განაჩენი

სისხლის სამართლის 06.04.2020
საქმის ნომერი
330100119003370020
ინსტანცია
თარიღი
06.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003370020

საქმე №1ბ/425-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 აპრილი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ--------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 04 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №5----------, საშუალო განათლები, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ხაშურის რაიონის სოფელ ც---------–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 27 იანვრის განაჩენით გ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათის ვადით.

გ--------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

გ--------------ე მეუღლეს, მ-----------––---–---–ს, დაშორების შემდეგ, 2018 წლის სექტემბრიდან, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ შორის დაზარალებულის სამუშაო ადგილთან, თანამშრომლების თანდასწრებით, რის გამოც მ-----------––---–---–ი მუდმივად განიცდიდა მორალურ ტანჯვას. 2019 წლის 5 ნოემბერს, თბილისში, ა. ბ--–--–---–-------------ში მდებარე ჰიპერმარკეტ „------------ წინ, გ--------------ემ იძულებით სცადა მ-----------––---–---–ის გაყვანა, დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი მეუღლეს ხელი დაარტყა სახის არეში, რის გამოც მ-----------––---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-------------–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ--------------ისათვის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ ზუსტად მოხდა ფაქტობრივი გარემოებების და კვალიფიკაციის შეფასება, თუმცა შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება დანაშაულის კატეგორიას, სახეს და ბრალში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სიმწვავეს, ამიტომ ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ გ--------------ემ ჩაიდინა როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობა, ამასთანავე, მან არ აღიარა დანაშაული სასამართლო სხდომაზე, მომხდარი დააბრალა დაზარალებულს, შესაბამისად, მან ვერ გააცნობიერა ჩადენილი დანაშაული, ამიტომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მის ქცევას დანაშაულის შემდეგ.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მ-----------––---–---–ის, მ-------–---------- თ----------------–---–--- ნ------–-–-----–---–-- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და მისი ოქმით, დათვალიერების ოქმით და თანდართული დისკით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ გ--------------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას მსჯავრდებულ გ--------------ისათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები, ასევე, დანაშაულის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მონანიება, გ--------------ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. პალატა დამატებით განმარტავს, რომ თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გ--------------ისათვის შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და სიმძიმეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენი გ--------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 27 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე