განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003107784
საქმე №1ბ/376-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ა–--------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 09 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, გ-------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ა–--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
ა–--------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2019 წლის 03 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. თბილისში, გ-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა–--------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ი--------------ს, კერძოდ, ხელი ორჯერ დაარტყა თავის არეში, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და ა–--------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს, არსებულ მტკიცებულებებს და ა–--------------ის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, სასამართლომ მის მიმართ გამოიყენა მსუბუქი სახის სასჯელი. გასათვალისწინებელია, რომ ა–--------------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის. სასამართლოს მიერ სასჯელის შეფარდებისას არ იქნა გათვალისწინებული ა–--------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ინტენსივობა, ის, რომ ჩადენილი იყო ოჯახის წევრის მიმართ. ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ ა–--------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათთან და არ არის უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები. შეფარდებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის უპირველესად, პრევენციული მიზნის მიღწევას.
სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულ ა–--------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მიშა ოთარაშვილმა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ა–--------------ის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ი--------------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - შ--–----------–---–ის, ბ------------–---–ის და გ--------------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ა–--------------მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას მსჯავრდებულ ა–--------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები, მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, რომელიც ითხოვს მისთვის კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას, არ არის ნასამართლევი, აქვს „C“ ჰეპატიტი, ხოლო რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ა–--------------ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი სრულიად არ შეიცავს მითითებას, თუ რაში გამოიხატება ა–--------------ისათვის დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან და მსჯავრდებულის პიროვნებასთან, არ არის მითითება ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე, რაც გახდებოდა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის საუარესოდ შებრუნების საფუძველი. ა–--------------ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი გახდა სწორედ ის ფაქტი, რომ მან ჩაიდინა განზრახი ძალადობრივი დანაშაული, რისთვისაც მას განესაზღვრა სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მისთვის მსჯავრად შერაცხული მუხლი ალტერნატიული სანქციის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომასაც. აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ ა–--------------ისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის პრევენციულ მიზანს, არ არის არგუმენტირებული რაიმე ინდივიდუალური მახასიათებლით, რაც დაარწმუნებდა სასამართლოს სასჯელის გამკაცრების მიზანშეწონილობაში.
ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ა–--------------ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი ა–--------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ა–--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
ა–--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 03 ივნისიდან 2019 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.
ა–--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე