განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210118002462856
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-750 25 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი: თეონა ქიმერიძე
აპელანტი (მოპასუხე): თ----- ს--------ე
წარმომადგენელი: ს--–---- ს---–-----–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): შპს „ნ-------------ი“
წარმომადგენლები: ა-–---------- თ-----–-–---–ი; ზ------ წ----–--ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:
1.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ნ-------------ის“ წარმომადგენელმა, მოპასუხე მხარედ თ----- ს--------ე მიუთითა და ითხოვა მოპასუხე თ----- ს--------ეს მოსარჩელე - შპს „ნ-------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 6674,36 ლარის გადახდა. ასევე ითხოვა მოპასუხისათვის საპროცესო ხარჯის: სახელმწიფო ბაჟის 200.25 ლარის, საჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის და საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების 15 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
2. მოსარჩელის განმარტებით: 2016 წლის 17 თებერვალს შპს „მ-------------ს„ და თ----- ს--------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N---. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის 23 ივნისს გაფორმდა N----- სესხის ხელშეკრულება-2500 ლარზე და 2017 წლის 09 ოქტომბერს შპს „ნ-------------ს და თ----- ს--------ეს შორის გაფორმდა N----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად თ----- ს--------ემ მიიღო სესხი 13280 ლარის ოდენობით, ყოველთვიური სარგებელი შეადგენდა 4.5%, სესხის ხელშეკრულების ვადა შეადგენდა 6 თვეს. მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა გრაფიკის შესაბამისად.
3. ვალდებულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა N--- გირავნობის ხელშეკრულება და დაგირავდა სატრანსპორტო საშუალება მ--------–----–---–-------------------------------------------–----------------------. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში ნარჩენი თანხის 0.4%-ის ოდენობით. მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც მიმართა შსს მომსახურების სააგენტოს და მიიღო გირავნობის მოწმობა. მოხდა სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა და რეალიზაცია. ავტომანქანა გაიყიდა 14220 ლარად, მაგრამ მიღებული თანხა არ არის საკმარისი ორივე სესხის სრულად დასაფარად. დაიფარა 23.06.2017წ გაფორმებული სესხი სრულად და 2017 წლის 09 ოქტომბერის ხელშეკრულების ნაწილი. დარჩა სესხის ძირი თანხის დავალიანება 6674,36 ლარი.
4. შპს „ნ-------------ს„ და შპს მ-------------ს შორის 2017 წლის 01 სექტემბერს გაფორმებული ცესიის ხელშეკრულების შესაბამისად შპს „მ-------------ის„ სრული სასესხო პორფელი გადაეცა შპს ნ-------------ს.
5. მოსარჩელის განმარტებით: გირავნობის ხელშეკრულების 4.2. პუნქტით გათვალისწინებული იქნა, რომ თუ ქონების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელს დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა მის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონების ხარჯზე.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხე თ----- ს--------ემ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით, სარჩელი ცნო ნაწილობრივ 1560 ლარის მოთხოვნის ნაწილში და განმარტა, რომ მის მიერ მოსარჩელისთვის გადახდილი თანხა აღემატება 7000 ლარს. მან განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ვეღარ შეძლო თანხის გადახდა, აცნობა ამის თაობაზე მოსარჩელე მხარეს და შესთავაზა გირავნობის საგნის რეალიზაცია. ეს რომ გაეთვალისწინებინა მოსარჩელეს, ავტონაქანის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით და დროულად მოეხდინა მისი რეალიზაცია მოხდებოდა თ----- ს--------ის ვალდებულების სრულად დაფარვა, თუმცა მოსარჩელემ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია მოახდინა მიზერულ ფასად, მოსარჩელეს არ მიეცა საშუალება თავად მოეხდინა ავტომანქანის რეალიზება და ამონაგები თანხით სრულად ვალდებულების დაფარვა.
სარჩელის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1-ლი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს ,,ნ-------------ის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ----- ს--------ეს ,,ნ-------------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 6474ლ და 36 თეთრი. სასამართლომ ასევე გაანაწილა საპროცესო ხარჯები.
7. 2016 წლის 17 თებერვალს შპს „მ-------------ს„ და თ----- ს--------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N---. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის 23 ივნისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 2500 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 60%. 2017 წლის 09 ოქტომბერს შპს „ნ-------------ს„ და თ----- ს--------ეს შორის გაფორმდა N----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად თ----- ს--------ემ მიიღო სესხი 13280 ლარის ოდენობით, სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 54%, სესხის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 6 თვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში ნარჩენი თანხის 0.4%-ის ოდენობით.
8. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 12 თებერვალს გაფორმდა N--- გირავნობის ხელშეკრულება და გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა მ-------------–---–--------------------------------------------–------------------------------.
9. შპს „ნ-------------ს„ და შპს „მ-------------ს„ შორის 2017 წლის 01 სექტემბერს გაფორმებული ცესიის ხელშეკლების თანახმად შპს „მ-------------ის„ სასესხო პორტფელი გადაეცა შპს „ნ-------------ს„;
10. მოპასუხე თ----- ს--------ის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 6374,36 ლარს. რაც წარმოადგენს სესხის ძირითად თანხას.
11. დადგენილი იქნა, რომ მსესხებლის მიერ, 2017 წლის 10 ოქტომბრიდან დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხე მხარეს გადაეცა გირავნობის საგანი.
12. 2018 წლის 01 მაისს შპს „ნ-------------სა“ და ნუნუ სახვაძეს შორის გაფორმდა ავტომანქანის (--------------–-------------------------------------–------–--–------------------------–------------------------------- ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ავტომანქანა გაიყიდა 14220 ლარად.
13. დადგენილი იქნა, რომ 2017 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა 2676,71 ლარი. საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენდა 2500 ლარს, პროცენტი 176,71 ლარს. მსესხებელს კრედიტი უნდა დაეფარა ყოველთვიურად, სესხზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. თუმცა მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკი და მის მიერ 2017 წლის 10 ივლისს გადახდილი იქნა 69,87 ლარი, 11 აგვისტოს 127,91 ლარი, 26 სექტემბერს 136 ლარი, 10 ოქტომბერს 125 ლარი. მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხიდან 583,07 ლარი მიმართული იქნა პროცენტის გადასახადში, ხოლო ძირ თანხას გამოაკლდა 2,16 ლარი.
14. 2017 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 3846.84 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 2497.84 ლარს, პროცენტი 583.07 ლარს, ჯარიმა 783.95 ლარს.
15. 2017 წლის 09 ოქტომბრის N 299-2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე მხარეს საერთოდ არ გადაუხდია სესხის გრაფიკით განსაზღვრული თანხა - მოპასუხის დავალიანებაა 16729.50 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 13280 ლარს, პროცენტი 2809.55 ლარს, ჯარიმა 639.95 ლარს, ჯამში ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 20594.36 ლარი.
16. დადგენილი იქნა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციიდან მიღებული თანხით სრულად დაიფარა 23.06.2017წ გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხი 3864,86 ლარის ოდენობით, ასევე ნაწილობრივ დაიფარა 2017 წლის 09 ოქტომბერის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხი 10355,14 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 6374,36 ლარი.
17. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ანიჭებს კრედიტორს სესხის გადაუხდელი ნაწილის მოთხოვნის უფლებას.
18. სასამართლოს მითითებით: მოპასუხემ გარდა თავისივე განმარტებისა, სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მისსავე მიერ მითითებულ გარემოებებს.
19. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 327-ე, 361-ე, 276-ე, 408-ე,412-ე მუხლებზე.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
20. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ თ----- ს--------ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
აპელანტის განმარტებით:
21. სასამართლოს მიერ დადასტურებულად იქნა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, იმის თაობაზე, რომ თ----- ს--------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული დათქმულ დროსა და ვადაში რაც კრედიტორს ანიჭებდა უფლებას მოეთხოვა სესხი.
22. სასამართლოს მსჯელობა გასაზიარებელია მხოლოდ იმ ნაწილში, რომ კრედიტორს ჰქონდა უფლება მოეთხოვა თ----- ს--------ისათვის სესხის გადახდა, რაც არ მოხდა. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული იყო მოძრავი ქონება, კერძოდ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მინიმალური ღირებულება შეადგენდა 9000 ამერიკულ დოლარს. იმის გამო, რომ თ----- ს--------ემ ვერ შეძლო სესხის გადახდა, აღნიშნულის თაობაზე მან აცნობა შპს "ნ-------------ს", კრედიტორი ვალდებული იყო, როგორც კი მისთვის ცნობილი გახდა თ----- ს--------ის მდგომარეობის შესახებ, მოეხდინა სესხის უზრუნველყოფა მოძრავი ნივთით, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით, რაც არ განახორციელა. უფრო მეტიც 7 თვის განმავლობაში მხარეს დაარიცხა პროცენტები და ჯარიმები, და საბოლოოდ სატრანსპორტო საშუალება გაყიდა მიზერულ ფასად.
23. კრედიტორისათვის ცნობილი იყო რა აპელანტის ფინანსური მდგომარეობის თაობაზე, რომ ის ვეღარ ახერხებდა სესხის პროცენტის გადახდას, დაუყოვნებლივ უნდა მოეხდინა უზრუნველყოფილი მოძრავი ნივთის რეალიზაცია, რაც არ გამოიწვევდა არც საპროცნტო განაკვეთისა და არც ჯარიმის დაკისრებას, სწორედ ამიტომ საერთო დავალიანება თ----- ს--------ის შპს "ნ-------------ის“ მიმართ წარმოადგენდა რა საერთო ჯამში 15 777 (2497+13280)ლარს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით ამონაგები თანხა შეადგენს 14220 ლარს (15777 -14220 = 1560), თ----- ს--------ეს შპს "ნ-------------ის მიმართ დარჩენილი აქვს დავალიანება 1560 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
25. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
26. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს „ნ-------------ის“ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შემდეგი გარემოებების გამო:
27. საქმის მასალებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 17 თებერვალს შპს „მ-------------ს„ და თ----- ს--------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ N--- ხელშეკრულება. (ს.ფ.17-19);
28. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის 23 ივნისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, 6 თვის ვადით, რომლის საფუძველზე მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 2500 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 60%. (ს.ფ.27-29);
29. 2017 წლის 09 ოქტომბერს შპს „ნ-------------ს„ და თ----- ს--------ეს შორის გაფორმდა N----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად თ----- ს--------ემ მიიღო სესხი 13280 ლარის ოდენობით, სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 54%, სესხის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 6 თვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში ნარჩენი თანხის 0.4%-ის ოდენობით. (ს.ფ. 20-21);
30. საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ N--- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 12 თებერვალს გაფორმდა N--- გირავნობის ხელშეკრულება და გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა მ-------------–---–--------------------------------------------–------------------------------. მოთხოვნის ოდენობად მითითებული იქნა 10 000 აშშ დოლარი; (ს.ფ.22-25);
31. გირავნობის ხელშეკრულების 3.1.10. პუნქტში მითითებული იქნა, რომ გირაოს საგნის შეფასებით ღირებულება შეადგენს 11000აშშ დოლარს;
32. გირავნობის ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად: მსესხებლის თ----- ს--------ის მიერ საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში, შპს მ-------------ი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება მსესხებლის და დამგირავებლის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე და დაიკმაყოფილოს თავისი კანონიერი ინტერესები 1. წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 მუხლში აღნიშნული ავტომანქანის რეალიზაციის ხარჯზე; 2. ხოლო თუ არსებული დავალიანება აღემატება ავტომანქანის სარეალიზაციო ღირებულებას, ან შეუძლებელია მისი მოძიება, მოთხოვნა დაკმაყოფილდეს მსესხებლის სხვა ქონების მიმართ აღსრულების მიქცევის გზით, იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი არ დაფარავს დავალიანებას (ძირი, % და ჯარიმა) აღნიშნული შეტყობინების გაგზავნიდან ორი კვირის ვადაში.
33. ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად: თუ ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა მის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ - მოძრავი ქონებით ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგი გავრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც შეიძლება წარმოიშვას გირავნობის საგნის რეალიზციის პროცესში. (ს.ფ.23);
34. შპს „ნ-------------ს„ და შპს „მ-------------ს„ შორის 2017 წლის 01 სექტემბერს გაფორმებული ცესიის ხელშეკლების თანახმად შპს „მ-------------ის„ სასესხო პორტფელი გადაეცა შპს „ნ-------------ს“ (ს.ფ. 43-48);
35. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ, 2017 წლის 10 ოქტომბრიდან დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხე მხარეს გადაეცა გირავნობის საგანი.
36. დადგენილია რომ რაკიღა თ----- ს--------ე ვერ ფარავდა დავალიანებას მოსარჩელემ გაასხვისა დაგირავებული მანქანა, რა მიზნითაც 2018 წლის 01 მაისს შპს „ნ-------------სა“ და ნუნუ სახვაძეს შორის გაფორმდა ავტომანქანის (--------------–-------------------------------------–------–--–------------------------–------------------------------- ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ავტომანქანა გაიყიდა 14220 ლარად; განხორციელდა ნასყიდობის საფასურის მყიდველისთვის გადახდა. (ს.ფ.34-36);
37. დადგენილია, რომ 2017 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა 2676,71 ლარი. საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენდა 2500 ლარს, პროცენტი 176,71 ლარს. მსესხებელს კრედიტი უნდა დაეფარა ყოველთვიურად, სესხზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. თუმცა მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკი და მის მიერ 2017 წლის 10 ივლისს გადახდილი იქნა 69,87 ლარი, 11 აგვისტოს 127,91 ლარი, 26 სექტემბერს 136 ლარი, 10 ოქტომბერს 125 ლარი. მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხიდან 583,07 ლარი მიმართული იქნა პროცენტის გადასახადში, ხოლო ძირ თანხას გამოაკლდა 2,16 ლარი. შესაბამისად, 2017 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 3846.84 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 2497.84 ლარს, პროცენტი 583.07 ლარს, ჯარიმა 783.95 ლარს. (ს.ფ.32)
38. 2017 წლის 09 ოქტომბრის N 299-2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე მხარეს საერთოდ არ გადაუხდია სესხის გრაფიკით განსაზღვრული თანხა და მოპასუხის დავალიანება შეადგენს 16729.50 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 13280 ლარს, პროცენტი 2809.55 ლარს, ჯარიმა 639.95 ლარს. (ს.ფ. 170, 172, 173);
39. დადგენილია, რომ ჯამში ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 20594.36 ლარი.
40. დადგენილი იქნა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციიდან მიღებული თანხით სრულად დაიფარა 23.06.2017წ გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხი 3864,86 ლარის ოდენობით, ასევე ნაწილობრივ დაიფარა 2017 წლის 09 ოქტომბერის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხი 10355,14 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 6374,36 ლარი.
41. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება;
42. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის;
44. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება;
46. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64);
47. განსახილველ შემთხვევაში აპელანტის პრეტენზიები ემყარება იმ გარემოებებს, რომ
1) მოსარჩელემ არარეალურ ფასად მოახდინა დაგირავებული ავტომანქანის რეალიზიაცია
2) მოპასუხეს არ მიეცა საშუალება თავადვე მოეხდინა ავტომანქანის რეალიზაცია
3) გააჭიანურა ავტომანქანის რეალიზაცია 7 თვით რითაც ხელოვნურად შეამცირა მისი ღირებულება
_პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის (აპელანტის) მიერ მითითებულ ვერცერთ მოსაზრებას რადგან:
თ----- ს--------ეს არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ავტომანქანის რეალიზაციის დროისათვის მისი ღირებულება იყო გაცილებით მაღალი, ვიდრე მოსარჩელემ მისი რეალიზაცია მოახდინა.
დადგენილია, რომ ავტომანქანა დაგირავდა 2016 წლის 12 თებერვალს (ს.ფ. 22) რა დროსაც მისი ღირებულება 11 000 დოლარად შეფასდა. დადგენილია, რომ ავტომანქანის გასხვისება სახვაძეზე მოსარჩელემ მოახდინა 2018 წ. 1 მაისს 14 220 ლარად.
როგორც ირკვევა ავტომანქანა დაგირავებიდან დახალოებით წელიწადნახევარში გასხვისდა. ლოგიკურია, რომ მისი ღირებულება ამ დროის განმავლობაში მოიკლებდა (უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიდრე გასხვისებამდე ავტომანქანა მფლობელობაში რჩებოდა მოპასუხესთან, რომელიც ჩვეულებრივ მოიხმარდა მას. (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).
საწინააღმდეგოს მტკიცების ვალდებულება, რომ 14 220 ლარი, რა ფასადაც გასხვისდა ავტომანქანა იყო არარეალურად შემცირებული და რომ ავტომანქანის ღირებულება იყო გაცილებით მეტი-მოპასუხის მტკიცების ტვირთია.
ამ მიმართებით უდავოა, რომ მას რაიმე მტკიცებულება (მაგ: ექსპერტის ან აუდიტის დასკვნა) სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
სასამართლო ასევე არ იზიარებს და უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოპასუხის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ განზრახ გააჭიანურა ავტომანქანის გასხვისება.
ამ მიმართებით პალატა მიიჩნევს, რომ 1) ავტომანქანა რჩებოდა მოპასუხის მფლობელობა-სარგებლობაში და მან ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის ინფორმირებულობიდან (ვალის გადახდის შეუძლებლობის თაობაზე) მოკლე დროში მან იზრუნა, მოეძია მყიდველი ავტომანქანისა, გაცილებით მაღალ ფასად, ვიდრე იგი გასხვისდა მოსარჩელის მიერ- და რომ ამ პროცესს ხელი მოსარჩელემ შეუშალა.
ამგვარი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. გამომდინარე აღნიშნულიდან პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან უფლების არამართლზომიერი გამოყენება (ს.კ. 115-ე მუხლი) ვერ დასტურდება.
სამართლებრივი დასაბუთება:
48. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
49. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
50. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლებით: სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
51. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276.1. მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ვერ ფარავდა მოპასუხის დავალიანებას, ასევე უდავოა მხარეთა შეთანხმების არსებობა მასზედ, რომ ასეთი შემთხვევისათვის მოპასუხე კისრულობდა პასუხისმგებლობას ნებისმიერ ასეთ ნაშთზე (ხელშეკრულების 4.2. პუნქტი).
52. სააპელაციო პალატა თვლის, რომ მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ პირობებში არ არსებობს თ----- ს--------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
საპროცესო ხარჯები
53. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
54. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
55. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ----- ს--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტების მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე