდის გარდუვალობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ------- წ---–-----ს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 თებერვლის, განაჩენი გ------- წ---–-----ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ---–--------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----- ი-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2020 წლის 5 თებერვლის, განაჩენი გ------- წ---–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

გ------- წ---–-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან - ქმედება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 111 მუხლი ამოირიცხოს, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

გ------- წ---–-----ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, გ------- წ---–-----ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ------- წ---–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია.

 

გ------- წ---–-----ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 20 ნოემბრიდან, 2020 წლის 08 იანვრის ჩათვლით.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა № 6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი